დიდი ვნებათაღელვა თბილისში დასრულდა – შეფასებები და პროგნოზები


მაკა ღანიაშვილი

ორდღიანი ვნებათაღელვა თბილისში დასრულდა. ღონისძიება, რომლის ორგანიზებაზეც საქართველომ მილიონობით ლარი დახარჯა, ჩავლილია. როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა, ღონისძიებაზე დასასწრებად დაახლოებით 4000-მა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია, ოფიციალური პირებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებთან ერთად, მათ შორის იყვნენ პოტენციური ინვესტორებიც. „ასეთი ფორუმი პირველად ტარდება ჩვენს რეგიონში, რაც კიდევ უფრო საამაყოს და საპასუხისმგებლოს ხდის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და ხაზს უსვამს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივ, მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც გასულ წელს პრაქტიკულად გაორმაგდა ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა. ჩვენი თანამშრომლობის 22 წლის განმავლობაში მთლიანად ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა.

საქართველო არის მოწინავე ქვეყანა გამჭვირვალობის და ღია მმართველობის თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მეტად დამკვიდრებისა და განმტკიცების გზაზე; სწორედ იმ ძირეული ღირებულებების დამკვიდრების გზაზე, რომლებიც მთავარია ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა სტუმრებს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს. იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონალური ბიზნესცენტრის, მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული როლი“ – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს როლის განსამტკიცებლად, მთავრობამ განვითარებისა და ინვესტირების თვალსაზრისით ხუთი პრიორიტეტული სექტორი დაადგინა. ესენია: საბანკო სექტორი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ენერგეტიკა; ტურიზმი; წარმოება და სოფლის მეურნეობა.

14-15 მაისის განმავლობაში საქართველოში ინვესტირების თაობაზე რამდენიმე შეთანხება უკვე გაფორმდა. მაგალითად, თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა, რომელიც 12 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდება, თანხის ნაწილს კი ქართული კომპანია „ავერსი“ გადაიხდის. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ასევე დააფინანსებს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის განაცხადებით, ბანკმა შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე საქართველოს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს. როგორც ცნობილია, EBRD ამ პროექტისთვის დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მილიარდი კილოვატსაათი იქნება. მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება ივლისიდან იგეგმება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

ენერგეტიკის სფეროში მიღწეული სხვა შეთანხმებაც. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნევირვი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო პულიტმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნებირვი რესურსების მმართველმა ცენტრალურ აზიასა და რუსეთში აიდა სიტდიკოვამ ქარის ელექტროსადგურის პროექტზე თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითრების ბანკს შორის კონკრეტულ თანამშრომლობას ქარის ელექტროსადგურის „ქართლის“ პროექტის დაფინანსების შესახებ. ევროპის რეკონსტრუქციის განვითრების ბანკი განიხილავს პროექტის 25 მლნ დოლარით დაფინანსებას. სესხის მიზანია, საქართველოში აშენდეს და ოპერირებდეს ქარის ელექტროსადგური. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარამდეა, დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომმუშავება 87 მლნ კლვტ-სთ. რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების აღმასრულებელი დირექტორის რიკარდო პულიტის განაცხადებით, „საქარათველოს აქვს წარმატება ქვეყნის შიგნით განახლებადი ენერგიების განვითრების მიმართულებით, რაც ამცირებს წიაღისეული საწვავით გამომუშავებული ელექტრო ენერგიის იმპორტს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე კლიმატის ცვლილების კუთხით. 312 მლნ დოლარის საქართველოს ჰიდრო რესურსებში ინვესტირების შემდეგ, ჩვენ ვიმედოვნებთ ახალი განახლებადი ენერგიით – ქარით – ინვესტორების დაინტერესებას.“

როგორც ჩანს, EBRD-ისათვის ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში, ამის შესახებ ჩაკრაბარტიმ კომენტარი 15 მაისს ღონისძიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც გააკეთა: „ის საინვესტიციო გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს. საქართველოში ჩვენ საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რადგან საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დავინახეთ. არსებული პროექტების გარდა, დაგეგმილია პროექტების ზრდაც, განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში კი ენერგეტიკაა, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურები.
საქართველოს უფალმა მისცა წყლის რესურსები და ამ რესურსებს სჭირდება როგორც ადგილზე მოვლა, ისე ექსპორტზე გატანაც. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ“.

პრიორიტეტულად გამოცხადებული ენერგოპროექტების გარდა, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში სხვა სფეროებთან დაკავშირებული რამდენიმე ხელშეკრულებაც გაფორმდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და გავნითარების ბანკი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერის მიზნით 1.927 ევროს ღირებულების სესხს გამოყოფს ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია „სტერეო+“-ისთვის თიბისი ბანკთან ერთად. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ ტრანზაქციას რისკების დაზღვევის გზით. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გადამწყვეტი ნაბიჯია ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროს მოდერნიზაციის პროცესში და ეს დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის სტანდარტების შესრულებაში. ციფრული მაუწყებლობა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის გათავისუფლებული სიხშირეების სახით. ეს თავის მხრივ უფრო განვითარებული სერვისებისა და და მრავალფეროვანი და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს – ეს არის ორი მთავარი პირობა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესაქმნელად. ეს არის პირველი პროექტი ევრობანკისა და ევროკავშირის DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაეხმარება ბიზნესებს პროდუქტებისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე მიმდინარე წლის 17 ივნისიდან გადადის. კერძო კომპანია „სტერეო პლიუსმა“ კი საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო ამ ვადისთვის ციფრული სიგნალი საქართველოს 46 რეგიონს მიაწოდოს.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ასევე წარადგინა მცირე ბიზნესის გავლენის ფონდი, რომლის გავლითაც დონორების რესურსები მცირე და საშუალო ბიზნესებამდე მივა ბანკის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მცირე ბიზნესის ინიციატივის ფარგლებში მოხდება როგორც პირდაპირი დაფინანსება, ასევე თანადაფინანსება. „მცირე ბიზნესის გავლენის ფონდის შექმნით, ჩვენ გვსურს შევქმნათ თანამოაზრე დონორების ქსელი, რომლებიც EBRD-თან ერთად სტრატეგიული პრიორიტეტების შემუშავებაზე იმუშავებენ და ინოვაციური პროდუქტების შექმნას შეუწყობენ ხელს იმისთვის, რომ მცირე ბიზნესები განახლდენ და გაიზარდონ“ – აღნიშნა ბანკის მცირე ბიზნესების განვითარების მიმართულების დირექტორმა, კლაუდიო ვიეზოლიმ.

ორმა ქართულმა ბანკმა – „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“, გამოხატა მზარდყოფნა შეერთებოდა ბანკის – ქალები ბიზნესში პროგრამას, ეს არის მცირე ბიზნესის ინიციატივის ფარგლებში დაწყებული პირველი პროექტი. პროგრამაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობს უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია და მოლდოვა. აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად EBRD-მა 50 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ამას თან ერთვის 9-მილიონიანი საგრანტო დაფინანსება ევროკავშირიდან, რომელიც რისკების შემცირების ფინანსურ მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ტრენინგებს გულისხმობს.

14-15 მაისს ასევე გამოქვეყნდა EBRD-ის ახალი პროგნოზი რეგიონების მიხედვით. „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების“ ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ის ზრდა, სავარაუდოდ 2,3 პროცენტამდე შემცირდება, 2016 წელს კი – 2,6 პროცენტამდე. EBRD-ის იანვარში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ-ის 4,2%–იანი ზრდა იყო მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებლის ცვლილებას EBRD რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და რეცესიას უკავშირებს. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, 2.3%-ინი მაჩვენებელიც შეიძლება შემცირდეს. „მართალია საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირებულია 2.3%-მდე, მაგრამ ეს არის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი. რაც შეეხება პროგნოზისკვლავ შეცვლის შესაძლებლობას, გეტყვით, რომ EBRD-ის მიერ განსაზღვრული საშუალო ზრდის პროგნოზი საქართველოსთის არის 1.8%. მიუხედავად შემცირებული ზრდის პროგნოზისა, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრადად ვიტარდება, იმ გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მას უხდება ყოფნა. მე მჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა მოახერხებს ამ პროცესების მართვას და ქვეყანას დიდი დრო არ დასჭირდება თავისი პოტენციალის განსავითარებლად“ – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ახალი პროგნოზის მიხედვით ზრდის უარყოფითი მაჩვენებელია მოსალოდნელი სომხეთში (-1.5%) 2015 წლისთვის, რაც შეეხება 2016 წელს, ზრდის სავარაუდო პროგნოზი 1%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, როგორც 2015, ისე 2016 წელს მოსალოდნელია ზრდის 1%-იანი მაჩვენებელი.

EBRD ციფრებში

ყოველწლიურ შეხვედრაზე ტრადიციულად შეჯამდა EBRD-ის გასული წლის საქმიანობა. რომლის განმამვლობაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჯამში დაახლოებით, 8.9 მილიარდი ევროს ინვესტიციები განახორციელა ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ის ოპერირებს. აქედან 26% მოდის კორპორატიულ სექტორზე (აგრობიზნესი, წარმოება, უძრავი ქონება, ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები), ბანკის მიერ 2014 წელს გაცემული ინვესტიციების 32% მოდის ფინანსურ სექტორზე, 19% ენერგეტიკაზე და 23% ინფარტრუქტურაზე.

555

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიციები EBRD-იმ უკრაინაში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და საქართველოში განახორციელა. ბანკის მიერ გასულ წელს საქართველოში განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციებმა 214 მილიონი ევრო შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 116 მილიონ ევროს შეადგენდა. 1991-2014 წლებში განხორციელებული საერთო ინვესტიციების მოცულობა კი 2, 291 მილიონი ევროა.