კონკურენცია კვდება და მასთან ერთად კაპიტალიზმის არსიც

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

2017 წლის 9 აპრილს, ჩიკაგოს ოჰარას აეროპორტში პოლიციელებმა ექიმი დევიდ დეო United Express-ის თვითმფრინავის ბორტიდან იძულებით ჩამოიყვანეს. ბორტი გადავსებული იყო, მაგრამ ექიმი უარს ამბობდა თვითმფრინავის დატოვებაზე, რადგან მეორე დღეს მას პაციენტები ელოდნენ.

სხვა მგზავრებმა ჩაწერეს ვიდეო თუ როგორ ჩამოაგდეს ექიმი თვითმფრინავიდან. ვიდეოში ჩანს მგზავრთა აღშფოთებული შეძახილები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უხეშად ექცევიან ექიმს. მას სისხლიანი ჰქონდა სახე, დაზიანება კი პოლიციელთა უხეში მოპყრობის შემდეგ მიიღო. არავის შეეძლო იმის დაჯერება, რაც თვითმფრინავში ხდებოდა. ვიდეო ვირუსივით სწრაფად გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.

თავდაპირველად, ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არათუ ბოდიში არ მოიხადა, აქეთ დასდო ბრალი მგზავრს ურჩობაში. თუმცა ვიდეოზე გამოხმაურება იმდენად დიდი იყო, რომ კომპანია იძულებული გახდა ბოდიშიც მოეხადა და შეთანხმებასაც მიაღწია ექიმთან (შეთანხმების დეტალები არ გახმაურებულა).

როგორც ექიმის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, „საიგონის დაცემის შემდეგ, 1975 წელს ექიმს ვიეტნამიდან გამოღწევა ნავით მოუხდა და მაშინ ის შეშინებული იყო“. თუმცა, ოჰარას აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ექიმმა აღნიშნა, რომ „ბორტიდან იძულებით ჩამოყვანისას უფრო დიდი შიში და დამცირება განიცადა, ვიდრე ვიეტნამიდან გამოღწევის დროს.“

წლების წინ მსგავსი შემთხვევა ავიაკომპანიის აქციების ფასის დიდ ვარდნას გამოიწვევდა, მაგრამ ახლა ვითარება სხვაგვარია. ფინანსური ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ კომპანიაზე, რომლის წმინდა შემოსავალმაც 2016 წლის განმავლობაში 2.3 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წელს ფინანსური მაჩვენებლები იმდენად კარგი ჰქონდა, რომ ავიაკომპანია United-ის საბჭომ განახორციელა აქციების გამოსყიდვის 2 მილიარდიანი ოპერაცია), ამ ინციდენტს, დიდი გამოხმაურებების მიუხედავად, შეიძლებოდა სულაც არ ჰქონოდა დიდი გავლენა და მართალიც აღმოჩნდნენ.

ანალიტიკოსები United-ის მდგომარეობას შემდეგნაირად ხსნიდნენ: „მომხმარებლებს არ ექნებათ დიდი არჩევანი ისარგებლონ თუ არა იმ კომპანიის მომსახურებით, რომელიც კლიენტს ასე უდიერად ექცევა, რადგან ავიაბაზარი კონსოლიდირებულია, რამაც ბევრ მარშრუტზე კონკურენცია შეამცირა.“

ონლაინ ნიუსების სათაურები იდეალურად ხსნიან სიტუაციას: „ავიაკომპანიებს შეუძლიათ მოგექცნენ, როგორც ნაგავს, რადგან ისინი ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში არიან“. ამერიკულ ავიაბაზარზე წვრილი მოთამაშეები ნელ-ნელა ჩაანაცვლა 4-მა მსხვილმა ავიაკომპანიამ, რომელთაც შექმნეს ოლიგოპოლია. როდესაც ინვესტორთა ყურადღება გაიზარდა United-ის, როგორც ბაზრის დომინანტი მოთამაშის მიმართ, მისი აქციების ფასი კიდევ უფრო გაიზარდა.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ოთხი კომპანია ერთმანეთსაც არ უწევს კონკურენციას. ამერიკული ავიაკომპანიების უმეტესობა დომინირებს ლოკალური ჰაბის დონეზე, სადაც მათ კიდევ უფრო ნაკლებ კონკურენციასთან უწევთ გამკლავება და ფაქტობრივად მონოპოლისტები არიან. მათ აქვთ დაშვების სლოტები და ხშირად აწესებენ „მზაკვრულ“ ფასებს რათა ხელი შეუშალონ ბაზარზე ახალი მოთამაშის შესვლას. აშშ-ს 100 უმსხვილესი აეროპორტიდან 40-ს ერთი დომინანტი ავიაკომპანია ჰყავს.

მაგალითად, ზემოთ ნახსენები United დომინირებს ქვეყნის ბევრ აეროპორტში. ჰიუსტონში მას ბაზრის 60% უჭირავს, ნიუ-იორკში – 51%, ვაშინგტონში – 43%, სან-ფრანცისკოში – 38% და ჩიკაგოში – 31%. ეს სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრია სხვა ავიაკომპანიების შემთხვევაში. მაგალითად, Delta-ს უჭირავს ბაზრის 80%-იანი წილი ატლანტაში. შედეგად, მარშრუტების უმეტესობის შემთხვევაში მგზავრს, უბრალოდ, არ აქვს არჩევანი თუ რომელი ავიახაზებით იმგზავრონ.

ეს შემთხვევა გახდა 21-ე საუკუნის ამერიკული კაპიტალიზმის მეტაფორა. მაღალ მომგებიანმა კომპანიამ მომხმარებელი „დაასისხლიანა“ და ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რადგან მომხმარებელს არჩევანი არ აქვს.

კონკურენცია კაპიტალიზმის არსია, მაგრამ ის კვდება.

დომინანტი კომპანიების საბაზრო ძალაუფლების ზრდამ გამოიწვია კონკურენციისა და ინვესტიციების შემცირება რეალურ ეკონომიკაში, პროდუქტიულობის შემცირებული დონე, ნაკლები ეკონომიკური დინამიზმი ნაკლები სტარტაპებით, დომინანტი კომპანიების მიერ დაწესებული მაღალი ფასები, დაბალი ხელფასები და გაზრდილი უთანასწორობა. მსოფლიო უკვე იმკის იმ შედეგებს, რომლის შესახებაც ეკონომისტი მკვლევარები უკვე ათეული წელია აქტიურად საუბრობენ – მსოფლიოში უთანასწორობა დღითიდღე იზრდება.

თუ თქვენ გჯერათ თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის ძალიან შეშფოთებული უნდა იყოთ. თუ გჯერათ სამართლიანი თამაშის და გძულთ ქრონიზმი, ასევე უნდა წუხდეთ. ყალბი კაპიტალიზმის პირობებში დიდი კომპანიების აღმასრულებლები ფლობენ ბერკეტებს მარეგულირებლებს მიაღებინონ ის კანონები, რომელიც მათ სურთ. დიდი კომპანიები უფრო მსხვილდებიან, პატარები უჩინარდებიან და მომხმარებლებსა და დასაქმებულებს არჩევანი აღარ რჩებათ.

თავისუფლება აუცილებელია კაპიტალიზმისთვის. გასაკვირი არ არის, რომ მილტონ ფრიდმანმა გასაოცრად პოპულარული PBS სერიისთვის სათაურად აირჩია „არჩევანის თავისუფლება“ და „კაპიტალიზმი და თავისუფლება“ იყო მისი წიგნის სახელწოდება, რომელიც 1.5 მილიონი ეგზემპლარად გაიყიდა. ფრიდმანი ამბობს, რომ ეკონომიკური თავისუფლება „პოლიტიკური თავისუფლების აუცილებელი პირობაა “.

„არჩევანის თავისუფლება“ კარგად ჟღერს, თუმცა ამერიკელები არ არიან თავისუფალი არჩევანის გაკეთებისას.

მათ პროდუქციის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ადგილობრივი მონოპოლისტის ან ოლიგოპოლისტისგან. დღეს აშშ-ში ბევრი ინდუსტრიაა, რომელშიც ერთმანეთს კონკურენციას მხოლოდ 3-4 კომპანია უწევს და ისინი მთლიან ბაზარს აკონტროლებენ. ადრეული 1980-იანი წლებიდან, ბაზრის კონცენტრაცია რამდენჯერმე გაიზრდა. უკვე განვიხილეთ ავიაციის მაგალითი, ქვემოთ კიდევ რამდენიმეს ვახსენებთ:
• ამერიკის ლუდის ბაზრის 90%-ს ორი კორპორაცია აკონტროლებს;
• 5 ბანკის ხელშია ეროვნული საბანკო აქტივების ნახევარი;
• ბევრ შტატში სადაზღვევო ბაზრის 80-90%-ს 2 უმსხვილესი მზღვეველი აკონტროლებს. მაგალითად, ალაბამაში Blue Cross Blue Shield ფლობს ბაზრის 84%-ს და ჰავაიში მას უჭირავს ბაზრის 65%;
• როდესაც საქმე ეხება მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას თითქმის ყველა ბაზარს ყავს ლოკალური მონოპოლისტი; შიდა მეურნეობების 75%-ს არ აქვს არჩევანი და დამოკიდებულია ერთ მომწოდებელზე;
• აშშ-ს საქონლის ხორცის ბაზარს ოთხი მოთამაშე აკონტროლებს;
• გასულ წელს განხორციელებული ორი შერწყმის შემდეგ, 3 კომპანია გააკონტროლებს მსოფლიო პესტიციდების ბაზრის 70%-ს და აშშ-ს სიმინდის-სათესლე ბაზრის 80%-ს.

ინდუსტრიების სია, რომლებსაც ჰყავთ დომინანტი კომპანიები დაუსრულებელია. სიტუაცია უფრო რთულია, როდესაც საქმე ტექნოლოგიების სამყაროს ეხება. Google აკონტროლებს ინტერნეტ-ძებნის ბაზრის თითქმის 90%-ს. Facebook-ს სოციალური ქსელების 80% უკავია, ორივეს აქვს დუოპოლია რეკლამებში, კონკურენციისა და რეგულაციების გარეშე.

Amazon ანადგურებს საცალო გამყიდველებს და ემუქრება, როგორც ელექტრონულ კომერციას, ასევე მესამე-მხარე-გამყიდველის ონლაინ პლატფორმებს. მას შეუძლია განსაზღვროს რომელი პროდუქტის გაყიდვა შეიძლება და არ შეიძლება პლატფორმაზე და, ამასთანავე, კონკურენციას უწევს ნებისმიერ კლიენტს, რომელიც წარმატებას აღწევს.

Apple-ის აიფონი და Google-ს ანდროიდი მთლიანად აკონტროლებენ მობილური აპლიკაციების ბაზარს და ისინი განსაზღვრავენ შეუძლია თუ არა ბიზნესს „გავიდეს“ მომხმარებლამდე და რა პირობებით. რეგულირების დღეს არსებული წესები ციფრული პლატფორმაზე მორგებული არ არის.

როგორც ჩანს, ეს პლატფორმები ჯერჯერობით კეთილსინდისიერი დიქტატორები არიან, მაგრამ ისინი მაინც დიქტატორებად რჩებიან.

ყოველთვის ასე არ ყოფილა. ინდუსტრიები ახლა უფრო მეტად კონცენტრირებული გახდა, ვიდრე იყვნენ 30-40 წლის წინ. როგორც ეკონომისტი Gustavo Grullon აღნიშნავს „აშშ-ს პროდუქციის ბაზარმა განიცადა სტრუქტურული ცვლილება, რომელმაც შეამცირა კონკურენცია“.

ფედერალურმა მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა ამის თავიდან ასაცილებლად და პირიქით, ბევრი გააკეთა ამის წასახალისებლად. ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირდება მონოპოლისტების ხელში.

რაც უფრო ძლიერდება კომპანია, მით უფრო ძლიერია მათი გავლენა მარეგულირებლებსა და კანონმდებლებზე პოლიტიკური პროცესების საშუალებით. ეს არ არის კაპიტალიზმის არსი.

კაპიტალიზმი არის თამაში, სადაც კონკურენტები თამაშობენ წესებით, რომელზეც ყველა თანხმდება. მთავრობა არის მსაჯი, და ისევე როგორც მსაჯი და შეთანხმებული წესები საჭიროა, მაგალითად, კალათბურთის მატჩის ჩასატარებლად, ასევეა საჭირო წესები ეკონომიკაში კონკურენტულობის შესანარჩუნებლად. კომპანიები გამოიყენებენ ნებისმიერ ხელსაყრელ საშუალებას კონკურენტების განადგურებისთვის. მაშინ როცა, სახელმწიფო, როგორც მსაჯი, არ ასრულებს საკუთარ როლს, რომელიც ხელს შეუწყობდა კონკურენციის გაზრდას.

დასაქმებულებს წვლილი შეაქვთ კორპორაციების სიმდიდრის კიდევ უფრო ზრდაში, მაგრამ ეს მცირედით თუ აისახება ხელფასების ზრდაზე, დასაქმებულთა ანაზღაურება კორპორაციების მოგებისა და პროდუქტიულობის პირდაპირპროპორციულად არ იზრდება. დიდი გეპის მიზეზი მარტივია. ეკონომიკური ძალა კორპორაციების ხელშია. შემოსავალი და უთანასწორობა გაიზრდა, რადგან კომპანიები ეკონომიკური ნამცხვრის სულ უფრო და უფრო დიდ პორციას ეუფლებიან. დასაქმებულთა უმეტესობას ამ ნამცხვრის ძალიან მცირე ნაწილი თუ ხვდება და ვერ სარგებლობს კორპორაციების რეკორდული მოგებით.

როდესაც მემარჯვენეები და მემარცხენეები საუბრობენ დღეს კაპიტალიზმზე, ისინი ყვებიან ისტორიებს წარმოსახვით მდგომარეობაზე. რეალურად, კონკურენტული თავისუფალი ბაზარი დღეს არ არსებობს. მემარცხენეები ისე აკრიტიკებენ დღევანდელ გროტესკულ კაპიტალიზმს, თითქოს ეს იყოს კაპიტალიზმის რეალური და არა დამახინჯებული სახე.

მონოპოლიების ეფექტზე საუბრობდა ადამ სმიტი ჯერ კიდევ 1776 წელს. თავისუფალი ბიზნესის იდეა ნათლად ჩანს ამერიკის დამოუკიდებლობის აქტში, სადაც ბრიტანეთისგან გამოყოფის სხვა მიზეზებთან ერთად შემდეგიც არის ნახსენები: „რათა გადაეკეტათ ჩვენი სავაჭრო გზები მსოფლიოს ყოველ ქვეყანასთან; რათა შემოეწერათ ჩვენთვის გადასახადები ჩვენთან შეუთანხმებლად“. ამერიკელები ცდილობდნენ თავისუფალი წარმოების შექმნას იმისათვის, რომ ეკეთებინათ ბიზნესი თავისუფალ ბაზარზე.

მაგრამ როგორც ვხედავთ, დღეს საჭიროა ახალი რევოლუცია მონოპოლიებისგან თავის დასაღწევად და თავისუფალი ვაჭრობის აღსადგენად.

ორიგინალური სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: bloomberg.com

სტატიის მეორე ნაწილი: ამერიკული კორპორაციები კაპიტალიზმს ბრძოლას უგებენ