საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და გამოწვევები

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

30 აპრილს „მოქალაქის“ და „საზოგადოება 20-30“-ის მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა. კონფერენციაზე მიწვეულმა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა და ეკონომისტებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მიღწევები, ეკონომიკური განვითარების არსებულ შესაძლებლობები, ძირითადი პრიორიტეტები და არსებული გამოწვევები.

მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სავალუტო ბაზარი და პირდაპირი ინვესტიციები, ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიზეზები და გამოსავალი. კონფერენცია ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. „საქართველოს ეკონომიკის მიღწევებსა და პროგნოზებზე 2015-2020 წლისთვის“ გააკეთა მოხსენება მიხეილ დუნდუამ, „საზოგადოება 2030“-ის წარმომადგენელმა. ეკონომიკური განვითარების არსებული შესაძლებლობები და ძირითადი პრიორიტეტები განიხილა თავის გამოსვლაში ლევან კალანდაძემ, ასევე საზოგადოება 2030-ის წარმომადგენელმა. ვახტანგ ბურკიშვილის პრეზენტაციის თემა იყო საწარმოო ჰაბის პროექტი საქართველოში. საქართველოში არსებული პოლიტეკონომიური წესრიგის შესახებ ისაუბრა პროფესორმა, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თამჯდომარე მიხეილ ჯიბუტმა. პროფესორ ემზარ ჯგერენაიას მოხსენების თემა კი იყო სავალუტო ბაზარი და პირდაპირი ინვესტიციები.
კონფერენციის დასაწყისში მიხეილ დუნდუამ ყურადღება გაამახვილა გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპებზე: „საქართველოს უწევს აქტიური საქმიანობა შემდეგ რეგიონში – კავკასია, შავი ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპა, პოსტაბჭოთა ქვეყნების ევროპული ნაწილი და მთლიანად ევროპა. შესაბამისად, რეგიონში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ პოვებს ასახვას ყველა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპები ჰქონდა საქართველოს 2004-2007 წლებში. მაგრამ ჩვენ არ ვიყავით რეგიონში ლიდერები ზრდის კუთხით. 2004-დან 2007 წლის ჩათვლით აზერბაიჯანის ეკონომიკა 134%-ით გაიზრდა, სომხეთი 62%-ით, ლატვიის – 47%-ით, ბელორუსიის – 45%-ით და ჩვენ ამ პერიოდში მე-5-ე ადგილზე ვიყავით ზრდის 43%-იანი მაჩვენებლით იმ 38 ქვეყანას შორის, რომელიც ჩვენს რეგიონშია. მაშინაც კი, როდესაც 2007 წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ გვისწრებდა სომხეთი და აზერბაიჯანი, კავკასიაშიც არ ვიყავით პირველები. ამის შემდეგ დაიწყო შემდეგი ეტაპი, 2008-2012 წლები, როდესაც მსოფლიო კრიზისის გამო ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა. 2008 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში იყო 2.8%, 2009 წელს 4%-მდე. მძიმე პერიოდი იყო არამარტო ჩვენთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ამავე პერიოდში საქართველომ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით მიიღო დიდი მხარდაჭერა 4.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით, რომელმაც გადაატანინა ქვეყანას მძიმე პერიოდი. მაგრამ მიუხედავად ამ დახმარებისა, საქართველომ ვერც ამ პერიოდში დაიკავა წამყვანი პოზიციების ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით რეგიონში. რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, 2013-2014 წლები, ამ 38 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე ვართ, პირველ ადგილზეა მოლდოვა 14.4%-იანი ზრდით, შემდეგ აზერბაიჯანი 8.8%-იანი ზრდით და მესამე საქართველო 8.3%-ით. 2014 წლის მონაცემებით კი ზრდის ლიდერები ვართ ირლანდია და ჩვენ. რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგნოზს 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, პროგნოზების მიხედვით, საქართველო არის ზრდის ლიდერი. შემდეგ არის მოლდოვა, ალბანეთი, თურქეთი და ლატვია“.
მიხეილ დუნდუამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სუსტია და თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაანონსებული 4-5%-იანი ზრდა ქვეყნის სწრაფი აღმავლობის საწინდარი ვერ გახდებ „ამიტომ აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება და რეკომენდაციების შემუშავება უფრო მეტი ეკონომიკური ზრდის ტემპების მისაღწევად“ – განაცხადა მიხეილ დუნდუამ. თუ რა შეიძლება იყოს ეს რეკომენდაციები, ამაზე წარიმართა კონფერენციაზე მსჯელობა ეკონომისტებს შორის. „საზოგადოება 20-30-ის“ წევრი ლევან კალანდაძემ იმ სამი ძირითადი გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას: „პირველი გამოწვევა არის ეკონომიკური ზრდის პირობების უზრუნველყოფა ქვეყნისათვის; ამავდროულად, მონეტარული სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფა. პრობლემებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა ეს არის ექსპორტის შემცირება, რაც რეგიონში მიმდინარე მოვლენებით არის განპირობებული, ასევე დევალვირებული ლარი და ამასთან დაკავშირებული ინფლაციური მოლოდინები. და ეს ეხება არამხოლოდ სამომხმარებლო ფასების ზრდას, არამედ ტარიფებსაც. საბოლოო ჯამში, ყველა ეს პრობლემა თავს იყრის ერთ მთავარ, ფუნდამენტურ პრობლემასთან, რასაც ლარის კურსის დევალვაცია განაპირობებს. სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს გამოსავალს ამ მდგომარეობიდან: სავალუტო შემოდინებების უზრუნველყოფა, მონეტარული წესრიგი და ექსპორტზე ორიენტირებულობა. პრობლემები განხილული უნდა იყოს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიანი აქცენტებიდან ძირითადი ამ შემთხვევაშიც არის 20-20-ის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება სამი ძირითადი პრიორიტეტის გამოკვეთას ქვეყანაში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საერთაშორისო რეგიონული ჰაბის სახით. ენერგეტიკაში ეს არის განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკა და სოფლის მეურნეობაში ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულების განვითარება. ეს
უზრუნველყოფს სავალუტო ნაკადების შემოდინების გაზრდას, სავაჭრო ბალანსის მეტნაკლებად დასტაბილურებას ქვეყანაში, ექსპორტზე ორიენტირებულობას და მეტ ეფექტიანობას. რაც შეეხება მოკლევადიან ამოცანებს, ის უნდა ითვალისწინებდეს სწრაფი მონეტარული ეფექტის გატარებას. ეს ნაბიჯები შეიძლება არ იყოს პოპულარული, მაგრამ გარკვეული შოკური ეფექტის მომტანი უნდა იყოს, რადგან ჩვენ გარღვევა გვაქვს ამ მიმართულებით გასაკეთებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიანი სტრატეგიის მიზნების მიღწევა არ იქნება შედეგიანი. მთავარი ბაზისი უნდა იყოს მონეტარული სტაბილურობა. ლარის სტაბილურობა უნდა გახდეს დასაგეგმი ღონისძიებების საფუძველი. ჩვენ აქ პარადოქსული სიტუაცია გვაქვს, გვაქვს დეკლარირებულ დონეზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, გაიზარდა 0.5%-ით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მაგრამ ეფექტი სავალუტო ინტერვენციების არის ძალიან დაბალი. აუცილებელია სავალუტო ინტერვენციების მიზნობრიობის გაზრდა. იმ შედეგის მისაღწევად ,რასაც ემსახურება ეს ინსტრუმენტი. სავალუტო ინტერვენცია არ ემსახურება ლარის გამყარებას, მისი მიზანია შოკური კომპონენტის მოხსნა და მოკლევადიანი ეფექტის მიღწევა. როცა ლარი „გაიქცევა“ და ჩვენ ვახორციელებთ სავალუტო ინტერვენციას, მისი ეფექტი დაბალია. როცა საუბარია მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობაზე, აქცენტი ამ მიმართულებაზე უნდა იყოს გაკეთებული. მეორე საკითხი უკავშირდება ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რათა, ბანკებს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებისთვის. ისევ არაპოპულარული ნაბიჯი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა და მეოთხე, რეფინანსირების სესხების გაცემაზე დროებითი, ერთთვიანი, ორთვიანი და ა.შ. მორატორიუმის გამოცხადება. მე ვიაზრებ იმ რისკებს, რაც შეიძლება ამ ღონისძიებების გატარებას ახლდეს, ერთი მხრივ, ლარის სტაბილურობა და მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მონეტარული სტაბილურობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი ხვალინდელ სამოქმედო გეგმას, ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული სიხისტე და სიმკაცრეა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ეკონომიკის ნომინალურ შეიძლება 4-5%-იან ზრდას, რომელსაც შეიძლება არ ახლდეს რეალურად განვითარება და სტაბილურობა.“
კონფერენციაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი, რა თქმა უნდა, ლარის კურსი იყო. საზოგადოება 20-30-ის წარმომადგენელებმა აქცენტი გააკეთეს იმ ფაქტორებზე, რაც მათი აზრით გავლენას ახდენს ლარის კურსის დევალვაციაზე. „საზოგადოება 20-30“-ის მიერ წარმოდგენილ კლიპში წარმოდგენილი იყო 5 მითი, რომელთაც ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, არ მოუხდენიათ გავლენა ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე. მითი ნომერი 1. ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. ამის საპირისპიროდ კლიპში წარმოდგენილი იყო მონაცემები ინვესტიციების ზრდის შესახებ განსაკუთრებით 2013-2014 წელს. მითი ნომერი 2 – ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ 2012 წლის შემდეგ საექსპორტო შემოსავლები შემცირდა. ამის ნაცვლად, კლიპში ნაჩვენები იყო რომ ექსპორტის მაჩვენებლები გასული ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაუმჯობესდა. მითი ნომერი 3 – ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ სავალუტო ნაკადების შემოდინების და გასავლებს შორის თანაფარდობის გაუარესება მოხდა. ამ არგუმენტის საპირისპიროდ, „საზოგადოება 20-30“-ის ავტორებს მოჰყავთ სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სავაჭრო ბალანსის მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესებულია. იგივე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზეც, რომელსაც მე-4-ე მითად ასახელებენ და ბოლოს, ორგანიზაციის ეკონომისტები არც იმ შეხედულებას იზიარებენ, რომ ლარის კურსის დევალვაცია ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ გამოიწვია. ამ ფაქტორების ნაცვლად „საზოგადოება 20-30“-ის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ ლარის გაუფასურების 2 ფუნდამენტურ და ერთ დამხმარე ფაქტორზე: დოლარის გამყარება მსოფლიოს მასშტაბით; საქართველოს მთლიანი საგერო ვალის ყოველწლიური ზრდის პრაქტიკის აღკვეთა 2013 წლიდან და ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევიდან დოლარის დიდი მასის ამოღება. თუმცა ამ შეხედულების საპირისირო არგუმენტებზე საუბრობს ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი – მერაბ კაკულია: „პირველი, რაც სავალუტო კრიზისმა გვაჩვენა საქართველოში, არის ის, რომ ის არ არის ორდინალური სავალუტო კრიზისი, როგორიც ხდება სხვა ქვეყნებში, იქნება ეს ენერგომატარებლებით მდიდარ ქვეყნებში თუ სხვა მაღალკონკურენტულ ქვეყნებში. სავალუტო კრიზისმა გვიჩვენა, რომ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა განიცდის კრიზისს მთლიანობაში. ანუ სტრუქტურა, რომელიც დაფუძნებულია იმპორტსა და მოხმარებაზე. ჩვენ უკვე იმხელა ვალი დაგვივგროვდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროში და იმხელა მასშტაბები მიიღო ამან, რომ ვეღარ ავიღებთ შემდეგ ვალებს, ძველის გასტუმრება და მომსახურება კი ძალიან გვიჭირს. ასეთ ვითარებაში მცირე ცვლილებაც კი ეკონომიკის საგარეო სექტორში უკვე ქმნის ძალიან დიდ პრობლემას. ჩვენ კრიზისი დაგვეწყო 2014 წლის ბოლოს და დღემდე გრძელდება. 2014 წელი არ იყო სახარბიელო. ექსპორტის შემცირების ტენდენცია 2014 წლის ბოლოდან დაიწყო. შემდგომი ფაქტორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ მივეჩვიეთ სტატისტიკური მონაცემების მიღებას და აღქმას ისე როგორც ეს მონაცემებია წარმოდგენილი, მაგრამ ასევე უნდა დავინახოთ რა არის მის უკან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის მიმართ იმალება ასეთი რეალობა – 25% ეს არის რეინვესტიცია, ანუ ახალი დოლარების შემოსვლა საქართველოში არ მომხმდარა, მოხდა აქ მიღებული შემოსავლის
რეინვესტირება, რეპატრირება არ მოხდა, რეინვესტირება მოხდა და ეს თავისთავად კარგია ეკონომიკისთვის, მაგრამ გაცვლითი კურსისა და შიდა სავალუტო კონიუნქტურისთვის ეს ნამდვილად არ არის კარგი. გარდა ამისა, თუ ჩვენ მთლიანი ვალის სტატისტიკას ვიცნობთ, იქ არის ასეთი მაჩვენებელი, კომპანიათაშორისი დავალიანება. როცა დედა კომპანია შვილი კომპანიისგან ღებულობს სესხს. ვთქვათ ენერგოპროჯორჯია იღებს სესხს იმისათვის, რომ ინვესტიცია განახორციელოს, მაგრამ ეს სესხი მან უნდა დააბრუნოს. მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ეს ვალი გროვდება და დედა კომპანიას ვერ უხდის სესხს. ეს დავალიანება აისახება როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. საერთო ჯამში, ასეთი ვალი არის 3 მილიარდი აშშ დოლარი. და აქედან ნახევარი მილიარდი რეკლასიფიცირებულია, როგორც უცხოური ინვესტიცია. ანუ ინვესტიციების ამ რეკორდული მაჩვენებლიდან რაც 2014 წელს გვქონდა, სულ მცირე 25+15% უნდა გამოვაკლოთ, რომ წარმოვიდგონოთ, თუ რამდენი დოლარი მოიტანა ამ ინვესტიციამ საქართველოში. ანუ არც ისეთი შთამბეჭდავია რეალობა დოლარების გენერირების თვალსაზრისით ინვესტიციებთან დაკავშირებით როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. რაც შეეხება ტურისტულ შემოსავლებს, ის იზრდებოდა 2013 წელს და 2014 წლის პირველ სამ კვარტალში, მაგრამ 2014 წლის მეოთხე კვარტლიდან დღემდე ტურისტული შემოსავლები კლებულობს. ეს ფაქტორები რეალურად არსებობს და ამას ემატება გადმორიცხვების თემა. მართალია, ბოლო თვეებში რამდენიმე მილიონით გაიზრდა გადმორიცხვები, მაგრამ წინა წელთან შედარებით მაინც მკვეთრი ვარდნაა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას და მის მიერ ეკონომიკიდან დოლარის მასის ამოღება, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მეთლი 2013 წელს, და 2014 წლის ნაწილი ვიყავით დეფლაციურ ტრენდში. დეფლაცია მოხგეხსენებათ მაღალ ინფლაციაზე უეკეთესი არ არის, შეიძლება უარესიც იყოს. ამ დეფლაციური ტრენდის გადასალახად ეროვნულ ბანკს სხვა არაფერი არ დარჩენოდა თუ არა ჭარბი დოლარების ყიდვა, იმ მიზნით, რომ მიმოქცევაში გაეშვა ლარი. ამაში ეროვნულ ბანკს ვერ გავამტყუნებთ. იმ ეტაპზე, როცა ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი იყო 6% და რეალურად ინფლაცია იყო 0%-ზე დაბლა, მას სხვა გზა არ რჩებოდა გარდა იმისა, რომ აეწია ფულის მასის აგრეგატები. მან ამოიღო დოლარების მასა ეკონომიკიდან იმისათვის, რომ დეფლაციური ტრენდი შეეჩერებინა და სარეზერვო პოზიცია გაეუმჯობესებინა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვდგევართ ეკონომიკის სტრუქტურის კარდინალური ცვლილების აუცილებლობის წინაშე. ეს არის გრძელვადიანი ამოცანა და ამას წლები დაჭირდება.“
ეკონომიკის გრძელვადიანი დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ემზარ ჯგერენაიამ და ყურადღება გაამახვილა იმ შეუსაბამობებზე, რასაც მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე შექმნილი თეორიებით ხელმძღვანელობა იწვევს განვითარებად ქვეყნებში: „მეცნიერ-ეკონომისტებმა უნდა გამოიკვლიონ თავისებურებები ქცევებისა ამ ქვეყნებში, ფულის აგრეგატების მიმართება მშპ-სთან, საგადასახადო ტვირთი, ინფლაცია, თარგეითირება, მონეტარული თარგეითირება – ეს ყველაფერი როგორ მუშაობს ამ რაოდენობაში. ის თეორიები, რაც გრძელვადიან ან მოკლევადიან პერიოდში ხსნის ვალუტის კურსის ცვლილებას, საქართველოში გავრცელებულია წამყვანი ქვეყნების მაგალითზე და შედეგად, ჩვენ ზუსტი პასუხი არ გვაქვს, რა ხდება ლარის ირგვლივ. საქგარეო ფაქტორების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე არის სერიოზული და არ შეიძლება ის არ განვხილოთ, მაგრამ, ამასთანავე, ქვეყნის შიგნით ორ რამეს სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა – ეს არის მთლიანი მოთხოვნის ზრდის პროვოცირება, თუნდაც კეინსიანური მეთოდებით და მეორე, კვლევა იმისა, თუ რა კანონებს ექვემდებარება საქართველოში ლარის კურსი და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მის გასამყარელად. მსგავსი კვლევები არ ხორციელდებოდა იმიტომ, რომ მსოფლიოს არ აინტერესებს პატარა და ღარიბი ქვეყნები, მაგრამ საქართველოში შეიძლება დადგეს ჟამი იმისა, რომ შეიქმნას პრეცენდენტი, მსგავსი მეოთხე ტიპის, მეოთხე იარუსის ქვეყნების თავისებურებების შემსწავლელი ინსტიტუტის შექმნის და დაფინანსების“.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მსგავსი დისკუსიები ყოველთვიურად გაიმართება და უფრო ღრმა და გავრცობილი დისკუსიების ახალი პლატფორმა შეიქმნება, რომელშიც სხვადასხვა შეხედულებების ეკონომისტებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება.