სამყაროს მომავალი ევროპაა

მოამზადა ამბროსი აგრიშიკაშვილმა
2006 წლის 1 იანვრიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარე ავსტრია გახდა. სავარაუდოა, რომ მარტის სამიტზე კავშირის წარმომადგენლები იმსჯელებენ იმ გზებსა და მეთოდებზე, რომელთა დახმარებითაც ამჟამად გარკვეულ სტაგნაციაში მყოფი ევროპა თავს დააღწევს კრიზისულ მდგომარეობას და დაჩქარებულად განვითარდება. მოსალოდნელია, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად სკანდინავიური მოდელიც განიხილონ. ამ კუთხით ინტერვიუ კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ინტერვიუ, რომელიც პოლონურ ჟურნალ “პოლიტიკაში დაიბეჭდა, გამოჩენილ ამერიკელ პოლიტოლოგსა და ეკონომისტს ჯერემი რიფკინს ეკუთვნის. იგი მართვისა და მენეჯმენტის მსოფლიოში ცნობილი ვარტონის სკოლის (Warton School) პროფესორია. რიფკინის მიერ წამოჭრილი თემები ძალიან ხშირად ცხარე დებატების საგნად ქცეულა. მაგალითად, თავის წიგნში – “შრომის დასასრული, იგი ასაბუთებს, რომ ვინაიდან შრომა უკვე გახდა პრივილეგია, მალე შეიქმნება საზოგადოება, სადაც მომუშავეთა რაოდენობა შემცირდება.
დავა გამოიწვია მისმა თეზამ იმის შესახებაც, რომ არც ისე შორეულ მომავალში ადამიანებს ერთმანეთისაგან განასხვავებს არა საკუთრება, არამედ ის, თუ ვის როგორ მიუწვდება ხელი ცოდნაზე, ინფორმაციაზე, ტექნოლოგიებზე, რამდენად ხელეწიფებათ, გავლენა მოახდინონ სამეურნეო და საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტაზე.
“წყალბადის ეკონომიკაში მეცნიერი ხატავს საზოგადოების დრამატულ ენერგეტიკულ კრიზისს და სახავს ამგვარი სიტუაციიდან გამოსვლის გზებს.
ბოლო წიგნში – “ევროპული ოცნება, რომელიც შარშან გამოიცა, რიფკინი ასაბუთებს, რომ ცხოვრების ამერიკული წესი უკვე დრომოჭმულია და მომავალი ევროპას, ევროპული ცხოვრების მოდელს ეკუთვნის. ამგვარმა პროგნოზებმა ევროპაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, რადგან “ბებერი კონტინენტის გარკვეულ წრეებში ჯერაც შემორჩენილია ამერიკული კომპლექსი და ამერიკული კულტი.
თუმცა ბევრმა მხარი დაუჭირა რიფკინის ამ მოსაზრებებს. მათ შორის არიან, მაგალითად, ბრიტანელი მარკ ლეონარდი, ევროპული რეფორმების ბრიტანული სამეცნიერო ცენტრიდან, ავტორი წიგნისა “ევროპა – XXI საუკუნის ლიდერი და ამერიკელი თეოდორ რეიდი “The Washington Post-ის ევროპელი კორესპონდენტი, ავტორი ნაშრომისა – “ევროპის შეერთებული შტატები.
კორესპონდენტი: როგორ მოხდა, რომ წმინდა წყლის ამერიკელმა ევროპული ცხოვრების წესზე დაიწყო ოცნება?
რიფკინი: ამერიკული ოცნებები უკვე აღარ არსებობს. არადა, მათ სწორედ ეს აკავშირებდათ ერთმანეთთან და არა კონსტიტუცია ან უოლ-სტრიტი. სამყაროს ახალი ოცნებები სჭირდება, ასეთი ადამიანები კი ევროპაში იწრთობიან.
კორესპონდენტი: ესე იგი, ოცნებები ნამდვილად აღარ არსებობენ?
რიფკინი: ცნობილია, რომ ამერიკაში ცხოვრება ყოველთვის მყარი იყო. ადამიანები ცდილობდნენ, თავი თავადვე ერჩინათ. აქ შედარებით ნაკლები იყო ერთმანეთის გაგება და დანდობა, მაგრამ ყველას სჯეროდა, რომ ეს ნამდვილად იყო უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა. თუ მუშაობდი, თუ განათლებული, ინტელიგენტი იყავი, ნამდვილად შეგეძლო ყველაფრის მიღწევა.
კორესპონდენტი: მილიონერი მეწაღეობიდან…
რიფკინი: ამ მოდელმა მართლაც დიდხანს იმუშავა. მე თავადაც სიღარიბეში გავიზარდე, ჩიკაგოს ღატაკთა უბანში. ქარი გვიქროდა ჯიბეში, მაგრამ შეძლებულიც და ღარიბიც დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე მილიონერი გახდებოდა. პირადად მე ეს ოცნება ამიხდა.
კორესპონდენტი: მაშ, რატომღა აყენებთ ეჭვქვეშ ამერიკული ცხოვრების წესს?
რიფკინი: იმიტომ, რომ დღეს ამერიკა უკვე სხვაგვარია. როდესაც ცხოვრებას ვიწყებდი, მაშინ ამერიკა თანასწორუფლებიანი ადამიანების სამშობლო იყო, განვითარებული ქვეყანა, სადაც მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ცხოვრობდა. დღეს უკვე შემოსავლების თანასწორობის მაჩვენებლებით 24-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის (OECD) ქვეყნებს შორის მხოლოდ მექსიკასა და რუსეთს აქვთ ამ მხრივ უფრო უარესი მაჩვენებლები. გასაკვირი როდია, რომ ჯერ კიდევ ამერიკელების ნახევარს სჯერა ამერიკული ოცნებების. თანადათან იკარგება ის, რაც ჩემს თანამემამულეებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ისეთი ძლიერი დამაკავშირებლის გარეშე კი, რომლისაც ამერიკელთა უმრავლესობას სჯერა, შეუძლებელია, ქვეყანა ჯეროვნად არსებობდეს. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ამერიკელთათვის, მოვიძიოთ ის გამაერთიანებელი, რომელსაც არა ჩვენ, არამედ ატლანტიკის გაღმა, ევროპაში ჩაუყარეს საფუძველი.
კორესპონდენტი: რაში მდგომარეობს განსხვავება?
რიფკინი: განსხვავება ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ამერიკელთა ოცნებაში წარმატება ინდივიდუალურია. ერთნი იგებენ, ხოლო მეორენი ყველაფერს კარგავენ. ჩვენ საზოგადოებიდან ვრიყავთ წარუმატებელთ, ხოლო თუ არ დაგვემორჩილებიან, ციხეში ვამწყვდევთ. თქვენ კი ცდილობთ, საზოგადოების ყველა წევრი შრომაში ჩართოთ. ცხოვრების ჩვენს მოდელში ამერიკული კულტურის უზენაესობა ეჭვგარეშეა. ევროპულ მოდელში ყოველ კულტურას აქვს რაღაც საინტერესო და სხვისთვის გასაზიარებელი. ამერიკაში მხოლოდ სიმდიდრეს აქვს ფასი. ევროპაში – ცხოვრების ხარისხს. ამერიკულ სამყაროში ძლიერი, ანუ ამერიკელია მართალი. ევროპაში- ყველას თავისი სიმართლე აქვს.
კორესპონდენტი: მაგრამ ეს ხომ ასე არ არის.
რიფკინი: ცხადია. ამერიკაში ყველა როდია მდიდარი, მაგრამ ყველა ოცნებობს გამდიდრებაზე. ევროპაში კი ყველა როდი ცხოვრობს კარგად, მაგრამ ყველა ამაზე ოცნებობს. როდესაც ამერიკელს ეკითხები, რაზე ოცნებობს, გიპასუხებთ, რომ გამდიდრებაზე. მაგრამ, როდესაც ევროპელს იგივე შეკითხვას დაუსვამ, 10-დან 9 შემთხვევაში გეტყვით, რომ სურს უკეთესი ცხოვრება. ამერიკაში ამას ვერ გაიგებთ. ცხოვრების ხარისხი ევროპული ოცნებების უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
კორესპონდენტი: და ეს, თქვენი აზრით, ასეთ პრინციპულ განსხვავებას ქმნის?
რიფკინი: ძალიან პრინციპულს. სიმდიდრე პირადი მიზანია, ცხოვრების ხარისხი კი უფრო საზოგადოებრივი მიზანი შეიძლება იყოს. მისი მიღწევა შეუძლებელია ინდივიდუალურად. ყოველი ამ ოცნებათაგანი სრულიად განსხვავებულ ფილოსოფიას ეფუძნება. თუნდაც ძალიან მდიდარი იყო, ვერ გექნება ცხოვრების მაღალი ხარისხი, თუ ქუჩა, სადაც ცხოვრობ, იქნება დანაგვიანებული, გადათხრილ-გადმოთხრილი და საშიში, გარემო მოწამლული, მდინარეები დაბინძურებული, ტყეები გაჩეხილი. ევროპელები ამ ყველაფერს უფრო ამჩნევენ და გრძნობენ, ვიდრე ამერიკელები. ამერიკელი მშობლები ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი. ევროპელი მშობლები კი ბავშვებს აჩვევენ თანატოლებთან ურთიერთობას და კოლექტიურ საქმიანობას. კონვერგენციის მრავალი თეორიის არსებობის მიუხედავად, ეს განსხვავება არ ქრება კონტაქტების ინტენსიფიკაციასთან ერთად. პირიქით, რაც უფრო ახლო კონტაქტში ვართ, მით უფრო განვსხვავდებით ერთმანეთისაგან.
კორესპონდენტი: კი მაგრამ, რა არის ამ ყველაფრის სათავე?
რიფკინი: სხვადასხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. მრავალი თვალსაზრისით ამერიკა იგივე ევროპაა, ოღონდ 200 წლის წინანდელი. ჩვენ თითქმის შეუცვლელად შემოვინახეთ ის ოცნებები და ღირებულებები, რომლებიც ამერიკის მამა-დამაარსებლებმა ჩამოიტანეს ევროპიდან. ლუთერი თუ კალვინი ამერიკაში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობდნენ, ვიდრე გერმანიასა თუ შვეიცარიაში. ადამ სმითი თავს უკეთ იგრძნობდა ამერიკაში, ვიდრე ინგლისში. ევროპისაგან განსხვავებით, ჩვენ იმ დროიდან მოყოლებული ძალზე უმნიშვნელოდ შევიცვალეთ. კვლავაც გვწამს, რომ ღმერთი სამართლიანებს სწყალობს და მათ აძლევს სიმდიდრეს. ეს ამართლებს იმ ყურადღებას, რომელსაც ჩვენ პირად გამდიდრებას ვუთმობთ. ხომ ხედავთ განსხვავებას?
კორესპონდენტი: ევროპაში ყველა ვგრძნობთ, რომ ფული თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის.
რიფკინი: ჩვენ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ ვიმუშაოთ, ხოლო თქვენ მუშაობთ იმიტომ, რომ იცხოვროთ. სწორედ ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. მაგრამ ეს არ გამომდინარეობს ჩვენი სიხარბიდან. მშობლები ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ ფული აუცილებელია, რათა სხვებს ხელი არ შეუშალო. მდიდარი უნდა იყო, რომ საკუთარი პრობლემებით ტვირთად არ დააწვე მშობლებს, ნაცნობებს, ანდა სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ ვაქცევთ ასეთ დიდ ყურადღებას ეკონომიკურ ზრდას. ანგარიშზე ფულის რაოდენობა, სულ ერთია, კერძო იქნება ანგარიში, თუ სახელმწიფო – გამუდმებით უნდა იზრდებოდეს. სწორედ ესაა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი აზრი. ევროპა კი უფრო გაწონასწორებულ განვითარებაზეა კონცენტრირებული.
კორესპონდენტი: თუ იცით, ამერიკელები, ანუ ისინი, ვინც ატლანტიკა გადაცურა, რატომ განსხვავდებიან ასე მკვეთრად ჩვენგან?
რიფკინი: ეს განსხვავება უმეტესწილად გამომდინარეობს ამერიკის უკიდეგანო სივრციდან. ჩვენ ეს სივრცე მუდამ უსაზღვრო გვეჩვენება. თუ საქმე კარგად ვერ მიგვდის, სხვა ადგილას გადავდივართ. თუკი ფაბრიკა მოგებას ვეღარ იძლევა, მას ვტოვებთ და სხვაგან ვაშენებთ ახალს. თუ უბანი ან რაიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, აღარ მოგვწონს, ვტოვებთ მას, სხვაგან გადავდივართ და იქ ვაშენებთ ახალ სახლს. თქვენ ძველ სახლს არემონტებთ, ძველ ფაბრიკას აახლებთ. თქვენ მას ასე ადვილად ვერ მიატოვებთ. ადამიანები საუკუნეების მანძილზე იბადებიან და კვდებიან ერთსა და იმავე ადგილას, ამიტომ იძულებულები არიან, გაუფრთხილდნენ იმ ადგილს, როგორც გარემოს და ასევე საზოგადოებაში ურთიერთობას. ეს განსხვავება ასახვას კანონმდებლობაშიც პოულობს. ჩვენი ამერიკული ოცნება ეფუძნება საკუთრებისა და კერძო პირის უფლებებს. სწორედ საკუთრება არის ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტია. საკუთრების დაცვის სამსახურშია სამოქალაქო თავისუფლება – სიტყვის, შეკრებების, იარაღის ტარების და სხვ. ჩვენ გამუდმებით ამ უფლებების გამო ვიბრძვით და ვკამათობთ.
თქვენ კი პირიქით – კამათობთ სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. იცავთ პენსიონერთა, ავადმყოფთა, დასვენების უფლებას. კამათობთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხებზე. ერთადერთი სოციალური უფლება, რომელიც ცნობილია ამერიკაში, ესაა უფლება განათლებაზე და ესეც შეზღუდული დროის მანძილზე.
კორესპონდენტი: ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ საიდან იღებთ რწმენას, რომ ყოველ ამერიკელს შეუძლია ცხოვრებისეულ პრობლემებს თავი გაართვას?
რიფკინი: მშობლებისგან და ღმერთისგან. რამეთუ ჩვენ ჭეშმარიტი მორწმუნეები ვართ. ბიბლია ამერიკელთა 90 პროცენტზე მეტსა აქვს სახლში. ყოველ მეორე ამერიკელს მიაჩნია, რომ პირადი კონტაქტი აქვს ღმერთთან. ჩვენი მოსახლეობის ნახევარს ბიბლიის პირდაპირი ინტერპრეტაციის სჯერა და დარწმუნებულია, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ და ეს მოხდა მაქსიმუმ 10 ათასი წლის წინ. ნახევარზე მეტს სჯერა, რომ არმაგედონი, როგორც ამას წმინდა წერილი გვამცნობს, კვლავაც მოქმედებს დედამიწაზე, რომ გადამწყვეტი ბრძოლა გრძელდება და ჩვენი სიცოცხლისათვის ქრისტე საბოლოოდ დაამარცხებს ანტიქრისტეს. უფრო მეტიც, ნახევარზე მეტს სჯერა, რომ სწორედ ამერიკელები არიან თანამედროვე ხალხებს შორის ყველაზე გამორჩეულები. ამიტომ ვართ მზად, დავიხოცოთ ამერიკისათვის. ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ ნახავთ ისე პატრიოტულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც თვალსაც არ დაახამხამებენ, სამშობლოს თავდადებისთვის. სწორედ ამიტომ იხდიან ამერიკელები ჯარის შესანახად გადასახადებს. სწამთ, რომ სატანა რეალურად არსებობს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ბოროტებასთან ბრძოლაზე, ეს მხოლოდ მეტაფორა როდია. ჯარი ძლიერი უნდა იყოს, რეალურად არსებული სატანა რომ დაამარცხოს. ამერიკელთა უმრავლესობას ასე სწამს. როდესაც ევროპელები გვეუბნებით, რომ კომპრომისი და მშვიდობის დამყარება უკეთესია, ვიდრე ომი, ამერიკელებს ვერ გაუგიათ, საიდანა გაქვთ ასეთი აზრები. რანაირად შეიძლება ბოროტებასთან კომპრომისი. ბოროტებასთან მოლაპარაკებას არ მართავენ, მას უნდა ებრძოლო.
კორესპონდენტი: საკითხავია, როგორ ვებრძოლოთ.
რიფკინი: თუ ბოროტებას სატანის სახე აქვს, მაშინ პასუხი ნათელია. ამიტომაა ძნელი, აუხსნა ამერიკელთა უმრავლესობას, რომ ევროპელები მათთან საბრძოლველად სათანადოდ არ იარაღდებიან და მხოლოდ დიდი ფულის ხარჯვით აპირებენ მის დამარცხებას. აი, თუნდაც ციფრები: საზღვარგარეთული დახმარებების თითქმის ნახევარი, ევროპაზე მოდის და მხოლოდ ერთი მეოთხედია ამერიკული. ამერიკელებს ვერ გაუგიათ, რატომ უნდა ვეხმარებოდეთ ბოროტების მსხვერპლთ, ნაცვლად იმისა, რომ ვებრძოლოთ. ამერიკელთა დიდ უმრავლესობას აქვს პრეტენზია, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ამერიკული “დამცველი ქოლგით სარგებლობდით, ახლა კი აღარ გსურთ, ანტიქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროთ.
კორესპონდენტი: რა შეიძლება ამის საწინააღმდეგოდ გაკეთდეს?
რიფკინი: იქნებ არც ღირს რაიმეს გაკეთება. რომ არა ამერიკული ბომბდამშენები, ბოსნია და კოსოვო კვლავაც ცეცხლის ალში იქნებოდნენ გახვეულნი. ვინ იცის, იქნებ პრობლემის გადაჭრისათვის ორივე მიდგომასა აქვს არსებობის უფლება: სამაგიეროდ, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – რომელ ოცნებასა აქვს მომავალი, ევროპულს თუ ამერიკულს.
კორესპონდენტი: ეკონომიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, ევროპულს ნაკლებად..
რიფკინი: ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა ვერ იქნება, რამეთუ რამდენიმე მიმართულებით ევროპა უკვე უსწრებს ამერიკას.
კორესპონდენტი: მე კი სულ ის მესმის, რომ ჩვენ უშედეგოდ მივდევთ ამერიკას…
რიფკინი: გააჩნია, რა თვალსაზრისით. თუ საქმე შრომის ნაყოფიერებას ეხება, თქვენ წარმოუდგენლად დიდი წარმატებები გაქვთ. 60-იან წლებში ევროპელი მუშის შრომის ნაყოფიერება ორჯერ დაბალი იყო, ვიდრე ამერიკელის. 2002 წელს ევროკავშირმა მიაღწია ანალოგიური მაჩვენებლის 97 პროცენტს, ხოლო ექვს სახელმწიფოს – მათ შორის, გერმანიასა და საფრანგეთს, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც აქვს, ვიდრე ამერიკას. ეს სტატისტიკური “ილეთი კი არაა, არამედ ევროპული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წარმატებების შედეგი.
კორესპონდენტი: და მიუხედავად ამისა, კვლავაც ღარიბებად ვრჩებით…
რიფკინი: იმიტომ, რომ ბევრად ნაკლებს მუშაობთ. მაგალითად, ფრანგი წელიწადში 300 საათით ნაკლებს მუშაობს, ვიდრე ამერიკელი. დღეს ყოველი მესამე ამერიკელი კვირაში 50 საათზე მეტს მუშაობს. ამასთან, ამერიკაში სამუშაო დრო თანდათანობით მატულობს, ხოლო ევროპაში, პირიქით – იკლებს. ეს კულტურული და ცივილიზაციური არჩევანია. უკვე ამერიკელთა ნახევარი წუხს, რომ დასვენება, აგერთვე ენერგიის აღდგენა ვერ მოუხერხებიათ. იქნებ სწორედ ამის გამოა, რომ ამერიკელები ოთხჯერ უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე ევროპელები.
კორესპონდენტი: სამაგიეროდ უმუშევრობა მოსპეთ.
რიფკინი: მთლად ასე არაა. გვაქვს ოდნავ უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე საშუალო-ევროპულია, მაგრამ ბევრად მაღალი, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ალბათ, მინიმუმ ორი-სამი მაჩვენებელი მაინც უნდა დაემატოს, რამეთუ დაახლოებით ამდენმა ადამიანმა მიანება თავი სამუშაოს ძებნას და სისტემას გაერიდა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ პატიმრებიც – შრომისუნარიან ასაკში მყოფ ამერიკელ მამაკაცთა დაახლოებით ორი პროცენტი მუდმივად ციხეშია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ნახევარ პროცენტზე დაბალია. ანუ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება აცხადებს 5-პროცენტიანი უმუშევრობის შესახებ, სრულიად თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ იგი 8 პროცენტზე მაღალია. ეს არის მხოლოდ ნაწილი მზარდი პრობლემისა, რამეთუ, მართალია, ამერიკული ეკონომიკა ვითარდება და ახალი სამუშაო ადგილებიც იქმნება, მაგრამ იქ ანაზღაურება დაახლოებით ოცი პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ლიკვიდირებულ სამუშაო ადგილზე იყო. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენთან მინიმალური ანაზღაურება საშუალო ანაზღაურების 40 პროცენტამდეა, მაშინ, როდესაც ევროპაში 50%-ზე მაღალია და ნათელი გახდება, რომ ამერიკაში, იმ ადამიანთა რაოდენობა იზრდება, რომლებიც მართალია მუშაობენ, მაგრამ არ ძალუძთ საკუთარი შრომით თავის რჩენა. შრომის უთანასწორო ანაზღაურება და გადაღლა იწვევს, რომ ჩვენ, წელიწადნახევრით ნაკლებს ვცოცხლობთ, ვიდრე ბებერი ევროპის მკვიდრნი. თუმცა ამერიკასავით დიდ ხარჯებს ჯანმრთელობის დაცვაზე არც ერთი ქვეყანა არ გაიღებს – ჩვენი მშპ-ს 10 პროცენტი, ანუ საშუალოდ 5 ათასი დოლარი წლიურად ერთ ადამიანზე. მიუხედავად ამისა, 40 მლნ ამერიკელს ჯანმრთელობის დაცვის რაიმე დაზღვევა არა აქვს.
კორესპონდენტი: ეს არის გლობალურ ბაზარზე დინამიკური განვითარების შედეგი. თქვენთან სუსტები მეტ ფასს იხდიან, მაგრამ ძლიერებს შეუძლიათ, მეტი მოიგონ.
რიფკინი: არც ამაზე შემიძლია ცალსახად დაგეთანხმოთ. დღეს მილიონერთა ერთი მესამედი ევროპაში ცხოვრობს. თქვენთან მათი რიცხვი 2,6 მილიონია, ჩვენთან კი მხოლოდ – 2,2 მილიონი. 140 ყველაზე დიდი და გლობალური კორპორაციიდან, 60 ევროპელია და მხოლოდ 50 – ამერიკელი. 20 ყველაზე დიდი კომერციული ბანკიდან – 14 ევროპულია. 10 ყველაზე დიდი გადამზღვევი ფირმიდან 8 ევროპულია. ფარმაცევტულ მრეწველობაში მოქმედი 10 ყველაზე დიდი კორპორაციიდან 5 ევროპულია. 50 ყველაზე უკეთესი ფირმიდან 49 ევროპულია. ამ რეიტინგში ამერიკული მხოლოდ ერთი – ჰილტონი მოხვდა. თქვენ ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროში უკვე ახდენთ ჩვენს კოლონიზაციას. უპირატესობა გაქვთ მაგალითად, საჰაერო გადაზიდვებში. ფინური “ნოკია” მსოფლიო ფიჭური კავშირების ბაზრის 40 პროცენტს ფლობს. ჩვენი საუკეთესო ოპერატორი “ვერისონი” უკვე სანახევროდ ბრიტანულმა “ვოდაფონმა” შეისყიდა. ჩვენი ლიდერი საგამომცემლო საქმიანობაში, “რანდონ ჰოუზე” ჯგუფმა ბერტელსმანმა შეისყიდა. ჩვენი მესამე საავტომობილო კონცერნი – “კრაისლერი” გერმანული დაიმლერის საკუთრება გახდა. კიდევ მრავალ სფეროში ვაგებთ თქვენთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეროვნული მეურნეობის წინსვლისთვის კვლავაც ვაგრძელებთ ვალებით მის დამძიმებას. 2000 წლიდან 2004 წლამდე ჩვენი სახელმწიფო ვალი 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და მშპ-ს 40 პროცენტს გადააჭარბა. სხვათა შორის, ამან განათლებაზე გასაღები სახსრების სისტემატური შემცირება გამოიწვია. სამეცნიერო კვლევების მასშტაბების შემცირების უარყოფითი გავლენა კი ჩვენს ეკონომიკას უკვე ეტყობა. ამის უსასრულოდ გაგრძელება შეუძლებელია.
კორესპონდენტი: ჩვენ ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ევროპულმა მოდელმაც უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ევროპელებმა უკვე დაიწყეს საუბარი რეფორმების აუცილებლობაზე.
რიფკინი: ცხადია. ვინც ევროპას იცნობს, მან იცის, თუ როგორი მფლანგველი სოციალური სისტემა გაქვთ. მას, რა თქმა უნდა, გათანამედროვება უნდა. თანაც ანტისემიტიზმი და რასიზმიც გახასიათებთ. კლასობრივი დაძაბულობაც იგრძნობა – ძლიერის მიერ სუსტების დაჩაგვრაც შეინიშნება. მოკლედ, თქვენც ისეთივე შემობრუნების პროცესში ხართ, როგორც ჩვენ. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, თქვენ გაქვთ სუსტი, წყნარი, მაგრამ მაინც რეალურად არსებული ოცნება. სწორედ ესაა შანსი როგორც ევროპის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. ოცნება ისეთ ცხოვრებაზე, სადაც საზოგადოება გაწონასწორებულია, სადაც ადამიანებს აქვთ კიდევ რაღაც, გარდა მუშაობის, ბრძოლისა და სიმდიდრის მოპოვებისა.
კორესპონდენტი: უტოპიების შეთხზვა ხომ ევროპელთა ხასიათშია. დაწყებული პლატონიდან, კალვინი, რუსსო, მარქსი და ა.შ. ჰიტლერით დამთავრებული. საბედნიეროდ, უკვე ვიცით, თუ რით შეიძლება დასრულდეს ამგვარი ოცნებები. ამიტომ, ევროპული ოცნებები, თუკი იგი ნამდვილად არსებობს, ძალზე ღრმად არის დამალული.
რიფკინი: ამჯერად თქვენ გაქვთ ოცნება, რომელიც ნამდვილად არაა საშიში, არავისათვის არ მოაქვს ზიანი, არავისთვის არაა სახიფათო. მას მხოლოდ ერთი სისუსტე აქვს: სავალდებულო შესასრულებელი არაა. ეს ფენომენი კი იმას ეფუძნება, რომ მთელი ისტორიის მანძილზე პირველად ხდება, როცა ნახევარ მილიარდ ადამიანს აქვს საერთო ოცნება, რომელიც შესაძლოა, გლობალური გახდეს. სამყაროსათვის არ არსებობს სხვა შეთავაზება, გარდა გლობალური ევროკავშირისა.
კორესპონდენტი: გლობალური მსოფლიო მოწყობის უკანასკნელი შანსია?
რიფკინი: სამოცი წლის კაცმა, რომელსაც ბევრი რამ მინახავს, არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკანასკნელი შანსია, მაგრამ ეს რომ უდიდესი შანსია, ამის თქმა კი შემიძლია. იქნებ გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დღეს ევროპა მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა. თქვენ დაამარცხეთ მტრობა და ურთიერთაგრესია, რომელიც საუკუნეების მანძილზე განადგურებდათ. თუ თქვენი ეს ექსპერიმენტი გაამართლებს, მაშინ, ალბათ, მთელ დანარჩენ სამყაროსაც რაღაც ეშველება. მთელი სამყარო თქვენ შემოგყურებთ და ცდილობს, თქვენს კვალს გაჰყვეს. თქვენი მაგალითით ლათინოსებმა “მარკოსური შექმნეს. ცდილობენ თქვენს კვალს გაჰყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და აფრიკა. თუმცა, ეს ადვილი არაა. შიმონ პერესმაც კი დასვა საკითხი ევროპულის მსგავსი მოდელის შექმნის თაობაზე. თუკი ევროპელები, რომლებიც 2000 წლის მანძილზე ერთმანეთს ებრძოდნენ, შერიგდნენ და მორიგდნენ, რატომ არ შეიძლება, საერთო ენა გამონახონ არაბებმა და ებრაელებმა, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ ერთი საუკუნეა, რაც ებრძვიან? ევროპული ოცნება მსოფლიო ოცნების დასაწყისია. დღეს მთელი მსოფლიო ისე უყურებს ევროპას, როგორც 200 წლის წინ ამერიკას შესცქერდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ გააოცეს მთელი მსოფლიო ფრანგებმა და ჰოლანდიელებმა, როდესაც ევროკონსტიტუციის პროექტი უარყვეს. ევროპელებმა იციან, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ამ ქვეყნების რაღაც შიდა, დროებით პრობლემებს, მაგრამ მსოფლიოს ეს ვერ გაუგია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუცრუეთ მთელს მსოფლიოს იმედები ახალ წესრიგზე.
კორესპონდენტი: იქნებ ეს იმედები რეალური არ იყო?
რიფკინი: ან იქნებ ევროპა ნაკლებად ცდილობს ამ მიმართულებით? მე ხშირად ვარ ბრიუსელში და ვიმეორებ: რა არის ევროპა? არავის შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ყველანი დაბნეულები არიან.
კორესპონდენტი: ანდა არ სურთ კარტების გახსნა.
რიფკინი: მე ვფიქრობ, რომ არ იციან. ისტორიაში ყველა იმპერია შეიქმნა ძალადობის, ძარცვის, დამონების გზით. ევროპა პირველი იმპერიაა, რომელიც სრულიად მშვიდობიანი გზით წარმოიშვა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. უფრო მეტიც, ეს არის პირველი იმპერია, რომელში გაწევრიანებასაც ქვეყნები თავად ითხოვენ. თანაც ნახეთ, რა დიდ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას მასში გაწევრიანება, მოსალოდნელი გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებაც კი. აი, თუნდაც თურქეთი, როგორ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკება დაიწყო. ეს იმის მაუწყებელია, რომ არ არის საჭირო ჯარების გაგზავნა თუ სანქციების შემოღება, რათა ამა თუ იმ ქვეყანაში სამართლიანი წესრიგი დამყარდეს. ისიც საკმარისია, უჩვენო მას, რომ აქვს კეთილდღეობის ქვეყნების კლუბში შესვლის შანსი. ერთ მშვენიერ დღეს ამ კლუბმა შესაძლოა მსოფლიო მოიცვას.
კორესპონდენტი: ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი ეს განცხადება გულუბრყვილოდ ჟღერს?
რიფკინი: განა თქვენ უკეთესი სცენარი იცით მსოფლიოს მოწყობისა? სწორედ ამაში მდგომარეობს თქვენი პასუხისმგებლობა. თქვენ შეიძლება ბევრი იჩხუბოთ, ივაჭროთ ერთმანეთთან, მაგრამ არა გაქვთ უფლება, მსოფლიოს ეს იმედი დაუკარგოთ. თუ ეს ასე მოხდება, სამყაროს ქაოსი დაეუფლება. თუ თქვენი მოდელი ვერ გაამართლებს, ბრძოლის ველზე მხოლოდ ამერიკული მოდელი დარჩება. ერაყის მაგალითზე საუცხოოდ ჩანს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მოდელის მოქმედებას. მაშ, რაში მდგომარეობს ჩემი გულუბრყვილობა?
კორესპონდენტი: გულუბრყვილობა ალბათ იმის რწმენაა, რომ ევროპულ ოცნებას საზღვარი არა აქვს.
რიფკინი: იცით, ამ ორიოდე წლის წინ მეუღლესთან ერთად ბრიუსელში ვიყავი და რომანო პროდისთან ერთად ვივახშმეთ. მაშინ ვკითხეთ რომანოს, თუ რაში მდგომარეობს პირადად მისთვის ევროპული ოცნება. პასუხი ასეთი იყო: მშვიდობაში. მაშინ ჩემი რეაქციაც ისეთივე იყო, როგორც ახლა თქვენია. მაშინ მეც ასე ვკითხე, ეს გულუბრყვილობა ხომ არ არის-მეთქი. როდესაც მომავლის სურათზე ვსაუბრობთ, სიტყვა “გულუბრყვილობა მოწამლული ხანჯალივითაა. ამაზე რომანო მეუბნება, – აი, ნახე, რა მოხდა გერმანიაში. გერმანელები ევროპის ყველაზე მეტად ექსპანსიური ხალხი იყო (დიდი გოეთე გავიხსენოთ: სამი გერმანელი ერთად ყოველთვის ომიაო – ა.გ.). დღეს? დღეს ისინი ყველაზე უფრო მშვიდობისმოყვარე ხალხია ევროპაში. ადამიანები გამოცდილებაზე სწავლობენ. სწავლობენ ერებიც. მით უმეტეს, როდესაც ხედავენ, რომ არსებობს უკეთესი გამოსავალი, უკეთესი მოდელი, რომელიც ნაკლები ძალისხმევის და ნაკლები ტანჯვის ფასად მეტ შედეგს იძლევა, სიამოვნებით ცვლიან მას.
კორესპონდენტი: თქვენ ეს 4 წლით ადრე რომ გეთქვათ, ადვილად დაგიჯერებდით, მაგრამ ტერორიზმთან ბრძოლამ ჩვენი იმედები დაასამარა.
რიფკინი: ეს თქვენი გამოცდაა. იგი გვაჩვენებს, რომ ევროპული მოდელი ბადებს განსხვავებულობით გამოწვეულ დაძაბულობას. მაგრამ, პრინციპში, რაიმე აბსტრაქციული სახის განსხვავებაზე ხომ არ არის ლაპარაკი. საკითხი ძირითადად ისლამს და მაჰმადიანების წინაშე შიშს ეხება, რომელთაც უჭირთ პლურალისტურ ევროპასთან ინტეგრირება, ქმნიან გეტოებს, გამოდიან ტრადიციული ევროპული კულტურის წინააღმდეგ. ეს კი ევროპულ საზოგადოებაში თავდაცვით რეაქციას იწვევს, რის გამოც იგი პოპულისტებს, ანუ ნაციონალისტებს აძლევს ხმას. ამან კი, გამორიცხული არაა, 30-იანი წლების უბედურებებისაკენ დაბრუნება გამოიწვიოს. ამის გეშინიათ ევროპაში?
კორესპონდენტი: ზუსტად ამის.
რიფკინი: ჯერჯერობით ამგვარი პრობლემა არ არსებობს. საფრანგეთმა და ჰოლანდიამ კონსტიტუციის წინააღმდეგ ხმა იმიტომ კი არ მისცეს, რომ მათ ევროპული მოდელი არ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ სუსტად იცავს მათ. ადრინდელი ევროპის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ მოსახლეობის 15 პროცენტს სურს ნაკლები ევროპა. სხვა დანარჩენს უფრო მეტი სოციალური ევროპა უნდა, რაც მეტყველებს ევროპული ოცნების შინაგან ძალაზე. ეს განწყობა კი ხელს უწყობს ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ახლა თქვენ მხოლოდ ცოტაოდენი მოთმინება გჭირდებათ.
კორესპონდენტი: მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ლონდონში აფეთქების შემდეგ პრემიერმა ბლერმა განაცხადა, რომ საჭიროა წესების შეცვლა. ნაცვლად მეურვეობის, ტოლერანტობის და საზოგადოებაში ჩართვისა, საჭიროა, დაიწყოს რეპრესიები, კონტროლი და საზოგადოებისგან იზოლაცია, რაც ევროპის ამერიკული მოდელისაკენ მიბრუნებას მოასწავებს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ თქვენი წიგნი იმ ძალიან მშვენიერის ეპიტაფიად გამოდგება მხოლოდ, რასაც აღსრულება არ ეწერა.
რიფკინი: უარესი იქნებოდა. ევროპა დიდი იმიგრაციის გარეშე პრობლემებს თავს ვერ გაართმევს. ასეთი ბუნებრივი მატების პირობებში უახლოესი წლების მანძილზე იძულებული ხართ, შრომითი რესურსები გარედან შემოიყვანოთ. ამ მხრივ კი თქვენთვის ერთადერთ დიდ რეზერვუარს არაბული ქვეყნები წარმოადგენენ. იძულებული ხართ, ისწავლოთ ცხოვრება მაჰმადიანებთან. ეს კი სოციალური და მრავალკულტურული მოდელის შენარჩუნებას ითხოვს. ეს მოდელია ასევე ერთადერთი გზა თქვენი ბუნებრივი მატების გაზრდისა და იმიგრაციის შემცირებისა მომავალში. დანიელებმა და ფრანგებმა შეძლეს ამის გაკეთება. მათ მშობლებს შესთავაზეს დახმარების ისეთი სისტემა, რომ ბავშვის ყოლა მათ პირად რისკთან აღარაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, თუკი ამერიკული მოდელისაკენ გადაიხრებით, იძულებული გახდებით, არჩევანი გააკეთოთ დიდ იმიგრაციასა და ღარიბ პენსიონერებს შორის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ევროპულ ოცნებაზე ისე ვიფიქროთ, როგორც აუცილებლობაზე. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ სწორად იქნას გაგებული.