ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2018 წლის 4 ივნისს, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის/მისიის ხელმძღვანელს, მთავარ ეკონომისტ ლუსილა მაკლაფლინს შეხვდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი – „საქართველოს შემოსავლების ადმინისტრირების რეფორმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება.

პროექტი სამწლიანია, ის 2017 წელს დაიწყო და მისი მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერება.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ის რეფორმები, რომელის განხორციელებაც წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორისაა, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა და ციფრული საბაჟოს განვითარება.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რათა უწყება ინსტიტუციონალურად უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს მისი მომსახურების ხარისხი.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, არსებული პროგრესი და სამომავლო გამოწვევები.