ვირტუალური ვალუტის აშკარა და ფარული საფრთხეები

მაკა ღანიაშვილი

„საქართველოს ეკონომიკა“ აგრძელებს ვირტუალურ ვალუტასთან და მის მომავალთან დაკავშირებულ სტატიათა ციკლს. წინა სტატიებში (იხილეთ დავწრილებით:ვირტუალური ვალუტა ნდობას კარგავს; ვირტუალური ვალუტის მომავალი მსოფლიოსა და საქართველოში) ჩვენ გაგაცანით ვირტუალური ვალუტის არსი და მისი დადებითი მხარეები, ახლა კი ვნახოთ ის თუ რა აქვს უარყოფითი მას და რატომ ეწინააღმდეგება ბევრი სპეციალისტი და პროფესიონალი ინვესტორი მის ფართოდ დანერგვა-გავრცელებას.

9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჰონ-კონგის ცენტრალური ბანკი იწყებს გამოძიებას 387 მილიონი დოლარის ღირებულების ვირტუალური ვალუტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. საუბარია, ჰონ-კონგში განთავსებულ კომპანია MyCoin-ზე. კომპანიის კლიენტებმა განაცხადეს, რომ მათი ფული გაქრა კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად. ეს ყველაზე დიდი სკანდალი შეიძლება იყოს ვირტუალურ ვალუტის სფეროში, მას შემდეგ, რაც Mt.Gox გაკოტრდა. Hong Kong Monetary Authority (HKMA)-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული მაქინაციების გამო შეიძლება პირამიდულ სქემასთან გქვონდეს საქმე, ამიტომ გამოძიება ბევრი მიმართულებით ჩატარდება.

რაც შეეხება იაპონურ კომპანია Mt.Gox-ს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ვირტუალური ვალუტის გადამცველი პუნქტი იყო, მაგრამ ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, კომპანიის კლიენტებმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ბითქოინი დაკარგეს, კომპანიამ კი თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

ეს ფაქტები კარგად აჩვენებს იმ რისკებს, რაც ვირტუალურ ვალუტაში ინვესტირებას უკავშირდება. ბითქოინის შესახებ უორენ ბაფეტმა მრავლისმეტყველი განცხადებაც გააკეთა: „მისგან შორს დაიჭირეთ თავი. მისი მიმზიდველობა არის მირაჟი. ის რომ მას აქვს რაღაც ღირებულება, უბრალოდ ხუმრობას გავს და მეტს არაფერს“.
ციფრული ვალუტა ბითქოინი ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და ბევრი უკვე მის გაქრობას წინასწარმეტყველებს. მაგრამ ასეთ წინასწარმეტყველების ავტორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი გამორჩათ: იმის მიუხედავად, გადარჩება თუ არა ბითქოინი, ვირტუალური ვალუტის ტექნოლოგიებს გზა უკვე გაკაფული აქვთ და ამას ვერაფერი შეცვლის. უფრო მეტიც, ტექნოლოგიები თანდათან უფრო დაიხვეწება, რადგან დეველოპერები აქტიურად მუშაობენ ამაზე და მოსალოდნელია უფრო დახვეწილი და უკეთესი ვერსიების გაჩენა. ფაქტია, ფინანსური სისტემა რევოლუციური ცვლილების ზღვარზეა და ამ ცვლილებას ბითქოინი მიიყვანს ბოლომდე თუ მას სხვა ვირტუალური ვალუტა ჩაანაცვლებს მხოლოდ დროის საქმეა.

ჯერ იმაზე საუბარი, რომ ბითქოინი ჩაანაცვლებს ტრადიციულ ვალუტას თუნდაც დოლარს, ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ფაქტია ბითქოინი უფრო მეტია, ვიდრე ვალუტა. ეს არის რადიკალურად ახალი, ვალუტის გაცვლის დეცენტრალიზებული სისტემა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე ინოვაციური სიახლე ფინანსურ სისტემაში ბოლო 500 წლის განმავლობაში.

ის მართლაც ნიშნავს მოდელს, რომელსაც შეუძლია შეამციროს ტრანზაქციების საკომისიოები ტრილიონობით დოლარის მოცულობით; მოახდინოს ბევრი გადახდის კომპიუტერიზება, რომელშიც ჩართულნი არიან სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, იურისტები და ბუღალტრები; ასევე შექმნას გლობალურ ფინანსურ სისტემაში ჩართვის მარტივი შესაძლებლობა მსოფლიო მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯერჯერობით არ სარგებლობს საბანკო მომსახურებით და გაუადვილოს მათ საერთაშორისო ტრანზაქციები.

მართალია, ბევრი მიმზიდველი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ბითქოინს ბევრი ნაკლიც აქვს. სანამ ტექნოლოგიურ რისკებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის რისკი, რაც ვირტუალური ვალუტის განვითარებას ახლავს მილიონობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის სახით, რომლებიც დღეს ტრადიციულ საერთაშორისო ტრანზაქციების სისტემაში მუშაობს.

ბითქოინის კურსი ძალიან მერყევია, კვირიდან კვირამდე 10%-იანი საშუალო ცვლილებით. ამასთანავე, ანონიმურობის გარანტია კარგ საშუალებას უქმნის არალეგალურ მოვაჭრეებს ფულის გასათეთრებლად, მათ შორის, ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, ტრეფიკინგის ჯგუფებს და ა.შ. ციფრული ვალუტის შემნახველი „საფულე“ (რომელიც ელექტრონულია) ხშირად ხდება ჰაკერების შეტევისა და ძარცვის ობიექტი. და არამხოლოდ პატარა მოცულობის, არამედ დიდი გაცვლითი პუნქტების შემთხვევაშიც, მაგალითად, როგორიცაა ზემოთ ნახსენები ტოკიოს Mt. Gox და სლოვენიის Bitstamp.

ჯერჯერობით, ვირტუალური ვალუტის პროგრამული სისტემა გლობალურ ჰაკერულ თავდასხმებს უმკლავდება, როგორც ჩანს, მისმა შემქნელებმა მართლაც შთამბეჭდავი სისტემა შექმნეს, ლოკალური ჰაკერული თავდასხმები კი არ წარმოადგენს დაბრკოლებას ბევრი ინვესტორისთვის, ვინც ვირტუალურ ვალუტაში ფულის დაბანდებას აგრძელებს ან ახალა იწყებს. რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ბითქოინი უსაფრთხო გზაა ფულის დასაბანდებლად. სანამ ეს შეხედულება საყოველთაოდ გავრცელდება და უფრო უსაფრთხო სისტემას მოიგონებენ, ბევრი ავტორიტეტული ინვესტორი, ეკონომისტი, ასევე სამთავრობო უწყებები ცდილობენ დაარწმუნონ მომხმარებლები, რომ ბითქოინი ჯერჯერობით მაინც არ არის სანდო და ის დიდ რისკებს უკავშირდება.

ისევე როგორც ბევრი ინოვაციური ტექნოლოგია, ბითქოინიც ჯერ ისევ შემუშავების და დახვეწის ეტაპზეა. ეს არის ერთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის კოპირება/გავრცელება აბსოლუტურად უფასოა, და ხელმისაწვდომია ყველასთის, პირველ რიგში კი, პროგრამისტებისთვის. შესაბამისად, ადვილია მასში ცვლილებების შეტანა და გაუმჯობესება. დღეისათვის დაახლოებით 10 000 „მოხალისე“ პროგრამისტი მუშაობს პროგრამის დახვეწაზე, ვირტუალური საფულის უფრო მეტად უსაფრთხოებაზე და ცდილობენ მის დაშიფვრას ისე, რომ დაიცვან ჰაკერებისგან და ფასების მერყეობისგან. ასე ეტაპ-ეტაპ სწორდება ციფრული ვალუტის სისტემასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ხარვეზები, რაც ბითქოინს კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მატებს.

ბითქოინი, რეალურად, რა თქმა უნდა, არ არსებობს. არანაირი ციფრული სახით, ბევრს წარმოუდგენია, რომ ის შეიძლება არსებობდეს რაიმე ფაილის, მაგალითად, word-ის დოკუმენტი სახით, მაგრამ ეს ასე არ არის. ბითქოინის ფლობა უბრალოდ ნიშნავს წვდომას ბითქოინის ერთ-ერთ პროგრამულ მისამართზე, სპეციალური დაშიფრული კოდის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გადარიცხოთ ის სხვა მისამართზე. სულ ესაა, რასაც ბითქოინი წარმოადგენს. ეს არის ის თვისება, რითაც ბითქოინი თანამედროვე ფინანსურ სისტემას უქმნის საფრთხეს.

ბევრისთის ტრანზაქციებისთვის განკუთვნილი დრო და ნაკლები საკომისიო გადასახადი ძალიან მიმზიდველია. ასევე გასათვალისწინებელია შერყეული ნდობის მანდატი ბანკებისა და სხვა შუამავლების მიმართ, ვის ხელშიც მფლობელის ფულმა უნდა გაიაროს.

1400-იან წლების შემდეგ, მაშინ როცა ფლორენციაში თანამედროვე კომერციული ბანკების პირველი ჩანასახი გაჩნდა, ბევრი რამ შეიცვალა. ბანკების წარმოშობამ ბევრი პრობლემა მოუხსნა კაპიტალის მფლობელებს. მათ უფრო უსაფრთხოდ შეეძლოთ ფულის შენახვა, სულ მალე კი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრანზაქციების განხორციელება. მაგრამ ამის შემდეგ ბანკების როლი ისე გაიზრდა, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ მსხვილ ორგანიზაციებად, რომელთაც კლიენტების შესახებ ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, ბანკების მგრძნობელობა კი ფინანსურ სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ, დეპოზიტარებს ბევრ პრობლემას უქმნის, რაც კარგად დამტკიცდა 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული.

სწორედ ამ პერიოდში შექმნა ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილმა ადამიანმა ბითქოინი. ამით პირველად, ხალხს გაუჩნდა დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც დღის წესრიგიდან ხსნის ფინანსური სისტემის ნდობის საკითხს. გაჩნდა ონ-ლაინ ტრანზაქციების შესაძლებლობა, რომელიც გარიგების მონაწილე მხარეებისთვის არ მოითხოვს შუამავლის სახით მესამე მხარის არსებობას.
მაგრამ ჯერ ისევ ბევრი სვამს კითხვას: რა ღირებულბე აქვს ბითქოინს, მაშინ როცა ის არ არის გამყარებული ოქროთი ან მთავრობით? თუ მისი ფლობა, ხელში ჭერა არ შეგვიძლია და არც რაიმე ნიშანი აქვს რომელიმე ცენტრალური ხელისუფლების, საერთოდ როგორ შეიძლება მისი შეფასება? ჯერჯერობით, ბითქოინის მასშტაბური შესყიდვა არ დაფიქსირებულა, ალბათ სწორედ ამ ეჭვების გამო. 2014 წლისთვის ბითქოინის გლობალური გამოყენება დღეში მხოლოდ 50 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური იყო. მაშინ როცა Visa და Mastercard-ით განხორციელებული ოპერაციები დღეში დაახლოებით 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მაგრამ ბევრმა მსხვილმა კომპანიამ უკვე დაიწყო მისი მიღება, როგორც გადახდის საშუალების. მაგალითად, MicrosoftCorp.

ეკონომისტებსა და მთავრობებზე მეტად, ბითქოინის მომავლისადმის უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი პროგრამისტები. მის განვითარებაში უკვე ცნობილმა ინვესტორებმაც დაიწყეს ფულის დაბანკდება. მაგალითად, Netscape-ის დამფუძნებელმა მარკ ენდრისენმა და LinkedIn-ის დამფუძნებელმა რიდ ჰოფმანმა 2014 წელს ბითქოინებთან დაკავშირებულ პროექტში 315 მილიონი დოლარი ჩადეს. 2015 წლის დასაწყისში კი ციფრული საფულის მწარმოებელმა კომპანია Coinbase-მ გაასაჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალდაარსებული ფონდი განახორციელებს 75 მილიონის ინვესტირებას, ფონდის შემადგენლობაში კი არიან ისეთი ინვესტორები, როგორიცაა, New York Stock Exchange და ესპანური ბანკის შვილობილი კომპანია Banco Bilbao Vizcaya Argentaria SA. პირველ რიგში, რაც ამ ინვესტორებს იზიდავს, არის ისეთი შესაძლებლობა, რაც დაახლოებით 1980-იან წლებში არსებობდა, როცა ვერავინ იწინასწარმეტყველებდა ისეთი პროექტების წარმატებას, როგორიც არის Facebook , Twitter or Netflix . შეიძლება ციფრულ ვალუტასაც ასეთივე წარმატებული მომავალი ელის.

ჯერჯერობით კი პროგრამისტები კვლავ განაგრძობენ უკეთესი პლატფორმის შექმნას მსოფლიოს 2.5-მილიარდიანი მოსახლეობისთვის, რომელთაც ჯერ არ აქვთ საბანკო ანგარიშები და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტრანზაქციების განხორციელება შუამავლების გარეშე ურჩევნიათ.

მაგრამ ის ფაქტს, რომ ვირტუალური საფულეები დაუზღვეველია, ვერსად გავექცევით. ერთმა ტრანზაქციამ რამდენიმე კომპიუტერი უნდა გაიაროს იმისათვის, რომ საბოლოო სერვერზე მოხვდეს, ეს ჰაკერული თავდასხმის რიკს ამცირებს, რადგან ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერის გატეხვა რთულია, მაგრამ რისკი მაინც დიდია.

Screen Shot 2015-02-14 at 5.17.44 AM

როგორც ვხედავთ, კითხვაზე რამდენად უსაფრთხოა ვირტუალური ვალუტა, ცალსახა პასუხი არ ასებობს. მას აქვს ბევრი ის უპირატესობა, რაც არ აქვს ტრადიციულ ვალუტას. ამასთანავე, აქვს ბევრი რისკიც. რაც ძირითადად იმის გამოა, რომ ბითქოინი ჯერ ისევ ჩამოყალიბების სტადიაში, მის მიმართ მომხმარებელთა ინფორმირებულობის დონე და, შესაბამისად, ნდობაც ნაკლებია. ამიტომაც, სანამ ადამიანი მასში ინვესტირებას გადაწყვეტს, კარგად უნდა აწონ-დაწონოს დადებითი და უარყოფითი მხარეები და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.