კიდევ ერთი საგადასახადო სკანდალი – ვის მხარესაა მთავრობა

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

LIBOR-თან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი „გმირი“ Barclay Bank იყო, ფინანსურ ბაზრებზე ახალი მასშტაბური სკანდალი გორდება, რომლის ეპიცენტრშიც ასევე ბრიტანული, მსოფლიოში სიდიდით მეორე ბანკი HSBC-ია. თუ რამდენიმე წლის წინ, Barclay ბანკსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალს მომხმარებელთა მოტყუებაში და საპროცენტო განაკვეთებით მანიპულირებაში დებდნენ, ახლა პირიქით, საუბარია ბანკისა და კლიენტების ერთობლივ მაქინაციურ სქემებზე ამჟამად უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის HSBC-ის შვეიცარიის ფილიალი მრავალი წლის განმავლობაში საეჭვო ოპერაციებს ახორციელებდა საიდუმლო კლიენტებთან. ამის შესახებ ჟურნალისტური კვლევა რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ ერთად გამოაქვეყნა. The Guardian-მა, BBC-მა, ფრანგულმა Le Monde-მა და ვაშინგტონში დაფუძნებულმა საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტურმა კონსორციუმმა, HSBC-ის საიდუმლო დოკუმენტები გამოააშკარავა. მონაცემები საგამოძიებო ჯგუფს, ბანკის ჟენევის ოფისში, კომპიუტერის ექსპერტად მომუშავე ერვე ფალსიანიმ მიაწოდა, რომელიც ფარულად გამოტანილი დოკუმენტებით, საფრანგეთში გაიქცა.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ევროკავშირის იურისდიქციის გარეთ მყოფი HSBC, წლების განმავლობაში თავის კლიენტებს, ასტრონომიულ თანხებს ნაღდი ფულით აძლევდა, მეტწილად ასეთი ტრანზაქციები უცხოურ ვალუტაში ხდებოდა, რითაც ბანკის გავლენიანი კლიენტები ევროპული გადასახადებისგან თავს არიდებდნენ. ჟურნალისტთა მტკიცებით, HSBC ფარული მოლაპარაკებების საფუძველზე კლიენტებისგან არადეკლარირებულ თანხებს იღებდა და უკანონო ოპერაციებს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, 2005-2007 წლების პერიოდს ეხება. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ყოფილი პოლიტიკოსების ანგარიშები ცალკეა მოხსენიებული.

იმ ქვეყნების სიაში, რომელთა ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსებმა ბანკის ამ ფილიალში ფული გაათეთრეს, საქართველოცაა. საქართველოს გარდა, სიაში არის დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, კენიის, რუმინეთის, ინდოეთის, ლიხტენშტეინის, მექსიკის, ლიბანის, პარაგვაის, ფილიპინების, საფრანგეთის, ალჟირისა და სხვა ქვეყნების კლიენტები. კონსორციუმის მტკიცებით, მდიდარი კლიენტები, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, საეჭვო წარმომავლობის ფულს HSBC-ის შცეიცარულ ანგარიშებზე ინახავდნენ. მათ შორის იყვენენ ცნობილი ფეხბურთელები, ჩოგბურთელები, როკ-ვარსკვლავები, ჰოლივუდის მსახიობები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მაღალი დონის მენეჯერები, იარაღით მოვაჭრეები, ე.წ. „სისხლიანი ალმასების“ მომპოვებლების და ტერორიზმის დამფინანსებლები.

2012 წელს ამ მასალებზე კვლევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც ჩაატარა, რის შემდეგაც გამოირკვა, რომ ბანკიდან ტრანზაქციები აზიის იმ ბანკებშიც ირიცხებოდა, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილნი. ციფრები მართლაც შთამბეჭდავია: შვეიცარიაში საბანკო ანგარიში HSBC-ის 106 00 კლიენტს ჰქონდა, 203 ქვეყნიდან. ანგარიშების საერთო აქტივების მთლიანი რაოდენობა 118 მილიარდი აშშ დოლარია. 11 235 კლიენტი შვეიცარიიდან ფლობდა 31.2 მილიარდ დოლარს, 9 187 ფრანგი კლიენტი 12.5 მილიარდს, 7 000 ბრიტანელი კლიენტი კი 21.7 მილიარდ დოლარს. მართალია, არა ასეთი მასშტაბური, მაგრამ გადასახადებისგან თავის არიდების სკანდალები ადრეც ყოფილა. რაც ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა, არის ბრიტანეთის ხელისუფლების მოქმედება ან უმოქმედობა.

ბრიტანეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბანკი წლების განმავლობაში ეხმარებოდა მდიდარ კლიენტებს, მათ შორის ბრიტანეთიდანაც, 100-ობით მილიარდი ფუნტის მოცულობის გადასახადი დაემალა მთავრობებისთვის და ამ დროს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. HSBC ბანკი ახლა გამოძიების ობიექტია აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიასა და არგენტინაში, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა დიდ ბრიტანეთში.
ინფორმაცია 106 000-კაციანი სიის შესახებ 2010 წელს გასაჯაროვდა, მაგრამ ამ ამბიდან თითქმის 5 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი ურჩი გადამხდელია დასჯილი ბრიტანეთის 7 000-კაციანი სიიდან. ბრიტანეთის შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეისთვის იმ ადამიანებმა, ვინც თავს არიდებდა გადასახადებს, უკვე გადაიხადეს ჯამში 135 მილიონი ფუნტი – გადასახადების, პროცენტებისა და ჯარიმების სახით. ამას არ ეთანხმებიან ჟურნალისტური გამოძიების ავტორები, რომლებიც აცხადებენ, რომ საგადასახადო უწყებები არ იყვნენ საკმარისად მკაცრი და გამბედავები იმისათვის, რომ დაეცვათ კეთილსინდისიერი ბრიტანელი გადამხდელები. მათი განცხადებით, ბანკი არამარტო თვალს ხუჭავდა საეჭვო ანგარიშებზე, არამედ ხშირად უწყობდა ხელს კლიენტებს კანონის დარღვევაში და ეხმარებოდა გადასახადების დამალვაში.

HSBC-ის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ადრე პრობლემები ბანკს მართლაც ჰქონდა არალეგალურ ანგარიშებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ყველაფერი გამოსწორებულია. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს HSBC-ის სკანდალთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ხაზინის მინისტრი იცავს მთავრობის მიერ გატარებულ რეორმებს გადასახადების წინააღმდეგ ბრძოლაში და აცხადებს, რომ ეს ღონისძიებები ეფექტიანი იყო და მათი გატარების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა. უფრო მეტიც, ბრიტანეთის მთავრობა HSBC-ის ყოფილი ხელმძღვანელს სტეფან გრინისაც იცავს. ბრიტანეთის ხაზინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გრინს ამ ანგარიშებთან უშუალო კავშირი ჰქონდა. ამ განცხადებას არ ეთანხმებიან სპეციალისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ თუ ეს მართლაც ასეა, მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს, HSBC-ის ბანკის მმართველის პოსტზე ყოფნის დროს გრინს ან ეძინა ან მან მშვენივრად იცოდა ყველაფერი და ხშირად ხელსაც უწყობდა კლიენტებს გადასახადების დამალვაში.

2005 წელს ევროპაში გადასახადების დამალვის შესამცირებლად ცვლილებები გატარდა, რომლის მთავარი მიზანი იყო შვეიცარული ბანკების გზით გადასახადებისთვის თავის არიდების საშუალებების შემცირება. შვეიცარულ ბანკებს გადასახადების დამალვაში საეჭვო ყველა ანგარიშის შესახებ უნდა ეცნობებინათ შესაბამისი ორგანოებისთის. თუმცა, როგოც ჩანს, ამ რეფორმებმა არ იმუშავა და ამის კარგი მაგალითი HSBC-ია. მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ბანკისა და მთავრობის წარმომადგენლები, გადასახადის ბევრი ექსპერტი ღიად ადანაშაულებს ბანკს იმაში, რომ მათ კარგად იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ და ასე განზრახ იქცეოდნენ.

HSBC-მა შეცდომები აღიარა და განაცხადა, რომ საეჭვო კლიენტებს ის უკვე დაემშვიდობა. ბანკის წარმომადგენლების თქმით, მათ ახალი სტანდარტები შეიმუშავეს და ფულის გათეთრების სპეციალისტები დაიქირავეს. ბანკის განცხადებით, მათ უკვე შეამოწმეს ბანკის ანგარიშების მეპატრონეები შვეიცარიაში და 2007 წლის შემდეგ ანგარიშების 70% დახურეს. ბანკის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ „HSBC-მ განახორციელა რამდენიმე ინიციატივა, რომ დაეცვა საკუთარი საბანკო მომსახურება იმისგან რომ ისინი გამოეყენებინათ გადასახადებისგან თავის ასარიდებლად“. თუმცა ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი ასაჯაროებს სიუ შელისთან ინტერვიუს, რომელიც 2013 წელს HSBC-ში მუშაობდა. შელი აცხადებს, რომ მისი იქ მუშაობის პერიოდში ბანკს რეალურად ისევ ჰქონდა პრობლემები საეჭვო ანგარიშებთან დაკავშირებით. როგორც HSBC-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, ბანკის ხელმძღვანელობა ბევრჯერ დაჰპირდა თანამშრომლებს ზომების გატარებას ამ საკითხთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც შელიმ, მისივე განცხადებით, რამდენჯერმე გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელების მხრიდან საქმე ლაპარაკს არ სცილდებოდა, ის გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან სასამართლოშიც მოიგო სარჩელი HSBC-ის წინააღმდეგ, რომელშიც შელი ბრალს სდებდა ბანკს უსამართლო გათავისუფლებაში.

ოფშორების საშუალებით გადასახადების თავის არიდების თემა დიდი ხანია აქტუალურია მთელს მსოფლიოში. ანალიტიკოსთა შეფასებით, „საგადასახადო სამოთხეებში“ გლობალური მასშტაბით დაახლოებით 7.6 ტრილიონი აშშ დოლარი ინახება, რაც მთავრობებს წელიწადში საშუალოდ 200 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება. „ოფშორები ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და „სოციალური კონტრაქტების“ მთავარი საფრთხეა. ფინანსური გაუმჭვირვალობა გლობალური უთანასწორობის ერთ-ერთი მთავარი ძრავაა. მისი საშუალებით ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა და მდიდრების მცირერიცხოვანი ჯგუფი, გადასახადების მხოლოდ მიზერულ ნაწილს იხდის, მაშინ როცა ჩვენ, კეთილსინისიერი გადამხდელები, ვიხდით დიდი მოცულობის თანხებს, იმისათვის, რომ დავაფინანსოთ საჯარო საქონელი და მომსახურების ის სერვისები, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს“ – აცხადებს ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი იმ ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლებიც HSBC-ის სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას აწარმოებდნენ.

შეგახსენებთ, რომ პიკეტის წიგნი „კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“, რომელიც 2014 წელს მსოფლიოს ბესტსელერი გახდა ძირითადად იმ გზების ძიებას ეძღვნება, რომლებიც მთავრობებმა გლობალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად უნდა გაატარონ.

HSBC-ის სკანდალი კი სხვა რეალობას გვიჩვენებს – 106 000 კლიენტთან (რომლებიც მსოფლიოსი თუ არა, თავიანთი ქვეყნების უმდიდრესი ადამიანები არიან) ერთად გადასახადების დამალვაში მხილებულ ბანკსა და მის ყოფილ ხელმძღვანელს, ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ხელს აფარებს და ყველა საჯარო გამოსვლაში ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგად არის და ამ საკითხზე გამოძიებამ უკვე სასურველი შედეგი მოიტანა, „საეჭვო“ ანგარიშების 70%-ის დახურვის გზით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial