დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული სისტემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ორგანიზაცია “პროსერვისის” ორგანიზებით მომზადდა. ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. მისი მეშვეობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები, ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვიანებითი გადახდის პირობით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სიახლე დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურების წვდომას ამ სერვისის მიმართ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბევრი ტურისტი დღეს თავად ჯავშნის სასტუმროებს, იღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორ უნდა იმოგზაუროს. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ის სისტემა, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ სასტუმროები და მაქსიმალურად გაეცნონ იქ არსებულ სერვისს. ვიცე-პრემიერმა პოზიტიური უწოდა ერთ სისტემაში სხვადასხვა სერვისებს ინტეგრირებას.
აღნიშნული სიახლე სთავაზობს 4 სახის შეთავაზებას სასტუმროებისთვის: შეიქმნება მრავალენოვანი, დინამიური და თანამედროვე ვებგვერდი; ამოქმედდება სასტუმროს მართვის სისტემა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს მოიცავს და მოემსახურება სასტუმროებში არსებული ყველა ნომრის შესახებ სრული ინფორმაციის განთავსებას; შესაძლებელი იქნება საქართველოს სასტუმროებში ნომრების ონლაინ რეზერვაცია. მომხმარებელი საკუთარი გემოვნების მიხედვით შეძლებს, აირჩიოს ნომერი, კვების რაციონი და სხვ. ასევე იმ სასტუმროებში, რომლებიც აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვებიან, ჩატარდება თანამშრომელთა უფასო ტრენინგი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.