დატოვებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს

წამყვანი ლონდონური ჰეჯ-ფონდების მენეჯერები აპირებენ მილიონობით ფუნტი დახარჯონ, იმისთვის რომ მოსახლეობას (ყოველ შემთხვევაში ნახევარზე მეტს მაინც) გადააფიქრებინონ ევროკავშირის დატოვება.
კამერონი შიშობდა, რომ ჰეჯ-ფონდების მენეჯერები, რომლებიც გაღიზიანებული არიან ბრიუსელის მცდელობით მოახდინოს სექტორის რეგულირება, აქტიურად დაიწყებდნენ ე.წ. Brexit კამპანიისთვის ფულის მიცემას და მნიშვნელოვან ძალას შექმნიდნენ დაგეგმილი რეფერენდუმის წინ. Brexit კამპანია, რომლის მიზანიცაა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროპაგანდა, ოქტომბრის ბოლოს დაიწყო კონსერვატორების, ლეიბორისტებისა და UKIP პარტიის ხელმძღვანელობით.

მაშინ, როდესაც Vote Live კამპანია ელოდება მნიშვნელოვან მხარდაჭერას ჰეჯ-ფონდების ინდუსტრიისგან, ცნობილი ხდება, რომ სექტორის ორი წამყვანი ძალა მხარს უჭერს საპირისპირო მოძრაობას – Britain Stronger in Europe.
მათ შორისაა David Harding, Winton Capital Management-ის ხელმძღვანელი. მან უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ და მზად არის რამდენიმე მილიონი ფუნტიც გაიღოს Britain Stronger in Europe კამპანიის დასაფინანსებლად. „ვთვლი რომ ევროპა ჩვენი შიდა ბაზარია. ევროპული კაპიტალის წარმატებული ბაზარი ჩვენი მსგავსი კომპანიებისა და ფინანსური მომსახურების ინდუსტრიისთვის დიდი სარგებელია“ – განუცხადა მან Financial Times-სს.

Harding-თან ერთად კამპანიას მხარს უჭერს Roland Rudd, ერთ-ერთი უმსხვილესი პიარ-კომპანია Finbury-ის დამაარსებელი. ამასობაში პრო-ევროპულ მოძრაობას უერთდება John Armitage-იც, 15 მილიარდიანი ჰეჯ-ფონდის – Egerton Capital-ის დამაარსებელი. რომლის მიერ გაღებული თანხაც ასევე 6 ციფრიანია.

ჰეჯ-ფონდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული რეფერენდუმის წინ, რომელსაც ბრიტანელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მათ შორის დევიდ კამერონიც. დიდი კომპანიები, რომლებიც Yes კამპანიას აფინანსებდნენ 1975 წელს ევროკავშირთან შეერთებასთან დაკავშირებით, ამჯერად თავს იკავებენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან. ჯერ ერთი, მათ სჭირდებათ აქციონერების თანხმობა დონაციის გასაკეთებლად და მეორეც, მოსალოდნელია უარყოფითი რეაქცია მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირის დატოვების მომხრე არიან, კომპანიების წარმატებული ოპერირებისათვის კი მომხმარებელთა კეთილგანწყობა უმნიშვნელოვანესია.

ამ ფაქტმა ჰეჯ-ფონდები მთავარ სამიზნეებად აქცია ორივე მხარისთვის, რომელთაგანაც დაფინანსების მიღებაა შესაძლებელი. გასათავალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ჰეჯ-ფონდი განაწყენებულია ბრიუსელის დირექტივებით, რომლებმაც ჰეჯ-ფონდები და კერძო ჯგუფები პირველად მოაქციეს რეგულირების ქვეშ გლობალური ფინანსური და ეკონომიკური რეცესიის შემდეგ.

ჰეჯ-ფონდების კიდევ ერთმა ცნობილმა მენეჯერმა Michael Hintze-მა, რომელიც არის CQS-ის ხელმძღვანელი, ასევე გამოხატა კამპანიაში ჩართვის მზადყოფნა, მაგრამ ის საპირისპირო ბანაკშია, რომელიც მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს.

Harding არის მილიარდელი ფილანტროპი, რომელმაც ისტორიაში ყველაზე დიდი შეწირულობა გაიღო მეცნიერების მუზეუმისთვის. მისი ჰეჯ-ფონდი- Winton – მართავს 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს.

ის თვლის რომ ჰეჯ-ფონდების ზოგიერთი მენეჯერი ზედმეტად აზვიადებს ევროპული რეგულაციების გავლენას ინდუსტრიაზე: „ბოლოსდაბოლოს, ყველა კამპანიისა და ბრიტანეთის მიერ წარმოებული წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, ამ რეგულაციებს ჩვენი ინტერესები დიდად არ დაუზარალებია“ – აღნიშნავს Harding-ი. ბევრი ბრიტანული ჰეჯ-ფონდისგან განსხვავებით, რომელთაც კაპიტალი, ძირითადად, ევროპის მიღმა აქვთ, Winton-ის ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ევროპაშია განთავსებული.

Harding არის ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის დონორი, რომელიც თვითონ აქვს დამთავრებული. როგორც უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, „სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ევროპაში დარჩენას ალტერნატივა არ აქვს“. Harding-ის შეფასებით, ბრიტანეთის ეკონომიკა იგებს ევროკავშირის წევრობით. „სხვადასხვა ბიზნესში მრავალწლიანი მუშაობისას ვნახე, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი დასაქმების ზრდასა და ფასების შემცირებას“. ის ასევე უსვამს ხაზს განათლების სისტემისთვის ევროკავშირში დარჩენის ძალიან დიდ მნიშვნელობას.

როგორც ჩანს, Harding-ს ბრიტანელი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მიმდინარე წლის 9-11 ნოემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით გაირკვა, რომ ამ დროისათვის გამოკითხულთა 53% (სულ გამოკითხეს 2 007 ბრიტანელი) არის მომხრე იმისა, რომ ქვეყანამ ევროკავშირი დატოვოს, 47% კი დარჩენის მომხრეა. ეს არის პირველი საჯარო გამოკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა გამოაცხადა პირობები ევროკავშირთან ხელახალი მოლაპარაკებებისთვის, რომლებმაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობის ახალი წესები უნდა განსაზღვროს.

ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგი არიან აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ევროკავშირის დატოვება დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და სამეციერო კვლევებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ევროპული კავშირიდან გასვლის შემთხვევაში, პრესტიჟულ ბრიტანულ ინსტიტუტებს დამატებით მილიარდობით ფუნტი დასჭირდებათ მსოფლიო დონეზე ჯეროვანი კონკურენციის გასაწევად. მეცნიერების ისეთ დარგებს, როგორიცაა ასტრონომია, მოლეკულური ბიოლოგია, ნანოტექნოლოგიები, კიბო და ფოტოთერაპია და სხვა, შეუმცირდებათ დაფინანსება. უფრო რთული გახდება კვალიფიციური მუშახელის შერჩევა და დასაქმება, რომელსაც ამჯერად ხელს უწყობს საზღრებს შორისი თანამშრომლობა.

ევროკავშირის დატოვება არ დატოვების საკითხი დიდი ხანია ბრიტანეთში დებატების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამ საკითხზე ქვეყნის მთავრობა რეფერენდუმის ჩატარებას 2017 წლის ბოლოს გეგმავს. ეს იყო კონსერვატორების წინასაარჩევნო მანიფესტის ერთ-ერთი პუნქტი, მათ არჩევნებში გაიმარჯვეს, ასე რომ ვალდებული არიან პირობა შეასრულონ.

საინტერესოა, რატომ არ ჩატარდა რეფერენდუმი აქამდე ან უახლოეს მომავალში მაინც რატომ არ არის დაგეგმილი? ამის მიზეზი ის არის, რომ კამერონს იმედი აქვს მისი შეთავაზებები, ევროკავშირის რეფორმირების კუთხით, გათვალისწინებული იქნება და ნაკლებ ბრიტანელს დარჩება სურვილი დატოვოს ევროკავშირი.

რა რეფორმების მიღწევას ცდილობს კამერონი?

ინტეგრაცია: უფლება მისცენ დიდ ბრიტანელებს უარი თქვან ევროკავშირის ამბიციაზე „კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის“ შექმნაზე, ანუ დიდ ბრიტანეთს არ სურს იყოს ჩართული უფრო ღრმად პოლიტიკურ ინტეგრაციაში.
„ბენეფიტები“: ევროკავშირში მიგრანტებისათვის სამუშაო თუ არასამუშაო შეღავათების შეზღუდვა. განსაკუთრებით მათ შემთხვევაში „ვინც ჩამოდის დიდ ბრიტანეთში და ითხოვს განსაზღვრულ შეღავათებს ან საცხოვრებელს, მანამ სანამ ისინი მოქალაქეები არ იქნებიან მინიმუმ 4 წლის განმავლობაში“. მაგრამ ევროკომისია, რომელიც მართავს ევროკავშირს ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან პრობლემატური იქნება. რადგან ეს იქნება დისკრიმინაციული. მათი რეკომენდაციით, ნებისმიერი ლიმიტი შეიძლება შემცირებული იყოს ერთ წლამდე.
სუვერენიტეტი: ეროვნული პარლამენტებისთვის მეტი ძალაუფლების მიცემა დაბლოკონ ევროკავშირის კანონმდებლობა. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს „წითელი ბარათის“ შემოღებას, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს მოითხოვონ ცვლილებები ან საერთოდ ვეტო დაადონ არასასურველ დირექტივებს. მაგრამ ეს შეიძლება გაკეთდეს წევრი სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედებით და არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ძალისხმევით.
ევროზონა vs დანარჩენები: დიდი ბრიტანეთი ასევე მოითხოვს იმის ნათელ განმარტებას, რომ ევრო არ არის ევროკავშირის ერთადერთი ვალუტა, რათა დარწმუნდნენ ქვეყნები ევროზონის გარეთ, რომ ისინი მატერიალურად არ დაზარალდებიან. დიდ ბრიტანეთს სურს დაცვა იმისათვის, რომ ფინანსური კავშირი ვერ მოახდენს გავლენას ევროზონის არაწევრ ქვეყნებზე და, რომ დიდ ბრიტანეთს არ მოუწევს კონტრიბუცია ევროზონის ბეილაუთების დროს.

ეს მოთხოვნები კამერონმა 17 ნოემბერს ოფიციალური წერილით გამოქავეყნა. დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ რეფერენდუმი აუცილებელია, რადგან 1975 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანა შეუერთდა ერთიან ბაზარს (როგორც თავიდან ევროკავშირს ერქვა) ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით კავშირის მიზნებში და ის სულ უფრო მეტად ხდება ჩართული ყოველდღიურ ცხოვრებაში და ახდენს გავლენას ბევრ საკითხზე.

Brexit კამპანიის მომხრეები თვლიან, რომ დიდი ბრიტანეთი უკან დაწია ევროკავშირის წევრობამ. ისინი განსაკუთრებით აპელირებას აკეთებენ ბიზნეს წესებზე და ყოველ წელს წევრობასთან დაკავშირებულ მილიარდობით ფუნტის დანახარჯზე, რომელსაც ცოტა სარგებელი თუ მოაქვს უკან. მათ ასევე სურთ დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ურფო გაამკაცროს საზღვრების დაცვა, ქონდეს სუვერენიტეტი ამ საკითხზე, რათა სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიიღონ თავის ქვეყანაში სამუშაოდ. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია „თავისუფალი გადაადგილება“ რაც იმას ნიშავს, რომ წევრი ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება და დასაქმება ვიზის გარეშე. ისინი ასევე წინააღმდეგი არის „უფრო მჭიდრო კავშირის“ შექმნის და აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი იქნება „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნის საწინდარი.

რაც შეეხება დარჩენის მომხრეებს, პარადოქსია, მაგრამ ისინიც აპელირებას ბიზნესისთვის მომგებიანობაზე აკეთებენ. რომელთაც საშუალება აქვთ საქონელი და მომსახურების სერვისები დაუბრკოლებლად გაყიდონ წევრ ქვეყნებში. მათთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის გადაადგილების თავისუფლება, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდა და მაღალი კვალიფიკაციის მქონეა და საკუთარი წვლილი შეაქვთ ეკონომიკურ ზრდაში. ევროკავშირში დარჩენის მომხრეებს ასევე სჯერათ, რომ დიდი ბრიტანეთის იმიჯი მსოფლიოში სერიოზულად დაზარალდება თუ ისინი კავშირს დატოვებენ.

2017 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, სავარაუდოდ, დისკუსია რეფერენდუმის შესახებ სულ უფრო აქტუალური გახდება. მოგებულ-წაგებულს კი რეფერენდუმის შედეგები გამოავლენს. მანამდე კი ჯერი ევროკომისიაზე და ევროპის დანარჩენ ლიდერებზეა, რამდენად გაიზიარებენ ისინი დიდი ბრიტანეთის მოთხოვნებს და გაატარებენ თუ არა იმ რეფორმებს, რასაც კამერონის მთავრობა ევროკავშირში დარჩენის სანაცვლოდ ითხოვს.

მოამზადა: მაკა ღანიაშვილმა

წყარო: www.ft.com; www.bbc.co.uk

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial