ამერიკული კორპორაციები კაპიტალიზმს ბრძოლას უგებენ

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

ამერიკა კომპანიებისთვის ეკონომიკური დინამიზმის მიწა უნდა იყოს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია

ყველას გვსმენია სილიკონის ველის წარმატებული კომპანიების თავბრუდამხვევი ისტორიები, რომლებიც ავტოფარეხებიდან იწყება და ლამის მსოფლიო ჰეგემონიით მთავრდება. პრესა და ონლაინ მედია ხშირად აქცევს ყურადღებას წარმატებული კომპანების მაგალითებს, როგორებიცაა Hewlett Packard, Google, Dropbox, Airbnb, Tinder, Nest, Fitbit და სხვა. თუმცა საინტერესოა რა დგას ამ ლამაზი ისტორიების მიღმა და როგორია რეალური სტატისტიკა?

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ახალი ბიზნესების ფორმირება-განვითარების მაჩვენებელი აშშ-ში 1970-იანი წლების შემდეგ ბევრად არის შემცირებული. ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი გამქრალი კომპანიის მომსწრე ვართ, ვიდრე ახალი და წარმატებული სტარტაპის.

მზარდ და დინამიურად განვითარებად ეკონომიკაში ახალი ბიზნესების აღმოცენება და ხანდაზმული კომპანიების კვდომა ბუნებრივი ციკლია. ისეთი სტარტაპი, როგორიცაა Netflix მომხმარებელს ახალ მედია პროდუქტს სთავაზობს, პარალელურად კი, კომპანია Blockbuster იძირება. ისევე როგორც ბავშვების დაბადება და ბებია-ბაბუის გარდაცვალება არის ცხოვრებისეული ციკლი, ასევეა ეკონომიკაშიც. საუბედუროდ, შემოქმედებითი განადგურების პროცესმა ბოლო 30 წლის განმავლობაში საგრძნობლად იკლო და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ეკონომიკური ზრდის შეფერხება არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სექტორისთვის, არამედ ფართოდაა გავრცელებული და მთლიან არეალს მოიცავს.

დღეს სტარტაპების კოლაფსი გასაკვირი არ უნდა იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხანგრძლივი პოლიტიკის შედეგი. მას შემდეგ რაც ანტიტრასტული კანონმდებლობა შეიცვალა რეიგანის დროს ადრეულ 80-იან წლებში „პატარა გახდა ცუდი და დიდი კარგი“. Murray Weidenbaum-მა, რეიგანის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს პირველმა ხელმძღვანელმა თავის დროზე განაცხადა, რომ „პატარა ბიზნესები კი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არამედ ეკონომიკური ზრდა“. მოხდა პატარა ბიზნესების მსხვერპლშეწირვა დიდი ბიზნესების სასარგებლოდ.

პროფესორ Gustavo Grullon-ის კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პატარა კომპანიების გაქრობა პირდაპირ კავშირშია ინდუსტრიების კონცენტრაციის ზრდასთან. საშუალო ზომის კომპანია აშშ-ს ეკონომიკაში, საშუალოდ 3-ჯერ გაიზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. კვლევა ასევე აჩვენებს სტრუქტურულ ცვლილებებს დასაქმების ბაზარზე, სადაც დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დიდი კორპორაციის თანამშრომელია და სულ უფრო ნაკლები მუშაკია ჩართული პატარა სამრეწველო აქტივობებში. კვლევის შედეგებს ადასტურებს დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებლებიც – 1978-2011 წლებში აშშ-ს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა შორის პატარა კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 3.4%-დან 2%-მდე შემცირდა.

დიდი კომპანიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე დიდი ბიზნესი უკეთესია და ზოგიერთ ინდუსტრიაში, უბრალოდ, არ შეიძლება იყო პატარა. მაგალითად, ავიაინდუსტრიის მასშტაბები ისეთია, რომ მხოლოდ Boeing-სა და Airbus-ს შეუძლიათ გლობალურ დონეზე კონკურენციის გაწევა (ბოლო Boeing 787 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირს). კარგი მაგალითია ტექნოლოგიების სფეროც. კვლევებისა და განვითარების მასშტაბები იმხელაა, რომ სტარტაპს მათთან გამკლავება არ შეუძლია. სრული მიკროჩიპის შექმნაზე პატარა კომპანია ვერ გაწევს იმხელა დანახარჯს, როგორც მაგალითად Intel.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველა ინდუსტრია ამ კატეგორიაში არ არის. ხშირად დიდი მასშტაბები სულაც არ არის ხელისშემწყობი ფაქტორი. ეკონომიკური ზრდის თეორიტიკოსი მკვლევარები ახალ კომპანიებს ხშირად ამსგავსებენ ჭიანჭველებს, რომლებიც იმაზე მეტ ტვირთს წევენ ვიდრე მათი წონაა. ისინი პასუხისმგებელი არიან ინოვაციებზე, ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

John Haltiwanger მუშაობს სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური შედეგიანობის საკითხებზე. მისი საეტაპო წიგნი „სამუშაო ადგილების შექმნა და განადგურება“ აჩვენებს, რომ „ახალგაზრდა, სწრაფად-მზარდი სტარტაპები ატარებენ ექსპერიმენტებს, ქმნიან ახალ პროდუქტს და მომსახურებას და ცდილობენ გამოიგონონ ახალი ბიზნეს მოდელი, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია.“

თუმცა, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ მცირე ბიზნესი და სწრაფად მზარდი სტარტაპი. პატარა ბიზნესები, როგორიცაა მაგალითად რესტორნები და ქიმწმენდები, ლოკალურ დონეზე ქმნიან სამუშაო ადგილების უმეტესობას, მაგრამ რადგან მათი დახურვა-გაკოტრების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, მათზე მოდის გაუქმებული სამუშაო ადგილების დიდი ნაწილიც. მსგავსი ბიზნესები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არიან მწარმოებლურობის მამოძრავებელი ძალა.

ეკონომიკური ზრდის ხერხემალი არის პატარა კომპანია, რომელიც ხდება დიდი, როგორც მაგალითად Costco, Southwest Airlines ან Celgene. ყველა მათგანი თავის დროზე პატარა სტარტაპი იყო. Geoffrey West თავის წიგნში „მასშტაბი“ აჩვენებს, რომ კომპანიები ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად არიან. ისევე როგორც ცხოველთა სამყაროში, ბევრი სტარტაპი კვდება საწყის ეტაპზე, მაგრამ მათ, ვინც გადარჩებიან და იზრდებიან, თან მოაქვთ უფრო მაღალი მომგებიანობა და პროდუქტიულობა. როცა კომპანია ბერდება, მისი ზრდა მცირდება და ნაკლებად ინოვაციური ხდება. დღეს ინოვაციების დაფინანსება ბიუროკრატიის დაფინანსებას გულისხმობს.

ადამიანთა მსგავსად, კომპანიების ლიმიტირებული ენერგია უფრო მეტად ემსახურება შიდა უჯრედების გამოკვება-აღდგენას, ვიდრე ზრდას. თუმცა ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, დიდი კომპანიები უბრალოდ არ კვდებიან, როდესაც ისინი თავს ამოწურავენ, ამის ნაცვლად მარტივად აღიდგენენ თავს უფრო პატარა და სწრაფად მზარდი მეტოქეების შთანთქმით.

Titan Alon-მა და მისმა კოლეგებმა საკუთარ ნაშრომში ჩამოაყალიბეს შეხედულება, რომ კომპანიის ასაკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომის პროდუქტიულობის დინამიკაში. თუ კომპანია გადაურჩება გადარჩევის ფაზას, მათი პროდუქტიულობის ზრდა პირველი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 20%-ია.

როდესაც მონოპოლისტები შთანთქავენ სტარტაპებს ისინი კლავენ პროდუქტიულობას ეკონომიკაში. თუ დავაკვირდებით მაღალტექნოლოგიურ სექტორში ზრდის ტემპების შემცირება და სექტორში აგრეგირებული პროდუქტიულობის შემცირება პარალელურად ხდება.

* * *
დიდი კომპანიების იდეების მომხრეთა მთავარი არგუმენტი დებატების დროს პროდუქტიულობაზე გადის. სიმართლე ბევრად საინტერესოა.

საკუთარ წიგნში „დიდი დიდებულია“ Robert Atkinson და Michael Lind აჩვენებენ, რომ დიდი კომპანიები უფრო მეტს ხარჯავენ კვლევებსა და განვითარებაზე. ისტორიულად, ისეთი გიგანტები როგორიცაა AT&T ან IBM დიდი თანხებით აფინანსებენ დიდ კვლევით ლაბორატორიებს, როგორებიცაა მაგალითად Bell Labs ან Yorktown. ასევე, DuPont-მა და Google-მა დიდი თანხებით დააფინანსეს R&D. მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა.

საკუთარ კვლევაში Zoltan Acs -მა და David Audretsch-მა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მაღალია კომპანიის კონცენტრაცია, მით ნაკლებს ხარჯავს ის კვლევაზე და რომ მონოპოლიური ძალაუფლება ანადგურებს ინოვაციებს – ინოვაციები ეცემა, მაშინ როდესაც კონცენტრაცია იზრდება.

პრობლემაა არა მხოლოდ ის რომ ნაკლები სტარტაპი იქმნება, არამედ ისიც, რომ შექმნილი სტარტაპების დიდ ნაწილს დიდი კომპანიები შთანთქავენ. დღეს ტექნოლოგიებში შექმნილი ბევრი სტარტაპი ვერც კი აღწევს ჯანსაღი კონკურენციის დონეს.

Google-მა, Amazon-მა, Apple-მ, Facebook-მა და Microsoft-მა გასული ათი წლის განმავლობაში 500 კომპანიაზე მეტი იყიდეს.

Google-ისა და Boston Dynamics -ის მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ როგორ კლავს დიდი კომპანია პროდუქტიულობას. 2013 წელს Googl-მა შეიძინა Boston Dynamics, ისევე როგორც რვა სხვა კომპანია, იმისათვის რომ შეექმნა რობოტექსის ახალი განყოფილება. რობოტების ინდუსტრია აღფრთოვანებული იყო ამ სიახლით. თუმცა ეს კატასტროფად იქცა. დროთა განმავლობაში Googl-მა ბევრი კომპანია დახურა და ბევრი მკვლევარი გაათავისუფლა. 2017 წლის 8 ივნისს კი Boston Dynamics იაპონურ SoftBank Group-ს მიჰყიდა. რობოტები Google-ს ბიზნესი არ იყო, მას რეკლამების გაყიდვა აინტერესებდა.

ჩვენ ადრეც გვინახავს თუ როგორ მოქმედებს დიდი კომპანიის ეფექტი ინოვაციებზე. ადრეულ 1960-იან და 70-იან წლებში, Xerox-ს ჰქონდა მონოპოლია კოპირების ტექნოლოგიებში. Xerox-ის კვლევითმა ცენტრმა Palo Alto-მ ჩამოაყალიბა თანამედროვე კომპიუტერები და ინტერნეტი, თუმცა თვითონ ამისგან სარგებელი ვერ მიიღო. იმ პერიოდში მათ კოპირების გარდა, უბრალოდ, არაფერი აინტერესებდათ.

Xerox-ის ინოვაციების სია არის ძალიან მრავალფეროვანი: მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი, კომპიუტერზე-გენერირებული ბიტებიანი გამოსახულება, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, (Ethernet) კაბელები და სხვა. თუმცა თვითონ კომპანიამ ძალიან მცირე რამის გაკეთება შეძლო ამ ინოვაციებთან ერთად. ამ პროდუქციებზე ლიცენზია მოიპოვეს სტივ ჯობსმა და Apple-მ. ეს ინოვაციები საჯარო მათ გახადეს.

კრეატიულობა სტაგნაციას განიცდის, როდესაც ბიზნესი მონოპოლისტი ხდება. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი Frederic Scherer-მა, გამოიკვლია მონოპოლისტების პატენტები და აღმოაჩინა, რომ რაც უფრო დომინანტი ხდება კომპანია, მით უფრო იკლებს მნიშვნელოვანი პატენტების რაოდენობა. ამასთანავე, მონოპოლისტები ხშირად თავიანთი გამოგონების კომერციალიზებას ვერ ახერხებენ.

* * *

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ეკონომისტებისა და ცენტრალური ბანკირებისთვის არის ის, თუ რატომ არ ახდენენ ბიზნესები მეტის ინვესტირებას. ისინი თითქმის მთლიან ქეშს აქციონერებს უბრუნებენ, იმის ნაცვლად რომ დააფინანსონ მეტი კვლევა და განვითარება ან დახარჯონ თანხა ახალ მოწყობილობებზე. ინდუსტრიული სამყაროს ეკონომიკა განიცდის წნეხს იმის გამო, რომ ზედმეტია დაზოგვა და ნაკლებია ინვესტირება, რაშიც მთავარი დამნაშავე სულ უფრო მზარდი უთანასწორობა და ტექნოლოგიებია.

ამ შეხედულების მოწინააღმდეგეები არ ეთანხმებიან კავშირს არსებულ პრობლემასა და მონოპოლისტებ-ოლიგოპოლისტებს შორის, მაგრამ კავშირი ცხადია. კონკურენტული ბაზრის პირობებში, ინვესტიციები უფრო დიდი იქნებოდა ვიდრე მონოპოლიის პირობებში, სადაც მონოპოლისტი, უბრალოდ ამცირებს მიწოდებას ფასების მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად.
Germán Gutiérrez, Thomas Philippon და Robin Doettling-ის კვლევები გვეხმარება ავხსნათ ინვესტიციების შემცირება. საკუთარ ნაშრომში ისინი იკვლევენ აშშ-ში ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებულ ინვესტიციებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რეალურად განხორციელებული ინვესტიციები იმაზე ნაკლები იყო ვიდრე ფუნდამენტალისტები 2000 წლების დასაწყისში პროგნოზირებდნენ. ამ გეპის ძირითადი გამომწვევია ის ინდუსტრიები, რომელშიც კონკურენცია დროთა განმავლობაში შემცირდა.

ამასთანავე, თუ წამყვანი კომპანიები შეინარჩუნებდნენ საკუთარ წილს მთლიან ინვესტიციებში 2000 წლიდან მოყოლებული, აშშ-ს ეკონომიკაში დღეს 4%-ით მეტი კაპიტალი ექნებოდა, რაც არაფინანსური კომპანიების 2 წლიანი ინვესტიციების მოცულობის ტოლია. დღეს კომპანიები ფიქრობენ, რომ უფრო მომგებიანია პროდუქტიულობის შეზღუდვა, ვიდრე ზრდაში ინვესტირება. კომპანიები იღებენ მოგებას და უკან უბრუნებენ აქციონერებს. ფული მიდის მდიდარ აქციონერებთან, რომლებიც ნაკლებს ხარჯავენ საკუთარ შემოსავალთან შედარებით ვიდრე ღარიბები. ასე რომ შემცირებული ინვესტიციები და შემცირებული ხარჯები ურთიერთკავშირშია.

ამერიკელ მკვლევართა ნაწილი აცხადებს, რომ აშშ-ს ზოგიერთ ინდუსტრიაში, მონოპოლიის დონემ საბჭოთა კავშირში არსებული მონოპოლიების დონეს მიაღწია. როდესაც ცივი ომი დასრულდა მოსკოვში სიგარეტის დეფიციტი გაჩნდა, რადგან ფილტრები, რომელიც მხოლოდ სომხეთში იწარმოებოდა ამოიწურა. რით განსხვავდება ეს მდგომარეობა ახლო წარსულში მომხდარი ფაქტისგან? 2017 წელს, როდესაც პუერტო რიკოს ქარიშხალი ჰურიკანა მარია დაატყდა თავს აშშ-ს შეექმნა ინტრავენული პაკეტების პრობლემა. მიზეზი იყო ის, რომ ამ პროდუქციაში Baxter-სა და Hospira-ს აქვს დუოპოლია, მათი საწარმოო სიმძლავრეები კი განთავსებულია პუერტო რიკოში. ქარიშხლამდეც კი პრობლემა იყო ამ პროდუქციაზე ფასების მაღალი დონე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაორმაგდა. შემაძრწუნებელი ფაქტია, რომ ასეთი მარტივი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო პროდუქტის მიწოდება ორი კომპანიის ხელშია.

ეს არის დღევანდელი ამერიკული ისტორია: მაღალი მოგება ოფშორული წარმოებით და კერძო მონოპოლიების მიერ შექმნილი რიგი პროდუქტების ხელოვნური დეფიციტი.

წყარო: www.bloomberg.com

სტატიის პირველი ნაწილი: კონკურენცია კვდება და მასთან ერთად კაპიტალიზმის არსიც