ანტიმონოპოლიური და ანტიდემპინგური კანონმდებლობა, ზარალი სარგებლის სახელით

გიორგი ელიზბარაშვილი

სახელმწიფო, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა, მაგრამ უსაფრთხოებას მოჰყვა სოციალური უზრუნველყოფაც, სამართალს სამართლიანობა. გაიზარდა მთავრობის როლი და ხარჯი. საჭიროება ხშირად არ არის, მაგრამ გვგონია რომ არის. მარკეტინგი ყველგან მუშაობს, ლიმონათის გაყიდვებშიც და პოლიტიკური იდეების გასაღებაშიც.

სიკეთის, ღმერთის, სამშობლოს, სიმართლის სახელით კლავდნენ და ახლაც კლავენ. ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის სახელით დღეს ზოგჯერ ადამიანების ეკონომიკურ კეთილდღეობას აუარესებენ. ანტიმონოპოლიური და ანტიდემპინგური კანონები ამის თვალსაჩინო მაგალითია. ერთი შეხედვით გაუგებარი ჩანს რატომ არის ცუდი ანტიმონოპოლიური კანონი. „მონოპოლია ხომ ისაა, მარტო როა და შეუძლია გაჭირვებულების ხარჯზე ფასი ასწიოს.“ ვიღაცამ ხომ უნდა დაუშალოს ჩვეულებრივი საწერი კალმის მწარმოებელს საწერი კალმის 5 ლარად გაყიდვა. რეალურად მონოპოლია იქმნება სულ რამდენიმე სიტუაციაში. პირველი და ყველაზე გავრცელებული ესაა ბუნებრივი მონოპოლია, როდესაც ბაზარზე შესვლა იმ ზომის ხარჯთან არის დაკავშირებული რომ სხვა კომპანიას ეს არც უღირს. საქართველოში მისი მაგალითებია „თელასი“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ „ენერგო პრო ჯორჯია“… არავინ ჩაყრის ახალ მილებს და არავინ გაჭიმავს ახალ ხაზებს. იმისთვის რომ მართლაც კილოვატ/საათი 1 ლარი არ გახდეს არსებობს სემეკი. ენერგო კომპანიებში გამართლებულია. კომუნიკაციების ბაზარი მონოპოლისტური არაა. ბაზარზე 3 მობილური ოპერატორია. თუმცა მათაც ჰყავთ მარეგულირებელი. მონოპოლიური არა, მაგრამ ოლიგოპოლიური საფრთხე არსებობს. მარეგულირებლის ძალისხმევით 1 წუთი სალაპარაკო დროის მაქსიმალური თანხა 28.8-დან 24 თეთრამდე შემცირდა. განსხვავებით ენერგოკომპანიებისგან თუ ლიცენზიის საფასური დაიწევს ბაზარზე შესვლა უფრო გამარტივდება, მაგრამ გავანებოთ ამასაც თავი. კიდევ რა მონოპოლია ვიცით? რკინიგზა რომლის 100%-ს სახელმწიფო ფლობს. რა ქნას სახელმწიფომ თავის თავს დაუწესოს რეგულაციები? რკინიგზა უნდა გაიყიდოს. მას არ დასჭირდება რაიმე სატარიფო რეგულაცია, სხვა საქმეა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. მართალია პარალელური ლიანდაგის დაგება არავის მოუვა თავში აზრად, მაგრამ მაღალი ფასის პირობებში მგზავრი ისარგებლებს საგზაო ტრანსპორტით, ბიზნესიც ტრაილერით გადაზიდავს ტვირთს, საერთაშორისო ბიზნესი სხვა მარშრუტს მოძებნის, ამის გამო მფლობელი არანორმალურ ფასს არ დააწესებს. სახელმწიფო მონოპოლიების კოლექცია რკინიგზით არ შემოიფარგლება. შეიძლება რკინიგზის არ გაყიდვა კიდევ რაღაცით აიხსნას. მცდარი არგუმენტებით, მაგრამ მაინც. სამაგიეროდ ყოვლად გაუგებარია რატომ ფლობს სახელმწიფო „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70%-ს და რატომ აქვს მას ლატარიის მოწყობის ექსკლუზიური უფლება? რით დაზარალდება სახელმწიფოებრივი ინტერესები თუ ვიღაც სხვაც მოაწყობს ლატარიას? რა სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია მას? არანაირი.

როგორ იქმნება კერძო მონოპოლია? არსებობს 2 ვარიანტი: 1) ვიღაც უშლის სხვას ბაზარზე შესვლას იყენებს მუქარას, შანტაჟს რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს დაკავების, მკვლელობის ან რაიმე სხვა ძალადობრივი მუქარის სახით. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. საქმე კონკურენციის სააგენტომ კი არა პროკურატურამ და სასამართლომ უნდა განიხილოს. 2) მწარმოებლის ხარისხი/ფასი ისე მოსწონს მომხმარებელს რომ აღარც კი იხედება კონკურენტისკენ. ასეთ შემთხვევაში მონოპოლისტის რაიმე ფორმით შეზღუდვა მომხმარებლის უფლებების პირდაპირი დარღვევაა. სტუდენტებთან შეხვედრაზე მილტონ ფრიდმანმა გაიხსენა მხოლოდ 2 მონოპოლია, რომელიც მთავრობას არ შეუქმნია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა და დე ბირსი ალმასის მომპოვებელი და ბრილიანტის მწარმოებელი კომპანია. იყო ადრე STANDRT OIL. ახლა რამდენიმე სხვა კორპორაციაა დომინანტი. რა დააშავა GOOGLE-მ თუ ის მომხმარებელს YAHOO-ზე და BING-ზე მეტად მოსწონს? 1998 წელს როცა გუგლი დაარსდა ბაზარზე უკვე არსებობდა რამდენიმე ძლიერი საძიებო სისტემა. ავტოფარეხში მომუშავე ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ჩათვალეს რომ ეს კომპანია ძალიან აცდენდათ სწავლაში, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ და მისი 1 მილიონად გაყიდვა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. დღეს მისი საბაზრო ღირებულება 628$ მილიარდს აჭარბებს და მხოლოდ ეფლს ჩამორჩება. რატომ უნდა დაისაჯოს FACEBOOK თუ მას უფრო მეტი მოხმარებელი ჰყავს ვიდრე ყველა სხვა სოციალურ ქსელს? სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია ყველა პარამეტრით რამდენჯერმე აღემატება უკვე გიგანტად ქცეული გუგლის GOOGLE PLUS-ს. მე თუ MICROSOFT მირჩევნია LINUX-ს ეს მხოლოდ ჩემი არჩევანია. ფეისბუქის წილი 77%, გუუგლის 81, მაიკროსოფტის 88. სამივე შემთხვევაში „დამნაშავე“ მომხმარებელია. მას რაღაც სხვაზე მეტად ხობლავს, ფასი, სიმარტივე, ინტერფეისი. ეფლი რომ ეფლია პროცესორებს ინტელისგან ყიდულობს ამ უკანასკნელსაც ბაზრის წილის 80% უკავია. არანაირი კორუფციული გარიგება AMD-ს საწინააღმდეგოდ, რომელიც საგრძნობლად იაფია. მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს INTEL-ს. მწარმოებელიც თავის სმარტფონებისა და კომპიუტერების უმრავლესობაში ათავსებს ინტელის პროცესორს.

1
წყარო: www.netmarketshare.com

თუ ჩვენ მწარმოებელს ვეტყვით რომ აკრძალულია 40, 50 ან 73 პროცენტზე მეტი წილის ფლობა, ის გაზრდის ფასს, რადგან თუ 5 დოლარად ბაზრის 85%-ს ფარავს 6$-ად 60$-ს დააკმაყოფილებს თუ ბაზარზე უფრო დიდი წილის შესაძლებლობა აღარ ექნება ის იბრძოლებს ხარისხის შენარჩუნებისთვის და არა გასაუმჯობესებლად, არც ფასის შემცირებას შეეცდება თუ ეცოდინება რომ ამ უკანასკნელით ვერ გაზრდის გაყიდვებს. შედეგად მივიღებთ რამდენიმე მწარმოებლის სარგებელს და მილიონობით მომხმარებელის ზარალს. გლობალურ ბაზარზე დაზარალებულ მომხმარებელთა რიცხვმა შეიძლება მილიარდსაც გადააჭარბოს.

ხშირად ოლიგოპოლიურ ბაზარს შეცდომით მონოპოლიურად მოიხსენიებენ. იმისთვის რომ ფირმა ჩაითვალოს მონოპოლისტად არაა აუცილებელი იკავებდეს ბაზრის 100%-ს. საზომი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. საქართველოში ზღვრად აღებულია 40%. ქვეყანაში 17 კომერციული ბანკია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მათგან დომინანტი სულ ორია და ისინი ფლობენ 65%-ზე მეტს როგორც მთელი აქტივების ასევე ცალ-ცალკე სასესხო და სადეპოზიტო პორთველების წილს. სავალდებულო რეზერვები, კაპიტალის კოეფიციენტი მისაღები რეგულაციებია. ახალი ფილიალის გახსნის ან დამატების სესხის გაცემის შეზღუდვა კი მცდარი ნაბიჯი იქნება. ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების 95%-ზე მეტს 5 კომპანია ფლობს, თუმცა დღეს არავინ უშლის ოპერირებასა და გაფართოებას მცირე კომპანიებს მაგალითად „ფრეგოს“ ასევე მრავლადაა არაბრენდული სადგურებიც, რეგიონებში უმრავლესობა ასეთია და საერთო ჯამში 95% 60%-მდე ან უფრო მეტადაც მცირდება. ხშირად ისმის ლაპარაკი ზემოგებაზე ფარმაცევტულ ბაზარზე, ამ შემთხვევაში გაუგებარია რატომ არ ინტერესდება ასეთი შესაძლებლობით ვინმე სხვა? თუ ვინმე მუქარის გზით მსურველს არ აძლევს ბაზარზე შემოსვლის ნებას, ეს დანაშაულია, მაგრამ დასადგენია რეალურად არის თუ არა ასე.

მეორე ასეთი მომხმარებელზე ცრუ მზრუნველი ანტიდემპინგური კანონმდებლობაა. დემპინგი ნიშნავს რაიმეს გაყიდვას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. მიზანი კონკურენტების ჩამოცილება და შემდეგ მონოპოლიური ფასის დაწესება. ძირითადად ამ სტრატეგიას მიმართავენ იმპორტიორები, ხოლო ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვაა. თავისუფალ ბაზარზე დემპინგი ძალიან რთულია, რადგან კონკურენტი ერთი და ორი კი არა უფრო ბევრია, თუნდაც სხვა იმპორტიორები. უნდა დაწიო ფასი თანაც მნიშვნელოვნად, ამის შესახებ უნდა გააგებინო მომხმარებელს რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული. არ არსებობს გარანტია, რომ სხვა თუნდაც 1 მაინც არ მოიქცევა ანალოგიურად. თუ ფასები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელმა/იმპორტიორმა შეამცირა ამით სარგებელს ნახავს მომხმარებელი რადგან იგივე პროდუქციას უფრო დაბალ ფასად შეიძენს. დავუშვათ რომელიმე კომპანიამ მართლაც მოახერხა დაბალი ფასებით კონკურენტების განდევნა და შემდეგ მაღალი მოგების მარჟით დაიწყო ოპერირება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიღაც აუცილებლად შეამჩნევს რომ ქვეყანაში X-ის გაყიდვა ძალიან მომგებიანია და თავადაც შევა ბაზარზე, მას მიჰყვებიან სხვებიც და მალე ფასი ისევ საბაზრო ფასს მიუახლოვდება. თუ მთავრობა აკრძალავს თვითმფრინავის ბილეთის გაყიდვას 25$-ზე იაფად, ხორცის გაყიდვას 9 ლარზე იაფად ან გასაბერი ბუშტის გაყიდვას 10 თეთრზე იაფად დაზარალებული ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელი აღმოჩნდება. გარდა ბუნებრივი მონოპოლიებისა ფასს ადგენს ბაზარი. როგორც მინიმალური ასევე მაქსიმალური ზღვრის დაწესება ბაზარს ამახინჯებს და საერთო ეკონომიკურ კეთილდღეობას ამცირებს.

ასეთი მიდგომა მხოლოდ ევროპას არ აქვს. შტატებში არსებობს ქირის კონტროლი რის ზემოთაც პირი ვეღარ შეძლებს ბინის გაქირავებას, NBA-ში კლუბს არ აქვს იმის თავისუფლება, რომ ნებისმიერი ოდენობის ხელფასი მისცეს მოთამაშეს. ასევე არსებობს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონიც. 1890 წელს მიიღეს „შერმანის ანტიტრესტული კანონი“, ხოლო 1914 წელს „კლეიტონის ანტიტრესტული კანონი.“

სავალდებულო დაბალი ფასით წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საჭიროება მწარმოებლისთვის რომ არ გაკოტრდეს, ამავე დროს იქმნება დეფიციტი და დგება რიგები. სავალდებულო მაღალი ფასით კი მცირდება ხელმისაწვდომობა და ზოგჯერ ისევ სუბსიდია ხდება საჭირო ამჯერად მომხმარებლისათვის. განმარტებით ბარათებში, რა თქმა უნდა, სულ სხვა რამ წერია, დაბალ ფასს იმიტომ ვინარჩუნებთ მოსახლეობა რომ შესწვდესო, ფასის დაწევას იმიტომ ვეწინააღმდეგებით იმპორტიორმა ადგილობრივი რომ არ გააძევოსო… ტყუილია ორივე. იმაზე დიდი ტყუილი ვიდრე პენსიის ზრდის დაპირება. რადგან თუ პენსია არ გაიზარდა ამას ყველა დაინახავს მიხვდება რომ მოატყუეს. ტყუილი უკვე აღარაა დიდი ტყუილი თუ ის გამჟღავნდა.

ანტიმონოპოლიური კანონი საქართველოში 1996-2005 წლებში არსებობდა. კონკურენციის სააგენტო 2014 წელს დაარსდა. ყველაზე გახმაურებული საქმე ბენზინის იმპორტიორების 55 მილიონი ლარით დაჯარიმებაა, თუმცა ეს თანხა არავის გადაუხდია. გადაწყვეტილება ხუთივე კომპანიამ გაასაჩივრა. ნავთობკომპანიებმა გაიმარჯვეს. სხვა შემთხვევაში კომპანიები დიდი ალბათობით შეამცირებდნენ თანამშრომლებს და მათ რომლებიც 300-350 ლარის გამო ყოველი მესამე დღე 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ, მზეში, ქარსა და წვიმაში, ისუნთქავენ მავნე ნივთიერებებს დატვირთვა კიდევ უფრო მოემატებოდათ. დაიხურებოდა რამდენიმე ნაკლებად დატვირთული სადგურიც. ზოგჯერ კარგიცაა როცა რომელიმე კანონი უმოქმედოა.

რა უნდა ქნას მთავრობამ იმისთვის რომ მწარმოებელმაც ნახოს მოგება, მომხმარებელსაც შეეძლოს ხარისხიანი პროდუქციის შეძენა მეტ-ნაკლებად მისაღებ ფასად? არსებობს უამრავი ვარიანტი, მაგრამ ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია? მაქსიმალური თავისუფლება. მთავრობამ უნდა დაუშვას ყველა დაინტერესებული პირი ბაზარზე თუ რა თქმა უნდა ის მომწამვლელ საკვებს ან რამე მსგავსს არ უშვებს. თავისუფალი კონკურენცია გამოავლენს ისეთ მწარმოებელს რომელიც სხვებისთვის ყველაზე მისაღებ პროდუქციას დაამზადებს და მისი წილი ბუნებრივად გაიზრდება. მომხმარებელი მიიღებს სარგებელს უკეთესი პროდუქტის შეძენით მწარმოებელი კი ბაზრის ყველაზე დიდი წილით. ხარჯებთანაა დაკავშირებული არამხოლოდ კანონის აღსრულება დადგენაც კი ვინ არის მონოპოლისტი და ვინ ყიდის დემპინგური ფასებით. რთულია დათვლა ზუსტად რა უჯდება რაიმეს შეძენა იმპორტიორს ყველა ხარჯის ღირებულების, ტრანპორტირების, რეკლამირების, გადასახადების გათვალისწინებით. თუ დავითვლით შპს-ებსა და სააქციო საზოგადოებების რაოდენობას საქართველოში და მათ თუნდაც 2%-ს გადავამოწმებთ დემპინგურ ფასებზე ძალიან დიდ ფულად რესურსს დავხარჯავთ.

კონკურენციის სააგენტოს ბიუჯეტი 1.9 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ამ თანხის დამატებით თბილისის ყველა სკოლაში ნაცვლად მხოლოდ დიდებისა, კვირაში ერთხელ კი არა კვირაში სამჯერ იქნებოდა ვაშლის დარიგება შესაძლებელი.

ბიბლიოგრაფია
www.netmarketshare.com
www.forbes.com
www.worldbank.org