საქართველოში ფულს ვეღარ გარეცხავენ, რადგან ფული აღარ იქნება

საფიკო სიჭინავა

FATF-ის შავ სიაში მოხვედრის შიშით საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ”, რომელიც ძალაში 2004 წლის 1 იანვრიდან შევა. მისი მე-10 და მე-15 მუხლები უკვე დღეს მოქმედებს. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან უნდა შეიქმნას ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან ერთად საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას შეადგენს.

სამსახურს უკვე აქვს უფლება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ, ასევე საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო ქსელის შექმნა, ამ ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი. ნებისმიერ პირს, ან ორგანოს ამ სამსახურში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების უფლება მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის წარდგენის საფუძველზე აქვს. მოკლედ, მონიტორინგის სამსახურს მთელი რიგი საორგანიზაციო სამუშაოები აქვს ჩასატარებელი, რომ 2004 წლის დასაწყისიდანვე შეუდგეს ფულის ენერგიულად რეცხვას.

თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში დღესაც არის 194 მუხლი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დანაშაულის დეფინიცია უნდა გავრცელდეს და სრული გახდეს და რომ საერთაშორსო სტანდარტების შესაბამისად, მთელი რიგი მოთხოვნები არსებობს.

რაც შეეხება რუსეთს, ბერლინში FATF-ის სესიაზე მან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიიღო. FATF-მა გადაწყვიტა, დანაშაულებრივი ფულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოთხოვნები გაამკაცროს, როგორც ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქვეყნების, ასევე იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც ეს სტატუსი ჯერ არ აქვთ.

“ჭუჭყიანი ფულის” მისამართით ახალი დარტყმისთვის FATF-ი დიდი ხანია ემზადება. ევროპული ფინანსური დაზვერვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი რეკომენდაციები მაინც მიიღეს. დაზვერვის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ რეკომენდაციების ცხოვრებაში გატარება შეუძლებელი იქნება, რადგან ისინი ძალიან მკაცრია, მაგრამ ამერიკელი ფინმზვერავები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ და თავისი გაიტანეს. FATF-ის საკვანძო მოთხოვნაა, “ჩამშვებთა” ახალი კატეგორიების ხარჯზე მზვერავთა ქსელის გაფართოება. ამ კატეგორიებში შედიან: უძრავი ქონების სააგანტოები, ნოტარიუსები, ფინანსური კონსულტანტები და ადვოკატურები. მათ მზვერავები, უბრალოდ, დაავალდებულებენ, თავიანთი კლიენტურის საქმეების კურსში ჩააყენონ.

რუსეთში ფინდაზვერვის მთავარ ორგანოს – ფინანსური მონიტორინგის კომიტეტს, რომელსაც რუსეთში ვიქტორ ზუბკოვი ხელმძღვანელოებს, ფიზიკური თუ იურიდიული პირების ფინანსური ნაკადების შესახებ დიდძალ ინფორმაციებზე მიუწვდება ხელი. ფინანსური მონიტორინგის კომიტეტმა კანონმდებლობაში შესაბამისი შესწორებების კანონპროექტი დიდი ხანია შეუიმუშავა. ამ მოვლენამ იურისტების აღშფოთება გამოიპრობლემა არ უნდა შეუქმნას. თუ ის დებულებები, რომლებიც საბანკო საიდუმლოებების შესახებ არსებობს, გაუქმდა, საბანკო სისტემას დიდი ზარალი მიადგება. ცოტა რთულია ორივე პირობის შესრულება – საერთაშორისო მოთხოვნებიც შესრულდეს და არ დაზიანდეს საბანკო სისტემა. ამიტომ, ეს ძალზე ფაქიზი საკითხია, რომელიც დელიკატურ მიდგომას საჭიროებს.

განვითარებულ ქვეყნებში ფულის გათეთრებას ცალკე უწყება ებრძვის. ნებისმიერ ორგანოს, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს, საბანკო ანგარიშებთან მისვლის საშუალება მიეცემა. ახალი სამსახურის ჩამოყალიბება, ცხადია, ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ის მანკიერი ტენდენციები, რომელიც ნებიმიერ სახელმწიფო სტრუქტურაშია გამეფებული, ფეხს აქაც ვერ მოიკიებს და შავი ფულის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონი ხელისუფლების მიერ მიჩნეულ “პერსონა ნონ-გრატების” წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მექანიზმი არ გახდება.