სწორად ვგეგმავთ ბიუჯეტს?

ბიუჯეტის ეფექტურობა ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელია. სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის ეკონომიკურად წელში გამართვაზე ზრუნვა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების და ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა. ამ უკანასკნელზე რომ არაფერი ვთქვათ, საინტერესოა, როგორ ახერხებენ ეს სტრუქტურები თავიანთი საქმიანობის შესრულებას, რამდენად დადებითად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და რეალურად, რამდენად ეფექტურია გადადგმული ნაბიჯები და დასახული პრიორიტეტები ქვეყნის „გასაჯანსაღებლად“.

ხშირ შემთხვევაში პრობლემები, რომლებიც ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვას მოყვება, სწორედ იმ პრიორიტეტების „დამსახურებაა“ რომლებსაც სახელმწიფო ყოველი წლის ბიუჯეტის შედგენისას სახავს. მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას სამი ძირითადი პრიორიტეტი იყო დასახული : 1-ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, 2-განათლება და მეცნიერება, 3-რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა.

სწორედ აღნიშნული პრიორიტეტებით აიხსნება ის გაზრდილი ხარჯები წინა წელთან შედარებით, რომლებიც კონკრეტული სფეროს დასაფინანსებლად გამოიყო, თუმცა რამდენად ეფექტური და მიზანშეწონილი გამოდგა იგი, ეს ცალკე საკითხია.
2014 წლთან შედარებით 2015 წლის ბიუჯეტში სამინისტროების გაზრდილი დაფინანსება კი შემდეგნაირად გამოიყურება
1
მიმდინარე წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტის 3 %-მდე შემცირება იგეგმება.

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველაზე მეტად, დაახლოებით 127 მლნ ლარით დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო, რადგან წლის ბიუჯეტის
წარდგენისას მისი ხელშეწყობა და განვითარება ერთერთი პრიორიტეტი გახლდათ.
შედეგად, ხარჯები ამ მიმართულებით 4,77%ით გაიზარდა, წლის ბოლომდე ხარჯები ამ სფეროში, მთლიანი ბიუჯეტის 35% იქნება.

რამდენად გონივრული და სწორი ნაბიჯია სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის კუთხით ამგვარი ფინანსური მიდგომა და რაოგორ შეიძლება იგი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახოს, ამაზე ეკონომიკის ექსპერტი, აკაკი ცომაია შემდეგნაირად პასუხობს :
„სოციალური დაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს საპენსიო უზრუნველყოფა წარმოადგენს. მას შემდეგ რაც საპენსიო რეფორმა განხორციელდება, ეს ტვირთი მრავალი წლის მანძილზე დააწვება საქართველოს ბიუჯეტს. სოციალური დაცვის გაუმართლებელ ხარჯს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხარჯების დაფინანსება და ჯანდაცვა (800 მლნ ლარი), რომელიც არ არის დასაბუთებული როგორც ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში, ასევე უცნობია გაწეული ხარჯებით მიღწეული სოციალური შედეგი“

ექსპერტი საუბრობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და იმ საშიშროებაზე, რომელიც არსებულ მიდგომას ახლავს შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე :
1. ჯანდაცვის უფასო მომსახურებაზე მოთხოვნას მზარდი ხასიათი ექნება, რასაც საბიუჯეტო შემოსავლები არ ეყოფა;
2. ორგანიზაციები მუდმივად შეეცდებიან ხარჯების გაბერვას და მოითხოვენ იმაზე მეტ დაფინანსებას, რაც შესაბამისი მომსახურება უჯდებათ.
3. გაიზრდება უფასო მომსახურების მსურველთა რიგები, რის გამოც ბევრი მსურველი ვერ შეძლებს მომსახურების მიღებას.
4. უფასო მოსახურებით ისარგებლებს ყველა, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მას ასეთი მომსახურება;
5. უფასო მომსახურებით ვერ ისარგებლებს ან ნალები მომსახურება შეხვდება სწორედ იმ დაუცველ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს მსგავს მომსახურებას.
საერთო ჯამში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არ გაიზრდება, ხოლო ეკონომიკური შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი განიავდება, გარდა ამისა, სოციალური პროგრამის დაფინანსებისას, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასო სოციალური მოსახურებით სარგებლობა, შესაბამისად არაა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ საშუალო და შედარებით მაღალშემოსავლიან მოსახლეობაში საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მზაობა არსებობს – ეს ტიპური პოპულისტური, საარჩევნო ხმების დაგროვებაზე მიმართული პროექტია-ამბობს ცომაია.

პრობლემები შეინიშნება გადასახადების ამოღების კუთხით. მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებას სამწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო, ინტერესის საგნად იქცა 18 000 მომხმარებელისთვის ჩამოწერილი 1000 000 000 ლარი, მსგავსი მიდგომის სამართლიანობის განსაზღვრა პატიოსნადგადამხელ მომხმარებლებთან მიმრთებით ცალსახად ნათელია, თუმცა, ეს თანხა უიმედო და „ამოუღებელ“ ვალს წარმოადგენდა, შესაბამისად მისი გავლენაც ბიუჯეტზე, დიდი არ არის. ამ შემთხევაში საინტერესოა თუ ვის „აჩუქეს“ ბიუჯეტიდან ეს თანხა და რას/ვის წარმოადგენენ ეს მომხმარებლები.
2

საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების გარეშე ძალიან ძნელია გეგმის მიხედვით, 780 მილიონი ლარით მეტის ამოღება, ვიდრე 2014 წელს, რადგან ვიცით, რომ გადასახადების, განსაკუთრებით, კი მომსახურების სფეროში საშემოსავლო გადასახადის დამალვის „კარგი“ პრაქტიკა არსებობს. მიმდინარე წელს გაიზარდა სამინისტროების ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე შეინიშნება სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურების ზრდა, თუმცა რამდენად პროპორციულია ანაზღაურება მათი საქმიანობისა, ეს საკამათო საკითხია.
იმ პრობლემებზე, რომელიც უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში ცალსახად არსებობს, ექსპერტი აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის დაგეგმილი დეფიციტი არ უწყობს მოკლევადიან პერიოდში სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნებას, რადგან ლარის 35%-იანი გაუფასურებისა და მაღალი დოლარიზაციის ფონზე, ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირედიც საკმარისია საზოგადოებაში უარყოფითი მოლოდინების გასამძაფრებლად.

„მნიშვნელოვანია, რომ უკიდურეს შემთხვევაში დაიგეგმოს დაბალანსებული, ხოლო სასურველია, რომ დაიგეგმოს პროფიციტული ბიუჯეტი. წინა წლების მსგავსად, 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სახელმწიფო რესურსით ე.წ. ახალი საწარმოების შექმნისა და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას (1 მილიარდ ლარამდე. ბიუჯეტის 9%). იკვეთება, რომ ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებით სამუშაო ადგილების შექმნას. ბევრ ადამიანს, რომელიც ხელისუფლებაში იკავებს მაღალ თანამდებობას, უჩნდება ილუზია, რომ საბიუჯეტო შემოსავლებს, რომელიც მილიონობით აშშ. დოლარს შეადგენს, ისე გადაანაწილებს, რომ ბიზნესი განვითარდება და სიღარიბის პრობლემასაც ეშველება. სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა, კეთილი სურვილები, რომელიც ხელს უწყობს მომავალში ეკონომიკური რეცესიის უფრო მეტად წარმოქმნას, ვიდრე ეკონომიკურ ზრდას.

კრიტიკას ვერ უძლებს ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი. შეუძლებელია ეფექტიანობის შეფასება, რადგან ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში არ ჩანს: რა რესურსულ უზრუნველყოფას საჭიროებს თითოეული პროგრამული აქტივობის განხორციელება, აქტივობათა ლოგიკური ერთიანობა, რომელიც საჭიროა კონკრეტული საზოგადოებრივი სიკეთის შესაქმნელად, ამ სიკეთის აღმწერი რაოდენობრივი მაჩვენებლები. აღნიშნული კომპონენტები უნდა წარმოადგენდეს პროგრამული მხარის ძირითად შემადგენელს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ხარჯებისა და გამოყენებული რესურსების ეფექტიანობის შეფასება კონკრეტულ შედეგებთან მიმართებით ბიუჯეტზე თანდართული პროგრამული პაკეტის მიხედვით.“ -ამბობს ცომაია.

ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა სწორ მენეჯმენტს, ზუსტად გათვლილ ხარჯებს, წინასწარგანსაზღვრულ სცენარებს და გარკვეულ პროგნოზებს გულისხმობს. შესაბამისი უფლება-მოსილების სტრუქტურებმა მოვალეობა უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულონ ისე, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტის წარდგენისას წინასწარ არ მოხდეს კორუფციაზე, ინფლაციასა და მსგავი ტიპის „საქმიანობაზე“ ეჭვების გაჩენა.

მაშ ასე, უნდა ველოდოთ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას. მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმა კი არსებობს და უკვე არსებობს შესაბამისი კითხვებიც.

ავტორი: ნინო ტაბაღუა

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial