გაწბილებული ინვესტორი ანტირეკლამას უკეთებს ქვეყანას და ანგრევს ჩვენ მცდელობას, მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის საინვესტიციო გარემო – დავით მირცხულავა

მაკა ღანიაშვილი

ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, ევროპამ უფრო აქტიურად დაიწყო ფიქრი გაზის იმპორტის წყაროების დივერსიფკაციაზე. რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ ევროპის ენერგეტიკული კავშირის შექმნის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგია შეიცავს იმ მთავარ გეგმებს, რის გაკეთებასაც აპირებს ევროკაშირი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში.

ევროპის ენერგეტიკული კავშირის შექმნის მიზანია, კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებლებისთვის ოპტიმალური ფასების შეთავაზება, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის გზით. სტრატეგია ითვალისწინებს იმ წესების შეცვლას, რომლის მიხედვითაც ხდება კონტრაქტების გაფორმება ენერგიის მიმწოდებლებთან, მათ შორის, მომზადებული კონტრაქტების წინასწარ შეთანხმებას ევროკომისიასთან. ახალი სტრატეგიის მიხედვით, ენერგეტიკული კავშირის ეფექტურობის მთავარი კრიტერიუმი იქნება მისაღები ფასები კომპანიებისა და კერძო მომხმარებლებისთვის. ენერგეტიკული კავშირის ჩარჩოებში დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება გაზის მიწოდებაზე ალჟირთან, აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან, შემდგომში შესაძლოა ირანთან და ერაყთანაც. ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ბუნებრივი აირის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. ევროკავშირში ენერგოუსაფრთხოებისა და მიწოდების წყაროების დიფერსიფიკაციის გეგმას რამდენიმე წელია განიხილავენ, თუმცა დღემდე რეალურ შედეგს ვერ მიაღწია. ენერგეტიკული კავშირის სრული ამუშავების შემთხვევაში, სპეციალისტთა შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა მოახერხებს რუსულ გაზზე საერთოდ უარის თქმასაც კი. საჭირო გაზსადენების მშენებლობა კი დაახლოებით 7-დან 20 მილიარდამდე დაჯდება.

ახალი სტრატეგიის გასაჯაროებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთს გაზსადენის პროექტ Nabucco-ს აღდგენა სურს, რომელიც თავის დროზე სწორედ იმ მიზნით დაიგეგმა, რომ ევროპისთვის გაზი ალტერნატიული წყაროებით მიეწოდებინა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ქვეყანას სურს Nabucco-ს გაზსადენის პროექტის განახლება და ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან. შეგახსენებთ, რომ Nabucco-ს პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გადაქაჩვას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება გახდებოდა და ყოველწლიურად 20-30 მლრდ კუბური მეტრის გაზის გატარებას უზრუნველყოფდა. Nabucco-ს აქციონერებად სახელდებოდნენ ავსტრიული OMV, უნგრული FGSZ, ბულგარული Bulgargaz, რუმინული Transgaz და თურქული Botas. თუმცა, პროექტს 2012 წელს BP გამოეთიშა. პროექტის დაფინანსებაზე უარი თქვა უნგრეთმაც. საბოლოო ჯამში, Nabucco ჩავარდა. თუმცა, ფაქტია, იმავე სახელით თუ სხვა სახელწოდებით, ევროკავშირის ახალი სტრატეგია მსგავსი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ამ პროცესებში.

თუმცა, სანამ საქართველო ევროკავშირისთვის სასურველი პარტნიორი გახდება, ჩვენს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოუწევს, ენერგეტიკის დარგში უპირველესი ვალდებულება კი ენერგოკავშირის წევრობაა. გაწევრიანების პროცესი კი ფერხდება. რა იწვევს ამ შეფერხებას და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყანას? ამ საკითხებზე „საქართველოს ეკონომიკას“ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით მირცხულავა ესაუბრება.

დავით მირცხულავა: გარკვეულ ქვეყნებს აქვთ ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზრის წევრობა. მაგრამ სანამ ამ ბაზრის წევრები გავხდებით, ჩვენ გარკვეული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი. დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა ძალიან კარგი პერსპექტივაა ჩვენთვის. ამასთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვა საქართველოში, რაც, მიმაჩნია, რომ ძალიან აუცილებელია, რადგან დღეს მრავალი მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარონიზაცია ძალიან წინ წასწევს დარგს. ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროცესი ყოვნდება.

ს.ე. რა არის ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების გაჭიანურების მიზეზი?
დ.მ.
მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით რატომ ყოვნდება ეს პროცესი და რატომ ვართ ასე დაცილებული ენერგეტიკულ გაერთიანებაში
გაწევრიანების ხელშეკრულების ხელმოწერისგან. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაგრამ წინ ვერ წავედით და დღემდე გაჩერებული ვართ. რაიმე ლოგიკური არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ ვერ მოვისმინე და, ვფიქრობ, რომ აბსურდია ამ პროცესის გაჭიანურება. ლოგიკას ვერ ვპულობ, რატომ ხდება ასე. ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება და ერთიანი ბაზრის ნაწილად ქცევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ს.ე. რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში?
დ.მ.
ვფიქრობ, რომ უარყოფითი მომენტები ამ შემთხვევაში ნაკლებად არის. იმხელა სარგებელს მიიღებს ქვეყანა კავშირის წევრობით, რომ დადებით და უარყოფითი მხარეების ერთმანეთის საპირწონედ განხილვა არ შეიძლება. ყველაზე ხშირად საუბარია იმაზე, რომ საქართველო დაკარგავს იმ სარგებელს, რასაც გაზის გატარებით იღებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მივიღებთ. გარდა ამისა, დაუყოვნებლივი ზომების მიღებას არავინ გვთხოვს, სრული ინტეგრირებისთვის ვადა 2026 წლამდე გვეძლევა. ამ პერიოდამდე კი, ქვეყანა კვლავ მიიღებს სატრანზიტო სარგებელს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობ, რატომ არ ეწერება ხელი ენერგოკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.

ს.ე. საქართველოს როლს როგორ ხედავთ ევროკავშირის ახალ ენერგო სტრატეგიაში?
დ.ე.
ევროპული ქვეყნების ენერგო უსაფრთხოების მთელი იდეა არის ის, რომ მაქსიმალურად შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთზე. 4 მარტს მოხდა შეთანხმება ბულგარეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომ მოხდეს გარკვეული რეანიმაცია Nabucco-ს პროექტის. დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ მოახდინონ ამ პროექტის გაცოცხლება. ეს პროექტი როცა დაიგეგმა 2002 წელს, მაშინაც ძირითადი მიზანი იყო რუსული გაზის იმპორტის შემცირება. იმ პერიოდში რესურსულ წყაროდ განიხილებოდა თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ირანის და შემდეგ ეტაპზე უკვე ერაყის ბუნებრივი აირი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, პირველ რიგში კი, მილსადენის საჭირო მოცულობის სიმძლავრეებიით დატვირთვის გარანტიების არ არსებობის გამო, ნელ-ნელა ამ პროექტს პარტნიორები ეცლებოდა, 2013 წელს კი ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მის შეჩერებაზე. ამის შემდეგ ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები აზერბაიჯან-თურქეთის ტრანსანატოლიურ მილსადენთან დაკავშირებით, ტანაპზე მოხდა შეთანხმება, რომელიც შემდეგ ტაპით გაგრძელდა. ეს პროექტი ახლაც მიმდინარეობს. ჩვენთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რადგან სატრანსპორტო მილასდენებისთვის გამოყენებული იქნება ჩვენი ტერიტორია, ეს ქვეყანისთვის ძალიან დიდი სარგებელია. 2002 წელს შაჰდენიზის პროექტიდან საქართველომ მიიღო ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც სპეციალური ტარიფით შემოვიდა ქვეყანაში და ასევე სატრანზიტო მოცულობის 5%. ამან მნიშვნელოვნად გაამყარა საქართველოს ენერგეტიუკული უსაფრთხოება და პირდაპირი, დადებითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. ასე რომ, ახალი, დამატებითი შაჰდენიზის მეორე პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ გაივლის დამატებითი გაზსადენი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუ მოხდა იგივე Nabucco-ს გაცოცხლება, ბუნებრივია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

ს.ე. ბატონო დავით, საქართველოს საინვესტიციო კლიმატს როგორ შეაფასებდით ენერგეტიკის დარგში?
დ.მ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო დარგი ქვეყანაში ენერგეტიკაა. რეალურად, ქვეყნის ძირითადი რესურსები არის ჰიდრორესურსები. ჩვენ არ გაგვაჩნია ნავთობი და გაზი, სწორედ უნიკალური ჰიდრორესურსების ხარჯზე შეუძლია ქვეყანას ძალიან დიდი ბიძგი მისცეს ეკონომიკის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ინვესტიციებზე კონცენტრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ქვეყნის მთავრობამ, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პირველ რიგში, ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ ინვესტორებს შეუქმნან მაქსიმალურად კარგი გარემო. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, მსოფლიოში ყველგან კრიზისია, ჩვენ უნდა გვქონდეს რაღაც უპირატესობა, რომლითაც დავაინტერესებთ ინვესტორებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მაღალი პოლიტიკური რისკების ქვეშ ვიმყოფებით, ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ამ რისკების კომპენსაცია უნდა იყოს ინვესტორებისთვის მაქსიმალურად გაუმჯობესებული გარემო, ინვესტორები არ უნდა დავაეჭვოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ აქ ექნებათ საუკეთესო პირობები ინვესტიციების განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ტემპები, მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ინვესტორი ძალიან უფრთხილდება იმ ვადებს, რა ვადებშიც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. როცა ჩვენთან 1-3 თვე ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტორისთვის. დრო ეკონომიკისთვის და ეფექტურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მას აქვს ძალიან დიდი ღირებულება. ამას უნდა ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა. გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან სწრაფად მიღებული. არ ვამბობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სპონტანურად და წინდაუხედავად, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ძალიან დაჩქარდეს და ამავე დროს კომპეტენტური და კარგი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, როგორც ინვესტორისთვის, ისე ქვეყნისთვის. ჯერჯერობით, სამუშაო მართლაც ძალიან ბევრია. ისევ დავუბრუნდები ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის უზარმაზარი სტიმული ინვესტორებისთის. საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაში ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ბაზის არსებობაც იგულისხმება. რომ გადავხედოთ დიდი პროექტების მიმდინარეობის პროცესს საქართველოში, არცთუ სახარბიელო სურათს მივიღებთ. რაც, მართალი გითხრათ, ძალიან არ მომწონს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროცესების დასაჩქარებლად. დღეს ნებისმიერი ჩინოვნიკი იმას უნდა ცდილობდეს, რომ ინვესტორს მაქსიმალურად ესაუბროს და კომფორტული გარემო შეუქმნას, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი გაწბილებული ინვესტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, გაწბილებული ინვესტორი ანტირეკლამას უკეთებს ქვეყანას და ანგრევს ჩვენ მცდელობებს უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის საინვესტიციო გარემო. ინვესტიციები არის ჩვენი გადარჩენა, ამიტომ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.