ენობრივი გლობალისტიკის სიკეთე ძველად და თანამედროვე გლობალიზაციაში

რევაზ ბერულავა

თანამედროვეობაში საკომუტაციო ენის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა გლობალურ-ფუძემდებლური ტერმინები. ამასთან, ერთი რომელიმე ენა (მაგალითად, ესპერანტოს ტიპისა) არ შეიძლება იყოს ეროვნებათშორისი სამეცნიერო პრაქტიკული თუ კულტურული ურთიერთობის ენა. ასეთი ენები არ დაინერგება, ვერ გამოიყენებს კაცობრიობა, ვინაიდან, მათი სიტყვების მარაგი – ლექსიკონი ღარიბია და თუნდაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ასევე ღარიბი იქნება.

მაგალითად, ესპერანტოს ენა, რომელიც დაფუძნებულია ძირითადად ლათინურ ფუძიან ენებზე, ვერ ითვალისწინებს სხვა ენების (კავკასიურ ენათა ჯგუფი, სლავური, ჩინურენოვანი და სხვათა) რეალიებს, მაგრამ ხალხთა შორის ეკონომიკური, სამეცნიერო კულტურული თუ პოლიტიკური ურთიერთობების ურთიერთ ზეგავლენით იცვლება და ერთგვარად ერთ ყალიბში ექცევა. ამის გამო ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა ენობრივი ცვლილებები. ამგვარი ენობრივი ცვლილებების მომსწრენი ვართ საქართველოს მაგალითზე. საჭიროების შემთხვევაში, უცხო სიტყვების ქართული ენის ბუნების სტრუქტურის მოდელად ჩამოყალიბებით ჩვენი ლექსიკა ივსება, მდიდრდება და ფართოვდება, სამეცნიერო და საურთიერთო ენა მნიშვნელოვნად იხვეწება, მოქნილი ხდება. ქართული ენის გამდიდრების ამგვარი ტენდენციის ყოველდღიური მაგალითი სახეზეა. მოვიტანოთ რამდენიმე წინადადება: “ოფიციალური კრემლის რეაქცია ვაშინგტონის ანტიტერორისტულ კომპანიაზე აბსოლუტურად პოზიტიურია”, “პარლამენტის საფინანსო-ეკონომიკური ოფისის ანალიზი ტენდენციადქცეულ საბიუჯეტო სეკვესტრზე ნეგატიურია – ენერგიის მარეგულირებელი კომისიის დირექტივები – “საფონდო ბირჟის ტექნიკური ანალიტიკოსი – და ა.შ. ასეთი ბუნებრივ ენობრივი მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და ხშირად აზრადაც არ მოგვდის, რომ ამ და უამრავ სხვა წინადადებებში არც ერთი სიტყვა, არც ერთი არსებითი და ზედსართავი სახელები არ არის ქართული ფუძის! ამასთან, ეს სიტყვები არ არის ერთი რომელიმე ენის ფუძისაც. უცხოენოვანი სიტყვების გაშიფვრა მკითხველისათვის შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტად, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანს ვისახავდით – გვეჩვენებინა სიტყვები, რომლებიც თანამედროვე ზემძლავრ სახელმწიფოებში (ინგლისი, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა) და ასევე მოსახლეობით მცირერიცხოვან ქართულში შემოსულია პრაქტიკულად უკვე მკვდარი ლათინური ენიდან და ძველბერძნულიდან. ახალი ტერმინების ქართულში მასიურად შემოტანა, მაშინ როცა დედამიწაზე ჯერ კიდევ არ არსებობდნენ არც ერთი ნაგულისხმები ქვეყნები (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა იტალიის გამოკლებით), მოხდა XII საუკუნის განმანათლებლების – ძმები ათონელების, იოანე პეტრიწის, ეფრემ მცირის, იოანე ტარიჭისძის, არსენ იყალთოელისა, თეოფილეს და სხვათა მეშვეობით.

ენობრივგლობალისტიკური საწყისები ძველ ქართულ ენაში და სხვადასხავა ერების სამეცნიერო ენის განვითარება ბევრადაა დაკავშირებული ძველბერძნულ ცივილიზაციასთან. გამოვყოფთ ძველბერძნულ და ლათინურ სამეცნიერო (ფილოსოფია, ეთიკა, ფიზიკა, ასტრონომია, მათემატიკა და სხვ.) და საეკლესიო ლიტერატურას. ამ ენებზე იწერებოდა მსოფლიოს შედევრები (არისტოტელე, პლატონი და სხვ.) იქმნებოდა მართლმადიდებლური საეკლესიო ნაწარმოებები. სხვადასხვა ერების თვალსაჩინო სწავლულები თარგმნიდნენ და იყენებდნენ მსოფლიო ცივილიზაციის მეცნიერულ შედევრებს. ელინისტური და ბიზანტიური პერიოდიდან იწყება მცირე აზიისა და შემდეგ კი შუა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამეცნიერო ენობრივი განვითარება. ეს ქვეყნები იყენებდნენ და იყენებენ იმ სამეცნიერო ტერმინოლოგიას, რაც დანერგილი იყო ძველბერძნულ და ლათინურ სამეცნიერო ძეგლებში. სწორედ ძველბერძნული და ლათინური ენებია ენობრივგლობალისტიკური საწყისი ენები. ცნობილია: ენები ჩნდებიან და იკარგებიან დროთა განმავლობაში. მაგალითად, ლათინური ენა – ენობრივი გლობალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლური ფენომენი კარგა ხანია მკვდარი ენაა. მას მხოლოდ ძალზე ვიწრო გამოყენება აქვს (მედიცინა, ფარმაცევტია, მათემატიკური ასო-ნიშნები და სხვა). ოცი-ოცდახუთი საუკუნის წინანდელ ენობრივ რეალიებში, საქართველოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც პირველად ჩაიყარა ენობრივი გლობალიზაციის მარცვალი. განვიხილოთ, თუ როგორ ვითარდებოდა ეს პროცესი. საამისოდ ჯერ განვმარტოთ ქართული დამწერლობის საწყისი ეტაპი, გავარკვიოთ თუ რას ეფუძნება ჩვენი დასკვნა ოცდახუთსაუკუნოვანი ქართული ენის საწყისის შესახებ. დავიმოწმებთ ერთ-ერთი პირველწყაროს (“მითოგრაფი გრეცი”; III,2; რედაქტორი ნ. ფესტა ტეუბნ. ლიპსი, 1902წ.), რომელიც გამოიყენა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ა. ურუშაძემ (ა. ურუშაძე. “ცნობა კოლხური დამწერლობის შესახებ”. წიგნში: “ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებებში”, თბ. 1964 წ. 150 გვ,). ამ წყაროების მიხედვით ჰალეფატეს (ცხოვრობდა ძვ. წელთაღრიცხვის მესამე-მეოთხე საუკუნეში). თხზულების მიხედვით უცნობი ავტორის მიერ წარმოდგენილ ტექსტში (“ოქროს საწმისისათვის”) წერია: “კოლხეთში დაცული (ტყავი) ნამდვილად ოქროს საწმისი კი არ იყო (ეს პოეტური მონაჭორია), არამედ ტყავზე ნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით”. დავიმოწმოთ იოანე ანტიოქიელი (ახ. წელთ. VII ს): “იასონმა და მისმა მხლებლებმა პონტოს გზით კოლხეთს მიღწეულებმა, მოიპოვეს მედეა და, ეგრეთ წოდებული, ოქროს საწმისი. ეს ისე კი არ იყო როგორც პოეტურად გადმოგვცემენ, არამედ წიგნი (იყო) ტყავებზე ნაწერი, შემცველი იმისა თუ ვით უნდა გაკეთდეს ოქრო ქიმიის საშუალებით”1.

მეტად მნიშვნელოვანია სხვა ბერძნების უძველესი ცნობები კოლხური დამწერლობის არსებობის შესახებ იმ პერიოდში, როდესაც კრეტა-მიკენის კულტურა აღმავლობის ზენიტში იმყოფებოდა. კერძოდ, აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკის” მეოთხე წიგნში აღნიშნულია, რომ აია-კოლხეთში დღესაც აქვთ “შენახული თავიანთ მამაპაპათაგან ნაწერი კვირბები (კირბები, იგივე “კირიბიში” – მეგრულად ბატკნისა), რომელზედაც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი”2. აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” მოთხრობილი გამოიყენეს ძველ კოლხეთში დამწერლობის არსებობის დამადასტურებელ მასალად მ. ჯანაშვილმა, მაქს. ბერძენიშვილმა, ა. ურუშაძემ და სხვებმა. ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა კარლ რიტტერმა კი დაასკვნა, რომ “სქოლასტების მიერ აპოლონიოს როდოსელის მოთხრობის ამ ადგილის ახსნით აშკარად ჩანს, რომ ადგილის კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივი არ შეიძლება მიეწეროს მცირე აზიის ბერძნებს. მას ბევრად ადრე იყენებდნენ კოლხი ვაჭრები” (კ. რიტერის ლექციები ბერლინის უნივერსიტეტში. თარგმანი გერმანულიდან რუსულად ნ. ბაკსტის რედაქციით, სანკტ-პეტერბურგი, 1864წ, 52გვ) ამ ფაქტებიდან ჩანს, რომ ძველ ქართულ სამყაროში უკვე არსებობდა დამწერლობა, გამოგონებული იყო კარტოგრაფიული მეთოდი, შედგენილი ჰქონდათ საზღვაო-სანაოსნო რუკები (ცხადია, წარწერებით, სპეცნიშნებით და სხვა). ზემოხსენებულის შედეგად დავასკვნით:

დასკვნა 1. ენობრივგლობალისტიკური საწყისებისათვის ქართული არეალი მეცნიერულად მომზადებული იყო, რადგანაც საქართველოს გააჩნდა საკუთარი დამწერლობა, კარტოგრაფიული ხელოვნება, ოქროს მრეწველობა, ქიმიური დამუშავების მეთოდები და ყველაფერი ეს წერილობით აღწერილი იყო ქართულად.

ამრიგად, ევროპულ და ჩრდილო ამერიკულ (აშშ, კანადა) სახელმწიფოებზე თითქმის ოცი საუკუნით ადრე საქართველო მომზადებული იყო ქართული მეცნიერული ენის განვითარებისათვის და გლობალურ ენობრივ არეალში ადგილის დასამკვიდრებლად.

მეხუთე-მეთორმეტე საუკუნეების ენობრივი გლობალისტიკის ზოგიერთი საკითხი
1. V-VII საუკუნეების “ხანმეტი ტექსტების” თარგმანები. ხანმეტი ოთხთავის (მეხუთე-მეშვიდე საუკუნეები, სახარებაი მათესი) დამოწმებულია დღეს ასე ფართოდ გამოყენებული სიტყვები, როგორიცაა ერი (“მიხდევდა მას ერი მრავალი”. მ. 12,15; “ეტყოდა ერი”, მოსე, 13,14 და სხვ.), მეცნიერება (“დახმალეთ კლიტენი მეცნიერებისაი” ლ. 11,52); ბრძანება, ბეჭედი, დანერგვა, ვერცხლი და სხვა;
2. X-XI საუკუნეები (“იოვანე ოქროპირის ცხოვრების” თარგმანები). თარგმანი შეასრულა გიორგი ალექსანდრიელმა (ცხოვრობდა VIIს). ამ თარგმანის საფუძველია 968 წლის პალესტინის ხელნაწერი. მასში ვპოულობთ ორი კატეგორიის ტერმინებს:
ა) წმინდა ქართულ სამეცნიეროს: ძიება, მოღვაწეობა, ჟამი, ფასი, განჩინება, ვასხება (სესხება-რ.ბ.), ვახში (მევახშეობა-რ.ბ.), ძრვა (მოძრაობა), ჯერ-ჩინება (საჭიროდ ჩათვლა), მნე (მეურნე), ერგასი (ორმოცდაათი), დაბეჭდვა (ორი გაგებით: გამოსახვა და დამტკიცება, სიტყვის დასრულება), დასტური, საჩინო (შესამჩნევი), ურვა (ზრუნვა), ცდომილება (შეცდომა), შეჭურვა (შეიარაღება) და სხვები;
ბ) უცხოურ კალკებს (ბერძნულიდან ნასესხებ სიტყვებს): იკონომოსი, ვიკონომოსი (თანამედროვე გაგებით ეკონომია, ეკონომიკა); კანონი, ლიტრა (ფულის ერთეული), მილიონი (მანძილის ერთეულის მნიშვნელობით, ათასი ნაბიჯი. საინტერესოა, რომ იტალიურად მილიონი, მილა ნიშნავს ათასს, მილალირა არის ათასი ლირა), სქემა და სხვები.
3. X საუკუნე (ბასილ კესარიელის “სწავლათა” ეფთვიმე ათონისეული თარგმანები”). ბასილი კესარია-კაბადოკიელი ცხოვრობდა მეოთხე საუკუნეში. ზოგიერთი მეცნიერის ჰიპოთეზით დიდი ბასილი ქართველი იყო (იხ. ელგ. ხინთიბიძე, სსსრ მეცნ. აკადემიის “მოამბე” #3, გვ125-151). დიდმა ქართველმა სწავლულმა და განმანათლებელმა ეფთვიმე ათონელმა ქართულ სამეცნიერო ლექსიკაში პირველად შემოიტანა ბერძნული სიტყვები (არე, მარგალიტი, მელანი, ნავთი, პაპა (წინაპარი), ტალანტი, ქარტა, ფისი, მანქანება, მილიონი და სხვები), მანვე დანერგა შესანიშნავი ქართული სიტყვები: მწყობრი, ძალი (ძალა), შ(უ)რომა (შრომა), ზომა, მთავრობა (პირველობა, ბატონობის გაგებით), აზნაური (თავისუფალი), აზნაურება (თავისუფლება), სავაჭრო, საეჭვო და მრავალი სხვა, აგრეთვე შესანიშნავი სიტყვათშერწყმები: დღეკეთილი (ბედნიერების, სიხარულის, წარმატების განმსაზღვრელი სიტყვა), ტაბლაკეთილი (სტუმართმოყვარე), ოქროქსო(ვ)ილი, ნუგეში(ნი)სცემა;
4. XIIს. (“ამონიოს ერმისის თხზულებანის” თარგმანები). V – ს. ბერძენი ფილოსოფოსი ამონიოს ერმისი (დაიბადა 445წ. გარდაცვალების წელი სავარაუდოდ არის 517 ან 526 წწ). ბიზანტიური (ბერძნული), ალექსანდრიული, ნეოპლატონური სკოლის მეთაური იყო. მისი მეცნიერული მსოფლმხედველობის ერთ-ერთი პირველი დანერგვა Qქართულ სააზროვნო სინამდვილეში ათიოდე საუკუნით ადრე საქართველოში მოხდა, ვიდრე ცენტრალური სკოლის მეთაური გახდებოდა. მთარგმნელის ვინაობა დადგენილი არ არის. კორნელი კეკელიძის აზრით, მთარგმნელია იოანე ტარიჭისძე. იგი მოვიდა ათონის აკადემიიდან, ცხოვრობდა დავით აღმაშენებლის დროს (1089-1130წწ.), ი. ლოლაშვილმა და ს. გორგიძემ სავარაუდოდ გამოთქვეს, რომ მთარგმნელია იოანე პეტრიწი. ამასთან, “ქართლის ცხოვრების” ტექსტის მიხედვით დავით აღმაშენებლის ზეობის ეტაპზე ცნობილი განმანათლებლები იყვნენ ეფრემ მცირე, თეოფილე, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭისძე. ეს სია მოხსენიებულია სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებში. არსებობს ცნობა, რომ იოანე პეტრიწმა თარგმნა “კატეღორია” არისტოტელისა და წიგნი ამონიოს ერმისისა. ა. ერმისის თხზულებათა თარგმანების ავტორმა ერთ-ერთმა პირველმა, დიდი როლი შეასრულა ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიის შემუშავებისა და დახვეწის მხრივ. ამ “თხზულებებში” მოტანილი ტერმინობრივი მასალა (“ამონიოს ერმისის თხზულებანი ქართულ მწერლობაში”, გამომც. “მეცნიერება”, გამოსაცემად მოამზადეს ნათელა კეჭაღმაძემ და მაია რაფავამ, ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, 1983წ) შეიძლება სამ კატეგორიად დავალაგოთ.

პირველი კატეგორია – ენობრივ გლობალისტიკური ელემენტები ბერძნულიდან ძველ ქართულ ენაში, რომლებიც დანერგილია XII საუკუნიდან: ანალიტიკა (“ანალიტიკა”), არსი (ბერძ. “არსია”), ართრონი (ბერძნ. “აირთრონ”), აირი (ბერძ. “აირ”), არტერია (ბერძ. “არტერია”), დიათესი (დიათესი), დრამატიკოსი (“დრამატიკოს”), ეტიმოლოგია (“ეტიმოლოგია”), კანონი (“კანონ”), კატოღორიაი (კატეგორია – “კატეღორია”), მათემატიკოსი; მათემატიკა (“მათემატიკოსი”), სოფისტიკა (“სოფისტიკოს”), სფერო (“სფერა”) სქეტიკი (“სქეტიკოს”), სქესი (“სხესი”), ფილოსოფოსი (“ფილოსოფოს”) და მრავალი სხვა.

მეორე კატეგორია – ქართული მეცნიერული ტერმინები ძველ ქართულ ენაში. ენობრივი გლობალისტიკის ძირითადი დანიშნულება მისი ყველა ენაში შეჭრა და განვრცობა თვითმიზანი არ არის. როდესაც ამა თუ იმ ენას ახალი მოვლენის, მოწყობილობის, მეთოდი აღმნიშვნელი ცნება-ტერმინის ეკვივალენტი არ მოიპოვება, ბუნებრივად ხდება ახალი ტერმინების სესხება ენის ნორმების დაცვითა და ენობრივი პოტენციალის გათვალისწინებით.

მესამე კატეგორია – ძველი ქართული ტერმინები, რომლებსაც დღესაც არ შეუცვლიათ ცნებითი არსი: არსებისზედაი (თანამედროვე ტერმინით არაარსებითი, არაძირითადი), ასოი (ელემენტი, მატერია; შემადგენელი ნაწილი), აღსიტყვაი (შესაბამისობა), აღსიტყვითი (ასახული: აღბეჭდილი), აჩრდილისსახე (მოჩვენებითი; ლანდეული), ბოლო (მიზანი: შედეგი), გათითოფერება (ურთიერთ დაცილება, განცალკევება – რ. ბ.). გამოკულევაი (გამოკვლევა), გამომაჩინლებლობითი (მტკიცებითი), გამოჩინება (დედუქციური მტკიცება), გამოცდილება, განგებულებითი (განგებულება, ეკონომიკა; იხ. აქვე სასასხლისსჯულობითი), განყენებული, განჩენა (განმარტება, გადმოცემა), განჩინებითი (მტკიცებითი), გარდამეტობა (მეტობა), გარდაქმნა, გაუდრეკელი, დანიშვნა (მნიშვნელობა), დანიშნულობითი, ექვსკუთხი (ექვსკუთხედი; თანამედროვე ენობრივგლობალისტიკით: ბერძნულად – ექსაგონი), ზედმიწევნულობა (მეცნიერება; ზედმიწევნითი; დაწვრილებით), ზედმოგონება (წარმოდგენა), ზედსახელობა, ზედწარწერა (სათაური; სახელწოდება), თანშეთხზული, შეკავშირებული), თანხმევა (შესაბამისობა), კერძოი, კერძოობითი (კერძო; კონკრეტული), (კუთხი კუთხე), მამული (ბერძნულად “პატრია”), მეტყველება, მენცავი (მცოდნე; გამგები; მეგრულად მენცარი არის მეცნიერი), მეხრიკეობა (საშუალება, ღონისძიება), მიმოცვლა, მისაზრება, მიუმთხვევლობა (შეცდომა, ნაკლი), მოგება (შეძენა), მომრგვალებული (წრე), მოურნე (მფარველი, მცველი), მოურნეობითი (განმგებლობითი), მოძრავი, მრვალწილება; მრავალწილ-ყოფა (გამრავლება), მუცელწინაობა (ღიპიანობა), მცოდვობა (მცდარობა; შეცდომის დაშვება), ნივთი, ნიშანი, ორძება (აღორძინება), ორწილი, ორწილობა (ორმაგი; გაორმაგება), რიცხვ (რიცხვი), რიცხვსშორისი (აღრიცხული), რწმუნებაი (რწმენა; დაჯერება), საგები (შესაძლებლობა), საზოგადო, საზრი (მიზანი), საზღვრობაი (საზღვრის დადება), საკუთარი (ჭეშმარიტი; ნამდვილი), საკუთარი მატერია (საგანი; თავისთავადი მატერია), საკუთარი ჩვენება (თავისთავადი მტკიცება), სახე (დღესაც სახის გაგებითაა: ფორმა, ფიგურა, სახეობა, ხასიათი, ჟანრი), საჯეროი (სარწმუნო; დასაჯერებელი), სიგრძე, სიდიდე, სიმართლე, სივაკე (სისწორე), სიმკაცრით (მათემატიკაში: სიზუსტით), სიმრავლე, სიმძიმე, სისწორე, სიტყუაი (მნიშვნელობები: მსჯელობა, აზრი, შინაარსი, ხმა, ბგერა, მეტყველება), სამყური, სამძგიდი (სამკუთხედი), სიტყვისმოქმედნი (თანამედროვე გაგებით: ტერმინოგრაფი-რ. ბ.), სიტყვისყოფა (ლაპარაკი), სხვაობაი, ტრფიალებაი, ტყუილი, უბუნებიერესი (ბუნებრივი), უზენაესი (უმაღლესი; უდიდესი), უსახოი, უსწორო (არატოლი), უღონისძიებო, უძალობაი (ძალისარქონა), უწყებაი, ქადაგი (მაუწყებელი), ქვებურობაი (გრძნობათაღუძვრელობა, იმპოტენცია), ქმნაი (შექმნა, წარმოშობა), ყანობირი (ყანა), ყოფაი (ყოფა, არსებობა), შემეცნებაი, შემსგავსება (შეხამება), ცოდნაი, ძალი (შესაძლებლობა, პოტენცია, აზრი, მნიშვნელობა), ძარღუ (ძარღვი), ძიებაი, ძუელნი (წინაპრები), წადიერებითი (სურვილის აღმძვრელი), წესი (ადგილი; თანამდებობა, რიგი), წიგნი, წინაბგერა (წინათქმა წიგნისა), წინათქუმაი (წინასიტყვა), ხელოვანი (ოსტატი, ხელოსანი), ხელოვნება (საქმიანობა, ოსტატობა; დღევანდელი გაგებით: ბიზნესი; მეწარმეობა), ჯეროვნად და მრავალი დღესაც ხმარებული სხვა ტერმინი.

ამ მოკლე სიტყვარით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ სულხან-საბა ორბელიანამდე ხუთი საუკუნით ადრე პერტიწონის სკოლის სწავლულებმა ჩამოგვიყალიბეს სამეცნიერო ტერმინოლოგია და აქ მოტანილი ტერმინების უმრავლესობა გამოყენებულია სულხან-საბას “ლექსიკონი ქართულში” (შექმნა 1785-1825წწ) ზემოთ მოყვანილ ტერმინთა სპექტრის განხილვიდან გამომდინარეობს

დასკვნა 2: ევროპულ და ჩრდილო ამერიკული ერების ენებთან შედარებით ქართული ენა ათას ხუთასი წლის მანძილზე არსებითად არ შეცვლილა, მაშინ, როდესაც სხვა ენები (სლავური, გოთური და სხვ) შეიცვალა ამ უკანასკნელი 4-5 საუკუნის განმავლობაში.

პურიზმი ანუ ენობრივი გლობალისტიკის უარყოფის მცდელობა

ძველქრთულ ენაში პეტრიწონის სკოლის წარმომადგენლები (მე-12 საუკუნე) იმთავითვე შეეცადნენ სამეცნიერო ტერმინოლოგია ანუ მეცნიერებათა დარგების ტერმინები და ტერმინოლოგიური გამოთქმები მხოლოდ ქართული ყოფილიყო. ქვემოთ ვნახავთ, რომ წმინდა ქართული ბუნების ტერმინები ქართული ფუძის სიმარტივისა და სემანტიკური გამჭვირვალობის მიუხედავად დროთა ვითარებაში, საუკუნეების შემდეგ, დარგობრივმა მეცნიერებამ და ენათმეცნიერებამ უკუაგდო. მოვიტანოთ მაგალითები მეცნიერების დარგებისა და მიმართულებების სახელწოდების ტერმინებზე: აღლევითი – (შემდგომ ეპოქებში დაინერგა როგორც ანალიზი), აღმლეველი (ანალიტიკოსი), აღსიტყუაი (ანალოგია), ბუნებაი (ფიზიკა), ბუნებათმეტყველებითი (ფიზიოლოგია), ბუნებითი (ფიზიკური, მატერიალური), ბუნებითი საქმე (ფიზიკური საგანი), ბუნებითი სხეული (ფიზიკური სხეული), განვლაი (რადიუსი), განრემზომი (დიამეტრი), განრემზომობაი (დიაგონალი), დადებაი (სინთეზი), ერთსახელი (სინონიმი), ზედმიწევნულობაი (მეცნიერება), ზღაპარმეტყველება (მითოლოგია), თანასახელი (სინონიმი), თანშეტყუება (ანალოგია), თესლი (ბერძ. “სპერმა”, თესლი შეიძლება იყოს მცენარისა), იგივე სახელი (სინონიმი), მეღორეობაი (მეთოდი), მოქალაქეობითი (პოლიტიკა), მოქმედებითი (პრაქტიკული ფილოსოფია), მრიცხუელობითი (მათემატიკა, როგორც თეორიული ფილოსოფიის დარგი), მხოლოდ (ბერძნულად “მონო”), ნათესავმეტყველებაი (გენეალოგია), ნაკუეთი (ფიგურა), ნიშნიანი (სემანტიკოსი), ნიშნოვნობითი (სემანტიკა), სამოქალაქოი (პოლიტიკა), სამოქალაქო ფილოსოფოსი (პოლიტიკოსი), სასახლისჯულოი (ბერძნ. “ოეკონომიკოს”, ეკონომიკა), საჩუეულებოი (ეთიკა), სახელმოდგამი (პარონიმი), სახილავი (თეორია), სახლისსჯულებითი (ეკონომიკა), სიტყვიერი (ლოგიკური), სიტყვიერებითი (ლოგიკა), სიტყვითი (ლოგიკა), სწავლულებითი (მათემატიკა, ძველად როგორც თეორიული ფილოსოფიის დარგი), ქუეყანისმზომელბაი, ქვეყნის მზომილება (გეომეტრია), ღირსებაი (აქსიომა), ღონისძიებაი (მეთოდი), შიმადგინებელი (სტატისტიკოსი), შეცულებაი (პერიფერია), შეწყობაი (ჰარმონია), ძალი (დინამიკა) და სხვები. ამრიგად ჩამოვაყალიბეთ

დასკვნა 3: მეცნიერების განვითარება ენათმეცნიერებაზე გადის და ამიტომაც, ენის განვითარება მარტო ერთი ქვეყნის ფარგლებში კარჩაკეტილობას იწვევს. დროთა ვითარებამ გვიჩვენა, რომ ეს კარჩაკეტილობა ანუ ენობრივი ანტიგლობალიზმი (პურიზმი) უპერსპექტივოა.

ძველქართულში ენობრივი გლობალისტიკისათვის შემოთავაზებული და საუკუნეებში უარყოფილი ტერმინები

სიტყვების დანერგვა სხვადასხვა ქვეყნებში მათი გამოყენების პროპორციულია. ამიტომ ადგილობრივ, კერძოდ, ქართულ ენაში უცხოური ტერმინების ხელოვნური შემოტანა ქართული სიტყვების გვერდით ავლით უმეტესწილად, ცხადია, არ ხერხდებოდა. მაგალითად, მე-12 საუკუნიდან არ დაინერგა ტერმინები: ევთაი (ბერძნ. ??ევთია” ქართულში დაინერგა როგორც რადიუსი), ელატი (“ელატიკ”, დაინერგა როგორც მდევარი, გამრეკავი), ენსტასი (“ენსტასიკ”, დაინერგა როგორც დებულება), ეპეიფანია (“ეპიფანეია”, ზედაპირი), ზმილი (“სმილიო”, დანა; ლანცეტი), ილისტიკი (თარაზო), პიდალიონი (“პიდალიონ”, ნიჩაბი), პიკტი (“პიკტიკ” – ფალავანი), პნევმატოსი (პნევმატოს – გრამატიკაში: ფშვინმვა, ასოთა ამოთქმაში), პროტასია, პროტასი (“პროტასიკ”-წინადადება), პროფორიკონი სიტყუაი (“პროფორიკოს ლოგოს” – ნათქვამი სიტყვა, გამონათქვამი), პტოსი (“პტოსიკ” – ფლექსია), პურეიონ (“პურეიონ” – კაჟი), რიმა (“რიმა – ზმნა, პრედიკატი), როპი (“როპი – მიდრეკილება; უნარი), სირაი (“სეირა” – სერია; წყება), სიმპერაზმაი (“სუმპერაზმა” – მსჯელობა; დასკვნა), სქეტიკი (“სხეტიკოს” – განმამტკიცებელი, დამცველი), ხრონოი (ხრონოს” – დრო) და ა.შ. ამ სიტყვარით შეუძლებელია გავიგოთ მარტივი წინადადება, რომელიც ასე გამოისახება: სიმპერაზმაით პროფორიკონი სიტყუაი პროტასაი არის ეპიფანიაზე ევთაიას ზმილით დაჩნევა – მისი “თარგამანია”. მსჯელობით გამონათქვამი წინადადებაა: ზედაპირზე დანის წვერით რადიუსის გამოხაზვა. ძნელი წარმოსადეგია ამგვარი ბერძნულ-ქართული სიტყვებით მთელი წიგნის ან ნაშრომის დაწერა და გაგება.

დასკვნა 4. ქართული ენით აღწერილი საგნისა და მოვლენის მრავალმხრიობამ და ქართული სიტყვების მნიშვნელობათა მრავალასპექტურმა შესაძლებლობებმა იმთავითვე განდევნეს ისეთი უცხოური სიტყვები, რომელთა ეკვივალენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში იხმარება.

ენობრივ-გლობალისტიკური საწყისების სხვა წყაროები

სულხან-საბა ორბელიანმა (ცხოვრობდა 1758-1825 წწ.) თავის ფუძემდებლურ ტერმინოლოგიურ ნაშრომში “ლექსიკონი ქართული” (შექმნა 1785-1825 წწ.) შეიტანა მეცნიერებისთვის ცნობილი ტერმინები: კანონი, ნივთი, ფასი (ბაჰსი-დან), ნიშანი, მუშაკი, პატრონი, მილიონი, ნავთი, ხაზინა და ა.შ. მეორე დიდმა ლექსიკოგრაფმა ნიკო ჩუბინაშვილმა (1788-1845 წწ.) თავის “რუსულ-ქართულ ლექსიკონში” (შექმნა 1812-1832 წწ.) შეიტანა დღეს უკვე ენობრივ-გლობალისტიკური ეპოქის კომპიუტერულ მეცნიერებაში გამოყენებული ტერმინები: პაკეტი, ფორმატი, ტაბელი და მრავალი სხვა.

კომპიუტერულის სატერმინო სიტყვები “ხანმეტ ტექსტებში”

ცნობილია, რომ კომპიუტერი მუშაობს მრავალი ნულებისა და ერთიანების მრავალრიცხოვანი საკომპიუტერო პროგრამით, წინასწარ განსაზღვრული ციფრული კომბინაციებით. Aმასთან, სრულდება ოთხი ელემენტარული მათემატიკური ოპერაციით: შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. ამის გარდა, კომპიუტერი იყენებს რიცხვების ძვრას მარჯვნივ ან მარცხნივ. ამრიგად, ამ ურთულესი კომპიუტერული სისტემის მოქმედება დაიყვანება რამდენიმე არითმეტიკულ ოპერაციაზე (თანამედროვე მანქანებში მხოლოდ ორი ოპერაცია ხორციელდება – მიმატება და ძვრა, ძვრა მარჯვნივ ან მარცხნივ). ამრიგად, ეს ოპერაციათა ნაკრები არის კომპიუტერული არითმეტიკულ-ლოგიკური ენის ბაზისი. ამ ენაში მიმატება გამოიხატება სიტყვით “ან”, გამრავლება სიტყვით “და”, უარყოფა – სიტყვით “არა”, ოპერაცია ძვრა სიტყვით – “ძვრა”. გაყოფისას (სკოლაში ნასწავლი კუთხით გაყოფის მიხედვით) ხდება რიცხვის ძვრა მარჯვნივ, ხოლო გამრავლებისას – მარცხნივ. ამ ათიოდე წლის წინ შევნიშნეთ, რომ მეხუთე საუკუნის “ხანმეტი ტექსტები”, კერძოდ, სახარების ტექსტი შეიცავს საკომპიუტერო სიტყვებს, რომლებმაც შემდგომი თხუთმეტი საუკუნის შემდეგ მიიღეს ტერმინობრივი დატვირთვა. ეს სიტყვებია: მიმატება (შეკრება), მცირე (შემცირება, გამოკლება), განყოფაი (გაყოფა), გამრავლებაი (გამრავლება) და ძვრაი (ძვრა). ამის შემდეგ ადვილი შეიქმნა სახარების ტექსტების ლოგიკური საკომპიუტერო სქემების აგება (იხ. რ. ბერულავა, ი. ქვაჩახია გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის არითმეტიკულ-ლოგიკური სატერმინო სიტყვები “ხანმეტ ტექსტებში” (წარმოადგინა აკად. შოთა ძიძიგურმა). სსრ მეცნ. აკადემიის “მოამბე”.ტ. 137, #2,1990 წ.). ზემოთ თქმულთან დაკავშირებით შეიძლება გამოვიტანოთ

დასკვნა 5: ბიბლიის ტექსტების ანალიზი ყოველი თაობის ადამიანებს არა მარტო სულიერ სიძლიერეს, ღვთისმეტყველების სიყვარულსა და ღმერთთან მიახლოების გრძნობას აღუძრავს, არამედ დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა და პრაქტიკული გამოყენება აქვს მეცნიერებაში და ყოფაცხოვრებაში.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial