საქართველოს ტრასეკას გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა ეწვია

საქართველოს საქმიანი ვიზიტით სტუმრობს ტრასეკას (TRACECA) მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა. ის საქართველოში 3 მაისს ჩამოვიდა და 8 მაისამდე დარჩება.

მირჩა ჩიოპრაგა ტრასეკას გენერალურ მდივნად 2015 წლის 29 იანვარს იქნა არჩეული. გენერალური მდივნის ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს სატრანსპორტო უწყებებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და საქართველოს სატრანსპორტო სისტემის არსებული მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენს. ამასთან, მირჩა ჩიოპრაგა დაინტერესებულია, გაეცნოს შესაბამისი ბენეფიციარების მოსაზრებებს და წინადადებებს ტრასეკას პროგრამის სამომავლო გეგმებთან და მის ფარგლებში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში ტრასეკას გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან და საქართველოში TRACECA–ს ეროვნულ მდივანთან ნათია მიქელაძესთან. ამასთან, შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და მოინახულა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში კერძო ინვესტიციებით განხორციელებული პროექტები – “დიპლომატ ჯორჯიას“ და “გებრუდერ ვეისის“ A კლასის საწყობები.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ტრასეკას გენერალური მდივანი გეგმავს ვიზიტს ბათუმში და შეხვედრების გამართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან. ამასთან, მას სურვილი აქვს მოინახულოს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი.

სამომავლოდ, ტრასეკას გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა გეგმავს კიდევ ერთხელ ეწვიოს საქართველოს, რომლის დროსაც ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სარკინიგზო გადაზიდვებს დეტალურად გაეცნობა.