ყვარელში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართა

პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციის გასვლით სხდომაზე, რომელიც კახეთის რეგიონის ქალაქ ყვარელში გაიმართა. აღნიშნული კონფერენცია საქართველოში გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდითა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის პატრონაჟით ჩატარდა.

სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის საქართველოში ჩატარება უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ამით ამაღლდება საქართველოს ცნობადობა იმ წრეებში, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ზოგადად ღვინითა და ღვინის ტურიზმითაა დაკავებული. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული კონფერენციის მასპინძლობით საქართველო შეძლებს, გაიმყაროს საერთაშორისო დონეზე პოზიციები, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყნისა.

კონფერენციის მთავარი მიზანია, მოხდეს ღვინის ტურიზმის ქვეყნებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება, რათა მათ შეძლონ, მეტი ტურისტი მოიზიდონ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი თქმით, 2015 წელს საერთაშორისო მოგზაურების მხრივ, საქართველომ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 6 მილიონამდე ადამიანი მიიღო. მისი თქმით, ეს რეკორდიც იქნება დაძლეული.

მოხსენებაში, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც განსაზღვრულია სექტორის მიზნობრივი მახასიათებლები 2025 წლამდე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოზიტიურ მაჩვენებლებზე საერთაშორისო რეიტინგებში და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ. მან საქართველოს და ქართველებს ჩემპიონები და მოწინავეები უწოდა ღვინის ტურიზმის დარგში.

„დიდი სიამოვნებით მოგესალმებით კახეთიდან, რადგან საქართველოში ვენახების 65 პროცენტი სწორედ კახეთში ხარობს. ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც თამამად შეგვიძლია ღვინის აკვანი ვუწოდოთ. კახეთი მართლაც რომ ღვინის აკვანია და სხვადასხვა მიზეზთა გამო, დარწმუნებული ვარ, სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი. სწორედ აქ დაიწყო ადამიანმა ცხოვრებისა და სიხარულის ზეიმი“ – განაცხადა ტალებ რიფაიმ და დასძინა, რომ ღვინის ტურიზმის კონფერენცია ისეთივე თავისუფალია, როგორსაც გვანიჭებს ღვინის სმა და ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თავად ღვინო.

„ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც ღვინოს ვახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ სასმელზე, რომელიც 8 ათასი წლისაა და რომელიც აქ წარმოიშვა. ღვინო სწორედ აქ იღებს სათავეს და ყოველთვის, როდესაც ღვინის ბოთლს აიღებთ ხელში, დაფიქრდით მთელს პროცესსზე – იმ ვენახებზე, იმ ყურძენსა და იმ გზაზე, რისი წყალობითაც თქვენს სუფრაზე მოხვდა ღვინის აღნიშნული ბოთლი. საქართველო არის ღვინის ყველა მწარმოებლის მიერ მოსანახულებელი ადგილი. მას ღვინის წარმოების 8-ათასწლიანი ისტორიაა აქვს“ – განაცხადა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ის მრავალმხრივ უკავშირდება ტურიზმს. „ეს ძალიან შემეცნებითი ვიზიტი იქნება, ვინაიდან ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, პირადად გაეცნოს ადამიანის ქმნილების – ღვინის წარმოშობის ისტორიას და განათლებასთან ერთად, თქვენ მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას და მოიწყობთ სიცოცხლის ზეიმს“ – განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მუშაობა ტურიზმის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში. „მიხარია, როდესაც ვხედავ, რამდენად ეფექტურად მუშაობს საქართველოს მთავრობა და ცდილობს, რათა საქართველო მრავალფეროვანი ტურიზმის შესაძლებლობების ქვეყნად აქციოს“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის მზარდი დინამიკა ძალიან კარგი მაჩვენებელია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial