დოლარი პოზიციების გამყარებას აგრძელებს, ოქრო უკან იხევს

დოლარი აგრძელებს პოზიციების გამყარებას და შესაბამისად, ზეწოლას ახდენს ოქროსა და ნედლეულზე. ის ვეღარ ამშვიდებს ინვესტორებს – ოქრო სამთვიან მინიმუმს მიუახლოვდა და სავსებით შესაძლებელია ვარდნა მომავალშიც გააგრძელოს. ოქროს ფასები თანაბარ კლებას განიცდის. მართალია, ოთხშაბათი დღე (2015 წლის 11 მარტი) ოქრომ მცირედი ზრდით დაიწყო, მაგრამ მისი ფასი სამთვიან მინიმუმთან მაინც ახლოს არის. ოთხშაბათ დილას ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის ფიუჩერსები 1,4 დოლარიანი ზრდით დაიწყო და ტროული უნცია 1152 დოლარი ღირდა, თუმცა ცოტა ადრე, ვაჭრობის პროცესში ის მინიმუმამდე ეშვებოდა, ანუ 2014 წლის 1 დეკემბრის ნიშნულამდე, როცა ოქროს ფასი 1147,10 დოლარი იყო.

ოქროს ფასის ვარდნა დაახლოებით ერთი კვირაა რაც გრძელდება – მას შემდეგ, რაც აშშ-ის შრომის სამინსიტრომ თებერვლის უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მათ შორის, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი დაეცა 2008 წლის დონემდე, ანუ 5,5%-მდე იანვრის 5,7%-ის საპირისპიროდ. ინვესტორები სხვა მაჩვენებელმაც გაახარა – ეკონომიკის არა სასოფლო-სამეურნეო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 295 ათასით გაიზარდა. ასეთმა სტატისტიკამ ექსპერტებს საშუალება მისცა ისევ ალაპრაკებულიყვნენ ფედერალური სარეზევო სისტემის მიერ განაკვეთების გაზრდაზე – როგორც ცნობილია უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია, რომელზედაც სწორებას აკეთებს მონეტარული ხელისუფლება თავის შემდგომი პოლიტიკის შესამუშავებლად.
ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტზე არაერთხელ აღნიშნეს, რომ საკვანძო საპროცენტო განაკვეთს მას შემდეგ გაზრდიდნენ, რაც შრომის ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდება და სწორედ ამასთან მიმართებაში თებერვლის სტატისტიკა სამაგალითო აღმოჩნდა.

ასეთი პოზიტიური ანგარიშის შემდეგ, დოლარის ინდექსი 100,06 პუნქტამე გაიზარდა, რითაც მან 2003 წლის აპრილის მაქსიმუმს მიაღწია და ოქროს ფასები დასწია. „როდესაც ჩვენ სამუშაო ადგილების რაოდენობა ვნახეთ, რომელიც კონსესუს-პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, დოლარი უბრალოდ „შეიშალა“ და ამან, ბუნებრივია, გავლენა იქონია ოქროს ფასზებზე“, – განაცხადა Bloomberg-თან ინტერვიუში Fat Prophets-ის ანალიტიკოსმა დევიდ ლენოქსმა.
როგორც ცნობილია, ოქრო ერთგვარ „დამცავ“ ლითონს წარმოადგენს, როცა მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე და მსხვილ ეკონომიკებში პრობლემები წარმოიშობა. აშშ-ს სტატისტიკამ საფუძველი დაუდო ვარაუდს, რომ ამ მსხვილ ეკონომიკაში სიტუაცია უმჯობესდება და ინვესტორებმა უფრო თავდაჯერებულად დაიწყეს დოლარისა და სარისკო აქტივების ყიდვა, რაც ბუნებრივია, უარყოფითად აისახა ოქროს ფასების დინამიკაზე.

ევროპაში რაოდენობრივი შერბილების პროგრამის ჩაშვების შემდეგ, დოლარი ევროსთან მიმართებაში მყარდება და ეს ნედლეულზე კონტრაქტების ღირებულების ვარდნას იწვევს: ოქროზე, სხვა ლითონებსა და ნავთობზე. ფაქტობრივად, თუკი ოქრო 1150 დოლარის ნიშნულიდან ქვემოთ წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ის თავის ღირებულების 10-15%-ს კიდევ დაკარგავს. ინვესტორებს მართლაც აქვთ შეშფოთების საფუძველი, ამერიკული ეკონომიკა იზრდება და ამან შესაძლოა ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთების ზრდა გამოიწვიოს. მაგრამ ოქრო ძალიან ბევრია ბაზარზე, მისი წარმოება არ მცირდება და ამ პროცესზე გავლენას მისი ღირებულების ძალიან მკვეთრი შემცირება მოახდენს.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კოტირების შემდგომი ვარდნის მიუხედავად, პანიკა არ იქნება, რადგან მისი მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაშიც კი, ბანკები მის მასობრივ გაყიდვას არ მიჰყოფენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ დამცავი აქტივის როლს უკვე სამი წელია ის ვეღარ ასრულებს. ყველას ესმის, რომ პანიკას სწორედ ბაზარზე მოცულობის მკვეთრი ვარდნა გამოიწვევს, ეს კი არავის სურს.
ექსპერტების აზრით, მთლიანობაში, ოქროს გრძელვადიანი პერსპექტივა ნეგატიური რჩება: ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გამკაცრება, რომელიც 2015 წლის ივნისშია მოსალოდნელი, დათვის ტრენდის უძლიერესი ფაქტორია. განაკვეთების აწევის მთელი ციკლის მანძილზე დოლარი მყიდველის მხრიდან მხარდაჭერას იგრძნობს, ხოლო პროცესი თანამიმდევრული იქნება და ნახევარ წელიწადს გასტანს. ოქროსთვის მეორე ფუნდამენტალური, ნეგატიური ფაქტორი იქნება დეფლაციის საფრთხე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება. რისკის ზონაში იმყოფებიან ძვირფასი ლითონების მსხვილი მომხმარებლები: აშშ და ჩინეთი, ინფლაციის შემცირების პერიოდებშიც კი ოქროზე მოთხოვნა, როგორც ღირებულების შენარჩუნების საშუალებისა, ტრადიციულად მცირდება.

სხვა საქმეა, რომ დოლარის ინდექსი ახლა მრავალთვიან მაქსიმუმზეა, ხოლო ბაზრის კანონებით ძლიერი მოძრაობის შემდეგ ყოველთვის კორექცია ხდება. როგორც ჩიკაგოს სასაქონლო ბაზრის ბოლოდროინდელი ანგარიშები აჩვენებს, მსხვილი მოთამაშეები უფრთხიან ასეთ მაღალ ნიშნულზე მყოფი ამერიკული ვალუტის ყიდვას. დოლარის ფასის კორექცია ოქროს ფასის აღდგენას გარდაუვლად მოიტანს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ თვალსაწიერ მომავალში ის 1200-იან ნიშნულს ზემოთ არ გაიზრდება, ხოლო 2015 წლის ზაფხულში ფასი დიდი ალბათობით 1100 დოლარს ქვემოთ იქნება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial