ექსპერტები მთავრობას კრიზისული კომიტეტის შექმნას ურჩევენ – რამდენად საგანგაშოა ვითარება


მაკა ღანიაშვილი

ლარის კურსი ფსიქოლოგიურ ნიშნულს, 2.2-ს, უახლოვდება. ამ ნიშნულს ლარმა 1998 წელს ერთხელ უკვე მიაღწია, როდესაც აზიაში დაწყებულმა კრიზისმა რუსეთიც მოიცვა და ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა სხვა ქვეყნებზე. გასული წლის ბოლოს გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმადაც ლარი დაახლოებით 1.85 ნიშნულზე დასტაბილურდებოდა, არ გამართლდა. 21 თებერვლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.17 ნიშნულზე განისაზღვრა. ვალუტის კურსზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ქვეყნის სავალუტო და მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები. 2014 წელს აშშ-ის მაღალი ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, დოლარი მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ვალუტის მიმართ გამყარდა. დოლართან მიმართებაში ყველაზე მეტად რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა და ბელორუსული რუბლი დაეცა. ევრო დოლართან მიმართებაში 20%-ით გაუფასურდა, რასაც ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ევროს გაუფასურება დოლართან მიმართებაში ევროპული საქონლის გაიაფებას და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს. გამომდინარე აქედან, ეკონომიკური ზრდისა და ექსპორტის წახალისების მიზნით, ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა ევროს გაუფასურებისკენ იყო მიმართული.

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტმა და რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რაც რუბლზეც აისახა. რუსეთში არსებულმა მდგომარეობამ თავის მხრივ გავლენა იქონია მის ეკონომიკურ პარტნიორებზეც, მათ შორის, საქართველოზეც. ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე ლარი დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, მაგრამ ვალუტის კურსის გაუფასურება მხოლოდ დოლარის გლობალური გამყარებით არ ყოფილა გამოწვეული. კურსის ცვლილება ბაზარზე ლარის და დოლარის შეფარდებით მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითად წყაროს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები წარმოადგენს. ეს მაჩვენებლები 2014 წლის აგვისტოდან შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდნენ, რაც ვალუტის კურსზეც აისახა. ამას დაემატა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, რამაც გაზარდა ლარის მასა და კურსის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება გამოიწვია.

თუმცა, ამ ეტაპზე, ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბარზე მეტად უფრო აქტუალური საკითხია თუ როგორ შეიძლება არსებული სიტუაციიდაან გამოსვლა. სანამ მოკლევადიან პერიოდში გასატარებელ ღონისძიებაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ გაცვლითი კურსის ფორმირებაზე მოქმედ ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრს, როგორიცაა ექსპორტი.
2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 156 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით მიმდინარე წლის პირველ თვეში ექსპორტი 30%-ით შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2015 წლის იანვარში 382 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის კლება საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება, რაც, ძირითადად, უკავშირდება უმსხვილეს საექსპორტო ბაზარებზე აქტივობის შემცირებას – უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი. პრობლემებია ევროკავშირშიც, რომელიც ასევე ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია საქართველოს ექპორტიორებისთვის. ექსპორტის კლება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც თავისთავად განაპირობებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას. ლარის გაუფასურებას კი, საგრძნობი ფინანსური ზარალი მოაქვს საქართველოს მოსახლეობისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის გაუფასურება იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდას იწვევს. ფასების ზრდის ტენდენცია უკვე სახეზეა. ლარის გაუფასურების გამო ფასებმა მატება უკვე დაიწყო. ყაზტრანსგაზმა იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ ლარის გაუფასურება დაასახელა. გაზის ტარიფის მატება იურიდიული პირებისთვის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებზეც იმოქმედებს. იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებულის შესამცირებლად და საგადამხდელო ბალანსის გასაუმჯობესებლად ექსპორტის ზრდის ხელშწყობა ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამ პრობლემის დასაძლევად შეიმუშავა მთავრობამ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც „მეწარმეობის განვითარების სააგენტომ“ უნდა განახორციელოს. გასული წლის ოქტომბერში სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მას სსიპ მეწარმების განვითარების სააგენტო განახორციელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა და 5000 ადამიანზეა გათვლილი. როგორც ოქტომბერში განაცხადეს, პროექტის გამარჯვებულები გაზაფხულისთვის გამოვლინდებიან, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ. როგორც მთავრობაში იმედოვნებენ, პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მიღებული საქონელი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ დააკმაყოფილებს და საექსპორტო პოტენციალიც ექნება. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი არის 20 მილიონი ლარი და ის გაგრძელდება 26 თვის განმავლობაში. ფინანსური მხარდაჭერის კუთხით პროგრამა ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას დამწყებ და არსებულ მეწარმე სუბიექტზე ან, მაქსიმუმ 3 ბენეფიციარისგან შემდგარი, მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5,000 ლარით ერთ მეწარმეზე, რაც მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 ლარს შეადგენს. ბენეფიციარების მხრიდან თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-სა. გარდა ამისა, პროგრამა, ტექნიკური მხარადჭერის კუთხით, ითვალისწინებს ორ კომპონენტს: ესაა, ტრენინგები, რომლებიც განხორციელდება პროგრამის დაწყებიდან პირველი 4 თვის განმავლობაში და მიზნად ისახავს დაფინანსების მიღების მსურველთა მომზადებას, რათა მათ შეეწყოთ ხელი კომერციულად მომგებიანი ბიზნეს გეგმისა თუ საპროექტო წინადადების მოსამზადებლად. სწორედ ტრენინგების შედეგად მომზადებული მასალის საფუძველზე იქნებიან შერჩეულები ბენეფიციარები. გარდა ამისა, ჩატარდება ტექნიკური პროფესიონალური კონსულტაციები და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა გაეწევა უკვე დამტკიცებულ ბენეფიციარებს დაფინანსების გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. პროგრამა გათვლილია რეგიონის მოსახლეობაზე და ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონში მცხოვრები 3.3 მილიონზე მეტი ადამიანის პროპორციულად. სამიზნე რეგიონები დაიყოფა 4 ლოტად. თითოეულ მათგანში გაერთიანებულ თვითმმართველ ქალაქებში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებზე დასაშვებია გაიცეს ლოტის მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 20 პროცენტისა. ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ზრდის წახალისების მზინით სხვა ნაბიჯებიც გადაიდგა. გასული ორი წლის განმავლობაში მთავრობის დახმარებით, 800 000-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხოლო სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებულია 400 მილიონზე მეტი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. მიმდინარე წლის 27 იანვარს გამართულ სამთავრობო შეხვედრაზე, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით გაიმართა, გაანალიზდა საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით უნდა განხორციელდეს. როგორც სამთავრობო სხდომაზე იანვრის ბოლოს გადაწყდა „საპარტნიორო ფონდი“ ექსპორტის წახალისების მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფონდის ბაზაზე ექსპორტის წახალისებისათვის სპეციალური მიმართულება, დაახლოებით 2 თვეში, შეიქმნება. „ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით, საპარტნიორო ფონდის ფარგლებში, სპეციალური მიმართულება შეიქმნება, რომელიც დაკავებული იქნება ექსპორტიორი კომპანიების წახალისებით და მათი სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით დახმარებით. ეს საერთაშორისო პრაქტიკა ბევრ ისეთ ქვეყანაშია, რომლის ეკონომიკაც ექსპორტზეა ორიენტირებულია“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

თუმცა, სპეციალისტთა შეფასებით, ამ ეტაპზე ლარის კურსის დასტაბილურებისთვის საექსპორტო პარამეტრის განხილვა ნაკლებეფექტიანია, რადგან საქართველოს ძირითად საექსპორტო ბაზრებზე ექსპორტის ზრდა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ნაკლებადაა დამოკიდებული. 2015 წელს კვლავ კრიზისული სიტუაცია იქნება რუსეთსა და უკრაინაში. კიდევ უფრო შემცირდება რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასე რომ, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგს მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ველოდოთ. ლარის კურსის მოკლე ვადაში სტაბილურობის მისაღწევად კი საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. „ექსპორტის წახალისების მექანიზმი მოკლევადიანი ეფექტის მომტანი არ არის და არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვიღებთ, ისაა, რომ ორშაბათს სავალუტო ფონდის მისიას შევხვდებით. მასზე ინფრასტრუქტურული ზეგანაკვეთული პაკეტის მოცულობაზე ვიმსჯელებთ. კაპიტალური დანახარჯების მიზნით დამატებით ფულს მოვითხოვთ, რათა დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში განვახორციელოთ. ეს ის პირველადი ზომებია, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის ეს განცხადება პრობლემის აღიარებას ნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის დროზე სწორედ ისეთი კრიზისული სიტუაციების სამართავად შეიქმნა, როგორიც დღეს საქართველოშია. ამ ფინანსური ინსტიტუტის მთავარი როლი ამა თუ იმ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ექსპერტები. „ეს, ძირითადად, სესხის აღებაა, რომელიც სხვადასხვა პროგრამების განვითარებას ხმარდება. როდესაც ქვეყანა ასეთი შოკების გავლენის ქვეშ არის, სავალუტო ფონდები ყოველთვის გაიღებენ გარკვეულ რესურსს იმისათვის, ფინანსური სტაბილურობა უფრო მდგრადი გახდეს. ამიტომ ეს იქნება ხელისშემწყობი და მასტაბილიზირებელი ფაქტორი იმიტომ, რომ ეს დოლარის შემოდინებას შეუწყობს ხელს და დოლარის შემოდინება არის ის, რაც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება“, – განაცხადა ლექვინაძემ. მისი თქმით, სავალუტო ფონდის ფინანსური რესურსი მოკლე ვადაში დაასტაბილურებს სიტუაციას, ანუ სავალუტო ნაკადის შემოდინება კურსის მაჩვენებელზე ისახება, რადგან ქვეყანაში დოლარის შემოდინება დაფიქსირდება.

ექსპერტთა ნაწილი იმაზეც თანხმდება, რომ მხოლოდ სავალუტო ფონდის დახმარება საკმარისი არ იქნება, კიდევ ერთი პარამეტრი, რომლის ზრდაც ქართულ ეკონომიკასა და ლარს ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციებია. „მიმაჩნია, რომ საინვესტიციო პროექტები სასწრაფოდ დასაწყებია. ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნეს მობილიზებული, რომ ყველა საინვესტიციო პროექტი დროულად დაიწყოს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კრიზისული კომიტეტის შემქნას ურჩევს. როგორც ჯგერენაიამ „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში, ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ ერთიანი სამუშაო გეგმა უნდა შეიმუშაოს. „სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კრიზისული კომიტეტი, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეკონომიკური გუნდი მთლიანად, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შევლენ. უნდა შემუშავდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა. უნდა მივმართოთ სავალუტო ფონდს. მისი ფუნქცია და მოვალეობაა, ასეთ დროს დაუჭიროს ქვეყანას მხარი. უნდა მივმართოთ დონორებს. ჩვენ თუ მარტივად შევხედავთ ამ პრობლემას, რომ ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ინტერვენციას ბაზარზე და ამით მოგვარდება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც შეიძლება კატასროფამდე მიგვიყვანოს. დავხარჯავთ სავალუტო რეზერვებს და მოხდება გაუგონარი. გაუგონარი კი იქნება ის, რომ ინვესტორი, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს და თავისი მოგების რეპატრიაციის თემას უყურებს, როგორც კი დაინახავს, რომ ამას საფრთხე ემუქრება, თავისი საქმიანობის შეკვეცას და ქვეყნიდან კაპიტალის გატანას დაიწყებს. ეს იქნება კატასტროფა“, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართება, სადაც ქართული მხრიდან კაპიტალური დანახარჯების კუთხით დამატებითი ფულის გამოყოფის მოთხოვნა იქნება დაყენებული. სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო ლარის გაუფასურება ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან გრძელვადიანი სესხების უმეტესი ნაწილი დოლარშია გაცემული. ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში მომხმარებელს სესხს უძვირებს და შესაბამისად, გადახდისუნარიანობის რისკს ზრდის. ამასთან, კურსის გაუფასურება ზრდის ქვეყნის საგარეო ვალსაც და აძვირებს მის მომსახურებას. პროცესების გაღრმავების შემთხვევაში კი კატასტროფის პირას შეიძლება აღმოვჩნდეთ. სპეციალისტები კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ გზას უცხოური ინვესტიციების ზრდაში ხედავენ, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციები არათუ გაიზრდება, არამედ პირიქით შემცირდება?

2013 წლის ნოემბრიდან, ლარის კურსის მხარდასაჭერად, ეროვნულ ბანკს ვალუტის ოფიციალური რეზერვების გაყიდვა უხდებოდა. დოლარის გაყიდვის და ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადების კლების გამო ოფიციალური ვალუტის რეზერვები 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე 17%-ით (483 მლნ დოლარი) შემცირდა. ვალუტის რეზერვები კი, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რეზერვების კიდევ უფრო მეტად შემცირებამ შეიძლება უბიძგოს ინვესტორებს ქვეყნიდან კაპიტალის გატანისკენ, ეს კი მართლაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას.

2013-2014 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია. შემცირდება 2015 წლის 5%-იანი ზრდის პროგნოზიც. ცენტრალური ბანკის მიერ დაწყებული ვალუტის კურსის სტაბილიზაციისთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა მომავალში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველო ძალიან დიდი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას 2015-2016 წლებში.