რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

ზაფხული იწურება, უჩვეულოდ ცივი ზაფხული…
სამაგიეროდ, წინ უაზროდ “ცხელი” შემოდგომა გველის. როგორ განვსხვავდებით ჩვენ და დასავლეთი. იქ წვიმას ნატრობენ, ჩვენ კი – მზეს. წვიმისგან დავნესტიანდით და დავლპით. არა, დამპლები არა, პირიქით, ძალიან მშრალები ვართ, ამიტომაც, ყველგან მშრალად გამოვდივართ. აი, მაგალითად, ერთი წელია, რაც თელასს ყიდიან, ჩვენ “ახლა” გავიგეთ და “ისტერიკა” გავმართეთ. საქართველოს ენერგომომარაგების 65 პროცენტი ბოლო ათი წელი რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ ჩვენ “ახლა” გავიგეთ, რომ რუსეთის ენერგოსისტემაზე და პუტინის “ხოშზე” ვართ დამოკიდებულები და “ხალხის დასაცავად” განგაში ავტეხეთ.

უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკა, მომხმარებლური ეკონომიკაა. ის სამჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს, იმპორტით სამჯერ მეტს ეზიდება ქვეყანაში, ვიდრე ექსპორტად გააქვს, მისი ვალუტის სიმყარე, მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია საერთაშორისო ინექციებზე, ვიდრე საკუთარ ეკონომიკაზე, მისი ვალების სიდიდე კარგა ხანია აღემატება დასაშვებ ნორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან, თურმე, ეკონომიკური ზრდის “სასწაული” 8,7 პროცენტია, შემოსავლები ბიუჯეტში 1996 წლის დონესაც ვერ აღწევს და ჩვენ კი, ამის შესახებ ისევ არაფერი ვიცოდით, ყველაფერს ახლა ვიგებთ.

მაგარი დამპლები ვართ, არა, შინაგანად კი არა, უხვი წვიმების გამო. ეკონომიკა არასოდეს გვახსოვდა, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, მოსახლეობა, ძირითადად, ღარიბდება, სამომხმარებლო კალათა ძვირდება და ბაზარი ვიწროვდება, მასა გადახდის უუნარო ხდება. აბა, ასეთები ბევრ ჩვენს დასავლელ მეგობარს რაში ვჭირდებით? ბიზნესის კუთხით, ჩვენ არასაინტერესო ქვეყანა ვხდებით. ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენთან საშინელი ბიზნეს-სიტუაციაა შექმნილი. ამას ემატება კრიმინალების (რომლებიც არჩევნებში გვეხმარებოდნენ) და მაკონტროლებლების თარეში, უკანასკნელ წლებში მიდიოდა ბიზნეს-სახელმწიფოსა და კრიმინალური სტრუქტურების შერწყმა. ეს პროცესი უკვე დასრულდა და ერთიან ორგანიზმად ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენ ეს “ახლა გავიგეთ”. ისე, ყველაფერი ახლა როგორ გაიგეთ, როცა სკამებზე აღარ ზიხართ?

არა, ასეთი დამპლები როგორ ვიქნებით, ასე ხალხს როგორ ვატყუებთ, არაფერი ვიცოდითო, მსგავსი არაფერი გაგვიკეთებიაო. გასაგებია, მაგრამ, სად იყავით, თქვენ ხომ ხელისუფალი იყავით?

იქნებ, სოკო ხართ და ამ ზაფხულის თქეშში და ნესტის მომტან წვიმებში გაჩნდით ამ ქვეყანაზე? ამდენი შხამიანი სოკო ერთ პატარა საქართველოში, მგონი ბევრიცაა. თანაც, სხედან და ვერ გაურკვევიათ, ვისია ეს ქვეყანა, რუსეთის თუ ამერიკის. სჯობს, ის მაინც გავარკვიოთ, ჩვენ თვითონ ვინ ვართ და რა გვინდა ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც.

არა, საშინელი წვიმები იყო ამ ზაფხულს, მთლად დაალპო ხალხი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial