თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 15-16 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად ჩატარდება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, მხარდამჭერი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB). ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის (ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, თურქეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავღანეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, სომხეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი და ა.შ.) მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის – ვიცე-პრემიერები და მინისტრები. ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.
ფორუმი 15 ოქტომბერს, 10.00 საათზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფორუმის ფარგლებში მიღებულ იქნება თანამშრომლობის დეკლარაცია. ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტი, დოქტორი ჰერნანდო დე სოტო.news_5703

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში რამდენიმე პანელი გაიმართება შემდეგ სადისკუსიო თემებზე: „აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“; „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა: ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოთხოვნების თანადროული გათვალისწინება“; „ვაჭრობის ხელშეწყობა აბრეშუმის გზის გასწვრივ: ჰარმონიზაციის მიზნით ძირითადი დაბრკოლებების გადალახვა“; „ენერგეტიკის აბრეშუმის გზა: მილსადენები და ელექტროენერგიით ვაჭრობა საზღვრების გარეშე“; „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება“;

ღონისძიების ფარგლებში პარალელურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობა – თემატური პრეზენტაციები, კომპანიების პირისპირ შეხვედრები (B2B) და ა.შ. ფორუმის მსვლელობის დროს მედიის წარმომადგენლებისთვის იმუშავებს პრესრუმი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial