საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

მიმდინარე წლის 23 აპრილს, თბილისის მეოთხე ეკონომიკურ ფორუმი – „საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“ გაიმართა. კონფერენცია „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“, „საქართველოს ბიზნეს პალატისა“ და „თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის“ (FEBI) ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ეგზოგენური ფაქტორების ფონზე, საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპების დაჩქარების ერთადერთი გზა, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაა. სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის სიჯანსაღეზე მსჯელობამ; რას აკეთებს ხელისუფლება ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად ან რა უნდა გააკეთოს; რამდენად დაცულია დღეს ინვესტორი და მის მიერ დაბანდებული ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში; რომელი პრობლემა ვერ დაიძლია და რატომ; რა შეცდომებს უშვებენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები ამ მიმართულებით. ეს ის თემებია, რომელსაც უკვე ტრადიციადქცეული თბილისის ეკონომიკური ფორუმები ეძღვნება.

23 აპრილს ჩატარებული კონფერენციის მსვლელობისას საუბარი იყო ასევე ლარის კურსსა და ფინანსურ სტაბილურობაზე. კონფერენციაზე ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემები ცალკე პანელზე განიხილეს, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული დარგისა, სადაც ყველაზე დიდია ინვესტირების პოტენციალი და მისი უდიდესი ნაწილი – დღემდე აუთვისებელი. კონფერენციაზე განიხილეს ის პრობლემები, რომელსაც ამ სფეროში ინვესტირების მსურველები აწყდებიან.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მან ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. „ასეთი სახის ღონისძიებების გამართვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სპეციალისტები, ეკონომისტები, ბიზნესთან ახლოს მდგომი ადამიანები, ბიზნესმენები ერთად მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე და შეიმუშავებენ წინადადებებს, რომელსაც ხელისუფლება შემდეგ დიდი ყურადღებით ეცნობა“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილიც დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიამ დედაქალაქში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. თბილისის მერმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ კონფერენციაზე დამსწრე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ხელისუფლებას და ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთობლივად განიხილონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები. „ჩვენ შევქმენით საინვესტიციო წინადადებების მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს. ჯგუფის შექმნის შემდეგ ასზე მეტი პროექტი განვიხილეთ, სადაც ბიზნესს მხარდაჭერა სჭირდებოდა. პროექტების უმეტესობა უკვე მიმდინარეობს, ზოგი მათგანი განხილვის პროცესშია. აქტიურად მიმდინარეობს ასევე მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. შესწავლის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსში, რომელიც თბილისისთვის ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის მომზადებას გულისხმობს. ამ პროექტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაგვეხმარება და მათი ფინანსებით და ექსპერტების დახმარებით განვახორციელებთ“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ კონფერენციის გახსნისას იმ გამოწვევებსა და ხარვეზებზე ისაუბრა, რაც საქართველოს საინვესტიციო გარემოში არსებობს და ფორუმის „საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“ განხილვის მთავარი თემები იყო.

„გარემოზე და მდგრად განვითარებაზე ბევრი საკითხია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს დღესვე და აქვე. მაგალითად, წინა ხელისუფლების მიერ დარჩენილი ვალდებულებები ინვესტორების წინაშე. არსებობენ საკმაოდ სერიოზული ინვესტორები, რომლებსაც გაუფორმდათ ვალდებულებითი ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ, დღეს ეს ინვესტორები მზად არიან უფრო მეტი ინვესტიცია მოიზიდონ, გავიდნენ IPO-ზე ლონდონში, მაგრამ ვერ გადიან. უფრო მეტიც, ანეკდოტური სიტუაცია ყალიბდება. GWP წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე არსებული მიწისქვეშა ხაზობრივი კომუნიკაციები რეესტრის მიხედვით სახელმწიფოს საკუთრებაა. მეტი პარადოქსი რა შემიძლია გითხრათ. რა საინვესტიციო გარემოზეა ლაპარაკი, როცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, GWP ემზადება IPO-სთვის ლონდონში გასასვლელად, მაგრამ მას აუდიტი დასკვნას ვერ აძლევს იმიტომ, რომ გაურკვეველი სიტუაციაა – კომპანიას ბალანსზე აქვს ქონება და იქხდის ქონების გადასახადს, მაგრამ რეესტრის მიხედვით, ეს ქონება ეკუთვნის სახელმწიფოს. რატომ არ წყდება ეს საკითხი? ჩვენ ამ კონფერენციაზე ვაყენებთ ამ საკითხს, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ხელი არ უნდა შევუშალოთ ასეთ მსხვილ საწარმოებს იმაში, რომ ისინი გახდნენ სააქციო საზოგადოებები. და ეს არ ეხება მარტო კომპანია GWP-ს, მსგავსი კომპანიების სია დიდია. ეკონომიკურმა საბჭომ და მთავრობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვარონ ეს საკითხი.
ჩვენი ფორუმის ფარგლებში, განხილვის შემდეგი საკითხია ფინანსთა სამინისტროს მიერ საგადასახადო კოდექსის კუთხით გაწეული მუშაობა შემსუბუქებისკენ თუ დამძიმებისკენ. კარგი იყო საინვესტიციო კუთხით ბინის იჯარის გადასახადის 5%-მდე დაწევა. რადგან საინვესტიციო გარემოს რომელსაც აკლია ობლიგაციები, რადგან მოსახლეობას არ უჭირავს ეს ობლიგაციები, გაჩნდებოდა ალტერნატივა, ბინათმშენებლობა და მშენებლობა დადგებოდა ფეხზე. მაგრამ, როგოც ბოლო ვარიანტში წერია, ეს ცვლილება ეხება მხოლოდ უძრავ ქონებას, რომელიც პიზიკურ პირზე ქირავდება. არადა, ამ ცვლილების შემდეგ, მეორე, მესამე, მეოთხე ბინის შძენა ბიზნესი უნდა გამხდარიყო, ეს იქნებოდა ინვესტიციების ზრდის წინაპირობა მშენებლობაში. მაგრამ, ჩვენი აზრით, დღეს არსებული ცვლილებების ნორმა არ პასუხობს ამ მიმართულებას. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ უცხოელებთან ერთად შემუშავებული ენერგეტიკის ახალი კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, პრობლემა არ არის ინვესტირებაში, მაგრამ ინვესტირების პრობლემები ენერგეტიკის სფეროში ჩვენ სახეზე გვაქვს, ელემენტარული ხუდონიდან მოყოლებული, ნებართვას ველოდებით საკმაოდ დიდი ხანია. ასე რომ, ეს პრობლემებიც განსახილველია.
ჩვენ ხშირად ვაპელირებთ იმაზე, რომ გვაქვს დასავლური ღირებულებები საფინანსო მართვაში. პატარა მაგალითს გეტყვით, ლარის კურსის ირგვლივ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ყველაფერს იმას ვაწერთ, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის 5%-იანი სამიზნე მაჩვენებელი, რატომ? ვინ შეისწავლა ეს? ის წიგნები, რომლითაც ჩვენ გვასწავლიან ან ჩვენ ვასწავლით, ის წიგნები რომლითაც ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს, დაწერილია აშშ-ს, ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის. საქართველო არ გავს ამ ქვეყნებს, როგორ შეიძლება შევადაროთ ქვეყანა, რომელსაც ერთ სულ მოსახლეზე 2 800 აშშ დოლარი აქვს და ქვეყანა, რომელსაც 28 000 აშშ დოლარი აქვს ერთმანეთს? ამის ერთიან კალათაში განხილვა არ შეიძლება. საქართველოში არ მოქმედებს ის ინსტრუმენტები, რომელსაც თუნდაც შედარებითი ფასების კანონი ეყრდნობა და არაფერს ვამბობ მსყდველობითი უნარის პარიტეტზე. აქ ჩადებულია ობლიგაციების თემა, თუ მოსახლეობას ობლიგაცია არ უჭირავს, ეს კანონები არცერთი არ იმუშავებს. პატარა ეკონომიკების სიღრმისეული კვლევა არავის არ გაუკეთებია. როგორ არის ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი დათვლილი, რა ხდება თუ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი იცვლება და ა.შ. ამ საკითხებზე სამსჯელოდ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ“, – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.

რაც შეეხება მოხსენების კონკრეტულ თემებს, კონფერენციის ფარგლებში მოხსენება გააკეთეს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა. პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა ისაუბრა კორპორატიულ ნეოკოლონიალიზმზე საქართველოში. „შულც გლობალის“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ მიმოიხილა კერძო ამერიკული ფონდის მოღვაწეობა საქართველოში. ტარიფების სისტემის გაანგარიშებისა და რეფორმირების საკითხებს მიეძღნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ მანდარიას გამოსვლა. პროფესორმა გიორგი რუსიაშვილმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საგადასახადო სისტემის ზეგავლენაზე ისაუბრა. პროფესორმა მურმან მარგველაშვილის მოხსენების თემა ენერგეტიკა და ქვეყნის მდგრადი განვითარება იყო. საქართველოს ახალ ენერგო დოქტრინასა და DCFTA-ს მოთხოვნებზე ისაუბრა გიორგი მუხიგულაშვილმა. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენელმა, პროფესორმა აკაკი ჩარგეიშვილმა საქართველოს საგადასახადო პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „საქართველოს ბიზნეს პალატის“, „ესაქართველოს ეკონომისტთა ასოციაციისა“ და „თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული ფორუმები ტრადიციად იქცა, ორგანიზატორთა განცხადებით, მომდევნო ფორუმი ივნისში ჩატარდება.