ციფრული ეკონომიკის პროდუქტი-კრიპტოვალუტა

მარიამ დანელია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
danelia1999@bk.ru

ანოტაცია
სტატიაში განხილულია ბიტკოინის, როგორც კრიპტოვალუტის ძირითადი ცნება. მოცემულია მისი განვითარების მოკლე ისტორია. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის სამართლებრივ სტატუსზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ფინანსისტების ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებაზე კრიპტოვალუტის მიმართ. აგრეთვე, სტატიაში მოიაზრება ბიტკოინის გაცვლითი კურსის ცვლილებები მომავალში და გვაძლევს კრიპტოვალუტის მფლობელთათვის შესაძლო რისკებზე კომენტარს.

Annotation
The article scrutinizes the basic of bitcoin as cryptocurrency , gives the short description of its history.The attention is given to the legal status of cryptocurrencies in Georgia and controversial views on cryptocurrencies among financiers from differet countries. Also, the article discusses bitcoin exchange rate volatility in the future and gives comments on the possible risks for the owners of cryptocurrency.

ელექტრონული ფულისა და მისი სხვადასხვა ფორმის წარმოქმნა, როგორც არსებული ფულის შესაძლო ალტერნატივა აღელვებს არამარტო ეკონომისტებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც. ისინი აქტიურად გამოიყენებენ გლობალური ინტერნეტის ქსელში ფუნქციონირებად თანამედროვე ფინანსურ მომსახურებებს.

კრიპტოვალუტის არსებითი ბუნების გამოკვლევა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მისი მოდელის რეგულირების ინსტიტუციონალიზაცია საშუალებას იძლევა უფრო დეტალურად გავერკვეთ ამ ფენომენში ციფრული ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების მიზნით. ყოველივე ეს უზრუნველყოფს თანამდეროვე და ნაციონალური ფინანსური სისტემების ფინანსურ-ეკონომიკურ უსაფრთხოებას. კრიპტოვალუტა გვევლინება ერთ-ერთ გასაღებად გლობალური, სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების, მზარდი მოთხოვნილებების პირობებში, რაც განპირობებულია სხვადასხვა ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების დანერგვით თანამედროვე საწარმოო სფეროებში. მოქალაქეთა ნდობის ფაქტორი მთელ მსოფლიოში დღეისათვის სახელმწიფოს მიმართ სულ უფრო მცირდება. საზოგადოების პროგრესული ნაწილი მზადაა სახელმწიფო ჩაანაცვლოს კონკურენციის საფუძველზე მომუშავე კომპანიების სერვისით.

სატოში ნაკამოტო – გამოცანა

ბიტკოინის შემქმნელად ითვლება სატოში ნაკამოტო, მაგრამ დაუზუსტებელია თუ ვინ მოიაზრება ამ ფსევდონიმით. დღეს ის ავსტრალიელი პროგრამისტია, 2014 წელს ის იყო იაპონური წარმომავლობის ამერიკელი ლოს-ანჟელესიდან, 2013 წელს კი ფინელი სოციოლოგი. ასევე არსებობს ვერსია, რომ ამ სახელს ამოფარებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. [1]

10 წლის წინ სატოში ნაკამოტომ შექმნა პირველი კრიპტოვალუტა- ბიტკოინი და შემდეგში გაქრა . 2008 წელს გამოაქვეყნა ონლაინ-სტატია, რომელშიც მოგვითხრობდა კრიპტოვალუტის მუშაობის პრინციპებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ბიტკოინის მუშაობის პრინციპი ემყარება მათემატიკურ კოდებს, რაც განაპირობებს მის დაცულობას პოლიტიკური ჩარევებისაგან. ბიტკოინი – იდეალური ვალუტაა ნებისმიერი ლეგალური თუ არალეგალური შესყიდვებისათვის, თანაც ყოველგვარი გამოაშკარავების რისკის გარეშე.
სატოში ნაკამოტო – ადამიანია, რომელმაც შექმნა ახალი ტიპის ვალუტა და მისივე საშუალებით გამდიდრდა. მას არ შეუძლია თავისი ქონების დახარჯვა, რომელიც სავარაუდოდ 1 მილიონ ბიტკოინს შეადგენს, რადგან ეს გამოიწვევს ბიტკოინის ჩამოშლასა და მეტიც კრიპტოვალუტის ბაზრის განადგურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კრიპტოვალუტის პროფესორმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან მეთ გრინმა განაცხადა: „საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ აკონტროლებთ მილიონ ბიტკოინს , თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში ბაზრის ჩამოშლა. წარმოიდგინეთ რომ ბიტკოინი – ეს იგივეა, რაც ბეისბოლის ბარათები, ისინი ღირებულია – რადგანაც იშვიათია“.

სატოში ნაკამოტომ დასაწყისისთვის ბიტკოინების მოპოვების ზღვარი 21 მილიონის ოდენობით დააწესა, რისი მიღწევაც მოსალოდნელია 2140 წლისათვის. იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ნაკამოტო ფლობს 1 მილიონ ბიტკოინს შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს ბაზრის მოცულობის 5%-ია .[2]

სან-ფრანცისკოელი ტრეიდერ ბენ იუი ამტკიცებს , თუ ნაკამოტო შეძლებს შეასრულოს თავისი მისია და ბიტკოინს გარდაქმნის გლობალურ ვალუტად, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდება. მისი როლი გაუტოლდება აშშ-ს როლს-„ოქროს ბაზარზე“. შედარებისათვის : აშშ- ს მთავრობა მსოფლიო ოქროს მოცულობის 4%-ს ფლობს , ხოლო ნაკამოტო-ბიტკოინების მსოფლიო მოცულობის 5%-ს.[2]

კრიპტოვალუტა უცხო ქვეყნებში

უცხო ქვეყნებში კრიპტოვალუტის რეგულირების მცდელობათა კვლევებმა აჩვენა მათ შორის გარკვეული მსგავსებები. პირველ რიგში ყოველი ქვეყანა ცდილობს უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს (ბლოკჩეინი) განვითარებისათვის შეუქმნას ხელსაყრელი პირობები, რადგანაც ხედავს მათი გამოყენების მაღალ პოტენციალს არამარტო კერძო, არამედ სახელმწიფო სექტორშიც . მეორე მხრივ, კრიპტოვალუტის ბაზარი სწრაფი ტემპით იზრდება და სახელმწიფოს არა აქვს რა თანამედროვე ციფრული ეკონომიკის გამოწვევების შესაბამისი საგადასახადო კოდექსი, ვერ იღებს შემოსავალს ბიუჯეტში და კრიპტოვალუტა არასამართლებრივ იურისდიქციაში ექცევა. მესამე-დღეისათვის ითვლიან ათასამდე სხვადასხვა კრიპტოვალუტას. შესაბამისად საჭიროა, შემუშავდეს მათი რეგულირების ერთიანი სტანდარტები.

ქვეყნების უმრავლესობამ გააკეთა განაცხადი ნაციონალური კრიპტოვალუტის შექმნაზე. აქედან მოვლენათა განვითარების ორი პარალელური სცენარი იჩენს თავს: ერთის მხრივ- საჭიროა, აქამდე გამოშვებული კრიპტოვალუტის ბრუნვის რეგულირება და მათი იდენტიფიცირება სამართლებრივად, როგორც „ციფრული საქონელი“. მეორე მხრივ-გამოკვლეული და აღიარებული იქნას ნაციონალური კრიპტოვალუტის უპირატესობა.

დღეისათვის ბევრმა ქვეყანამ აღიარა ბიტკოინი, როგორც გადახდის საშუალება და მიიღო მისი ბრუნვის რეგულირებისთვის საჭირო საკანონმდებლო აქტი.

იაპონიის მთავრობამ 2017 წლის 1 აპრილს მიიღო კანონი და ბიტკოინს ოფიციალურად მიანიჭა გადახდის საშუალების სტატუსი. ამის გარდა, დამატებით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტას აძლევს ადგილობრივ საბანკო სისტემაში ინტეგრირების საშუალებას.

გერმანიის მთავრობამ საკანონმდებლო დონეზე აღიარა ბიტკოინი ფინანსური გათვლების ერთეულად და საგადასახადო საშუალებად. საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ ბიტკოინი ქვეყნის ფულადი ერთეულის ერთ-ერთი სახეობა გახდა. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო ის, რომ მოცემულ კრიპტოვალუტას გამოიყებდნენ ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების სფეროს მიმწოდებლები, რომლებიც სამართლებრივი რეგულაციების არ არსებობის გამო არ იხდიდნენ 25% საშემოსავლო გადასახადს. კანონის მიღების შემდეგ ბიტკოინით განხორციელებული ყველა ოპერაცია დაექვემდებარა გადასახადს.

აშშ-მ ასევე აღიარა კრიპტოვალუტა ოფიციალურ დონეზე. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ბიტკოინი კონკურენციას გაუწევს დოლარს. მაგალითად: თუ ადრე არალეგალური მსოფლიო ბიზნესი იდგა დოლარზე, ბიტკოინით ის გახდა ნაკლებად კონტროლირებადი და უფრო მობილური. დოლარის ამოღება ნებისმიერი ფორმით უფრო ადვილია, ვიდრე ბიტკოინის. შეძლებს კი ბიტკოინი მთლიანად შეცვალოს დოლარი? არსებობს აზრი, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც ბიტკოინის მონეტების რაოდენობა შეზღუდულია. ამის გარდა, ბიტკოინზე ჰაკერული თავდასხმები ეჭვქვეშ აყენებს მათი გამოყენების უსაფრთხოებას. თუ გავითვალისწინებთ კრიპტოვალუტა-ბიტკოინის განსაკუთრებულობასა და ინოვაციურობას, ბევრი ექსპერტი მაინც ემხრობა აზრს, რომ უახლოეს დროში ის ვერ ჩაანაცვლებს ვერც ევროს და ვერც დოლარს.
შვეიცარიის მთავრობამ ბიტკოინი უცხოურ ვალუტას გაუტოლა.

ყველა ქვეყანა დადებითად არ აღიქვამს ბიტკოინის გამოყენებას. კრიპტოვალუტით განხორციელებული ოპერაციები ხშირად ემსახურება ფულის გათეთრებასა და გადასახადების თავის არიდებას. ამიტომ ბევრ ქვეყანაში მიიღეს საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც იკრძალება ბიტკოინით ოპერაციების ჩატარება. ასეთი ქვეყნების რიცხვშია: ბანგლადეში, ბოლივია, ეკვადორი, ისლანდია, ინდოეთი, შვეცია, ტაილანდი, ვიეტნამი.

მოქმედი საკანონმდებლო აქტის ნორმებით ზოგ ქვეყანაში კრიპტოვალუტით განხორციელებული ოპერაციებისათვის დამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა. ზოგში, მაგ. ბანგლადეშში – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

რუსეთში, ჯერ კიდევ 2016 წელს, ბიტკოინის ფლობისა და გამოყენებისათვის ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავდა თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას 7 წლით . 2017 წელს მთავრობამ შეცვალა თავისი შეხედულებები და ქვეყნის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება კრიპტოვალუტის რეგულირების სამართლებრივი ბაზის შექმნაზე. ყოველივე ამან ხელი შეუწყო კრიპტოვალუტის, მაინინგისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.

არაერთგვაროვნად მიიღეს კრიპტოვალუტის ფენომენი ჩინეთში. 5 წლის წინ მსოფლიო საზოგადოება ხედავდა მის უარყოფას ჩინეთში. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა შემოიღო დროებითი აკრძალვა ბიტკოინებით მუშაობაზე. „big data”-ს, კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების ღრმა ანალიზის შემდეგ უარყვეს ეს ინიციატივა. 2017 წელს ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტის რეგულირების სამართლებრივი ბაზა შექმნა, რის საფუძველზეც კრიპტოვალუტამ მიიღო ვირტუალური საკუთრების სტატუსი.დაუშვეს ICO კომპანიები და საბირჟო ვაჭრობა კრიპტოვალუტით. დღეისათვის ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილესი ბიტკოინ-ტრეიდერია (ტრანზაქციების 80% იუანში ხორციელდება).
ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვა უკვე რამდენიმე წელია შესაძლებელია საქართველოში, მაგრამ 2019 წლამდე ბაზარზე არსებული კრიპტომომსახურეობის პროვაიდერები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ , როგორც ვალუტის გადამხურდავებელი პუნქტები. 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც შეიქმნა „კოინეტიკი“ ანუ სავაჭრო სივრცე ფასი ფორმირდება ბაზრის მონაწილეების -მყიდველებისა და გამყიდველების მიერ დადებული გარიგებების საფუძველზე. საქართველოს ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი და საკომისიო, რაც საკმაოდ მიმზიდველს ხდის ვაჭრობას მომხმარებლებისათვის.[3]

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო კრიპტოვალუტის მოპოვებით, „მაინინგით“ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. არაერთი სამომხმარებლო, სწაფი თუ ავტო სესხი მოუთხოვიათ ქართველ მოქალაქეებს, რათა შეექმნათ მაინინგის ფერმები. ასე რომ, ქართველებს მოლოდინი აქვთ იმის, რომ ფულის ევოლუცია ახალ საფეხურზე გადადის და მისი მომავალი კრიპტოვალუტაა.[4]

სამომავლო პროგნოზები

დღეისათვის ერთად აღებული ყველა კრიპტოვალუტის ფასი შეადგენს ფასიანი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის ღირებულების 0,1%-ს. მომავალ 10 წელიწადში კრიპტოვალუტის წილი მიაღწევს 10%-ს. ასეთ შემთხვევაში კრიპტოვალუტაში დაბანდება 10-ჯერ მეტ მოგებას მოგვცემს.[5]

ბიტკოინის პერსპექტივების შეფასებისას ერთ-ერთი მიდგომა ითვალისწინებს ბიტკოინზე მზარდ ოქროს მოთხოვნას .ამ მოდელის თანახმად, 2022 წლისათვის ბიტკოინის ღირებულება 20 ათასიდან 55 ათას დოლარამდე გაიზრდება. დღეისათვის ოქროს საბაზრო ღირებულება ბიტკოინის ღირებულებას 100-ჯერ აჭარბებს. შეთავაზება ოქროზე იზრდება მისი მოპოვების ინტენსივობის ხარჯზე. მაშინ, როცა შეთავაზება ბიტკოინზე დარჩება სტაბილური,რადგან მისი ზედა ზღვარი 21 მლნ. ბიტკოინია.[5]
მეორე მიდგომა ითვალისწინებს ბიტკოინის კურსის განსაზღვრას მურის კანონის პრინციპით (ემპირიული დაკვირვება დასაწყისშივე ჩაატარა გორდონ მურმა, რომლის მიხედვითაც ინტეგრალური სქემის კრისტალზე განთავსებული ტრანზიტორთა რაოდენობა ყოველ 24 თვეში ორმაგდება). ამ მიდგომით 2021 წლისათვის ერთი ბიტკოინის სავარაუდო ღირებულება 100 ათას დოლარს გადააჭარბებს.[6]

ბიტკოინის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის არ ეკუთვნის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას და მის კურსზე გავლენის შესაძლებლობა არც ერთი ქვეყნის მთავრობას არ აქვს . თუმცა ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულება არ უზრუნველყოფს მისი, როგორც ვალუტის მატერიალური ღირებულების დაცულობას. ეს იძლევა მისი კურსის მანიპულირების საშუალებას, რადგან არც ერთი ქვეყანა არ იღებს მისი დაცვის ვალდებულებას. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ის, რომ 2017 წელს მსოფლიო მოიცვა ბიტკოინის ღირებულების 20 ათას დოლარამდე ზრდამ, ხოლო 2018 წელს მისი კურსი დაეცა 6 766 დოლარამდე. 2019 წლის ივნისისთვის კი-11318 დოლარი შეადგინა.[5]

ბიტკოინის ფლობის დადებითი მხარეა ის, რომ ბლოკჩეინის „გატეხვა“ შეუძლებელია, რადგან ყოველი ელემენტი პროგრამული კოდების ნაკრებში ერთმანეთთან მკაცრად განსაზღვრული წესითაა დაკავშირებული. ამიტომ ცალკეულ ელემენტში ჩარევა და დაზიანება მთლიანი ჯაჭვის შიგნით პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა არსებობს ერთიანი პროგრამის განადგურების რისკი, რადგან ის ინტერნეტთანაა დაკავშირებული. ცნობილია შემთხვევები, როცა ბიტკოინის მფლობელები კარგავენ თავიანთ დანაზოგს პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკის „გატეხვის“, ან ინტერნეტ ქსელის გაუთვალისწინებელი გათიშვით.

მაშასადამე, კრიპტოვალუტის ფენომენი ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი რჩება. მკვლევართა უმეტესობის აზრით მოსალოდნელია, მისი პოპულარობის ზრდა იმ მოსაზრებით, რომ კრიპტოვალუტა მომავალში ჩაანაცვლებს რეალურ ფულს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1) Steadman I. In search of Satoshi Nakamoto, Bitcoins mysterious creator,2016. 10th May. URL: www.newstatesman.com
2) Dai J., Vasarhelyi M.A Toward Blockchain-Based Accounting and Assurance //Journal of Information Systems. 2017.Fall. Vol.31. NO. 3.P 5-12. URL: www.marketer.ge
4) financer.com
5) Малькова Ю.В ,Феномен биткоина :регулирование финансовых рынков и прогнозы.СТ11-12. URL: cyberleninka.ru
6) Luther W.J Demystifying Bitcoin. URL: www.learnliberty.org
7) cyberleninka.ru
8) cyberleninka.ru

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial