ტრანსნაციონალური კომპანიები XXI საუკუნის გლობალურ ბაზარზე

ბონდო გასვიანი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
bondogasviani@gmail.com

ანოტაცია: ეკონომიკის გლობალიზაცია, საგარეო ეკონომიკური კავშირების გაფართოება, უპირველეს ყოვლისა ვლინდება ტრანსნაციონალური კომპანიების (შემდგომში – ტნკ) როლის ზრდაში და მათი საქმიანობის მასშტაბების გაფართოებაში. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ტნკ-ები გლობალიზაციის მთავარი სუბიექტები გახდენენ. ამდენად, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე უახლესი ტენდენციების მიმოხილვა არსებითად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარების სწორი სტრატეგიის ფორმირებისათვის. სტატიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების და ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ცხადყოფს გლობალურ ბაზარის უსაზღვრო შესაძლებლობებს და მასზე ოპერირების გარდაუვალ აუცილებლობას წარმატების მისაღწევად.

ტნკ-ების განვითარების ტენდენციები XXI საუკუნეში

ტნკ -ების საქმიანობის მოცულობა ხასიათდება დიდი მასშტაბებით. ზოგიერთი ტნკ (მაგალითად „General Electric“, „Exxon Mobil Corporation“, „General Motors“, „Ford“, „royal Dutch Shell“) ფლობს და განაგებს რესურსებს, რომელთა მოცულობა აღემატება მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ შემოსავალს, ხოლო ოპერაციების საერთაშორისო ხასიათი აყენებს მათ პრაქტიკულად ნებისმიერი ეროვნული მმართველობის ორგანოების ძალაუფლების ფარგლებს გარეთ.

მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველწლიურად ელის და აკვირდება სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ჟურნალების და ორგანიზაციების მიერ წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მონაცემების გამოქვეყნებას, რაც იძლევა საინტერესო ანალიზის ჩატარების და დასკვნების გამოტანის საშუალებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალურ-პოლიტიკური კუთხით. ჟურნალი “Fortune” ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს სახელწოდებით – „Global 500”, სადაც შესულია მსოფლიოს 500 ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კომპანია. ასევე, რეიტინგში არსებულ კომპანიებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია ბაზირების ქვეყნების, სამრეწველო დარგის და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია, რაც გრძელვადიანი დაკვირვებისას მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.

2014 წელს გამოცემული სტატიის* მიხედვით – “გლობალური ბიზნესი დაბრუნდა. მძიმე მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების შემდეგ, 500 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგი შემოსავლების მიხედვით შეიცვალა. 2013 წლის შესრულების ანგარიშებით: მთლიანმა შემოსავლებმა შეადგინა 31,1 ტრილიონი დოლარი, რაც 2,5%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით, ხოლო მოგება გაიზარდა 27%-ით, რაც დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია”.

2012-2018 წლებში რეიტინგებში არსებული მონაცემების ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას: 2014 წელს მსოფლიოს 500-მა უდიდესმა კომპანიამ, მიიღო შემოსავალი 31.2 ტრილიონი დოლარი, რაც უმნიშვნელოდ მეტია 2013 წელთან შედარებით, თუმცა მიღებული მოგება შემცირდა 15 %-ით და შეადგინა 1.7 ტრილიონი დოლარი. 2015 და 2016 წლებში 2013 წელთან შედარებით მონაცემები არსებითად შეიცვალა, ჯამური შემოსავალი შემცირდა დაახლოებით 11%-ით და შეადგინა 27.7 ტრილიონი დოლარი, ხოლო მოგება შემცირდა 25%-ით და გახდა 1.5 ტრილიონი. ფაქტობრივად, შემოსავალიც და მოგებაც ჩამოცდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს არსებულ მონაცემებს (შემოსავალი შემცირდა 9%-ით, მოგება 4.5%-ით). მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ჯამური შემოსავლები და მოგება წინა წელთან შედარებით გაიზარდა, ის ვერ აცდა 2013 წლის მაჩვენებლებს (იხ. დიაგრამა N1). ამდენად, 2014 წლის სტატიაში ოპტიმისტური მოლოდინები რეალურად არ გამართლდა. შესაბამისად, უმნიშვნელოდ გაზრდილი შემოსავლების არგუმენტად მოყვანა იმის აღსანიშნავად, რომ გლობალური ბიზნესი დაბრუნდა და ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია ნაადრევი გამოდგა.


1

გრძელვადიან პერიოდში „Global 500“ – ის რეიტინგში აღინიშნებოდა კომპანიების გეოგრაფიული განაწილების საგრძნობი ცვლილებები. 2001 წლის მონაცემებით რეიტინგში ჩრდილოეთ ამერიკული წარმოშობის კომპანიების რაოდენობა შეადგენდა – 215 ერთეულს, აზიური წარმოშობის კომპანიების 116-ს, ხოლო ევროპის ტერიტორიაზე დაფუძნებული კომპანიების წილი იყო – 158**. 2018 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ ამერიკული კომპანიების რაოდენობა რეიტინგში 2001 წელთან შედარებით შემცირდა 34%-ით და შეადგინა 142 ერთეული. ევროპული კომპანიები მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდებოდნენ თუმცა, ამ შემთხვევაშიც, აღინიშნა რაოდენობის უმნიშვნელო 11%-იანი კლება 141 – მდე. 2001-2018 წლებში ამერიკული და ევროპული კომპანიებისგან განსხვავებით აზიური წარმოშობის კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და შეადგინა 203 ერთეული, რაც 75%-ით მეტია 2001 წლის მონაცემებთან შედარებით (იხ. დიაგრამა N2). აზიური კომპანიების რაოდენობის ზრდის ესოდენ მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია, ჩინური, ინდური და სამხრეთ კორეული წარმოშობის კომპანიების რაოდენობის სწრაფი ზრდით და აღნიშნულ ქვეყნებში საწარმოო სიმძლავრის გეოგრაფიული გადანაცვლებით, რისი წინაპირობაც სტაბილური ბიზნეს-გარემო და იაფი მუშახელია.

2

„The Forbes Global 2000“ არის ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებადი 2000 საუკეთესო კომპანიების რეიტინგი მსოფლიოში, რომელიც ეფუძნება 4 მაჩვენებლს: გაყიდვები, მოგება, აქტივები და საბაზრო ღირებულება. აღნიშნული სია ქვეყნდება 2003 წლიდან და მოიცავს ნებისმიერი ინდუსტრიული მიმართულების მქონე წამყვანი კომპანიების მონაცემებს. „Global 500“ – სგან განსხვავებით „The Forbes Global 2000” დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, რაოდენობრივად 4-ჯერ მეტ კომპანიაზე ხელმისაწვდომი მონაცემების არსებობის პირობებში უფრო მოცულობითი და მასშტაბური ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა. სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით რეიტინგის დალაგება განსხვავებულ ცხრილს და ინფორმაციას იძლევა. მაგალითისათვის, 2018 წლის მონაცემებით კომპანია „Walmart“ 500.3 მილიარდი დოლარის ჯამური გაყიდვებით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც მოგების მხრივ პირველ ადგილზე მყოფი კომპანია “Apple” 247.5 მილიარდი შემოსავლით, რაც „Walmart“-ის შემოსავალზე 49%-თ ნაკლებია, მე-8 ადგილზეა. მიუხედავად აღნიშნულისა, „Apple“ – ის მოგებამ 2018 წლის მონაცემებით შეადგინა 53.3 მილიარდი დოლარი რაც 5,4-ჯერ მეტია „Walmart“-ის მოგებაზე, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 926.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 680.7 მილიარდი დოლარით მეტია „Walmart“-ის საბაზრო ღირებულებაზე. ამდენად, მხოლოდ წლიური შემოსავლების და გაყიდვების მაღალი მოცულობა ვერ იქნება კომპანიის წარმატების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ „Global 500“ – ისა და „The Forbes Global 2000“ – ის მონაცემების ანალიზი იძლევა მსოფლიო ბაზარზე არსებული კონკურენციის და მიმდინარე ზოგადი ტენდენციების შეფასების შესაძლებლობას, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია კომპანიის ტრანსნაციონალიზაციის დონის რეალური დადგენა და იმის განსაზღვრა თუ რამდენად არის კომპანია დამოკიდებული გლობალურ ბაზარზე.

განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ შემუშავებული კომპანიების ტრანსნაციონალიზაციის დონის შეფასების კრიტერიუმი – ტრანსნაციონალობის ინდექსი (შემდგომში ტნი), რომელიც წარმოადგენს ტრანსნაციონალურ კომპანიათა კლასიფიცირების საშუალებას და გამოიყენება ეკონომისტების და პოლიტიკოსების მიერ, კომპანიის ტრანსნაციონალიზაციის დონის დასადგენად. ის გამოითვლება, როგორც შემდეგი სამი თანაფარდობის არითმეტიკული საშუალო***:

• უცხოურ აქტივთა თანაფარდობა მთლიან აქტივებთან;
• უცხოურ გაყიდვათა თანაფარდობა მთლიან გაყიდვებთან;
• საგარეო დასაქმების თანაფარდობა მთლიან დასაქმებასთან;
აღნიშნული აისახება ფორმულით:

3 შემდეგი მნიშვნელობით:
Ti – ტრანსნაციონალიზაციის დონე;
A1 – საზღვარგარეთ არსებული აქტივები;
A – მთლიანი აქტივები;
R1 – საქონლის/მომსახურების გაყიდვების მოცულობა საზღვარგარეთ;
R – საქონლის/მომსახურების გაყიდვების მთლიანი მოცულობა;
S1 – დასაქმებულთა რიცხოვნობა საზღვარგარეთ;
S – დასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობა;

ტნკ -ს კლასიფიცირება, აგრეთვე ხდება, უცხოური აქტივების მოცულობის მიხვედით, რომელთაც ისინი ფლობენ. თუმცა, ტნი-ს მიხედვით კლასიფიცირება შესაძლოა საგრძნობლად განსხვავდებოდეს. მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანია “Royal Dutch Shell plc” – ი 349 მილიარდი დოლარის უცხოური აქტივების ფლობით იყო პირველი ტნკ-ის რეიტინგში, ხოლო 74,3% ტნი-ის მაჩვენებლით ის 34-ე პოზიციას იკავებდა. აქტივების მხრივ რანგირების საპირისპიროდ, ტნი-ის მიხედვით პირველ ადგილზე მყოფი კომპანია „Rio Tinto PLC“ (99.3%), საზღვარგარეთული აქტივების ფლობის კუთხით 30 – ე ადგილზეა.

მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ დიკენი, რომლის სამეცნიერო საქმიანობა უკავშირდება ბიზნესის გლობალიზაციის საკითხების შესწავლას, თვლიდა, რომ ტნი-ის მონაცემები უარყოფდნენ ჰიპერგლობალიზმის განაცხადებს. ის მიიჩნევდა, რომ ტნი-ის (2001 წ.) მონაცემები ეწინააღმდეგებოდა მოსაზრებას, რომ მულტინაციონალური კორპორაციები კარგავენ კავშირის წარმოშობის ქვეყნებთან. მისი აზრით: “თუ ეს მოსაზრება სიმართლეა, ჩვენ უნდა მოველოდეთ, რომ უდიდეს მულტინაციონალურ კორპორაციებს საკუთარი აქტივების, გაყიდვების და დასაქმებულთა რაოდენობის უმეტესობა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექნებათ და ამგვარად, ამ კორპორაციათა უმეტესობას მაღალი ტნი უნდა ჰქონდეს. ფაქტიურად კი, „UNCTAD“ – ის 2001 წლის ტნი მონაცემებით, წამყვანი 100 მულტინაციონალური კორპორაციის ტრანსნაციონალიზაციის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა – 52.6%, 100-დან 57 კომპანიის ტნი 50%-ზე მეტი იყო და მხოლოდ 16-ს ჰქონდა ის 75%-ზე მაღალი.”

ამგვარად, დიკენის დასკვნით ტნი-ს მონაცემები ქმნიან მხოლოდ მცირე მტკიცებულებას მულტინაციონალურ კომპანიათა მიერ საკუთარი აქტივების, გაყიდვებისა და დასაქმების დამოკიდებულების დონეზე საკუთარი ქვეყნის გარეთ. აღნიშნულის განხორციელებას, კი მხოლოდ ჰიპერგლობალიზაციის პირობებში შეიძლება მოველოდეთ****. თუმცა, „UNCTAD“-ის მიერ გამოქვეყნებული 100 წამყვანი არასაფინანსო კორპორაციის ცხრილის ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპანიების დაინტერესება გლობალური ბაზრის მიმართ 2001-2017 წლებში დინამიურად და სტაბილურად იზრდებოდა. 2017 წლის მონაცემებით ტრანსნაციონალიზაციის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა – 66.1%, რაც 13.5%-ით მეტია 2001 წლის მონაცემებთან შედარებით. 100-დან 84 კომპანიის ტნი 50%-ზე მეტია, ხოლო 34 კომპანიის ცდება 75 %-იან მაჩვენებელს (იხ. დიაგრამა N3).

4

გარდა აღნიშნულისა, ტნკ-ის გლობალური ბაზრისადმი დამოკიდებულებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ წამყვანი 100 ტნკ – ის მთლიანი აქტივების 62%, გაყიდვების 64% და დასაქმებულთა რაოდენობის 67% წარმოდგენილია უცხოურ ბაზრებზე. ამდენად, დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადია, რომ ტნკ – ი სულ უფრო კარგავენ კავშირს წარმოშობის ქვეყნებთან და ხდებიან დამოკიდებული გლობალურ ბაზარზე.

დასკვნა. XXI საუკუნეში გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ტნკ-ების როლი მსოფლიო ეკონომიკაში. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მიმდინარეობს წარმოების ტოტალური ინტერნაციონალიზაცია და საწარმოო სიმძლავრეების განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში გადაადგილება. ამდენად, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი გლობალურ ბაზარზე მეტი ბიზნეს-სუბიექტის აქტიური მონაწილეობის წახალისებაა. შესაბამისად, საქართველოში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს გეოგრაფიული უპირატესობა, მოიზიდოს ინვესტორები და ხელი შეუწყოს ახალ წამოწყებებს, რომლის მიზანი მსოფლიო ბაზრის მომხმარებელზე ორიენტირებული საქონლისა და მომსახურების შექმნა იქნება.

* Stephanie N. Mehta – GLOBAL 500 2014, fortune.com
** „A New Perspective on the Corporate World“. CNN Money, Fortune Magazine. Retrieved 8 July 2013.
*** Stuart Wall and Bronwen Rees – International Business. Pearson Education. 2004 გვ. 24.
**** Peter Dicken Global Shift. SAGE. (2003). pp. 221–224.

გამოყენებული ლიტერატურა
1. შენგელია თ. – „გლობალური ბიზნესი“, ახალი საქართველო, თბილისი 2010;
2. ჯამაგიძე ლ. – „ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში“, უნივერსალი, თბილისი 2010;
3. კასრაძე თ. – „ტრანსნაციონალიზაცია – მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა“, ჟურნალი საქართველოს ეკონომიკა, 2009;
4. UNCTAD – „World Investment Report“, Geneva, 2016, 2018;
5. Stephanie N. Mehta – GLOBAL 500 2014. fortune.com;
6. „A New Perspective on the Corporate World“. CNN Money, Fortune Magazine. Retrieved 8 July 2013;
7. Stuart Wall and Bronwen Rees – International Business. Pearson Education. 2004;
8. Peter Dicken Global Shift. SAGE. (2003);
9. Shengelia T., Berishvili Kh. (2014). The Role of Institutional Reforms in the Improvement of the Georgian Investment Environment. Journal of Social Sciences, Volume 3, Issue 2, International Institute of Social and Economic Sciences;
10. Shengelia T. (2014) Tendencies of The Capital International Movement and Its Influence on the Economy of the Sovereign State. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 6, Issue 1, Number 4, Nova Science Publishers, Inc.;
11. Shengelia T., Berishvili Kh. (2014). Evaluation of the Global Position of Georgia and its Role In the Development of Business. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 6, Issue 1, Nova Science Publishers, Inc.;
12. Shengelia T. (2013) Influence of Role of International Busines on Formation of International Relation Policy. Georgian International Journal of Scince, Tecnology and Medicine, Volume 5, Issue 3/4, Nova Science Publishers, Inc.