საზოგადოებრივი საქონლის პრივატიზაციის საკითხი


ანა ბუხრაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

ანოტაცია

საზოგადოებრივი საქონლის არსისა და მნიშვნელობის გააზრება საშუალებას გვაძლევს უკეთ შევძლოთ მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. ეს ისეთი საქონელია, რომლის გამოყენებაც ყველას თანაბრად შეუძლია. შესაბამისად, საზოგადოებრივი საქონელი ხელს უწყობს სოციალურ ჩართულობას, მხარს უჭერს ინდივიდთა ცხოვრების დონის ზრდას და აძლიერებს მოქალაქის, როგორც საზოგადოების წევრობის განცდას.
არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ შეიძლება ვერ უზრუნველყოს საზოგადოებრივი საქონლის ეფექტიანი რაოდენობის მიწოდება. ეს გამოწვეულია ბაზრის ნაკლოვანებებით („უბილეთო მგზავრის“ პრობლემა, მონოპოლია, ოლიგოპოლია და ა.შ). ამიტომ ჩნდება კითხვა, უნდა გადაიბაროს თუ არა კერძო სექტორმა ამ საქონლის წარმოება?

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, საზოგადოებრივი საქონლის თეორიული ასპექტების განხილვა, მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და არსებული პრაქტიკული კვლევებისა და მოსაზრებების წარმოდგენა.

მოცემულ სტატიაში მოცემულია ანალიზი ისეთი საკითხებისა, როგორებიცაა: საზოგადოებრივი საქონლის არსი, სახელმწიფოს მიერ მისი მიწოდების ეფექტიანი რაოდენობის განსაზღვრის გზები, მიწოდებაში ხელის შემშლელი ფაქტორები და პრივატიზაციის ალტერნატივა.

Annotation

Finding out the meaning of public good and the importance, gives us the possibility to solve the problems connected with it better. This is the good, which can be used by everyone equally. So that public goods contribute to social inclusion, they support the generation of the public and strengthen a shared sense of citizenship.

There are coincidences, when government is not able to provide efficient quantity of public goods. This is caused by the defects of the market (the problem of „free rider“, monopoly, oligopoly, and etc.). Then comes the question, should public goods be privatized?

The goal of this thesis is discussing about theoretical aspects of public goods, identification of the problematic issues in conjunction with them and representing practical investigations and considerations.

There are analyzed issues, such as: determining essence of public good, defining government opportunities of supplying society with efficient quantity, problems with providing goods and alternative of privatization.

დასაწყისისათვის, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებობს სამი ტიპის საქონელი: კერძო, წმინდა საზოგადოებრივი და შერეული საზოგადოებრივი საქონელი. ნახევარი საუკუნის უკან ფინანსისტმა მეცნიერებმა (მასგრეივმა და სამუელსონმა 1969 წ.) შეძლეს საზოგადოებრივი საქონლის ზუსტი განსაზღვრების ჩამოყალიბება: მას შემდეგ, რაც მოხდება საქონლით უზრუნველყოფა, საქონლის მოხმარებისთვის სხვა პირის ზღვრული დანახარჯი უდრის ნულს და ამავდროულად, პირისთვის ამ საქონლით სარგებლობის უფლების წართმევა ან ძალიან რთულია ან შეუძლებელი. ესე იგი საზოგადოებრივ საქონელს გააჩნია ორი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი: მისი მოხმარება კონკურენციას არ იწვევს და არც გამორიცხვის პრინციპს ექვემდებარება. წმინდა საზოგადოებრივი საქონელი ორივე ნიშანს აკმაყოფილებს (მაგალითად: ეროვნული თავდაცვა, განათლება და ა.შ.), ხოლო შერეული მხოლოდ ერთს ( მაგალითად: გზატკეცილი, რომელიც სახელმწიფომ ხალხისათვის ააშენა, მაგრამ მისი გამოყენება მძღოლებს მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობის ქონის შემთხვევაში შეუძლიათ-ე. ი. გზატკეცილის მოხმარება გამორიცხვის პრინციპს დაექვემდებარა)
კერძო საქონელი, როგორც წესი, იწარმოება კერძო სექტორის მიერ და საზოგადოებრივი საქონლის საწინააღმდეგო მახასიათებლები აქვს. უფრო ზუსტად: მისი მოხმარება გამორიცხვის პრინციპს ექვემდებარება და კონკურენციასაც იწვევს, ვინაიდან ინდივიდუალურად მოიხმარება.

ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი საქონლის განმარტება არც თუ ისე რთულია, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, საჭირო იქნება სხვადასხვა გარემოების გაანალიზება. კერძოდ:

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ საქონელს ყველა თანაბრად მოიხმარს, აუცილებელი არ არის მისი ყველასაგან თანაბარი შეფასება. ეს განპირობებულია იმით , რომ ყველა ინდივიდს საკუთარი პრიორიტეტები და შეხედულებები აქვს, რაც ნათელია, განსხვავებულ შეფასებებს წარმოშობს.

წმინდა საზოგადოებრივ საქონლად კლასიფიკაცია საბაზრო პირობებსა და ტექნოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შეიძლება გარკვეულ პერიოდში საქონელი წმინდა საზოგადოებრივ საქონელს წარმოადგენდეს , მაგრამ ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებით მას საზოგადოებრივი საქონლის რომელიმე მახასიათებელი ჩამოერთვას. მაგალითად განვიხილოთ შუქურა, რომლითაც თითოეული გემი სარგებლობს, ამასთან ერთი გემის მიერ მისით სარგებლობა მეორეს მოხმარებას არ ზღუდავს. ესე იგი შუქურა წმინდა საზოგადოებრივი საქონელია. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ გამოიგონებენ შემზღუდავ მოწყობილობას, რომლის ამოქმედების შედეგად გემი ვეღარ ხედავს შუქურის სიგნალს, ვიდრე სპეციალურ მიმღებ მოწყობილობას არ დაამონტაჟებს? ცალსახაა, რომ ზოგიერთ გემს აღარ ექნება შუქურით სარგებლობის შესაძლებლობა და აღარც შუქურა იქნება წმინდა საზოგადოებრივი საქონელი. ასე, რომ საქონელი შესაძლოა საზოგადოებრივი საქონლის მხოლოდ ერთ მახასიათებელს აკმაყოფილებდეს.
ზოგიერთ ცნებას, რომელიც პირობითად განსაზღვრულია, როგორც „საქონელი“, საზოგადოებრივი საქონლის ნიშან-თვისებები აქვს. მაგალითად პატიოსნება-თუ კომერციული გარიგებებისას გარიგების მხარეები პატიოსნად მოიქცევიან , მაშინ საქმის წარმოების დროს ფასების შემცირებით ადამიანები უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ და საზოგადოების მდგომარეობა გაუმჯობესდება.

2011 წელს, ბიზნეს-ანალიტიკოსმა, ჯეიმს კალოფმა, საზოგადოებრივი საქონლის მნიშვნელობა შემდეგნაირად ახსნა: „ესაა საქონელი, რომელიც დემოკრატიას სჭირდება იმისათვის, რომ გააძლიეროს საზოგადოების ერთობა და სოციალური ინტეგრაცია“.

ცალსახაა, საზოგადოებრივ საქონელს უდიდესი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ მასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს შემდეგი განუსაზღვრელობა- ვინ უნდა აწარმოოს ის? სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა?
საზოგადოებრივი საქონლის პრივატიზაციის საკითხი არაერთი მეცნიერ-ეკონომისტის კვლევის საგანია. პრივატიზაციის მომხრეები, მაგალითად: ეკონომისტი პიტერ ლინდერტი, წიგნში „ზრდადი მოსახლეობა“ წერს, რომ განვითარებული საზოგადოება უკეთ იაზრებს საზოგადოებრივი საქონლის საჭიროებას და უფრო მეტად ცდილობს მის უზრუნველყოფას. ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმენი კი უფრო მკაფიოდ გამოთქვამს თავის მოსაზრებას და ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს როლი საზოგადოებრივ საქონელთან მიმართებით კერძო სექტორის სუბსიდირებაში უნდა გამოიხატოს, ესე იგი ის მთავრობის მხრიდან მინიმალური ინტერვენციის მომხრეა. ფრიდმენის მთავარი არგუმენტი შემდეგში მდგომარეობს- ბაზარი ეფექტიანად მხოლოდ თავისუფალ პირობებში ფუნქციონირებს და სახელმწიფო ჩარევა უარყოფით შედეგებს წარმოშობს.

რაც შეეხება პრივატიზაციის მოწინააღმდეგეებს, ამ ფლანგზე აღსანიშნავია ადამ სმიტი, რომელიც ჯერ კიდევ 1976 წელს, ნაშრომში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის, ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ გამოთქვამდა ასეთ მოსაზრებას -„მიუხედავად იმისა, რომ განათლება და ინფრასტრუქტურა მეტად ხელსაყრელია საზოგადებისათვის, იშვიათად გამოჩნდება ინვესტორი, რადგან საზოგადოებრივ საქონელს არ მოაქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი“.
სახელმწიფოსათვის საზოგადოებრივი საქონლის მიწოდების პასუხისმგებლობის გადაცემა „უბილეთო მგზავრის“ არსებობით შეიძლება გამართლდეს. „free rider“-ის, ანუ „უბილეთო მგზავრის“ პრობლემა გულისხმობს, რომ ინდივიდმა შეიძლება დამალოს საზოგადოებრივი საქონლის მიმართ ჭეშმარიტი პრეფერენცია. შეიძლება იცრუოს, რომ მოცემული საქონელი მისთვის არაფერს ნიშნავს და მისი საფასური სხვას გადაახდევინოს. უფრო კონკრეტულად:

რა თქმა უნდა, ბაზარს სჭირდება საზოგადოებრივი საქონლის ეფექტიანი რაოდენობა, მაგრამ რთულია განისაზღვროს ასეთ საქონელზე არსებული მოთხოვნის მოცულობის დადგენა. ეფექტიანი მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების განსასაზღვრად ეკონომისტები იყენებენ პარეტო ეფექტიანობის ცნებას. პარეტო ეფექტიანობის თანახმად, თუ ინდივიდთა მიერ საზოგადოებრივი საქონლის დამატებითი ერთეულისთვის გადახდილი თანხის ჯამი მის ზღვრულ დანახარჯზე მეტია, მაშინ ეფექტიანობის გასაზრდელად ამ ერთეულის უზრუნველყოფა სასურველია, სხვა შემთხვევაში-არ არის სასურველი. გამოდის, რომ პარეტო ეფექტიანობის მთავარი პირობაა MRS=MRT, სადაც MRS ზღვრული სარგებელი, ხოლო MRT ზღვრული დანახარჯია.

საზოგადოებრივი საქონლის შემთხვევაში, MRS -ის, ანუ ზღვრული სარგებლის, გამოთვლა ხშირად რთულია, რადგან „თითოეული ადამიანი შეეცდება, მიისაკუთროს რაიმე სარგებელი, რაც სრულიად შეუძლებელია კერძო საქონლის შემთხვევაში, რომლის კონკურენტულ ფასსაც თვითდამცავი მექანიზმი აქვს“ (სამუელსონი 1955წ.).
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს , რომ „free rider“-ის პრობლემა არ არის ფაქტი- ესაა ჰიპოტეზა, რომლის მიხედვით, ინდივიდი ზრდის სარგებლის ფუნქციას, რომელიც საქონლის პირად მოხმარებაზეა დამოკიდებული. არსებობს მაგალითები, როდესაც საზოგადოებრივი საქონლის მიწოდება არ ხდება იმის გამო, რომ ინდივიდი თავის პრეფერენციას მალავს. მეორე მხრივ, არსებობს იმის მტკიცებულებებიც, როდესაც ინდივიდს შეუძლია და მოქმედებს კიდეც კოლექტიურად. მოხალისეთა მიერ გამოყოფილი თანხებით შენდება მონასტრები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო ლაბორატორიები და ა.შ. შესაბამისად, „უბილეთო მგზავრის“ პრობლემა ჰიპოტეზად რჩება.

პარეტო ეფექტიანობის მიღწევას კერძო საქონლის შემთხვევაში ბაზარი თავად ახერხებს „უხილავი ხელი“-ს მეშვეობით, მაგრამ, როცა ჯერი საზოგადოებრივ საქონელზე მიდგება, „უბილეთო მგზავრის პრობლემა“ „უხილავ ხელს“ უძლურს ხდის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა ჩნდება. აღნიშნული კონცეფცია იმით საბუთდება, რომ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული მეთოდებით განსაზღვროს თითოეული ინდივიდის ჭეშმარიტი პრეფერენცია, შემდეგ კი იძულების უფლების გამოყენებით აიძულოს იგი, საზოგადოებრივი საქონლით სარგებლობისთვის გადაიხადოს.


ამოყენებული ლიტერატურა
1. ჰარვეი როუზენი-„საჯარო ფინანსები“
2. Critical Review of International Social and Political Philosophy- „Why societies need public goods“
3. Elmar Altvater- „What happens when public goods are privatized?“
4. Hassan Y. Aly – report on „Privatization of public goods and vise –versa“
5. Nicholas Economides and Susan Rose-Ackerman-„Differentiated Public Goods: Privatization and Optimality“