უმუშევრობა მცირდება?!

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, რომელიც 27 მაისს გამოქვეყნდა, საქართველოში უმუშევრობა შემცირებულია. დასაქმება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. უმუშევრობის ნებისმიერი დონე ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკებზე, ვინაიდან ის ნეგატიურად აისახება თითოეულ ინდივიდსა და მათი ცხოვრების ხარისხზე და შესაბამისად, ის უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად ქვეყანაში არსებულ ცხოვრების სტანდარტებზე. მიუხედავად გაუმჯობესებული სტატისტიკისა, უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს განვითარებისთვის და ის დღეს ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი პრობლემაა. ოფიციალური სტატისტიკა უმუშევრობის დაახლოებით 12%-იან მაჩვენებელს აჩვენებს, მაგრამ დასაქმების პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. მაგრამ არსებობს უმუშევრობის როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალურ სტატისტიკა, რომლის იგნორირებაც ვერ მოხერხდება.

უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა

27 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, რომელიც 2014 წელს საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს შეეხო. საქართველოში 2014 წელს უმუშევრობის დონემ 12.4% შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან (14.6%) შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე ასევე გაიზარდა და 58.3% შეადგინა, რაც 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (56.6%) 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. როგორც ოფიციალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ „2014 წელს დაფიქსირდა უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე და დასაქმების ყველაზე მაღალი დონე ბოლო 11 წლის მანძილზე.“

1

Screen Shot 2015-05-28 at 11.56.23 PM

დასაქმებულთა რაოდენობამ 1,745.2 ათასი კაცი, შეადგინა, რაც 1,9% (33.1 ათასი კაცით) მეტია 2013 წლის მონაცემთან შედარებით. მათ შორის: დაქირავებულთა რაოდენობამ 692,3 ათასი კაცი შეადგინა, რაც 5,2%-ით (34.0 ათასი კაცი) მეტია 2013 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობაში მცირდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა და იზრდება კერძო სექტორში დასაქმებულთა წილი. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს ქალაქად და სოფლად, ქალაქში უმუშევრობის დონე წინა წლის შედარებით შემცირდა 3.5 პროცენტული პუნქტით 2013 წელსთან შედარებით. დასაქმების დონემ 44.8% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (43.1%) 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. რაც შეეხება სოფელს, სოფლად უმუშევრობის დონემ 5.4% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან (6.5%) შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. დასაქმების დონემ 70.8% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (69.2%) 1.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.

Screen Shot 2015-05-28 at 11.56.26 PM

Screen Shot 2015-05-28 at 11.56.30 PM
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებლები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიმართულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდისაკენ. ირმა ქავთარაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, რომლის შედეგადაც „სოფლად უმუშევართა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა“.

Screen Shot 2015-05-28 at 11.56.33 PM

Screen Shot 2015-05-28 at 11.56.56 PM

Screen Shot 2015-05-28 at 11.57.04 PM
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელთან შედარებით 8.2%-იანი კლებაა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაში, ხოლო 3%-იანი ზრდაა კერძო სექტორში, ხოლო 2010 წელთან შედარებით – სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.1%-ით (34.6 ათასი), არასახელმწიფოში – გაიზარდა 11.3%-ით (151.6 ათასი).სულ დასაქმებულთა რაოდენობა 2014 წელს 2010 წელთან შედარებით გაიზარდა 7.2% (117,1 ათასი კაცი) და შეადგინა 1,745.2 ათასი კაცი. 2013 წელთან შედარებით დასაქმების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში – 10.5 ათასი კაცი (20.5%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 10.8 ათასი კაცით (13.6%) და განათლება – 9.8 ათასი კაცი (7.3%). აგრეთვე, ტრადიციულად დასაქმებულთა 50%-ზე მეტი „სოფლის მეურნეობაში, ნადირობას და მეტყევეობა, თევზჭერა, მეთევზეობის სექციაში არის დასაქმებული (2013 და 2014 წლებში შესაბამისად 51.8% და 50.9%), შემდეგ მოდის ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი და განათლება, შესაბამისად 9.5% და 8.2%.

რეალური სურათი

მართალია, ახალი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს დასაქმების ბაზრის მაჩვენებლები უმჯობესდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რეალობა სხვაგვარია. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 1,745.2 მლნ. ადამიანია დასაქმებული, რომელიც მოიცავს თვით დასაქმებულებსაც და 1 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებსაც, მიუხედავად იმისა, ამუშავებენ ან სარგებელს იღებენ ამ მიწისგან თუ არა. პარადოქსულია სტატისტიკა რეგიონალურ ჭრილშიც, ყველაზე მაღალი უმუშევრობა ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ ქალაქში, თბილისში ფიქსირდება, რეგიონებში კი, როგორც სტატისტიკა გვეუბნება, უმუშევრობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. მაშინ როდესაც რეალურად უმუშევართა და ქვეყნის გარეთ გასვლის მსურველთა უმრავლესობას სწორედ რეგიონებში ნახავთ. ამასთანავე, ძალიან დაბალია კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი განუვითარებელია და, ამასთანავე, დასაქმების მსურველების უმრავლესობას შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს. პრობლემის აქტუალობაზე მიუთითებს ისიც, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდება საზოგადოებას, ზოგი ამას კერძო სექტორის, ზოგი სახელმწიფოს მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით აპირებს, სხვადასხვა დროს განხორციელდა სტუდენტთა და უმუშევართა დასაქმების პროგრამები, თუმცა, მათი მთავარი შედეგი ბიუჯეტის ფულის არაეფექტური ხარჯვა იყო. პარადოქსია ისიც, რომ ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ პრობლემად კვალიფიციურ კადრებს ასახელებს, მაშინ როდესაც შრომის ბაზარზე მიწოდება ჭარბია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოეთიდან შემოჰყავთ სამუშაო ძალა, რადგან ადგილობრივების გადამზადებაში ფულის ჩადება არ უღირთ.

შენიშვნა: გრაფიკების წყარო www.geostat.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial