გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

5 მაისს თბილისის სასტუმრო „რედისონში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, GIZ-ს დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პატრიკ ფოშერმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინტეგრირებული ურბანული განვითარება ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მინისტრის თქმით, ის უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ დღევანდელ გამოწვევებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე იმ მოთხოვნებსაც, რომელიც დღის წესრიგში სამომავლოდ დადგება. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებულია საქართველოს სივრცითი მოწყობის და მშენებლობის კოდექსი, რომელიც უშუალოდ მშენებლობის ხარისხის ამაღლების გარდა, ხელს შეუწყობს ამ სფეროში ინვესტიციების უსაფრთხო, სტაბილურ და კომფორტულ გარემოში განხორციელებას. ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემაზე, რომლის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიების გაერთიანება, ანალიზი და ერთიან კონტექსტში განხილვა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ქვეყნის სივრცითი დაგეგმარების პროექტზე და ამ მიმართულებით ინტერესთა გამოხატვის პირველი ფაზა დასრულებულია. მისი თქმით, ქვეყანას ექნება სივრცითი ფიზიკური განვითარების გეგმა, რომელშიც იქნება ინტეგრირებული ყველა ქალაქის ურბანული განვითარების დინამიკა და ის ერთიან კონტექსში იქნება მოყვანილი.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი თბილისში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial