ეკონომიკური უთანასწორობა – რაში მდგომარეობს გამოსავალი

გიორგი ელიზბარაშვილი

2017 წლის იანვარში, სიღარიბესთან მებრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება Oxfam-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს უმდიდრესი 8 ადამიანის ქონება უტოლდება მსოფლიოს უღარიბესი 50%-ის, 3.6 მილიარდი ადამიანის ქონებას. პუბლიკაციას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განახლდა მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რაოდენ უსამართლოა ცხოვრება. საჭიროა სიმდიდრის თანაბარი გადანაწილება… მაგრამ არავის მოსვლია აზრად გადაემოწმებინა ფაქტის სიზუსტე. პირველი და თვალშისაცემი შეცდომაა მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა. ბუნებრივია არ არსებობს აბსოლუტურად ზუსტი რიცხვი მსოფლიო მოსახლეობის, მაგრამ ნებისმიერი ავტორიტეტული კვლევის თანახმად ის აღემატება 7.2 მილიარდს და მერყეობს 7.45-7.5 მილიარდ ადამიანს შორის. 7.2 2014 წლის დასაწყისში გადააჭარბა.

ანუ 3.6 მილიარდი არის პლანეტის მოსახლეობის 48.3-48.6 პროცენტი. 1.4-1.7 პროცენტი ბევრი არაა, მაგრამ 50% ბევრად უფრო მწვავედ, ემოციურად გამოიყურება ვიდრე თუნდაც 49.9%. ახლა ვნახოთ რა ქონებას ფლობს ის 8 ადამიანი. იმ კვლევის თანახმად 426 მილიარდს. მივყვეთ მოცემულ რიცხვებს. თუ 3.6 მილიარდ ადამიანის ქონება შეადგენს 426 მილიარდ დოლარს. მაშინ 1 ადამიანის ქონება ყოფილა 118.33$. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ 75% სახლი არ გააჩნია, რაც უკიდურესად გაზვიადებულია, ეს მთელი აფრიკის, ინდოეთის და პაკისტანის მოსახლეობის ჯამია. ასეთ შემთხვევაშიც კი ვისაც საკუთარი სახლი გააჩნია მათი ჯამური ქონებაც 473 დოლარს არ აღემატება. რაც ტყუილია. როცა კვლევის 1 წინადადებაში შესაძლებელი 2 შეცდომის ნახვა, ამ კვლევის ფასი უკვე იმაზე ნაკლებია ვიდრე იმ ქაღალდის რომელზედაც ისაა დაბეჭდილი. ზოგადად ეს ორგანიზაცია თანდათან უფრო და უფრო საოცარ მონაცემებს აქვეყნებს. 2010 წლის ანალიზით 388 ადამიანს უნდა ჰქონდა მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის ნახევრის ქონება, 2016 წელს ეს რიცხვი 62-მდე შეამცირა, ახლა 8-მდე, არ არის გამორიცხული, რომ მალე 1 კაცზე დავიდნენ. მაგრამ ცალკეულ რიცხვებზე გამოკიდება აქცენტის მეორეხარისხოვან თემაზე გადატანა იქნებოდა. 8 ადამიანი ნამდვილად არ ფლობს მოსახლეობის 50%-ის ქონებას, მაგრამ სავსებით შესაძლებელია 80 ადამიანი ფლობდეს მოსახლეობის 25%-ის ანუ 1.87 მილიარდი ადამიანის ქონებას. არის კი ეს პრობლემა? თუ არის ვინაა პასუხისმგებელი, ვინაა დამნაშავე და რა უნდა მოხდეს პრობლემის მოსაგვარებლად?

მაინც ვინაა ის 8 ადამიანი?
• ბილ გეითსი 75
• ამენსიო ორტეგა 67
• უორენ ბაფეტი 61
• კარლოს სლიმი 50
• ჯეფ ბეზოსი 45
• მარკ ცუკერბერგი 45
• ლარი ელისონი 44
• მაიკლ ბლუმბერგი 40

ნუთუ ეს 8 ადამიანია დამნაშავე იმაში, რომ ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი შიმშილით იღუპება? იქნებ ამ ადამიანების ბრალია, რომ აფრიკაში ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის წერა-კითხვა, არ იცის რა არის ელექტროენერგია. 3.6 მილიარდი 8-ას 450 მილიონჯერ აღემატება. ავამოქმედოთ სამართლიანი გადანაწილების პრინციპი და ქონება თანაბრად გავანაწილოთ. აღმოვფხვრათ დედამიწაზე სიღარიბე. მართლაც თუ ამ 8 კაცს ქონებას წავართმევთ და იმ უღარიბეს 3.6 მილიარდს მივცემთ მათი ქონება გაორმაგდება და 118.3-ის მაგივრად 236.6$ გახდება. აი თურმე როგორ შეიძლება პრობლემის მარტივად მოგვარება.

რეალურად ამით არაფერი შეიცვლება. ღატაკია ადამიანი როცა მისი ქონება სულ 118 დოლარია და ასევე ღატაკია მაშინ თუ მისი ქონება 2-ჯერ მეტია. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გამანაწილებელი, გაწეული შრომისთვის მოითხოვს საკმაოდ მსუყე საკომისიოს. და მაინც რას ნიშნავს ეს ტერმინი-სამართლიანი განაწილება? სამართლიანია გადანაწილება, როდესაც ნადირობისას მარეკები და მსროლელები ნანადირევს თანაბრად იყოფენ, როდესაც 1 ნავში მსხდომი 2 მეთევზე იყოფს დაჭერილ თევზს. მაშინ როდესაც ადამიანებს მიზნის მიღწევაში თანაბარი წვლილი მიუძღვით. ხოლო თუ მათი წვლილი სხვადასხვაა, მნიშვნელობა არ აქვს მუშაობის ხანგრძლივობას და სიმძიმეს, მაშინ სამართლიანია გადანაწილება წვლილის პროპორციულად. თუ გამოვრიცხავთ დატაცებას ან ნარკომაფიას ადამიანი მაშინ ხდება მილიარდელი როდესაც იფიქრებს და აკეთებს რაიმე განსხვავებულს, ისეთს, რომლითაც სარგებლობს ასობით მილიონი ადამიანი.

რა გააკეთა ამ 8 ადამიანმა? ავნო რომელიმემ რამე აფრიკის ქვეყნებს ან საქართველოს? ბილ გეითსის ღვაწლზე ლაპარაკი ცოტა უხერხულიცაა. მაგრამ ერთს კი ვიტყვი ყოველწლიურად საქართველოში პირატული პროგრამების გავრცელებით კომპანია Microsoft 50-60 მილიონი დოლარის ზარალს ნახულობს. ლიცენზირებული პროგრამები აყენია მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში. ფირმებში ის ბოლო რამდენიმე წელია რაც დაიწყეს. მოსახლეობის 99%-ის კომპიუტერზე ისევ პირატული ვინდოუსია დაყენებული.
ორტეგა კომპანია ZARA-ს დამფუძნებელია. ცოტამ თუ იცის, რომ ზარა გურიაში ფაბრიკის აშენებას და 1000-მდე ადგილობრივის დასაქმებას აპირებს. მას უკვე აქვს რამდენიმე მაღაზია საქართველოში და შესაბამისად უკვე არის დამსაქმებელი.

ბაფეტისა და კარლოს სლიმის საქმიანობა საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არაა. სლიმი სატელეკომუნიკაციო ბიზნესს ფლობს, ბაფეტი კი კონგლომერატის აქციების მფლობელია რომელიც აერთიანებს სადაზღვეო, სარესტორნო, მედია, ინტერნეტ ბიზნესებს.

ჯეფ ბეზოსი, კომპანია AMAZON-ის დამაარსებელია. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ საქართველოში ბევრ მემარცხენეს გამოუწერია თუნდაც 1 ნივთი ამ საიტიდან. დაზიანებული ნივთის გამოცვლა ამ საიტზე უფრო იოლია ვიდრე ზოგიერთ ქართულ მაღაზიაში. კომპანიას რამდენიმე ქვეყანაში აქვს ოფისი და ჯამში 340 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ოპონენტები იტყვიან მაგდენივემ ან უფრო მეტმა, სტანდარტულ მაღაზიაში დასაქმებულმა დაკარგა სამსახურიო. მერე ვინ გადაწყვიტა ეს? თავად ბეზოსმა დაითხოვა თუ აშშ-ს რომელიმე პრეზიდენტი დაეხმარა? გადაწყვეტილება მიიღო იმ ასობით მილიონმა მომხმარებელმა რომელმაც არჩევანი ამაზონზე გააკეთა. ჯერ არაფერია დადასტურებული, მაგრამ შესაძლოა კომპანიამ წარმომადგენლობა საქართველოშიც გახსნას. ამ შემთხვევაში ჩაიდება ინვესტიცია, დასაქმდებიან ადამიანები, შემცირდება ნივთის მიწოდების დრო და ხარჯი. ქვეყანა გახდება საინვესტიციო თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი. ის, რომ კერძო კომპანია გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე საჯარო უწყება, ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კასინის კოსმოსური ზონდის მიერ, სატურნის გამოკვლევისას გადაღებული 180 000 ფოტო, AMAZON-ის კომპიუტერმა დაამუშავა 5 საათში, სულ რაღაც 200$-ად, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის წარმომადგენლის ტომას სოდერსტრომის განცხადებით თავად 15 დღე დასჭირდებოდათ.

ცუკერბერგზე რა ვთქვა ახალი საქართველოში? ამ კვლევის შესახებ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ვერ გაიგებდა რომ არა ცუკენბერგი. მსოფლიოში 1.5 მილიარდი ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია, ანუ მას ყოველდღიურად იყენებს. ეს პლანეტის მოსახლეობის 20 პროცენტია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რიგ ქვეყნებში საიტი დაბლოკილია, ასევე იმას, რომ აქ დასახელებული რიცხვის ნახევარს ხელი არ მიუწვდება ელექტროენერგიაზე, არამცთუ ინტერნეტზე. დავითვლით 6 წლამდე ბავშვების რაოდენობას, გაირკვევა, რომ სინამდვილეში საიტის აქტიური მომხმარებელი 60%-ზე მეტი ყოფილა.

ლარი ელისონის სახელი, საქართველოში ბევრს არაფერს ამბობს, ეს ადამიანი კომპანია ORACLE-ს დამფუძნებელია, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების გამართულობას და ამუშავებს კორპორატიულ პროგრამებს.

უფრო მეტს სმენია მაიკლ ბლუმბერგის სახელი, რასაც ხელი მისმა ნიუ-იორკის მერობამაც შეუწყო. არც ბლუმბერგი გამხდარა მილიარდელი ყაჩაღობის გზით. მის მიერ შემქნილი პლატფორმა უამრავ ბიზნესს უწევს დახმარებას. სთავაზობს მათ დამუშავებულ მონაცემებს, ანალიტიკურ ინფორმაციას, პროგნოზებს, რის სანაცვლოდაც იღებს ანაზღაურებას.
8 კაციან სიაში ვერ მოხვდა ვერც გუგლის დამფუძნებელი ლარი პეიჯი და ვერ უოლ-მარტის რომელიმე აქციონერი, რომელიც 2.2 მილიონით ყველაზე დიდი დამსაქმებელია მსოფლიოში. ეს რიცხვი საქართველოში არსებულ სამუშაო ძალას აღემატება. ილონ მასკი ჯერჯერობით 80-ე პოზიციას იკავებს. მონდომების შემთხვევაში მასაც გამოვუნახავთ სალანძღავ მიზეზს „რატომაა ელექტრომობილი, მსგავსი კლასის ავტომობილზე უფრო ძვირი“?

კვლევაში მოყვანილი 8 ადამიანიდან არცერთს არ წაურთმევია რამე ვინმესთვის. არც ბილ გეითსს გაუქურდავს სომალი და არც ჯეფ ბეზოსს გაუძარცვავს ბანგლადეში. პირიქით ამ ადამიანების დიდი ნაწილი ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავს მსოფლიოში სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ვინც უერთდება „ჩუქების ფიცს“ ვალდებულებას იღებს, რომ თავის ქონების მინიმუმ ნახევარი ქველმოქმედებას მოახმაროს. ბილ გეითსს უკვე დახარჯული აქვს 30$ მილიარდზე მეტი, შედარებისთვის საქართველოს მშპ ამ თანხის ნახევარზე ნაკლებია. ბაფეტი ანდერძით თავის ქონების 90%-ს ახმარს ქველმოქმედებას. მემარცხენეები ითვლიან ბილ გეითსის მილიარდებს და ავიწყდებათ იმ მილიონობით ბავშვის დათვლა რომელიც სწორედ ამ ადამიანის მიერ დაფინანსებულმა ვაქცინაციის პროგრამამ გადაარჩინა აფრიკაში.

მილიარდზე მეტ ადამიანს მსოფლიოში ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. აქ არ იგულისხმება სამთავრობო შეზღუდვების შედეგად გამოწვეული პრობლემები. საქმე გვაქვს ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან. ცუკერბერგს და ლარი პეიჯს განზრახული აქვთ ასეთი ადგილების ინტერნეტით მოცვა საჰაერო ბურთების მეშვეობით.
ადამიანთა ნაწილს შესწევს უნარი შეცვალოს სამყარო. ხშირ შემთხვევაში სიკეთით სარგებლობს როგორც შეძლებული, ასევე შეჭირვებული ადამიანი. უკიდურესად ღარიბს არ აქვს კომპიუტერი, მაგრამ მისი ფლობა არც დიდ სიმდიდრეს მოითხოვს. ინტერნეტის მეშვეობით კი შესაძლებელია ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად, ინფორმაციის მიღება, ცოდნის გამდიდრება. 20 წლის წინ ეს სერვისი ხელმიუწვდომელი იყო დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის. პრობლემა მდიდრების სიმდიდრე კი არა, ღარიბთა სიღარიბეა. მართალია ლამის აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება აფრიკა, მაგრამ აზიასა და ლათინოამერიკაში პროგრესი აშკარაა. ჯერ კიდევ 60-იან წლებში განვითარებულ ქვეყნებად ითვლებოდა მხოლოდ ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნები ასევე იაპონია. გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა.

1
წყარო: მსოფლიო ბანკი

ეს კი მაშინ როცა მსოფლიო მოსახლეობა ამავე პერიოდში 3-დან 7.35 მილიარდამდე 145%-ით გაიზარდა. დღეს ამ 10 სახელმწიფოში ცხოვრობს მოსახლეობის 52%. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ჩინეთმა ამ გასაოცარ შედეგს სინამდვილეში კიდევ უფრო მცირე დროში მიაღწია, 1978 წელს, ხელისუფლებაში დენ სიაო პინის მოსვლისას მშპ ჯერ ისევ 308$-ს შეადგენდა. თუმცა იმავე პერიოდში აფრიკის რესპუბლიკებში დაფიქსირდა კლებაც. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 600$-დან 293-მდე, ლიბერია 1273-367, ნიგერი 611-387, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 990-385, მადაგასკარი 715-410, ამ სამწუხარო ფაქტების მიზეზი შიდა ომები, კლანური დაპირისპირებები და კორუფციული მთავრობებია. ბევრი ფაქტს დასავლური კოლონიზაციით ახსნის. შეიძლება გარკვეულწილად ასეც იყოს. ძნელი სათქმელია, დღეს უფრო განვითარებულები იქნებოდნენ თუ არა აფრიკის ქვეყნები კოლონიზაცია რომ არ ყოფილიყო. ფაქტია, რომ კოლონიზაციას შეეწირა მილიონობით ადამიანი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კოლონიზაციამდეც კონტინენტზე არ შექმნილა რაიმე ღირებული, არ ჩამოყალიბებულა სახელმწიფოები. 14 ანბანიდან მხოლოდ ერთი ეთიოპიურია აფრიკული. ეგვიპტე და კართაგენი ძველი მსოფლიოს ნაწილია და არ ითვლება, რადგან ისინი დიდი ხნის წინ განადგურდნენ. მაგრამ ყველაფერი რომც კოლონიზაციის ბრალი იყოს კაპიტალიზმი მაინც არაფერ შუაში იქნება, რადგან დამპყრობლური ომების ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის, კაპიტალიზმის კი რამდენიმე საუკუნეს.

მდიდრებს განსაკუთრებით არც საქართველოში სწყალობენ. მართალია ბევრმა საეჭვო გარემოებებში იშოვა კაპიტალი 90-იან წლებში, დღეს იმავეს გამეორება ჩამდენი პირის პატიმრობას გამოიწვევს, მაგრამ ეს ადამიანები დღეს კანონის ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, წარმოადგენენ ეკონომიკის ნაწილს, ასაქმებენ ადამიანებს, იხდიან გადასახადებს. დეტალური გამოძიებების დაწყებას სერიოზულად არავინ ფიქრობს, ჯერ ერთი ბევრს გასული აქვს ხანდაზმულობის ვადა, მეორე სრულ სიმართლეს ვერასდროს დავადგენთ და მესამე რა აზრი აქვს ისეთ სიმართლეს, რომელიც ეკონომიკის ჩამოშლას და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას გამოიწვევს. ის რომ საქართველო დღემდე სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრის რეალური შემოსავალი უფრო ნაკლებია ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დროს არ არის არც კაპიტალიზმის და არც მდიდარი ადამიანების ბრალი. იმავე 2010 წლის კურსით საქართველოში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი მიმდინარე ფასებში 1988 წელს შეადგენდა 4473$-ს, 1994 წელს 960-ს, 2015 წელს კი 3970-ს. პუტჩი და აფხაზეთის ომი ჩვენივე პოლიტიკური გამოუცდელობის, ადგილობრივი მოღალატეების, მეზობელი ოკუპანტი სახელმწიფოს დამსახურებაა. არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებლობისა და კაპიტალიზმის. დღეს კი ბრძოლა მდიდრებთან კი არა სიღარიბესთანაა საჭირო. მდიდრებთან ბრძოლა ვერც სიღარიბეს აღმოფხვრის და ვერც საშუალო ფენის წარმოქმნას შეუწყობს ხელს, პირიქით ადამიანებს დაუკარგავს მოტივაციას გახდნენ მდიდრები. ეს კი ნიშნავს უარის თქმას პოტენციურად ახალ სამუშაო ადგილებზე, სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ბოლოს და ბოლოს უთანასწორობის შემცირება 2 გზითაა შესაძლებელი 1) მდიდრების გაღარიბება; 2) ღარიბებისთვის შემოსავლის გაზრდა. პირველი გზა უფრო მარტივია, მაგრამ ამ გზას ტაძრამდე არ მივყავართ.

ბიბლიოგრაფია
www.worldbank.org
www.forbes.com
www.worldmeters.info

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial