მყარი ნარჩენების მართვის პრობლემა საქართველოში

მაკა ღანიაშვილი

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებეის ხელშეკრულების ხელისმოწერით ბევრი ვალდებულება აიღო, რომელთა შორის, ნარჩენების მართვის ეფექტური პროგრამის შემუშავებაც არის. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა, უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, ნაგავსაყრელები, მოპოვებითი მრეწვველობის ნარჩენების მართვა, ნარჩენების ნაგებობების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია, ურბანული ნარჩენი წყლების გაწმენდა და სხვა.

ნაგავსაყრელებისა და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების არარსებობა-გაუმართაობა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დღეს საქართველოში. ქვეყანაში არ არსებობს ნაგავსაყრელების ეფექტური სისტემა, რომელიც დაფარავს ქვეყნის მთელს ტერიტორიას და მოახდენს ნარჩენების ეფექტურ თავმოყრას. არსებული ნაგავსაყრელები ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ სფეროში მინიმალურ სტანდარტებს. ასევე, არ არსებობს ნაგავგადამამამუშავებელი ქარხნების ეფექტური ქსელი, რომელიც მოახდენს ნაგვის გადამუშავებას. არსებული ქარხნები კი არ არის საკმარისი და არც გამოირჩევიან გადამუშავების მასშტაბებით, ემსახურებიან ცალკეულ ნარჩენებს და ისიც მცირე ოდენობით, ცალკეულ რეგიონებში.

არსებობს ოთხი სახის ნარჩენი: საყოფაცხოვრებო ნარჩენები; სამედიცინო ნარჩენები; ბიოლოგიური ნარჩენები და სამრეწველო ნარჩენები. თითოეული სახის ნარჩენებს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს გარემოს. განსაკუთრებით საშიშია სამედიცინო და სამრეწველო ნარჩენები. საქართველოში დაახლოებით 5-10 ათასი ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება. აქედან 1,2-1,8 ათასი ტონა სახიფათო ნარჩენია. მარტო თბილისში წლიურად სულ ცოტა 100 ათასი ტონა სამრეწველო ნარჩენი წარმოიქმნება, მათ შორის 6 ათას ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენია. ჩვენი ქვეყნისთვის წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად იქცა ნარჩენები, რომლებიც მიმოფანტულია სპეციალურ და ხელოვნურ ნაგავსაყრელებზე. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ რეგიონებში, სადაც არ არსებობს ნაგავსაყრელები, სპეციალურად მსგავსი დანიშნულებით. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ნაგავსაყრელები დაახლოებით 60-ია ქვეყანაში. ამის პარალელურად არსებობს უამრავი ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელი, რომელიც თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტთან გვხვდება. მოსახლეობის მიერ ნაგავსაყრელების თვითნებურად შექმნის პრაქტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს ნაგავსაყრელების მოწესრიგებული სისტემა, მასთან დაკავშირებული ეფექტური მომსახურება, რომელიც მოიცავს დასახლებული პუნქტების ნაგვის ურნებით მომარაგებას და დასუფთავების სისტემის შექმნას. საქართველოში წლების განმავლობაში არ არსებობდა რეგულაციები და ერთიანი მყარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის ეფექტურობას და დაარეგულირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაგავსაყრელების პრობლემას. აღსანიშნავია ისიც, რომ „არალეგალური“ ნაგავსაყრელების გარდა, პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი ნაგავსაყრელების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა მიღებული, მაშინ როცა ნარჩენების გადამუშავება/განთავსებასთან დაკავშირებული საქმიანობები საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

დღეს არსებული რეალობა ასეთია – ნაგავსაყრელებზე ნაგავი შედის ყოველგვარი დახარისხების გარეშე; არ ხდება მყარი ნარჩენების და სახიფათო ნარჩენების დახარისხება; ხშირ შემთხვევაში არ წარმოებს ნარჩენების დატკეპვნა და მათი მიწის ფენით გადაფარვა. ასოცირების ხელშეკრულების დღისწერიგი მოიცავს ასევე ნაგავგადმამუშავებელი ქარხნების საკითხის გადაჭრას, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემაა ნაგავსაყრელებთან ერთად. ორივე საკითხი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. თუ კი იარსებებს ქარხნები, ნაგავსაყრელებზე სიტუაციის დარეგულირება და მათი კონტროლქვეშ აყვანა სახელმწიფოსთვის გაცილებით მარტივი გახდება. თუმცაღა, დღეს საქართველოში არ არსებობს ნაგავგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაგვის ეფექტურ გადამუშავებას და მიღებული ენერგიის სასარგებლოდ გამოყენებას. საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების უმეტესობაში ნაგავგადამამუშავებელი და ნაგავსაწვავი ქარხნები არ არსებობს. გამონაკლის წარმოადგენს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, თბილისი. არსებობს რამდნიმე საწარმო, რომელთაც აღებული აქვთ ნარჩენების გადამუშავების ნებართვა და ფუნქციონირებენ თბილიში, ქუთაიში, გარდაბანში, ხობსა და კასპში. თუმცა ფაქტია, რომ მათი მუშაობა ჯერჯერობით ნაკლებეფექტიანია.

ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების აშენება, მნიშვნელოვანია რამდენიმე გაქტორის გამო: მოხდება ნაგავსაყრელებზე ნაგვის შემცირება, შემცირდება გარემოს დაბინძურების ხარისხი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლებელია მყარი ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული ენერგიის გამოყენება. როგორც ეს ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაგალითისათვის, ამ საკითხში მოწინავე ადგილზეა აშშ, რომელიც ყოველდღიურად 227 ტონა ნაგავს ამუშავებს. შვედეთში კი ნარჩენების 96% მუშავდება და შედეგად მიიღება ენერგია ელექტროენერგიის სახით. და მხოლოდ 4%-ის კონსერვაცია ხდება მიწაში. ის ახდენს, არამარტო, საკუთარ ტერიოტორიაზე დაგროვლი ნაგვის გადამუშავებას, არამედ ნარჩენების შეტანა დაწყებულია ნორვეგიიდანაც. აღნიშნულ ფაქტროს შვედეთი ძალიან სარგებლიანად იყენებს.

დღეისათვის შვედეთი, მსოფლიოში, ნარჩენების მართვაში ერთ-ერთ აღიარებულ ლიდერად ითვლება. ამ პრობლემასთან ბრძოლას ქვეყანამ 10 წელი მოანდომა. თავდაპირველად შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, რომლის შესრულებაშიც სახელმწიფო სტრუქტურებსა და სპეციალურ სამსახურებთან ერთად აქტიურად ჩაერთო მოსახლეობა. მოსახლეობის ინფორმირებებულობის გაზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, უმეტესად განაპირობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სწორად წარმართულმა ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა. დღეს, შვედეთის თითოეულ მოქალაქეს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება, რათა, საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის ნარჩენი მივიდეს ნაგავსაყრელებამდე. ამიტომ გულდასმით ახარისხებენ ნარჩენებს ოჯახებში, ეზოებში, ოფისებში, სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებებში. დახარისხებული კომუნალური ნარჩენის უდიდესი ნაწილი მიდის გადამამუშავებელ ქარხნებში (97%) და მხოლოდ 3% ხვდება განსაკუთრებულად დაცულ და ტექნიკურად კარგად გამართულ ნაგავსაყრელებზე. ქვეყანაში მყარი ნარჩენების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად (3-4%), ნაგავსაყრელებზე გატანილი ნარჩენების რაოდენობა მცირდება. მაგალითად, 2008 წელს 2007 წელთან შედარებით შემცირდა 24%-ით. ასევე, ძალზედ მოწესრიგებულია ნარჩენების გადამუშავების სისტემა. შვედეთმა შეძლო, რომ 2010 წლისათვის 48%-მდე გაეზარდა ნარჩენების გადამუშავება. შვედეთში დაინერგა ნარჩენების შეგროვების სრულიად ახალი სისტემა, რომელმაც თითქმის ჩაანაცვლა ძველი კონტეინერული მეთოდი. ეს არის ვაკუუმის მილიანი მანქანები და მიწისქვეშა კონტეინერები. ეს სისტემები სრულიად ავტომატიზირებულია და არ მოითხოვს ხელით შრომას. გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფენ ნარჩენების სრულ იზოლაციას. დღეისათვის შვედეთში მოქმედებს დაახლოებით 5 800 გადამამუშავებელი სადგური და 650 სპეციალური ცენტრი. ისინი ეფექტურად გამოიყენება ნარჩენების გარდაქმნა სასარგებლო ენერგიად. ნარჩენების გადამამუშავებელი სპეციალური სადგურებიდან (ინსინატორები) საათში მიიღება 14 კვ/ტ ენერგია, რომლის 85% გამოიყენება ცენტრალური გათბობებისათვის, 25% კი ელექტროენერგიის მისაღებად. შვედეთში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ინსინირატორებიდან გამოყოფილი ემისიების რაოდენობა 99%-ით შემცირდა.

რა კეთდება საქართველოში

19 თებერვალს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2014 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2014 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით – 7.3 მლნ. ლარი. დასრულდა 29 პოლიგონის შემოღობვის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით – 725 856 ლარი. კომპანიის გამართული საექსპლუატაციო სისტემის უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი იქნა 16 ერთეული მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი). გასულ წელს ორი რეგიონისთვის (იმერეთი და ქვემო ქართლი) ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტების განხორციელება დაიწყო.

„ახალშემუშავებული მყარი ნარჩენების კოდექსის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ რეგიონალურ პრინციპზე, რაც გულისხმობს შემდეგს – 4-დან 8 წლამდე უნდა დაიხუროს ყველა არსებული ნაგავსაყრელი და უნდა აშენდეს ამ პერიოდში ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები. მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ის დანაგვიანებული ნარჩენების განსათავსებელი კერები, რაც არსებობს, ამიტომ იქნება რეგიონალური პრინციპი, შეგროვების ერთიანი სისტემა, სადაც უფრო მეტი დაინტერესება იქნება სავარაუდო ინვესტორების მხრიდან, იმისთვის, რომ მათ ერთიანი ნარჩენების ბაზა მიიღონ და მისი გადამუშავება მოახდინონ. გადამტვირთი სადგურების საშუალებით რეგიონული ნაგავსაყრელების ცენტრალურ ნაგავსაყრელებთან დაკავშირება მოხდება. ეს არის იმ ევროდირექტივების ნაწილი, რომელიც აუცილებლად შესასრულებელია. ამასთანავე, შემუშავებულია ახალი კოდექსი, რომელსაც მოჰყვება სამოქმედო გეგმები, რომელიც გაწერილი იქნება 10-15 წლზე“ – განაცხადა გიორგი შუხოშვილმა.

ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მიუხედავად, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებენ სფეროს ექსპერტები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდება ნარჩენების მართვის პოლიგონები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვეცოდინება, სად მიდის ეს ნარჩენი. მნიშვნელოვანია, რომ განთავსდეს ისე, რომ არ მოუტანოს ზიანი გარემოს. ამიტომ, თავისთავად, ის რასაც აკეთებს „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია“, ჩვენთვის მისასალმებელია. რაც უკვე გაკეთებულია ძალიან შთამბეჭდავია. რამდენიმე წლის წინ იყო აუტანელი სიტუაცია. სადაც გაკეთდა რეაბილიტაცია და მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა ნარჩენების პოლიგონი, იქ ახლა გვაქვს სხვა სურათი. ქუთაისი არის ამის ძალიან კარგ მაგალითი. რაც შეეხება ზოგად სურათს, ჯერჯერობით, კვლავ ძალიან ცუდი სურათია, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უკვე ძალაშია და ამოქმედებულია, გარემოს დაცვის სამინისტროს 6 აგვისტომდე აქვს ვადა იმისთვის, რომ მოამზადოს ეროვნული ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მინიციპალიტეტებმა უნდა მოამზადონ თავისი გეგმები 2017 წლამდე. მუნიციპალუტეტის პრეროგატივაა ნარჩენების შეგროვება და გატანა ნარჩენების პოლიგონამდე, პოლიგონი კი უკვე „მყარი ნარჩენების მართის კომპანიის“ გამგებლობაშია. შესაბამისად, ეს სქემა უნდა აეწყოს ძალიან კარგად. პრობლემა არის ძალიან დიდი. მარტო ჩვენი „დავასუფთავოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში აღწერილი არის სტიქიური ნაგავსაყრელის 1334 წერტილი, მათი ნაწილი არის გასუფთავებული, მაგრამ გამოჩნდა ახალი წერტილები, სადაც მოსახლეობა ისევ და ისევ ყრის ნაგავს. განსაკუთრებით პრობლემაა მდინარეების ნაპირებზე, ამას ემატება სამშენებლო ნაგავი, საერთოდ არ ხდება მისი მართვა, რაც არის კიდე დამატებითი გამოწვევა რომელიც უნდა მოწესრიგდეს “ – განაცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.

საქართველოში უკვე ხორციელდება რამდენიმე საერთაშორისო პროექტი, მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი“, ჯამური ღირებულებით – 12 მლნ. ევრო. პროექტის ფარგლებში 2014 წელს შერჩეულმა კონსულტანტმა – დანიურმა კომპანიამ COWI-მ საბაზისო კვლევის პროექტი მოამზადა. ამ ეტაპისათვის შემუშავებულია რეგიონის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ ხორციელდება, რომლის ღირებულება 26 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, სესხისა და საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წელს განსაკუთრებული შეთანხმებები გაფორმდა. დასრულებულია პროექტის ორეტაპიანი ტენდერიც. გასულ წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ჩართულობით შესაბამის სამინისტროებთან ერთად, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი შეიმუშავა. ის საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შეთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვას მოიცავს. ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია საბოლოო რედაქცია.

როგორც გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, უახლოეს მომავალში ინტერესთა გამოხატვის ოფიციალურად გამოცხადება იგეგმება, რაც პოტენციურ ინვესტორებს შეთავაზებების წარდგენის საშუალებას მისცემს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, არასახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მართვის უზრუნველსაყოფად ახალი სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის ძირითადი ამოცანებია: არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა-მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავება; შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; წარდგენილ განაცხადთა განხილვა და, შეფასების შედეგად, საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართლებრივი აქტი წლის ბოლომდე შემუშავდება. ცნობილი გახდა ისიც, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მერია იწყებს ინვესტორთა ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის გამოქვეყნებას, რაც მიზნად ისახავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის ინვესტორების მოზიდვას.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და „თბილსერვისის“ ჯგუფის მიერ მომზადდა დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულ ინვესტორებს თბილისში ნარჩენების მოცულობისა და სხვა საჭირო საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის. დოკუმენტი ეკონომიკურმა საბჭომ დაამტკიცა. როგორც მერიაში აცხადებენ, მერიის წარმომადგენლები თურმე უკვე 30-მდე კომპანიას შეხვდნენ ამ თემაზე. გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სპეციალური კომისია, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები შევლენ. კომპანიასთან გაფორმდება მემორანდუმი, რის შემდგომაც იგი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს. ამ მიზნით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციის განხორციელებაა გათვალისწინებული. მერიაში ვარაუდობენ, რომ ქარხანა დიდი იქნება და აშენდება იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის პროდუქტი უნდა გამოუშვას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების შემდეგ. მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული ინვესტორი ქარხნის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს.