საბერძნეთთან დაკავშირებული დილემა
მაკა ღანიაშვილი
საბერძნეთი კიდევ ერთხელ ხდება ევროპის თავის ტკივილი. ბევრი კითხვაა აქტუალური და ჯერჯერობით პასუხგაუცემელი – მოუწევს თუ არა საბერძნეთს ევროპის დატოვება; გაატარებს თუ არა რადიკალური მემარცხენე მთავრობა ძირეულ რეფორმებს ეკონომიკაში; გაგრძელდება თუ არა საბერძნეთის კრიზისი ჯაჭვური რეაქციით სხვა ქვეყნებზე; რა ბედი ელის ევროს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ბერძენი ხალხისთვის მთავარი პრიორიტეტი სოციალური საკითხებია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა არჩევნების შედეგებმა. 25 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში ბერძნებმა მემარჯვენე-ცენტრისტულ „ახალი დემოკრატიის“ პარტიას, რომელიც მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის მომხრეა, ამჯობინეს „სირიზა“, რომელიც მოსახლეობას სოციალური შეღავათებისა და დახმარებების აღდგენას ჰპირდება.
გამარჯვების შემდეგ, „სირიზას“ ლიდერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ დაასრულებს მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას, რომელსაც წინა მთავრობა ევროკავშირის მოთხოვნით ახორციელებდა. საბერძნეთის მთავრობაში მოსული პარტია 2-მილიარდიანი პროგრამის განხორციელებას სწორედ იმ თანხებით აპირებს, რომელიც წინა მთავრობამ მმართველობის ოპტიმიზაციის ხარჯზე დაზოგა.
მაქსიმალური მკაცრი ეკონომია, მინიმალური რეფორმები და რადიკალური მემარცხენე პარტია ქვეყნის სათავეში – ჯერჯერობით ასეთია ბერძნული რეალობა, კრიზისის შედეგი. პრობლემები პრობლემებად რჩება. ბერძენი ხალხი ბოლო წლების განმავლობაში იტანჯებოდა, მაგრამ ამაოდ. ისინი უფრო ღარიბები არიან, ვიდრე თვითონ ფიქრობდნენ რომ იყვნენ. ახლა როცა საბერძნეთში „სირიზა“ მოვიდა სათავეში, საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უფრო რეალური ხდება.
ახალი მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის დასაწყისი მოსალოდნელი იყო. ბევრი პროგრამა, რომელიც მათ გამოაცხადეს, ნიშნავს ადრე დაანონსებული რეფორმების უარყოფას, განსაკუთრებით, დასაქმების ბაზარსა და საჯარო დასაქმების სექტორში. საბერძნეთის ფინანსთა და პრემიერ მინისტრები უკვე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ იმაზე, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი საბერძნეთში. მათ განუცხადეს პარტნიორებს, რომ აღარ აპირებენ „სამეულთან“ მოლაპარაკებების გაგრძელებას, სამეულში კი ევრო კომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შედის. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ასევე გააჟღერა იდეა ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ ლონდონში ყოფნის დროს. ციპრასის განცხადებით კი, უნდა გადაისინჯოს საბერძნეთისთვის გამოყოფილი 318 მილიონი ევროს მოცულობის ვალი და პირობას დებს, რომ გააუქმებს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებით განსაზღვრულ, არაპოპულარულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს. ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში დარწმუნებულნი არიან, რომ ბერძნები კრიზისიდან ვერ გამოვლენ დიდი სამეულის გარეშე, ხოლო ეს დახმარება რეფორმებისა და ეკონომიის გარეშე, რომელსაც მთლიანად უარყოფს „სირიზა“ და მისი მოკავშირეები, შეუძლებელია.
ევროზონის 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა
ეკონომიკისა და ფინანსთა საკითხებში ევროკომისარი პიერ მოსკოვიჩი აცხადებს, რომ საბერძნეთის ადგილი ევროზონაშია. ევროკომისარის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ბერძენი ხალხის ნებას, რომელიც მან არჩევნებში გამოხატა, ასევე უნდა იყოს მხედველობაში მიღებული საბერძნეთის წინა მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა წინა მთავრობის მის მიერ აღებული ვალდებულებების ერთგული არ არის.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების შესაძლებლობა. გვჯერა, რომ საბერძნეთის ადგილი ევროზონაშია, ევრო სჭირდება საბერძნეთს და პირიქით, საბერძნეთს სჭირდება ევრო“, – განაცხადა ევროკომისარმა და საფრანგეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა. საინტერესოა, რამდენ ხანს შეძლებს ამ პოლიტიკით თავის გატანას საბერძნეთის მთავრობა და რამდენ ხანს ეყოფა მას საბერძნეთის ბალანსზე არსებული ფული.
უახლოესი თვეების განმავლობაში საბერძნეთის მთავრობას დიდი მოცულობით ვალის გადახდა უწევს – საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1.4 მილიარდი ევრო. მარტის ბოლოს ათენმა უნდა გადაუხადოს ბერძნული ვალის (სახელმწიფო ობლიგაციები) ხელმჭერებს 4,5 მილიარდ ევროზე მეტი. საბერძნეთის ხელისუფლებას ივლისში და აგვისტოში 6,5 მილიარდის გადახდა უწევს. კრედიტორების დახმარების გარეშე, საბერძნეთის ხელისუფლება ამ ამოცანებს თავს ვერ გაართმევს. დიდი საფრთხე ემუქრება საბერძნეთის კომერციული ბანკების მდგრადობას. ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, ევროპის ცენტრალური ბანკი არ არის ვალდებული შეწყვიტოს კავშირი ბერძნულ ბანკებთან. მას აქვს საკმარისი გონიერება იმისთვის, რომ მხარდაჭერის შესაბამისი პროგრამა განახორციელოს. სახელმწიფო ობლიგაციების დეფოლტის ალბათობა არ არის ფუნდამენტური საკითხი ამ შემთხვევაში, რადგან ბერძნული ბანკები მასზე არ არიან დამოკიდებულნი. უფრო მეტად მნიშვნელოვანია ობლიგაციები, რომელთაც თვითონ ბანკები უშვებენ და გარანტორიც საბერძნეთის მთავრობაა.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებს მსგავს ობლიგაციებს თებერვლის შემდეგ. თუ ევროპის ცენტრალური ბანკი ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ეს იქნება დიდი წნეხი საბერძნეთის მთავრობისთვის მოაწეროს ხელი ახალ ხელშეკრულებას. მაგრამ მოსალოდნელია, რომ საბერძნეთის ახალი მთავრობა ამაზეც უარს იტყვის, ამ შემთხვევაში ევროპის ცენტრალური ბანკი ალბათ გაწყვეტს ურთიერთობას საბერძნეთის ბანკებთან.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ საბერძნეთის ახალი მთავრობა იმსახურებს დროს, რათა გააჟღეროს „ახალი ხელშეკრულების“ ის მუხლები, რასაც „სამეულს“ სთავაზობენ. „დიდი სამეული“ ჯერჯერობით სკეპტიკურად არის განწყობილი საბერძნეთის მთავრობის მიმართ, მაგრამ ევროზონა დემოკრატიული კავშირია და არა იმპერია, ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკებები უკეთესის იმედით.
ევროზონის კრიზისული ქვეყნების ექსპორტის დინამიკა
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვალების ჩამოწერაზე პარტნიორების მხრიდან სავარაუდოდ ლაპარაკიც ზედმეტია, ამის ნაცვლად განიხილება მათი ჩანაცვლება. ზრდაზე მიბმული ობლიგაციები (მაგალითად, ნომინალური შიდა პროდუქტის ზრდაზე) ჩანაცვლებული იქნება ვალით ევროზონიდან, ასევე უვადო ვალი ჩანაცვლდება ეცროპის ცენტრალური ბანკის საკუთრებაში არსებული საბერძნეთის ობლიგაციებით. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ევროპის ცენტრალური ბანკი ამ ვარიანტს არ მიიღებს. ამის ნაცვლად ის შეიძლება დათანხმდეს გრძელვადიანი ობლიგაციების მიღებას.
მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების საკითხი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, საბერძნეთის წინა მთავრობამ დაპირებული 14 რეფორმიდან ბოლომდე მხოლოდ 1 განახორციელა. ეჭვგარეშეა, რომ ქვეყანას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში ესაჭიროება რადიკალური რეფორმები. ეკონომიკური არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასევე არის ექსპორტის ზრდის დაბალი ტემპები. საბერძნეთს ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
„საბერძნეთისთის გამოსავალი არის ღრმა და რადიკალური რეფორმები, იმისათის, რომ თავი დააღწიოს ვალების ხაფანგს. არავინ ელის, რომ რეფორმები 1 თვეში განხორციელდება, საბერძნეთს დრო სჭირდება და უფლება აქვს ის მოითხოვოს, მაგრამ ჯერ მათ პარტნიორები უნდა დაარწმუნონ, რომ სერიოზულად ეკიდებიან რეფორმებს. რა მოხდება თუ საბერძნეთი ამას ვერ შეძლებს. ევროკავშირი არ არის ფედერაცია, ის არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი, თუ საბერძნეთს სურს რომ იყოს განსხვავებული, ეს მისი უფლებაა. მაგრამ ამ შემთხვევაში, მან კავშირი უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა, ზიანი მნიშვნელოვანი იქნება, შედეგები კი არასასურველი, მაგრამ უფრო უარესია ღია ჭრილობის დატოვება. პირველ რიგში, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მერე კი ვნახოთ გადაიზრდება თუ არა ლაპარაკი მოქმედებაში“ – წერს „Financial Times“-ის მიმომხილველი მარტინ ვულფი ერთ-ერთ ბლოგში.
საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება წარმოუდგენელი არეულობის მიზეზი შეიძლება გახდეს მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე, ბევრი ქვეყანა ამას საკუთარ თავზე იწვნევს და არამხოლოდ ევროპული ქვეყნები. საბერძნეთში არსებული ვითარება პირდაპირ აისახება საქართველოზეც, რადგან საქართველოში გადმორიცხული ტრანსფერების მოცულობის მიხედვით, რუსეთის შემდეგ საბერძნეთი მეორე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის დეკემბრის თვეში, სწრაფი ფულადი გზავნილების საშუალებით საქართველოში ჩამორიცხული თანხის მოცულობა 116.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამორიცხული თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.4 პროცენტით არის შემცირებული.
საერთაშორისო ტრანსფერების უდიდესი წილი, 40.9 პროცენტი, ტრადიციულად მოდის რუსეთის ფედერაციაზე და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. 2013 წლის დეკემბრის თვესთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციიდან ჩამორიცხულმა თანხებმა 43.2 პროცენტით იკლო. გადმორიცხული სახსრების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.7 პროცენტით არის შემცირებული საბერძნეთიდანაც.
ასე რომ, საქართველოსთვის ძალიან საინტერესო მოვლენები დღეს რუსეთთან და უკრაინასთან ერთად საბერძნეთში ვითარდება. შეძლებენ თუ არა ევროპა და საბერძნეთი მოლაპარაკებას, დაიწყება თუ არა ევროზონის რღვევის პროცესი, რა მასშტაბებს მიაღწევს „სირიზას“ რადიკალიზმი? ამ კითხვებზე პასუხი არამხოლოდ საერთაშორისო ფინანუსრი ბაზრების და ევროზონის მომავალს, არამედ საქართველოდან წასული ბევრი ემიგრანტის ბედსაც განსაზღვრავს.