ემზარ ჯგერენაია: ეს არ იქნება წონასწორობის ახალი წერტილი, მაგრამ ვოლატურობა არ იქნება ისეთი მტკივნეული, როგორც აქამდე

ბოლო კვირის განმავლობაში ლარის მკვეთრი გაუფასურება და ქვეყნის გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, სერიოზული განსჯის საგანია. მთავრობამ პრობლემები უკვე ღიად აღიარა და დაიწყო პრევენციის გზების ძიება. უკვე დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც მთავრობის მხრიდან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ითვალისწინებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია აფასებს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას და მის სავარაუდო შედეგებზე გვესაუბრება.

ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, მინდა, პირველ რიგში, ხაზი გავუსვა იმას, რომ ის რამდენიმე ბლოკისგან შედგება. პირველი ბლოკი არის იმ სავალუტო დანაკარგების კომპენსაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ექსპორტის ვარდნისა და ტრანსფერების შემცირების გამო. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია იმ მოვლენებზე ზემოქმედება, რომელიც ამცირებს ამ ნაკადებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ინვესტორებს შევუქმნათ საკმაოდ კარგი პირობები, შევთავაზოთ მათ საკმაოდ კარგი პროდუქტები და პროექტები. ამ მიზნით პრივატიზაციის მოხდენის გადაწყვეტილება აბსოლუტირად გეგმიური და ტრივიალურია. დღეს ბევრი ქვეყანა დგამს ანალოგიურ ნაბიჯს, მაგალითად, საფრანგეთი. მთავრობამ უნდა გაყიდოს მის ხელთ არსებული პროდუქტი, არ აქვს მნიშვნელობა, რაზეა საუბარი, რათა მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

მეორე ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ინვესტორებს, რომლებიც თვეების, წლების განმავლობაში დგანან რიგში, იწყებენ რაღაცის განხორციელებას, მაგრამ ხელი ეშლებათ, სხვადასხვა ბიუროკრატიული თუ სხვა მიდგომების გამო და დღემდე ვერ მოახერხეს ინვესტირება საქართველოში. ასეთი ჩამონათვალი ინვესტორების არსებობს და მათ სრულად უნდა შეეწყოს ხელი. იქნება ეს ტურიზმის, ენერგეტიკის თუ სხვა სფეროში. თუნდაც ჰუდონჰესის პროექტი გავიხსენოთ. საკმაოდ სერიოზული კომპანიები არიან საქართველოში, რომელთაც მხოლოდ ხელშეწყობა სჭირდება მთავრობის მხრიდან, დღეს უნდა გადავდგათ ძალიან თამამი ნაბიჯები და მივეჩვიოთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას.

მეორე ბლოკი, რომელზეც მთავრობამ ასევე გაამახვილა ყურადღება ეს არის ვალუტის მოზიდვის ერთ-ერთი ცნობილი ხერხი, კრედიტებისა და დაფინანსების მოზიდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩვენ ვიცით, რომ სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ მხრივ, რომ სწორედ ეს გეგმა შეთანხმდეს, გეგმა ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ამ წუთას ყალიბდება ეს გეგმა და სხვადასხვა ნიუანსებით ავსებენ მას. იმისდა მიხედვით, თუ რა იქნება მიმდინარე მომენტის გადაუდებელი ამოცანა და რა საშუალოვადიანი. ამაზე სავალუტო ფონდმა თანხმობა უნდა განაცხადოს, რის შემდგომაც მთავრობა მუშაობას გააგრძელებს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან, პირველ რიში, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ დამატებითი პროექტების ქვეშ მოვიზიდოთ თანხა და მოვახდინოთ სავალუტო ნაკადების დანაკლისის კომპენსაცია, რათა ლარის კურსი იყოს მყარი. საბოლოო მიზანი ეს არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ეკონომიკის მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება. ამის გარეშე, საბოლოო ჯამში, არც ერთი სავალუტო ინტერვენცია და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ იქნება შედეგიანი.
ჩემი აზრით, მთავრობის მიერ დღეს გაცხადებული გეგმა არის ადექვატური. თუმცა ეს უნდა ყოფილიყო გაკეთებული დეკემბერში, რადგან ჩვენთვის 2015 წლის გამოწვევები მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, გარკვეული ნიუანსების გარდა, ძირითადში, უნდა გქონოდა ამ მოვლენების გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა, რომელიც წინ აღუდგებოდა ვარდნას. იმისთვის, რომ ვარდნა ასეთი მტკივნეული ყოფილიყო, უკვე დეკემბრიდან უნდა გვემუშავა იმ გეგმით, რომელი გეგმითაც ახლა ვაპირებთ მუშაობას. იქნებოდა ეს მშპ-ს ზრდის კოეფიციენტის გადახედვა, ბიუჯეტის კორექტირება/სეკვესტრირება თუ მმართველობითი ხარჯების ძირეული შემცირება. ასეთ შემთხვევაში, ნაკლებს დაკარგავდა მოსახლეობა. ნაკლები სიმძიმე და ნაკლები პანიკა იქნებოდა, ლარი ასე არ გაუფასურდებოდა.

მსგავსი მძიმე სიტუაციაა ბევრ ქვეყანაში – აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვეთში, უკრაინაზე არაფერს ვამბობ, რუსეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ყველგან რთული სიტუაციაა. უფრო მეტიც, აშშ-მ უარი თქვა რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკის შეჩერებაზე და იაფი ფულის მიწოდებას გააგრძელებს ფედერალური სარეზერვო სისტემა. ეს ნიშნავს იმას, რომ დოლარი კიდევ უფრო სერიოზულ პოზიციებს დაიჭერს. ანუ ჩვენ გამოწვევა სახეზე გვაქვს, მთელი 2015 წელი ეს პრობლემა მუდმივად იტრიალებს. ამიტომ უნდა ვყოფილიყავით მზად 2015 წლის დაწყებამდე. ბიუჯეტის პროექტსაც რომ ვაკეთებდით, BBD-ის შექმნის დროს უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ არ იქნებოდა 5%-იანი ზრდა და ასეთი თამამი ბიუჯეტი არ უნდა დაგვეგეგმა. შეცდომები იყო დაშვებული. გამოსავალი იქნება ინვესტიციების მოზიდვა. ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის ქცევაზე, რას შესთავაზებენ ინვესტორებს. როგორ ნაბიჯებს გადადგამს კონკრეტულად ინდივიდუალურ დონეზე ინვესტორებთან ურთიერთობისას. ყველაფერი იმ გეგმაზეა დამოკიდებული, რომელსაც მოამზადებს მთავრობა. გეგმას, რომელსაც ელოდება სავალუტო ფონდიც და ველოდებით ჩვენც. რამდენადაც ქმედითუნარიანი იქნება ეს გეგმა, იმის მიხედვით იქნება შესაძლებელი დასკვნის გაკეთება, თუ რა გველოდება ხვალ.

ბოლოს და ბოლოს მთავრობამ სრულად აღიარა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, რათა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და მთავრობა უფრო კოორდინირებულად მუშაობენ და მოქმედებენ დღეს, სავალუტო ფონდის მეშვეობით, თუ მის გარეშე, ვიდრე ეს იყო ადრე, თუნდაც ერთი კვირის წინ. ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და ლარი გახდება სტაბილური. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში კურსი 2.1, 2.0-ის დონეზე დაფიქსირდება.

არ ვამბობ, რომ ეს არის წონასწორობის ახალი წერტილი, ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს არის ეკვილიბრიუმი, რომელსაც ჩვენ ველოდებით, მაგრამ ამ ეტაპზე ის იქნება სტაბილური და ვარდნა და ვოლატიურობა არ იქნება ისეთი მტკივნეული, როგორც აქამდე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს აღვიქვით, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამიტომ მისასალმებელია ეროვნული ბანკის მოწოდება და კომერციული ბანკების განცხადებები, რომ ისინი გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯებს და მოახდენენ სესხების რესტრუქტურიზაციას, იმისათვის, რომ შეუმსუბუქონ ყოფა იმ ადამიანებს (რომლის რაოდენობაც 500 ათასზე მეტია), ვისაც აღებული აქვს დოლარებში კრედიტი, რათა არსებული ვითარებიდან გამომდინარე არ მოხდეს მათი კაბალურ პირობებში ჩაყენება და მოხდეს იმ ტვირთის შემსუბუქება, რომელიც მიიღეს კურსთა ვარდნის გამო. ვფიქრობ, უახლოესი დღეების განმავლობაში ბანკები სერიოზული რესტრუქტურიზაციის გეგმას დადებენ, რომელიც ამ ადამიანებს ტვირთს შეუმსუბუქებს.

მთავარია, ჩვენ თავალები ფართოდ გავახილოთ, გავაკეთოთ ღრმა ანალიზი, საყმაწვილო ქიშპობა მოვიშალოთ და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ერთიან გუნდად ამუშავდეს, კრიზისული კომიტეტის წრეში, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი. სიტუაცია უნდა იყოს მართვადი, აქედან ასე მარტივად ვერ გამოვალთ. თუ გატარებული ღონისძიებები იქნება ქმედითი ლარის კურსი დასტაბილურდება, ეს არ ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, მაგრამ დასტაბილურდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial