ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა დღეს ტექნოპარკში გამართული ინტერნეტის მართვის საკითხებთან დაკავშირებული ყოველწლიური კონფერენცია – საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანაორგანიზატორობით გაიმართა.

დავით ხუციშვილმა აღნიშნა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტზე საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომლის მიზანია ქვეყნის 2 000-მდე დასახლებული პუნქტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა, დაშვების წერტილების მოწყობა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ოპერატორებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი მომსახურება გაუწიონ მოსახლეობას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე ფართოზოლოვანი მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი, ასევე გააუმჯობესონ არსებული მომსახურების ხარისხი იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ის მოსახლეობას დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ინტერნეტში პირადი ცხოვრების პატივისცემის და ხელშეუხებლობის, ცენზურის და თვითცენზურის, საავტორო უფლებების ხელყოფის, სიძულვილის ენის და ძალადობისკენ მოწოდების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების დაცვის საკითხები. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, აზრის დაუბრკოლებლად გავრცელების, ინფორმაციის მიღების და გავრცელების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა საკვანძო საკითხებთან.

შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, კერძოდ – სამინისტროში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ბაზისა და პლატფორმის განვითარების და ამ პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial