როგორ განვახორციელოთ სტრატეგიული დოკუმენტები

სოფიკო სიჭინავა

თბილისში, 5-7 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი – ახალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო 2020“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თოთხმეტმა წარმატებულმა უცხოელმა მკვლევარმა, ისინი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს იკვლევენ და საქართველოს სპეციალურად აღნშნულ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვივნენ.

ფორუმზე იმსჯელეს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების იმპლემენტაციაზე, როგორც მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალებაზე პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის. ასევე, საქართველოს რეგიონული უსაფრთხოებასა და 2020 წლისთვის ენერგო გამოწვევებზე; სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის მიმდინარეობაზე საქართველოში და მის გავლენაზე „საქართველო 2020-ის“ მიზნების მიღწევადობაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ ფორუმის გახსნისას აღნიშნა, რომ
სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. მისი თქმით, მასზე მუშაობა არ დასრულებულა, ეს დოკუმენტი უნდა გაცოცხლდეს, ის საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო მომავლისთვის არის გამიზნული. „მოვლენები, მდგომარეობა, გარემო და საზოგადოება იცვლება და დოკუმენტიც უნდა მოერგოს ამ ცვლილებებს. ამიტომ ჩვენ არ განვიხილავთ, რომ ეს არის დახურული დოკუმენტი, მას მომავალი განვითარება სჭირდება“, – აღნიშნა ლეჟავამ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მინისტრის თქმით, ეს არის კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელსაც იმპლიმენტაცია სჭირდება. „არის შემთხვევები, როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ დოკუმენტი არ იძლევა შედეგს.

ამისთვის საჭიროა უფრო მჭიდრო კავშირი ჩვენს მოქმედებებსა და სტრატეგიულ დოკუმენტს შორის, უნდა ხდებოდეს მისი ხშირი გადასინჯვა. ამიტომ ხშირი დისკუსია დოკუმენტის შესახებ არის ერთ-ერთი გზა მისი იმპლიმენტაციისთვის“, – დასძინა ლეჟავამ.

ტარტუს უნივერსიტეტის დოქტორის, კრისტინა ტონისონის თქმით, ამ დოკუმენტში არ არის არც ერთი წინადადება, რომელსაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც უკეთესად სჭირდება პრიორიტეტის მინიჭება. მისი თქმით, საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტის სწავლებისას , როდესაც პოლიტიკური დოკუმენტების იმპლიმენტაციაზეა საუბარი, პასუხები უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ არის პასუხისმგებელი მის შესრულებაზე, როგორ უნდა შეასრულოს და რომელმა ინსტიტუციამ უნდა განახორციელოს იგი. საჭიროა პრიორიტეტების ჩამოყალიბება, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა განსაზღვროს ბიუჯეტი. ტონისონის აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეცოდინება, იქნება თუ არა ასეთი დოკუმენტი წარმატებული.

შლომო ვებერმა (რიჩარდ ჯონსონის სახელობის ეკონომიკის შემსწავლელი ცენტრი, სამხრეთ მეთოდისტური უნივერსიტეტი) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“ კარგად შედგენილი დოკუმენტი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველანაირი დოკუმენტის ღირებულების შეფასება დროის შემდეგ არის შესაძლებელი, როცა შედეგები გახდება ნათელი. ვებერმა ხაზი გაუსვა სამ საკითხს, საქართველოში არსებულ ფაქტობრივად მუდმივ უმუშევრობას, ძველი ხელისუფლების დროს განხორციელებულ რეფორმებს, რომლებმაც ვერ მოიტანეს გრძელვადიანი ზრდა და ინვესტიციებს, რომლებიც შეიძლება მოიზიდოს საქართველომ ტურუზმის და სხვა სფეროებში.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს პოლიტიკა – შიდა თუ გარე და ის, თუ რა სირთულეებს უყენებს იგი საქართველოს. რა გზას აირჩევს ქვეყანა: რუსეთის თუ ევროკავშირისას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა შიდა პოლიტიკური მხარდაჭერა არის ის, რამაც ქვეყანას წინსვლა უნდა უბიძგოს. აქედან გამომდინარე, საქართველომ მთელი ყურადღება მომავლისკენ უნდა მიმართოს და გუშინდელი დღისკენ ზურგით შებრუნდეს. ამ დოკუმენტის ამოცანა არის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რამაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი უნდა მოიცვას პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მომავლის მიმართ, მართალია, ის არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ ძალიან ლამაზია და აქ ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს, ტურიზმის განვითარებისთვის სწორედ ეს უნდა გამოიყენოთ. გარდა ამისა, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ახალგაზრდა თაობის განვითარება/განათლებას“, – აღნიშნა შლომო ვებერმა.

გარდა ამისა, ვებერმა დიდი დრო დაუთმო სოფლის მეურნეობის პრობლემებზე საუბარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჭრილში, სადაც ბევრი მიზანია უკვე ჩამოყალიბებული. მისი თქმით, აუცილებელია ამ მიმართულებით სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, რადგან სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი ინოვაციების კუთხითაც, ამის საფუძველი კი საგანანმანათლებლო სისტემაა.

დარბაზში დისკუსიისას აღინიშნა, რომ დოკუმენტი ნაჩქარევად იქნა მიღებული, ისე რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების ჩართულობა არ იყო უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, არ იყო ღრმა ანალიზისთვის საკმარისი რესურსი, რამაც დოკუმენტის ხარვეზიანობა განაპირობა. ამის პასუხად კრისტინა ტონისონმა განცხადა, რომ გარდამავალ ქვეყნებს ორი გზა აქვთ: პირველი – მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები, რომელიც არ არის დაყრდნობილი ღრმა ანალიზზე და აქედან გამომდინარე, ზუსტად არავინ იცის სწორი გზით მიდიხართ თუ არა და მეორე – გადაწყვეტილებები მიიღონ საზოგადოების ფართო მონაწილეობით, რასაც დიდი დრო სჭირდება. ტონისონის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თვითონ წყვეტს, თუ რა გზა აირჩიოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე მათგანს თავის ფასი აქვს.

კრისტინა ტონისონმა ისაუბრა ესტონეთის გამოცდილებაზე, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდისთვის მათ გადაწყვიტეს ინვესტირება ცოდნასა და ინოვაციურ ეკონომიკაში. „90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოცხადდა, რომ თავისუფალი ბაზარი არის მეფე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავისუფალ ბაზარს ყველაფრის გადაწყვეტა არ შეეძლო. ჩვენ ასევე დაგვჭირდა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი საჯარო ხელისუფლება“, – განაცხადა ტონისონმა. მისი თქმით, ყველაზე მთავარი პრობლემა ახალგაზრდა ადამიანების მიზიდვა გახდა იმისთვის, რომ ინსტიტუციური განვითარება მდგრადი ყოფილიყო.

პროფესორ მიხეილ ჯიბუტის განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი სწორედ ამ სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ და რომ, ნებისმიერი კანონი და ნორმატიული აქტიც კი მასზე მაღლა დგას. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, ის ფარატინა ქაღალდად და მხოლოდ ძველი ხელისუფლების გეგმებად გადაიქცევა.

პროფესორმა სტეისი რ. ქლოსონმა (პატერსონის სახელობის დიპლომატიისა და საერთაშორისო კომერციის სკოლა, კენტუკის უნივერსიტეტი) ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის იმ საკითხებზე, რომლებიც ენერგეტიკას შეეხება. მისი თქმით, როდესაც საპროგრამო დოკუმენტებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმ მომავალ პერსპექტივებზე, რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამიტომ აუცილებელია გვქონდეს ჩვენი რესურსების ხარიხობრივი შეფასების საშუალება. იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელიც დასახული აქვს თავის სტრატეგიულ დოკუმენტში, უნდა დავინახოთ და შევაფასოთ ყველა შესაძლო სცენარის განვითარება, გარდა ამისა, ვიფიქროთ მწვანე ეკონომიკაზე, რომელიც მოითხოვს ბევრ ინოვაციას და დიდ დაფინანსებას. ენერგოუსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო მოვლენებზე. მეორე მხრივ, ჩვენ საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხორვება და შეუძლებელია გრძელვადიან პერიოდზე რამე დავგეგმოთ.

გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელმა FRIDE-ში, უფროსმა მკვლევარმა ჯოს ბუუნსტრამ ისაუბრა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მარკო გიულიმ კი (მკვლევარი, მადარიაგა – ევროპის ფონდის კოლეჯი) – სამხრეთ კავკასიაში ენერგო დერეფნების და ალტერნატიული ენერგიის წყაროების შესახებ.