პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია

გივი ნადირაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
Givinadiradze1@gmail.com

ანოტაცია: პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ფორმირების უმნიშნელოვანესი პერიოდია, რომლის გარშემოც არსებულ მრავალ საკითხზე დღემდეა შეხედულებათა სხვადასხვაობა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დაინტერესებულია აღნიშნული პროცესებით. განსაკუთრებით იმ ფაქტებით, თუ რამ განაპირობა ქვეყანათა ნაწილში წარმატებული, ხოლო მეორე ნაწილში, მათ შორის საქართველოში, წარუმატებელი ტრანსფორმაცია. თემაში განხილულია სწორედ ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოხატული პროცესები, წინამორბედი მდგომარეობა და დამდგარი შედეგები, რომლებსაც კომლექსური გავლენა ჰქონდათ ტრანსფორმაციის პროცესზე, დადებით და უარყოფით შედეგებზე, ცალკეულ ქვეყნებში. თემაში აღწერილია პოლონეთში, გერმანიასა და საქართველოში შერჩეული ტრასნფორმაციის მეთოდები, გატარებული ეკონომიკურ პოლიტიკათა ერთობლიობა, მათი შესრულება/არ შესრულების საკითხები, დამახასიათებელი თავისებურებები და გამომწვევი მიზეზები, თანმდევი პროცესები და საბოლოო შედეგები.

Annotation: The post-communist transformation is an important period in the formation of the Georgian economy, with a wide range of opinions on many issues. The vast majority of the population is interested in these processes. Especially given the facts that led to successful transformation in some countries and unsuccessful transformation in others, including Georgia. This topic concerns processes of high public interest, preceding situations and emerging results that have had a comprehensive impact on the transformation process, on positive and negative results, in different countries. The topic describes the transformation methods chosen in Poland, Germany and Georgia, a set of economic policies, issues of their (non)implementation, characteristics and causes, related processes and the final results.

შესავალი

XX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან დღემდე მსოფლიოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა სახელმწიფოთა კომუნისტურიდან კაპიტალისტურ მოწყობაზე, შესაბამისად, გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაა, რაც პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის სახელითაა ცნობილი. პროცესის შესწავლას მრავალი სამეცნიერო ნაშრომი თუ მსჯელობა მიეძღვნა, თუმცა თემის გარშემო არსებულ მოსაზრებათა თუ შეხედულებათა ნაწილი დღემდე საკამათოა. კარლ მარქსის მიხედვით, კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმზე გადასვლა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, რასაც XX საუკუნის დასაწყისში ახალწარმოქმნილი კომუნისტური რეჟიმების უმრავლესობა მიჰყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის სახელმწიფოებში ეკონომიკური ფორმირება ასე თუ ისე, განსხვავდებოდა, პირდაპირი გაგებით კომუნიზმზე არც ერთი მათგანი არ გადასულა. დროთა განმავლობაში, გამოვლინდა მისი არაეფექტურობა, რამაც განაპირობა სისტემის რღვევა და შემთხვევათა უმრავლესობაში – წინამორბედ იდეოლოგიაზე დაბრუნება. ნიშანდობლივია, რომ ტრანსფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად წარიმართა, – თითოეულს გააჩნდა ინდივიდუალური წინაპირობა, რაც განაპირობებდა პროცესის დადებითი თუ უარყოფითი შედეგებს. შედეგად, ჩამოყალიბდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ორი ძირითადი მეთოდი – „შოკური თერაპია“ და „გრადუალიზმი“.

შოკური თერაპია და გრადუალიზმი

„შოკური თერაპია“, („დიდი დარტყმა“ / „მწარე აბი“) დაჩქარებული ტემპებით რადიკალურ ცვლილებათა რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდას გულისხმობს, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ფულის ნომინალური მასის ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ან მინიმიზებას და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ენიჭება. შესაბამისად, „შოკური თერაპიის“ მეთოდისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს ეროვნული ვალუტის, რათა შეძლოს მონეტარული პოლიტიკის გატარება. მეთოდის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობაა. „შოკური თერაპია“ ყველაზე პოპულარული ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იყო. 1990-იან წლებში განხორციელებული შოკური თერაპიის „კლასიკური“ მაგალითის, („ბალცეროვიჩის გეგმა“) ავტორია პოლონეთის ფინანსთა მინისტრი და პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

„ბალცეროვიჩის გეგმა“ 11 ზომას მოიცავდა:
1. ინფლაციის გათვალისწინებით, შიდა ფასების მსოფლიო საბაზრო დონესთან გათანაბრება;
2. შემოსავლის ზრდის შეზღუდვა ინფლაციის დროს;
3. ფულის მარაგის შეზღუდვა და საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა;
4. დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდით კერძო დანაზოგების სტიმულირება;
5. სახელმწიფო შესყიდვების კლებითა და არარენტაბელური ბიზნეს იდეების სუბსიდირების გაუქმებით საბიუჯეტო ხარჯების შემცირება;
6. ბიუჯეტის დეფიციტის სამთავრობო ბონდებით დაფინანსება;
7. საგადასახადო კოდექსის დარეგულირება და ინტეგრირება;
8. ეროვნულ ვალუტაზე ერთი გაცვლითი კურსისა და შიდა ბაზარზე მისი კონვერტულობის დაწესება;
9. იმპორტის შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით, საერთო საბაჟო ტარიფების შემოღება;
10. ბიუჯეტის შეზღუდვის გათვალისწინებით მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დანერგვა;
11. მონოპოლიის აღმოფხვრა, კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა და აღნიშნულ კონკურენციაში სახელმწიფოს ჩაურევლობა.

აკადემიკოს ვ.პაპავას ნაშრომებიდან ირკვევა, რომ „შოკური თერაპიას“ საუკეთესო შედეგი ისეთ ქვეყნებში მოჰქონდა, სადაც ეკონომიკის მდგომარეობა რეფორმებამდე იმდენად მძიმე იყო, რომ მოსახლეობა მზად იყო არსებული მდგომარეობის დასაძლევად, ნებისმიერი სირთულისთვის გაეძლო.

„შოკური თერაპიისგან“ განსხვავებით, გრადუალიზმი რეფორმების გაცილებით ნელი, მაგრამ მტკიცე გატარებაა, პარალელურად იმისა, რომ საჯარო სექტორი კერძო სექტორის მხარდამჭერის როლშია. „გრადუალიზმის“ მომხრეები „შოკურ თერაპიას“ ცალკეული ასპექტების ურთიერთწინააღმდეგობისა და შეუსაბამობის წარმოჩენით აკრიტიკებენ. „გრადუალისტების“ მთავარი ნაკლი წარმატებული, ეტაპობრივი და მტკიცე რეფორმებისთვის აუცილებელი ფაქტორების უგულებელყოფაა:
1. მთავრობას პოლიტიკური გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყნის მოსახლეობა იძულებული იქნება რეფორმები დადებითად შეაფასოს. ნაწილობრივი ლიბერალიზაციის შემდეგ კი, მთავრობას უნარი ექნება, ეკონომიკურ-პოლიტიკური პროცესები გააკონტროლოს.
2. ეკონომიკური რეფორმების წარმატება ქვეყანამ საკუთარი ფინანსური სახსრებით უნდა უზრუნველყოს.
თუ ქვეყანას ამ ორი აუცილებელი პირობიდან ერთ-ერთი მაინც არ გააჩნია, იძულებულია უარი თქვას „გრადუალიზმზე“ და მიემხროს „შოკურ თერაპიას“. ამასთანავე, ეკონომიკის ტრანსფორმაციის „გრადუალისტური“ მეთოდი ავტორიტარული რეჟიმის ეკონომიკის შექმნასთან იდეალურად თავსებადი აღმოჩნდა.

იდეოლოგიური პრინციპების ტრანსფორმაცია

კომუნიზმში სახელმწიფოს პრეროგატივა ქვეყნის ეკონომიკის უკლებლივ ყველა ასპექტის კონტროლი და დაგეგმვაა, სანამ კაპიტალიზმში მას მხოლოდ გარკვეული ფუნქციები აკისრია, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ პროცესებში მოსალოდნელი ან აწ უკვე წარმოქმნილი კრიზისების კონტროლი, თავიდან არიდება და აღმოფხვრაა. ამრიგად, კომუნიზმისა და კაპიტალიზმის იდეოლოგია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მკვეთრად განსხვავებულია იდეოლოგიური პრინციპებიც.

1

როგორც დიაგრამიდან ჩანს, პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციისათვის დამახასიათებელია ძირეული ცვლილებები და მწვავე გამოწვევები. უპირველეს ყოვლისა, საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების კერძო პირების ხელში გადასვლა, ანუ პრივატიზაციაა. კაპიტალისტურ სამყაროში ქონების მესაკუთრედ გვევლინება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინდივიდები და დაუშვებელია საკუთრების ფორმებსა და მესაკუთრეებს შორის ნებისმიერი ტიპის მაპრიორიტეტებელი კრიტერიუმებისა თუ პრივილეგიების არსებობა. გარდა ამისა, საზოგადოება უნდა მოგვევლინოს როგორც მეწარმის, ასევე მომხმარებლის როლში, რომლებიც თავისუფალი საბაზრო მექანიზმი საფუძველზე, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად წყვეტენ საქმიანობის სფეროს, წარმოებული და შეძენილი საქონლისა თუ მომსახურების ტიპს, ხარისხსა და რაოდენობას, რაც, თავის მხრივ, ქმნის საბაზრო კონკურენციას. ამ დროს, კომუნიზმში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის უშუალო რეგულირებისგან განსხვავებით, მისი როლი მხოლოდ და მხოლოდ საბაზრო ჩავარდნებისა თუ მისი ხარვეზიანი ფუნქციონირების მიმდინარე ან მოსალოდნელი აღმოფხვრით შემოიფარგლება.

ტრანსფორმაცია პოლონეთში

პოლონეთში პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია მისივე ქვეყნის წარმომადგენლის „ბალცეროვიჩის გეგმით“ („შოკური თერაპია“) განხორციელდა. ტრანსფორმაციის დასაწყისში, პოლონეთს შენარჩუნებული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და მისი თითქმის ყველა ატრიბუტი, მათ შორის: საბაჟოები, საელჩოებო და შესაბამისად – უცხოური კავშირები, საკუთარი მონეტარული სისტემა და სხვა, რამაც ხელი შეუწყო 11 პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

პოლონეთში, საწყის ეტაპზე, ფაქტობრივად, ერთდროულად, „შოკური თერაპიის“ შემდეგი ღონისძიებები გატარდა:
1. ბაზარზე წონასწორობის დამყარების მიზნით, განზრახ შეეწყო ხელი ინფლაციას, რამაც ფასების საერთო დონე მნიშვნელოვნად გაზარდა;
2. მკაცრად შეიზღუდა მოსახლეობის შემოსავლები;
3. მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი და შეიზღუდა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა. მოსახლეობის დეპოზიტებზე თანხების განთავსების მიზნით, გაიზარდა სარგებლიანობის განაკვეთი;
4. სახელმწიფო შესყიდვების კლებითა და არარენტაბელური ბიზნეს იდეების სუბსიდირების გაუქმებით, შემცირდა საბიუჯეტო ხარჯები;
5. გამოიშვა სახელმწიფო სესხის ობლიგაციები, რაც საბიუჯეტო დეფიციტის გადაფარვას ემსახურებოდა;
6. მოწესრიგდა და უნიფიცირდა საგადასახადო სისტემა;
7. შემოიღეს ზლოტის დოლარის მიმართ გაცვლის ერთიანი კურსი და უზრუნველყვეს მისი შიდა ბაზარზე კონვერტირებადობა;
8. იმპორტის შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით, შემოიღეს საბაჟო ტარიფები;
9. შესაბამისი საჭიროების მქონე დაბალშემოსავლიან მოსახლეობას გაეწია დახმარება;
10. ლიკვიდირდა მონოპოლიური სტრუქტურები და გამოცხადდა სახელმწიფოს მიერ საწარმოთა საქმიანობაში ჩაურევლობა.

ნიშანდობლივია, რომ პოლონეთში ტრანსფორმაციის წარმატება ქვეყანაში არსებულმა წინაპირობებმა და უშუალოდ ქვეყანაზე მორგებულმა პუნქტებმა, ასევე აღებული გეზის საფუძვლიანმა შესრულებამ განაპირობა.

ტრანსფორმაცია გერმანიაში

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია ხშირად იმდენად განსხვავებულად ითვლება სხვა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ტრანსფორმაციებისგან, რომ, ძირითად შემთხვევებში, შედარებითი ანალიზიდანაც კი გამორიცხულია, თუმცა ზოგიერთ ნაწილში მათი შედარებაცაა შესაძლებელი, რამეთუ შეხების წერტილი შოკური თერაპიაა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1989 წლიდან შერჩეული ტრანსფორმაციის მეთოდი იძულებულ სტრატეგიად სულ მცირე სამი მიზეზით შეიძლება ჩაითვალოს:
1. ფასებისა და ვაჭრობის ერთდროული ლიბერალიზაცია, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში „შოკური თერაპიის“ მთავარ მამოძრავებლად ითვლება, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაუყონებლივ, ბერლინის კედლის ნგრევისა და საზღვრის გახსნის მომენტიდანვე, შემოიღეს.
2. გერმანიის ორივე ნაწილის მონეტარულმა კავშირმა გაამწვავა ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები და „შოკური თერაპია“ კიდევ უფრო „შოკური“ გახადა. იმ დროს, როცა პოლონეთმა და უნგრეთმა ვაჭრობის ლიბერალიზების შედეგების შემსუბუქების მიზნით გააუფასურეს თავიანთი ვალუტები, დასავლური და აღმოსავლური გერმანული მარკების გაცვლითმა კურსმა მნიშვნელოვნად დაასუსტა დასავლეთის საექსპორტო ბაზრებზე აღმოსავლეთი გერმანიის ფირმების მრავალი შესაძლებლობა.
3. 80-იანი წლების მიწურულს, დასავლეთ გერმანული კომბინატები არასრულად ათვისებულ საწარმოო სიმძლავრეებს ფლობდნენ, რომელთა ამოქმედება დაუყონებლივი შეეძლოთ პარალელურად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანელი მომხმარებლებისგან ახლო მანძილზეა განთავსებული. აღმოსავლეთ გერმანიის ბაზარი, რომელიც ტრანფორმაციის პერიოდში ვერ იქნებოდა დაცული პროტექციონისტული ტარიფებით, გაჯერდა დასავლეთ გერმანული პროდუქციით. მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ 1989 წლის შემდეგ გამოიწვია დასავლეთი გერმანიის მრეწველობის გაერთიანების მოკლევადიანი ბუმი.

„შოკური თერაპია“ გერმანიის პოლიტიკური გაერთიანების კვაზიავტომატური თანმდევი პროცესი იყო, რომლის შედეგადაც, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამრეწველო დარგების მეწარმეობა 73%-ით დაეცა, უმუშევრობა კი 1992 წლისთვის 16.5% შეადგენდა. სწრაფი დეინდუსტრიალიზაცია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის „გადახდილი საფასური“ იყო. აღსანიშნავია, რომ „შოკური თერაპია“ გერმანიაში გაცილებით მკაცრად გატარდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ აღმოსავლეთი ან ცენტრალური ევროპის ქვეყანაში, რომლის შედეგებიც თვალნათელია.

ტრანსფორმაცია საქართველოში

საქართველოში „შოკური თერაპიის“ განხორციელება რუსეთის კვალდაკვალ, ერთი თვის თავზე დაიწყო. ქვეყანას არ ჰქონდა შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობის ნიშნები, ჩამოშლილი იყო უცხოური კავშირები, არ არსებობდა ეროვნული ვალუტა, რომელთა გარეშეც, „შოკური თერაპიის“ გატარების ნემისმიერი მცდელობა წინასწარ განწირულია. საბჭოთა კავშირის დაშლისას, საქართველო ორი უმწვავესი და თანაბარი სირთულის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა – შეექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები და გადასულიყო საბაზრო ეკონომიკაზე.

ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, ტრანსფორმაცია საქართველოში „შოკური თერაპიის“ წარუმატებლობითა და მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონით ხასიათდება. არ შესრულდა „ბალცეროვიჩის გეგმის“ 8 პუნქტი, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, ქვეყანაში იმ მომენტისათვის არსებულმა ნიადაგმა განაპირობა.
ფასწარმოქმნის რეფორმა საქართველოში 1991 წელს დაიწყო. საქონლისა და მომსახურების ნაწილზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. 1992 წელს, წინა წელთან შედარებით, CPI 1,8-დან 25-მდე, ხოლო რეგულირებადი სამომხმარებლო ფასები 68-ჯერ გაიზარდა, რაც საფასო პოლიტიკის პუნქტის შესრულებაზე მიუთითებს.
1991-1992 წლებში, მინიმალური ხელფასებისა და სოციალური გასაცემლების ინდექსირება ჯამში 7-ჯერ მოხდა. 1992 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა მინიმალური და საშუალო ხელფასი, შესაბამისად, დაახლოებით 13-ჯერ და 18-ჯერ გაიზარდა. არ გატარებულა ხელფასის ფონდის შემზღუდველი მკაცრი პოლიტიკა. ფასების ზრდის ტემპი აჭარბებდა ხელფასებისა და სოციალური გასაცემლების ზრდის ტემპს. შესაბამისად, შემოსავლების შემზღუდველი პუნქტი მეტ-ნაკლებად, შესრულდა.

მოთხოვნად და ვადიან ანაბრებზე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები. თუმცა მისი მკვეთრი ზრდის პარალელურად, შეუძლებელი იყო მონეტარული პოლიტიკით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა, რამეთუ არ არსებობდა ეროვნული ვალუტა და მით უფრო, მიმოქცევაში არსებული ვალუტის ემიტენტი არ იყო საქართველოს ეროვნული ბანკი (ფულის ერთეულად მანეთი და რუბლი გამოიყენებოდა). 1992 წლის 25 ივლისს გადაწყდა 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული ანაბრების გაორმაგება, რასაც დანაზოგების მასტიმულირებელი ფუნქცია ეკისრებოდა და მიზნად მიმოქცევაში არსებული ფულის შეზღუდვას ისახავდა. შედეგად, დაიწყო მოსახლეობის მხრიდან ანაბრებზე ფულის მასობრივი აკუმულირება. მოგვიანებით, შენატანების ვადამ 10 აგვისტომდე გადაიწია იმ პირობით, რომ გაორმაგების მიზნით ანაბრებზე განთავსებული თანხების გატანა მხოლოდ 1 წლის შემდეგ იყო ნებადართული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). 1992 წლის მეორე ნახევარში გართულდა რუსეთიდან ნაღდი ფულის საკმარისი რაოდენობის ჩამოტანა, რის გამოც, ხელფასები და პენსიები წინამორბედ პერიოდში მოსახლეობის საანაბრო შენატანებზე აკუმულირებული თანხებით დაიფარა. შედეგად, ანაბრებით მიმოქცევაში არსებული ფულის შემცირებული ოდენობა ისევ გაიზარდა, რის გამოც ეკონომიკაში არსებული ფულის მასა ვერ შეიზღუდა. შესაბამისად, ფულის მასის შემზღუდველი პუნქტი ვერ შესრულდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში კაპიტალდაბანდებათა ხვედრითი წილი არ შემცირებულა. დოტაციათა მოცულობა წინა წელთან შედარებით, 1992 წელს, გაიზარდა. სახელმწიფოს ორგანიზაციებისთვის/წარმოებისთვის ზარალის დასაფარად ან სხვა მიზნებისთვის გაცემული ფულადი დახმარების მოცულობა არ შემცირებულა. შესაბამისად, არ შესრულებულა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების პუნქტი.

ბიუჯეტის დეფიციტის სამთავრობო ბონდებით დაფინასნების პუნქტიც შეუსრულებელი დარჩა, ვინაიდან, სახელმწიფოს მომგებიანი ობლიგაციები 1992 წელს გამოუშვეს, რომელთა რეალიზაცია 1993 წლის შემოდგომაზე მოხდა, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყანათა ობლიგაციების ქართულ ობლიგაციებზე გადაცვლით. სახელმწიფო სესხის ობლიგაციები ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად კი საერთოდ არ გამოყენებულა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის დარეგულირება და ინტერგირება 1991 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რაც აღნიშნული პუნქტის შესრულების საფუძველს სავსვებით იძლევა.

ეროვნულ ვალუტაზე ერთი გაცვლითი კურსისა და შიდა ბაზარზე მისი კონვერტულობის დაწესების შესრულება შეუძლებელი იყო, რამეთუ სახელმწიფოს არ გააჩნდა ეროვნული ვალუტა.

იმპორტის შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით, საერთო საბაჟო ტარიფების შემოღების პუნქტი არ შესრულებულა, რამეთუ საბაჟო ტარიფები დაწესდა ისე, რომ იმპორტი 2%-ით, ხოლო ექსპორტი 8%-ით იბეგრებოდა, რაც ვერანაირად დაასტიმულირებდა ექსპორტს და შეზღუდავდა იმპორტს.

ქვეყანაში არ იყო სოციალური დაცვის დიფერენცირებული სისტემა, რომელიც დაბალშემოსავლიან და მაღალშემოსავლიან მოსახლეობას შორის აბსოლუტურ სხვაობას შემოსავლების გაორმაგებით 2-ჯერ გაზრდიდა. ინდექსირების შედეგად 1992 წლის რეალურმა მინიმალურმა ხელფასმა 1991 წლის ამავე მაჩვენებლის 86% შეადგინა, რითაც დაბალშემოსავლიანი ინდივიდების მდგომარეობა შეფარდებითობა გააუარესა. შედეგად, არ გაზრდილა დაბალშემოსავლიანი ინდივიდების სახელმწიფო დახმარება. ამდენად, აღნიშნული პუნქტიც შეუსრულებელი დარჩა.

მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვასა და კონკურენციის განვითარებაზე გატარდა რეფორმები, თუმცა საწარმოებში სახელმწიფოს „ჩარევა“ გარკვეულწილად მაინც შენარჩუნდა. შესაბამისად, საქართველოში ბოლო პუნქტიც არ შესრულებულა.

მაშასადამე, საქართველოში „შოკური თერაპიის“ 11 პუნქტიანი გეგმიდან მხოლოდ სამი – პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტები შესრულდა.

დასკვნა

უკანასკნელ ასწლეულში პოსტკომუნისტური ქვეყნები ე.წ. წრებრუნვის მსხვერპლი გახდნენ, რაც კაპიტალიზმიდან კომუნიზმში და უკან – კაპიტალიზმში დაბრუნებას მოიაზრებს. განსაკუთრებით მძიმე პროცესები და გამოწვევები ახლდა თან კაპიტალიზმში დაბრუნებას. სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა კომუნისტური იდეოლოგიით შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ძირითადი პრინციპების ჩამონგრევასა და კაპიტალისტურ სამყაროსთან ფეხის აწყობას. თითოეული ქვეყნის ლიბერალიზაციის ხარისხს, სისწრაფესა და წარმატებას მისი წინა და მიმდინარე პერიოდის მოვლენები განაპირობებდა. ქვეყნებში, სადაც შენარჩუნებული იყო უცხოური კავშირები, სახელმწიფო ატრიბუტიკა და ფლობდნენ ეროვნულ ვალუტას, პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია გაცილებით მარტივად წარიმართა და შედარებით სწრაფად მიაღწიეს თავისუფალ საბაზრო მექანიზმს. პარალელურად ამისა, ქვეყნებში, რომლებშიც მორყეული იყო სახელმწიფოებრიობის ნიშნები და დამოუკიდებლობის არანაირი ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი მახასიათებლები გააჩნდათ (ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნები), მძიმედ წარიმართა ტრანსფორმაცია და ამ ქვეყნებში აღნიშნული პროცესი, ფაქტობრივად, დღესაც გრძელდება.

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია საკმაოდ რთული და მტკივნეული აღმოჩნდა ქართული რეალობისთვისაც. ერთი მხრივ, ქვეყანას არ გააჩნდა მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები ცივილიზებულ სამყაროსთან და მეორე მხრივ, არ ჰქონდა ეროვნული ვალუტა, რის გარეშეც შერჩეული მეთოდით („შოკური თერაპიით“) ტრანსფორმაციის ნებისმიერი მცდელობა წინასწარ განწირულია. პარალელურად ამისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისებმა საკმაო ზიანი მიაყენა ეკონომიკურ პროცესებს. „შოკური თერაპიის“ მხოლოდ სამი პუნქტის შესრულებით, სწრაფი ტრანსფორმაცია ჩავარდა და აღნიშნული პროცესი, ფაქტობრივად, ჩვენს გარშემო დღესაც გრძელდება.

ლიტერატურა
1. სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში, პაპავა ვ., საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, გვ. 12 – 14, თბილისი, 2002;
2. ეკონომიკური გარდაქმნები საქართველოში: გზა შოკური თერაპიიდან ღრმა და ყოვლისმომცვლელ თავისუფალ სავაჭრო ზონამდე, ბურდული თ.;
3. პაპავა ვ., 1999
4. ხადური ნ., მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ლექციების კურსი, თბილისი, 2016;
5. რეფორმები და ფსევდორეფორმები, პაპავა ვ., საქართველოს ეკონომიკა, თბილისი, 2015;
6. The Transformation of the East German Economy, Windolf P., University of Trier, Germany.