პავლიაშვილის “გედის სიმღერა”

მაია რაზმაძე

1 იანვრისთვის ქონების მართვის სამინისტროს ლიკვიდაცია და ერთი სახელმწიფო ჰოლდინგის შექმნა იგეგმება, რომელიც მთელ სახელმწიფო ქონებას – ყველა იმ საწარმოს გააერთიანებს, სადაც სახელმწიფოს წილი აქვს.

სამინისტროს ტრანსფორმაციის ინიციატივით თავად მინისტრი პავლიაშვილი გამოდიოდა, რომელიც ჯერ ქონების მართვის სააგენტოს, შემდეგ ქონების მართვის პალატის, ბოლოს კი სამი ჰოლდინგის შექმნას სთავაზობდა აღმასრულებლებს. საბოლოოდ, ერთი ჰოლდინგის შექმნა გადაწყდა.

ოლდინგის შექმნის მომხრენი მსოფლიოში აპრობირებულ მოდელს – ჰოლდინგში შემავალისაწარმოების დარგობრივი ნიშნით შერჩევის აუცილებლობას იგნორირებას უკეთებენ და არც იმას ითვალისწინებენ, რომ მიზეზები, რის გამოც ამ ინსტიტუტმა საქართველოში ჯერ კიდევ 1993-94 წლებში დანერგვისას განიცადა კრახი, დღემდე თითქმის უცვლელია.

ასე თუ ისე, ბევრი მიზეზის გამო “ჰოლდინგს”, რომელსაც ნამდვილ “მონსტრად” მოიხსენიებენ პარლამენტში დიდ წარმატებას არ უწინასწარმეტყველებენ და 1 იანვრამდე მის შექმნას ეჭვის თვალით უყურებენ.

ქონების მართვის მინისტრის მოადგილე ზურაბ გარაყანიძე: სამინისტროს ტრანსფორმაციაზე ფიქრი ახალი ხელმძღვანელობის მოსვლისთანავე დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა, ის გახლდათ, რომ მომზადდა და გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 თებერვლის #40 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მართვაში გადმოეცა ყველა ის ობიექტი, რომელიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. ეს ერთ-ერთი რევოლუციური ნაბიჯი იყო. მანამდე, 2000 წლის #51 ბრძანებულების თანახმად, ეს საწარმოები დარგობრივ სამინისტროებს უნდა გადასცემოდა სამართავად. ასე რომ, ჩვენი სამინისტროს მართვაში ორი ათასამდე სააქციო საზოგადოება და შპს აღმოჩნდა, რომლებიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით იყო დაფუძნებული. ამ საწარმოების მართვა ძალიან გართულდა. რასაც 17 დარგობრივი სამინისტრო აკეთებდა, ქონების მართვის სამინისტროში გადმოვიდა, რომელსაც ამისთვის არც ტექნიკური ბაზა, არც შტატები, არც ფინანსები ჰქონდა და არც კადრები ჰყავდა. იმისათვის, რომ ამ სამინისტროებს ნორმალური მმართველი სუბიექტი ჰყოლოდა, გამოვედით ინიციატივით, შექმნილიყო სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, რომელიც ქონების მართვის სამინისტროს საშუალებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დაფუძნდებოდა. მას ექნებოდა ცენტრალური აპარატი და შესაბამისი სამსახურები რეგიონებში. სააგენტოს შესახებ დებულება ანტიკორუფციულმა საბჭომ განიხილა, მოიწონა და რეკომენდაცია მოგვცა. მაგრამ ამასობაში გამოვიდა პრეზიდენტის #430 განკარგულება ანტიკორუფციული პროგრამის შესახებ, სადაც წერია, რომ უნდა შეიქმნას არა სააგენტო, არამედ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის ჰოლდინგი. ამან სიტუაცია დიამეტრალურად შეცვალა. ჰოლდინგი, მოგეხსენებათ, წარმოადგენს არა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არამედ ეს სააქციო საზოგადოების ნაირსახეობაა, რომელიც მეწარმეთა კანონით იქმნება. კლასიკური განმარტებით, ჰოლდინგი არის სააქციო საზოგადოების ნაირსახეობა, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, მართოს სხვა სააქციო საზოგადოებები. ჰოლდინგი კერძო სამართლის იურიდიული პირია და დიამეტრულად განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – სააგენტოსგან, რომლის შექმნაზეც ვმუშაობდით.

ჰოლდინგის შექმნის შესახებ დავალება რომ მივიღეთ, გვინდოდა დაგვეფუძნებინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს სანაცვლოდ – სახელმწიფო ქონების პალატა, რომელიც შემდეგ დააფუძნებდა ჰოლდინგს. ასეთი გადაწყვეტილება იმან გამოიწვია, რომ ჰოლდინგში, სააქციო საზოგადოებაში, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირია, შევა სახელმწიფო შპს-ების და სააქციო საზოგადოებების საკონტროლო პაკეტები, რომელიც შექმნის მის საწესდებო კაპიტალს, სახელმწიფო ქონებას: სკოლების, სამინისტროების და სხვა ორგანიზაციების შენობები კი, რომელიც არც შპს და არც სააქციო საზოგადოებაა, პრაქტიკულად, უპატრონოდ რჩებოდა. ეს ქონება უპატრონოდ რომ არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ შეგვექმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების მართვის პალატა, რომელიც დააფუძნებდა ჰოლდინგს ან ჰოლდინგებს. G

დარგობრივ-ფუნქციონალური პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ სამი ჰოლდინგის დაფუძნება გვინდოდა: 1. სოციალური სფერო; 2. მრეწველობა, მშენებლობა; სოფელი; 3. სხვა დანარჩენი საწარმოები, მაგრამ ეს პროექტი გარკვეული დამუშავების შემდეგ იქამდე მივიდა, რომ ანტიკორუფციულ საბჭოსთან და მთავრობასთან ერთად ერთი ჰოლდინგის დაფუძნებაზე ვმუშაობთ, რომლის საწესდებო კაპიტალი შეიქმნება ყველა სახელმწიფო საწარმოს საკონტროლო პაკეტების, წილების და აქციების მასში შეტანით.

ახალი ინსტიტუტის დანერგვამდე არსებობს შიში, რამდენად გაამართლებს ის. არის თუ არა გათვლილი, რა ნეგატიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჰოლდინგის შექმნას?
ჯერ ერთი, ეს იქნება ძალიან დიდი სტრუქტურა, რომელსაც, არა ვარ დარწმუნებული, რომ არ გაუჭირდება 2000-ზე მეტი სახელმწიფო საწარმოს მართვა. ეს იქნება სუპერსააქციო საზოგადოება, რომელშიც უამრავი მსხვილი და წვრილი საწარმო შევა თავისი უამრავი პრობლემით, გადაჯაჭვული იქნება სხვადასხვა დარგობრივი თუ უწყებრივი ინტერესები. ეკონომიკას, მოგეხსენებათ, ეკონომიკური ინტერესები წარმართავს – აქ სად გაივლის ჰოლდინგის მიერ ქვეყნის პრიორიტეტების, პოლიტიკის განსაზღვრის ზღვარი, ამაზე ჯერ ვერავინ გვპასუხობს. და რაც მთავარია – როგორ განახორციელებს ჰოლდინგი ქვეყნის ინდიკატორული განვითარების გეგმით დასახულ ამოცანებს, ესეც გაურკვეველია. ეს იქნება კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მოგებაზე მუშაობს. მისთვის ქვეყნის პრიორიტეტები ნაკლებად საინტერესო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჰოლდინგია, მისი მიზანი მოგებაა.

ყველაზე დიდი მინუსი, რაც ჰოლდინგს ექნება, კრედიტორული დავალიანებებია. ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა, ორი ათასივე საწარმო ჰოლდინგში “გასუფთავებული” შევიყვანოთ. ბუნებრივია, ზოგიერთებს ექნებათ კრედიტორული დავალიანება და საკმაოდ დიდიც, არა მარტო ბიუჯეტის, არამედ კერძო საწარმოების წინაშეც. როცა ისინი ერთ საწესდებო კაპიტალს შექმნიან, კრედიტორს, რომელიც სასამართლოში საქმეს აღძრავს, საშუალება ექნება აირჩიოს იმ ქონებიდან ყველაზე კარგი, მომგებიანი და არა ის, რომელსაც ვალი აქვს და ნაკლებპერსპექტიულია. ეს ყველაზე დიდი საშიშროებაა, რაც დღეს ჰოლდინგს აქვს.

იურისტებმა, ანტიკორუფციულმა საბჭომ უნდა გვიპასუხოს, როგორ დაიცავს ქვეყნის ქონებას.

ჰოლდინგები ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში: ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში ძალზე წარმატებულად მუშაობს. შიდა პროდუქციის თითქმის ნახევარი ჰოლდინგების საშუალებით იქმნება, მაგრამ იქ ჰოლდინგები დარგობრივ-ფუნქციონალური ნიშნითაა შექმნილი.

არის კიდევ ერთი საშიშროებაც – ჰოლდინგი ჩვენთვის არ არის ახალი. 1993-94 წლებში საქართველოში 6 ჰოლდინგი შეიქმნა, მაგრამ მათ არ გაამართლეს (მათ შორის, “სამთო ქიმია”). ასე რომ, ეს ჩვენთვის კარგად დავიწყებული ძველია. მათ არ გაამართლეს, რადგან ჰოლდინგი სააქციო საზოგადოებაა, რომელიც მეორადი საფონდო ბაზრის გარეშე წარმოუდგენელია. ის უნდა გავიდეს მეორად საფონდო ბაზარზე, გაიტანოს და გაყიდოს აქციები, ქვეყანაში, სადაც, მეორადი საფონდო ბაზარი, ფაქტობრივად, არ არსებობს და ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ჰოლდინგის შექმნას დიდი საშიშროება ემუქრება. სწორედ ამიტომ გაუქმდა მაშინ ჰოლდინგები.

ჰოლდინგს მართვის და პრივატიზების ფუნქციები ექნება, რადგან ის კერძო სამართლის იურიდიული პირია, პრივატიზება მოხდება რეალიზების გზით. ანუ სახელმწიფო შპს-ების და სააქციო საზოგადოებების წილი გაიყიდება და გაყიდულიდან მიღებული ამონაგები ჰოლდინგის ანგარიშზე შევა, მის საწესდებო კაპიტალს შეავსებს. წლის ბოლოს, ისევე როგორც წმინდა მოგება, ეს თანხები ბიუჯეტში წავა, როგორც დივიდენდი. რჩება მეორე ნაწილი – მუნიციპალური ქონება ის ჰოლდინგში არ შევა. მუნიციპალიტეტების და ქონების მართვის რაიონული სამმართველოების მიერ დაფუძნებული საწარმოები მუნიციპალური გამგებლობის მართვაში დარჩება.

კახა უგულავა (ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი): ქვეყანაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის მიუხედავად, სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი კონტროლის ქვეშ რჩება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის, საწარმოო საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ სწორ მართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით.

დღეს მოქმედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოთა მართვა აბსოლუტურად არაეფექტურია. ამაზე ამ საწარმოთა ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა მეტყველებს. მათი უმეტესობა გაკოტრების ზღვარზეა მისული. საწარმოთა ასეთი მდგომარეობა განპირობებულია, ერთი მხრივ, ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, მომხმარებელთა გადახდისუუნარობით, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს მხრიდან მართვის პროცესში არაეკონომიკური კატეგორიების გამოყენებით. კერძოდ, სახელმწიფო მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად შეგნებულად მიდის მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო სუბიექტების გაკოტრებაზე, ძირითადად, კომუნალური მომსახურების სფეროში. ეს გამოწვეულია სამეწარმეო იურიდიული პირების მართვის საკითხისადმი არასწორი მიდგომით. სახელმწიფო თავისი არსით არ არის და არც შეიძლება იყოს პირი, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკური საქმიანობის შედეგად შემოსავლებისა და მოგების მიღებაზე. მას სხვა დატვირთვა და ფუნქციები გააჩნია. სამეწარმეო საქმიანობის, მათ შორის, სამეწარმეო იურიდიული პირების მართვის პირდაპირი მიზანი მოგების მიღებაა. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ინტერესთა აშკარა კონფლიქტს, რასაც ისეთ შედეგამდე მივყავართ, როცა სახელმწიფოს ინტერესებს ეწირება მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო პირის ინტერესები.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების (აქციების) მართვის არსებულ მოდელს კიდევ ორი უარყოფითი მხარე აქვს: საწარმოთა მართვის ერთიანი მიდგომისა და სტრატეგიის არარსებობა, მართვის ბერკეტების გამოყენების შეუძლებლობა და მეორე, საწარმოს წმინდა მოგების გამოყენების პრობლემის გადაჭრა.

სახელმწიფოს კუთვნილი სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას წარმართავს და აკონტროლებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, მაგრამ მას არანაირი რეალური ბერკეტი (განსხვავებით პასუხისმგებლობისგან) არ გააჩნია, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. სამინისტროს მოხელის ხელფასი ფინანსდება ბიუჯეტიდან და მისი ოდენობა პირდაპირ არ არის დამოკიდებული იმაზე, მის მიერ მართული საწარმო იქნება თუ არა მომგებიანი, აქედან გამომდინარე, ქვეყენაში არ არსებობს სახელმწიფოს კუთვნილი წილებისა და აქციების მართვის ერთიანი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, საინვესტიციო პროგრამები საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენელთა დანიშვნის ერთიანი სტანდარტები, კვალიფიციური და პატიოსანი კადრების მოზიდვის შესაძლებლობა და ა.შ.

მეორე პრობლემა უკავშირდება ქვეყნის საბიუჯეტო პროცესს. აქციებისა და წილების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლები და საწარმოთა წმინდა მოგების ნაწილი უსისტემოდ მიდის პირდაპირ ბიუჯეტში და მისი საწარმოთა განვითარებისთვის გამოყენების ყოველგვარი შანსი იკარგება. აღნიშნული თანხები გამოიყენება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების დასაფინანსებლად. ამიტომ სახელმწიფო წილების და აქციების სამართავად უნდა შეიქმნას ჰოლდინგი, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი იქნება სახელმწიფო. სააქციო საზოგადოებას ეყოლება 6 ან 9 კაცისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო.

დემურ გიორხელიძე (პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე): სერიოზული დატვირთვის მქონე ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები ჩვენთან არასდროს ყოფილა, ისინი ყოველთვის სრულიად განსხვავებული ჯგუფების და ორიენტაციების მქონე ადამიანების ხელში იყო და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ახლა, ამ სისტემური კრიზისის ფონზე და ამას, რაც საქართველოში ხდება, სისტემური კრიზისი ჰქვია. საუბარი სამინისტროს გაუქმება-არგაუქმებაზე ცოტა ზერელედ დანახული პრობლემა მგონია. ამ საკითხზე საუბრის დაწყებამდე მინდა მთელი სტრუქტურის მონახაზი და ხელისუფლების დამოკიდებულება ვიცოდე, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მიმართ. თუ ეს ორი ფუნდამენტური საკითხი არ არის გადაწყვეტილი, რას გავაკეთებთ მნიშვნელობა არა აქვს. ამ სიტუაციაში არანაირი სქემა არ იმუშავებს, რადგან ლეგალური ქცევისა და ეკონომიკის პარალელურად უზარმაზარ ჩრდილოვან სექტორს აქვს მოკიდებული ფეხი. ეს უკვე აღარ არის ჩრდილოვანი ეკონომიკა, არამედ ჩრდილოვანი წესრიგია. ლეგალური სფერო არ იძლევა კანონით და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზების საშუალებას.

ჰოლდინგი შესანიშნავი სქემაა: რთული, ინტელექტუალური, მრავალმხრივი, სუპერმენეჯერების დონეზე მომუშავე ეკონომიკური სტრუქტურა. დღეს საქართველოში ოდნავ მაინც რომ ფუნქციონირებდეს საბაზრო ინსტიტუტები, საბაზრო ურთიერთობები მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს, მაშინ მოტივაცია მარტივი იქნებოდა.

ტრანსფორმაციის პროცესში ბევრი რამ მიიტაცეს თუ პრივატიზება გაუკეთეს – ამას დღეს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ მფლობელების ხელში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში სრულიად განსხვავებული წილები დაგროვდა. საქართველოში რამდენიმე ოფიციალური ჰოლდინგი მართლაც უნდა არსებობდეს. შესაძლოა ვიღაცას, იმედის საფუძველს აძლევს სახელმწიფო ქონებაზე მართვის ბერკეტი, მაგრამ სახელმწიფო აბსტრაქტული ცნება არ არის. ბოლოს და ბოლოს ეს მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკია და როგორია ჩინოვნიკის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი, საქმისადმი, მისი ამბიცია – ყველაფერი კარგად იყოს – საყოველთაოდ ცნობილია. ამ რთულ გარემოში, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისითაც არ არსებობს დიდი სიმყარე, უნდათ ჰოლდინგის შექმნა, მასში თავი მოუყარონ მთელ სახელმწიფო ქონებას, ასობით საწარმოს, რომლებშიც სახელმწიფოს ზოგან უმნიშვნელო, ზოგან კი დიდი წილი აქვს. რა მოხდება? მოხდება ის, რომ გაჩნდება ეკონომიკური სუბიექტი, რომელიც თავს მოუყრის ამ ფინანსურ ნაკადებს. უნდა წარმოვიდგინოთ რა მოტივები ექნებათ ადამიანებს, ვისაც ჰოლდინგის მართვა მოუხდება. სქემა, რომელსაც ავტორები გვთავაზობენ, იდეალურ, კომპიუტერულ დონეზე აწყობილ კიბერადამიანებზეა გათვლილი, რომლებმაც მექანიკურად უნდა გააკეთონ გათვლები, შეასრულონ სამუშაო. ამ სქემაში საერთოდ გამორიცხულია, რომ ეს ადამიანები მართვის პულტთან, შესაძლოა, მოვიდნენ არა საუკეთესო კონკურსის შედეგად, არამედ იმათი რეკომენდაციებით, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდება. ქვეყანაში, სადაც კორუფციის ასეთი დონეა, შეუძლებელია ინტერესმა გაიმარჯვოს და ამ კრიტერიუმით შეირჩეს ადამიანი.

საერთოდ, აქ მარტივი ინტერესია – დაწესდეს კონტროლი ფინანსურ ნაკადებზე. როცა ერთად მოიყრის თავს კარგად და ცუდად მომუშავე საწარმოები, ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, ფინანსური ნაკადები წავიდეს არა ვთქვათ, მომგებიანი საწარმოს რეინვესტირებისთვის, არამედ სხვა საწარმოს ასამუშავებლად. რამდენად შეძლებენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, როცა არა გვაქვს წმინდა საბაზრო ურთიერთობები, არ არსებობს საბაზრო კაპიტალიზაცია, არავინ იცის რა რეალური ღირებულება აქვს ამ ქონებას.

ჰოლდინგის აზრი ერთია – მან ინტეგრალურად ან ჯამურად უნდა მოგცეთ მომგებიანი საქმიანობა, ჰოლდინგმა წარმატებით რომ იმუშაოს, ხისტი მმართველობაა საჭირო. ის, რასაც ფლობ, უნდა გაასუფთაო ზედმეტი რგოლებისგან – მმართველობითი აპარატის მუშა-ხელის, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისგან, რომელიც, შესაძლოა, წლობით ვერ ღებულობს ხელფასს, მაგრამ სოციალურად თავს სადღაც დასაქმებულად მიიჩნევს და იმედი აქვს, ხელისუფლება მისცემს, ამ სტრუქტურის გაწმენდის უფლებას? ექნება ჰოლდინგს უფლება თავად განსაზღვროს რა გაყიდოს, რა იყიდოს? თუ ეს ბერკეტი არ ექნება და ყველაფერი კანცელარიაში ან სამინისტროში გადაწყდება, მაშინ ის რისთვის იქმნება? ჩემი აზრით, ჰოლდინგში, სადაც, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ქონება მოიყრის თავს, შიდა ფინანსური ნაკადების გაკონტროლება მოხდება, რადგან მთავარი აქ იქნება არა ის, რისთვისაც ჰოლდინგი არსებობს, არამედ ამ ნაკადებზე კონტროლის დაწესება. მინდა ვნახო ახალგაზრდა სპეციალისტი, თუნდაც რამდენიმე თვით უცხოეთში ნამყოფი, რომელიც იტყვის, რომ შესაძლებელია ორი ათასამდე ობიექტის მართვა ოპტიმალური შედეგით.

ვიდრე განსაზღვრული არ არის სახელმწიფოს დამოკიდებულება სახელმწიფო ქონებისადმი, განსაზღვრული არ არის საქართველოს განვითარების კონცეფცია გათვლილი სულ ცოტა 10-15 წელიწადზე – ეს დრო აუცილებელია, რომ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდეს ეროვნული უპირატესობების რეალიზაცია, არაფერი იმუშავებს. ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, სწორედ განვითარების კონცეფციაზე უნდა იფიქროს. საუბარი რაღაც ხელოვნურ წარმონაქმნზე, რომელიც არ მისდევს სტრატეგიულ ხაზს, არ არის სტრატეგიის შემადგენელი რგოლი, წინასწარ განწირულია უშედეგობისთვის. შედეგი ერთი იქნება: გარკვეული ჯგუფები რამდენიმე ხნით დააწესებენ კონტროლს. როცა ყველაფერი განიავების გზაზე წავა, ვიღუპებითო და სქემა შეიცვლება, მაგრამ გვაქვს კიდევ იმის დრო, რომ ეს დავუშვათ, როცა ეკონომიკის სფეროში ისედაც საკმაოდ უკონტროლო სიტუაციაა. ბევრ სფეროში ჰოლდინგი მონოპოლურ უფლებებს მიიღებს და, ფაქტობრივად, ისედაც კონკურენციაგანადგურებულ გარემოში, სადაც მხოლოდ ფარული კლანური ჯგუფები განსაზღვრავენ ყველაფერს, ამ მონსტრის გაჩენა საერთოდ მოკლავს კერძო ბიზნესის ყლორტებსაც კი, რომლებმაც თავის ნიჭის და უნარის წყალობით რაღაცის გაკეთება შეძლეს.

ნიკო ორველაშვილი (საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი): კერძო სამართლის სუბიექტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უფლებამოსილი, თავიდან ბოლომდე განკარგოს მთელი სახელმწიფო ქონება. არ ვიცი, ვისგან აიღეს კონსულტაცია და რა პასუხები მიიღეს. ამ ზაფხულს პარლამენტმა მიიღო სქელტანიანი ცვლილებების პაკეტი საგადასახადო კოდექსში. ცვლილებების პაკეტს პარლამენტში შეჰყვა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებში გარკვეული მუხლები პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სხვა მუხლები ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს ან ერთმანეთს. და მთავარი – მას დართული უნდა ჰქონოდა აუცილებლად გაანგარიშება-პროგნოზი, რა შედეგები მოჰყვება მას. გაანგარიშებები საერთოდ არ იყო წარმოდგენილი და, შესაბამისად, კანონის მიხედვით, დაუშვებელი იყო მისი განხილვა. პარლამენტმა კი, არა თუ განიხილა, კენჭისყრაზე წინააღმდეგიც არავინ ყოფილა ამ ცვილებებისა. ამ ფონზე აღარაფერია გასაკვირი, რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. იქნებ, კიდევ ერთხელ ეკითხათ რამდენიმე ჭკვიანი იურისტისთვის, შეიძლება თუ არა და რამდენად მიზანშეწონილია, კერძო სამართლის სუბიექტს გადააბარო მთელი სახელმწიფო ქონება. ამ ნაწილში აშკარად უფრო მიზანშეწონილად მივიჩნევ ქონების მართვის სააგენტოს შექმნას. მეორე უბედურება ის არის, რომ ამ ორი ათასამდე საწარმოში წარმოდგენილია სხვადასხვა დარგები. პირადად ვარ სამეთვალყურეო საბჭოში და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დადებითი ძვრები მოხდა სააქციო საზოგადოებაში, უკმაყოფილო ვარ, რადგან ეს ყველაფერი შეიძლებოდა გაცილებით სწრაფად გაკეთებულიყო, რომ ყოფილიყო მოქნილი მართვის მექანიზმი თუნდაც აქციონერთა მხრიდან და, რომ არ ყოფილიყო უამრავი “ქართული ბარიერი”. ს/ს “ქართული ფილმი” მაქვს მხედველობაში. რატომ აღვნიშნავ ამას – რესტრუქტურიზაციის გეგმის შემუშავება ვთხოვეთ “სერმას”. პირდაპირ უნდა ვთქვა, თავი ვერ გაართვეს, იმდენად სპეციფიურია და ასეთი სპეციფიური იქნება კიდევ ძალიან ბევრი საწარმოს მართვა, რადგან უნიფიცირებული ტექნოლოგიები ცოტა საწარმოს დარჩა და რაც უფრო წინ წავა დროთა განმავლობაში კონკურენცია, მით უფრო აირ-დაირევა ერთმანეთში ტექნოლოგიები, გამრავლდება კომერციულ საიდუმლოთა რიცხვი, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტის საკუთრება იქნება. ეს კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის უნიფიცირებული მიდგომების საწარმოთა მართვას. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც ერთმა ჰოლდინგმა განსაზღვროს მთელი სამრეწველო საწარმოო პოლიტიკა ქვეყანაში, საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. კიდევ ერთი რამ არის. საბედნიეროდ, ახალი და მაღალი ტექნოლოგიები რომელ ბიზნესშიც შევიდა, იქ სახელმწიფოს წილები არ აქვს, რადგან, როცა სახელმწიფო საწარმოებს თვითონ ქმნიდა, ჯერ ეს ტექნოლოგიები არ იყო. წარმოიდგინეთ, ვთქვათ, იგივე “ინტერნეტ-პროვაიდერი” ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ქონების მართვის სამინისტრო იქნება თუ მისი მემკვიდრე ჰოლდინგი მოახერხოს და მოიძიოს ისეთი ინტელექტუალური რესურსი და პოტენციალი, რომელიც თავს გაართმევს ასეთი სპეციფიური საწარმოების მართვას, პირიქით, სამწუხაროდ, ის კვალიფიციური კადრები, რომელიც საქართველოში, საბედნიეროდ არის, სახელმწიფო სამსახურში ვერ მიხვდნენ, რომ მოიყვანონ.

ჰოლდინგები, როგორც წესი, არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების მართვისთვის. ჰოლდინგი რისთვისაც მოიგონეს, იმ კონკრეტულ გარემოში, იქ არის ეფექტიანი. არ შეიძლება ის მოდელი გადმოიტანო და მართო მართლაცდა გაპარტახების პირას მყოფი საწარმოები.