ინფლაცია

ანი ოთარაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
aniotarashvili17@gmail.com

ანოტაცია
მოცემულ სტატიაში განხილულია ინფლაციის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები და ტიპები. მე, როგორც მომავალი ეკონომისტი, დაინტერესებული ვარ აღნიშნული საკითხის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლით. ინტერესი კიდევ უფრო გამიძლიერდა მეორე კურსზე მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოს გაცნობის შემდეგ. ინფლაცია, როგორც ეკონომიკური მოვლენა ხანგრძლივი პერიოდია არსებობს. ითვლება, რომ მისი აღმოცენება ნაწილობრივ კავშირშია ფულის წარმოშობასთან. ინფლაცია ესაა ეკონომიკაში ფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო მსყიდველობითუნარიანობის დონესთან შედარებით. ეკონომიკის ზოგიერთ მოდელში, ის ექვივალენტურია მოთხოვნის ვარდნის, ან ფულის მიწოდების ზრდის. ინფლაციის ბევრად ლაკონური განმარტებაა – ფასების საერთო დონის ზრდა, უფრო ზოგადი – მიმოქცევის არხების ფულადი მასით გადატვირთვა საქონელთბრუნვის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც იწვევს ფულადი ერთეულის გაუფასურებას და შესაბამისად საქონელზე ფასის ზრდას. ინფლაცია – არის წმინდა სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა, რომელიც იბადება საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში წარმოების დისპროპორციით. ინფლაცია თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემაა.

Annotation
This article discusses the essence of inflation, its causes and types. As a future economist, I am interested in this issue thoroughly study. After studying the macroeconomic book, I became even more interested. Inflation as an economic event has been around for a long time. Its emergence is believed to be partly related to the origin of money. Inflation is the increase in the overall level of prices in the economy relative to the level of basic purchasing power. In some models of the economy, it is equivalent to a drop in demand, or an increase in money supply. There is a much more succinct explanation of inflation – the rise in overall prices, more generally – the monetary overload of circulation channels due to the high demand for circulation, which leads to a depreciation of the currency and consequently an increase in the price of goods. Inflation – is a purely socio-economic phenomenon that is born out of the proportion of production in different areas of market economy. Inflation is the most pressing problem of economic development in many countries of the modern world.

ინფლაციის თანამედროვე გაგება

ინფლაციის თანამედროვე გაგება განსხვავდება მისი თავდაპირველი მნიშვნელობისგან. ტრადიციულად მიიჩნევენ, რომ ინფლაცია არის ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაცემა, რაც გამოწვეულია მიმოქცევაში ფულის სიჭარბით საქონლისა და მომსახურების რაოდენობასთან შედარებით. ამის მიუხედავად, დღეისათვის ეკონომისტთა უმრავლესობა თვლის, რომ ინფლაცია ნიშნავს საქონელსა და მომსახურებაზე ფასების საერთო დონის მატებას, რაც მხოლოდ მიმოქცევაში ჭარბი ფულის არსებობით არ არის გამოწვეული.

ინფლაციის გამომწვევი მიზეზები

არსებობს ინფლაციის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი, ესენია: დისპროპორციულობა – სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების არაბალანსირებულობა ე.ი. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იფარება „მბეჭდავი დაზგის“ გამოყენებით, რაც საბოლოოდ ფასების დონის ზრდას იწვევს ანუ მივყავართ ინფლაციასთან. ინფლაციურ-სახიფათო ინვესტიციები – რომელიც ძირითადად გულისხმობს ეკონომიკის მილიტარიზაციას. გარდა ამისა, ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არ არსებობა თანამედროვე ბაზარი გარკვეულ დონეზე ოლიგოპოლიზირებულია. ოლიგოპოლისტი ისწრაფვის რა შეინარჩუნოს ფასების მაღალი დონე დაინტერესებულია დეფიციტის შექმნით. (წარმოების შემცირებით და საქონლის შეთავაზებით).

ინფლაციის ალტერნატიული თეორიები

დასავლეთის ეკონომისტებმა შეიმუშავეს რამდენიმე თეორია, რომლებიც ინფლაციის ალტერნატიულ თეორიებს წარმოადგენენ. ესენია: მოთხოვნის ინფლაცია და ხარჯების ინფლაცია. მოთხოვნის ინფლაცია – ეს არის წონასწორობის დარღვევა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, მოთხოვნის მხრიდან, რომლის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს სახელმწიფო შეღავათების გაზრდა და ა.შ. შედეგად კი მიიღება ფასების ზრდა. რაც შეეხება ხარჯების ინფლაციას – ესაა ფასების დონის ზრდის შედეგად წარმოების ხარჯების ზრდა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი საფასო პოლიტიკა, სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა, ნედლეულზე ფასების ზრდა და პროფკავშირები, რომლებიც ითხოვენ მაღალ ხელფასს.

ინფლაციის ტიპები
ზოგადად, ეკონომისტები ოთხი ტიპის ინფლაციას გამოყოფენ:
I. მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მთლიანი მოთხოვნა ეკონომიკაში აჭარბებს არსებულ მიწოდებას ანუ სხვაგვარად ეს არის ე.წ. მონეტარული ინფლაცია.
II. ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მზა პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები იმატებს, ნედლ მასალებზე ფასების ზრდის გამო ან როდესაც ხელფასების მატება წარმოებული პროდუქციის ერთეულ ფასს ზრდის.
III. ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია ანუ დაწესებული ფასის ინფლაცია, როდესაც რამდენიმე ბიზნესი გადაწყვეტს, მოუმატოს ფასებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოლიგოპოლიური ინფლაცია. ოლიგოპოლიებს შეუძლიათ დააწესონ საკუთარი ფასები და გაზარდონ ეს ფასები, როდესაც მოესურვებათ ე.წ. კარტელური გარიგებებით.
IV. სექტორული ინფლაცია, როდესაც ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორში ზრდის ფასებს, მაგალითად, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა საკვებისა და სხვა სექტორებში ფასების ზრდას იწვევს. ინფლაციის ამ ტიპების გარდა, იმ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტზე დამოკიდებულები არიან, იმპორტირებული ინფლაცია არსებობს (მოწოდების შოკები), რომელიც სხვა მიზეზთა შორის ერთ-ერთი გავრცელებული ფაქტორია, რომელიც ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.

ინფლაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
• მაღალი ინფლაცია ყოველთვის სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ წესრიგზე.
• ამ დროს საზოგადოებაში იზრდება სოციალური და ეკონომიკური დაძაბულობა, რაც მძიმე ეკონომიკურ ზარალს აყენებს ქვეყანას და ეკონომიკურ პოლიტიკას.
• ასევე, ფასების არათანაბარი ზრდა ამახინჯებს სისტემაში სამომხმარებლო მოთხოვნას.

რამდენით და რატომ გაძვირდა ცხოვრება ?
ინფლაციის დონე საქართველოში

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იანვარში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.9 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ანუ ინფლაციას სამომხმარებლო კალათიდან სურსათი და უალკოჰოლო სასმელების; ენერგომატარებლების; ადმინისტრირებადი ტარიფების; ტრანსპორტის ცალკეული ტარიფების გამორიცხვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით 4.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მისი საქმიანობის უმთავრესი მიზნის – ფასების სტაბილურობის მისაღწევად და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული, ინფლაციის საპროგნოზო და საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგია 2020-2022 წლებისათვის განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით “საქართველოს 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე , რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის – ფასების სტაბილურობის – შესრულებას. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა გულისხმობს მთლიანად საფინანსო სისტემის წინაშე არსებული და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და მათ შემცირებას.

უმუშევრობა და ინფლაცია, ფილიპსის მრუდი
უმუშევრობის შემცირება იწვევს მოთხოვნის, შესაბამისად ფასების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება ინფლაცია. და პირიქით, დასაქმებულთა რიცხვის შემცირება ანელებს ინფლაციის ზრდას. ეს დამოკიდებულება გამოისახება ფილიპსის შესაბამისი მრუდით.

პრაქტიკაში, ინფლაციასთან ბრძოლის მეთოდების საფუძველს წარმოადგენს ე.წ. კომპრომისული თეორია, რომლის მიხედვითაც დინამიკა უმუშევრობასა და ინფლაციას შორის ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ფილიპსის მრუდი წარმოადგენს უმუშევრობის, ინფლაციის და მიღებულ გასამრჯელოს დამოკიდებულებას, ეტაპობრივად წლიური ტემპებით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფილიპსის მრუდი ეფექტურია მოკლევადიან პერიოდში.

მაღალი ინფლაცია-ჰიპერინფლაცია

გერმანიაში 1913 მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნების მთლიანი ღირებულება 6 მილიარდი მარკა იყო. ათი წლის შემდეგ, 1923 წლის ოქტომბერში, 6 მილიარდი მარკა ბერლინში მხოლოდ ერთკილოგრამიანი ჭვავის პურის საყიდლად თუ იკმარებოდა. ერთი თვის შემდეგ კი, იგივე პურზე ფასმა 428 მილიარდი მარკა შეადგინა. 1920-იანი წლების დასაწყისის გერმანიის ჰიპერინფლაცია, ალბათ, ყველაზე ცნობილი ჰიპერინფლაციაა ( ჰიპერინფლაცია ძალიან მაღალ ინფლაციას ნიშნავს), მაგრამ – არაერთადერთი.

როგორც კი ინფლაცია ძალიან მაღალ დონეს აღწევს, მისი უარყოფითი ეფექტები დომინირებულ ხასიათს იძენს:
■ ტრანსაქციის სისტემა კარგად ვერ მუშაობს. არახელსაყრელი გაცვლის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითი გერმანიაში მისი ჰიპერინფლაციის დასასრულს გაჩნდა – მოსახლეობას ფაქტობრივად, დღიური ტრანსაქციებისათვის საჭირო ფულის დიდი ოდენობის გამო, ოთხთვალა ურიკები უნდა გამოეყენებინა.
■ საფასო სიგნალები უფრო და უფრო ნაკლებ გამოყენებადი ხდება, რადგან ფასები ისე ხშირად იცვლება, რომ მომხმარებლებისა და მწარმოებლებისათვის საქონელზე შეფარდებითი ფასების განსაზღვრა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება რთულია. მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ რაც მაღალია ინფლაციის დონე, მაღალია ვარიაცია სხვადასხვა საქონლის შეფარდებით ფასებში. ამგვარად, ფასების სისტემა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის გადამწყვეტია, სულ უფრო ნაკლებეფექტიანი ხდება.
(ხუმრობა, რომელიც ისრაელში 1980-იანი წლების მაღალი ინფლაციის დროს იყო პოპულარული: “რატომაა ტაქსით მგზავრობა უფრო იაფი, ვიდრე ავტობუსით? იმიტომ, რომ მგზავრობის საფასურს ავტობუსში მგზავრობის დასაწყისშივე იხდი, ტაქსში კი – მხოლოდ მგზავრობის ბოლოს”.)
■ ინფლაციის ტემპის რყევები იზრდება. რთულდება იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორი იქნება ინფლაცია ახლო მომავალში, ვთქვათ, იქნება თუ არა მომავალი წლის განმავლობაში იგი 500 ან 1000 პროცენტი. მოცემული ნომინალური საპროცენტო განაკვეთით გასესხება რისკიანი ხდება.

მიზნობრივი მაჩვენებელი

საქართველოში მოქმედებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში. ამდენად ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არ ითვალისწინებს ინფლაციის დონის 0 პროცენტამდე შემცირებას, არამედ 2019-2021 წლებისთვის ინფლაციის დონის 3 პროცენტზე შენარჩუნებას.

მიზნობრივი ინფლაციიდან გადახრა

2019–2021 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებით გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე (ინფლაციის მოლოდინი, მშპ–ს პოტენციური დონიდან გადახრა)“.

როგორ მთავრდება ჰიპერინფლაცია

ჰიპერინფლაცია ბუნებრივი სიკვდილით არ კვდება. უფრო სწორედ, ის სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში უნდა დასრულდეს.

რას გულისხმობს ფასების სტაბილურობა და როგორ აღწევს ეროვნული ბანკი ამ მიზანს?

ფასების სტაბილურობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაბალი და სტაბილური ინფლაციის მაჩვენებლის შენარჩუნებას. მაღალ ინფლაციას დიდი მერყეობა ახასიათებს, ამიტომ სტაბილური ინფლაციის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნება. ფასების სტაბილურობა აუცილებელი პირობაა რესურსების ეფექტიანად განაწილებისათვის.
არაპროგნოზირებადი ფასები ამცირებს გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას. მაღალი ინფლაციის დროს რესურსები პროდუქტიული გამოყენების ნაცვლად ინფლაციისგან დასაზღვევი მარაგების შესაქმნელად მიემართება. ფასების სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც. ზოგადად, დაბალი და სტაბილური ინფლაცია ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2014 წლისათვის, 6 პროცენტს შეადგენს, 2015 წლისათვის კი – 5 პროცენტს. დროთა განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეამცირებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3 პროცენტამდე.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად ეროვნული ბანკი შესაბამის მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს. 2009 წლიდან ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება, რომლის დროსაც ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების მართვით ზემოქმედებს ინფლაციაზე. კერძოდ, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გადაეცემა უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს და შემდეგ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს. სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ზემოქმედებს ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნაზე, რაც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ფასების დონეზე.იმ შემთხვევაში თუ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მეტია მიზნობრივ დონეზე, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის აწევით, რაც გარკვეული პერიოდის მერე გადაეცემა სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და ზღუდავს ერთობლივ მოთხოვნას, რათა ფასების ზრდის ტემპი დაუბრუნდეს სასურველ დონეს.

საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე დაბალია, ეროვნული ბანკი შეამცირებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის მერე გადაეცემა სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს. შედეგად ერთობლივი მოთხოვნა გაიზრდება და ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე დაბრუნებას.
რას გულისხმობს ინფლაციის თარგეთირება?

ინფლაციის თარგეთირება არის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი, რომლის დროს ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის არსებულ ეტაპზე ქვეყნისათვის სასურველი ინფლაციის დონე, და შემდეგ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია შეინარჩუნოს მიზნობრივ დონეზე.

90–იანი წლების შემდგომ მონეტარული პოლიტიკის ასეთი რეჟიმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ინფლაციასთან ბრძოლაში, ამიტომ მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყანა გადავიდა მონეტარული პოლიტიკის სწორედ ამ რეჟიმზე, მათ შორის ინგლისის ბანკი, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი და სხვა.

ინფლაციის თარგეთირების დროს მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს. მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე, გასესხების განაკვეთზე და საბოლოო ჯამში ერთობლივ მოთხოვნაზე.

რადგანაც ინფლაციის თარგეთირების უმთავრესი ამოცანა ეკონომიკურ აგენტებში ინფლაციის მოლოდინის ფორმირებაზე ზეგავლენაა, მნიშვნელოვანი ხდება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

ინფლაციის თარგეთირების დროს მნიშვნელოვანია ინფლაციის პროგნოზირება. რადგანაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილება რეალურ ეკონომიკაზე არა მყისიერად, არამედ მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აისახება, მონეტარული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანია არა დღევანდელი არამედ პროგნოზირებული ინფლაცია. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის პროგნოზი აღემატება მიზნობრივ დონეს ეროვნული ბანკი გაამკაცრებს პოლიტიკას, და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი ნაკლებია მიზნობრივ დონეზე – გადაწყვეტილება პოლიტიკის შერბილების სასარგებლოდ მიიღება.

ამგვარად, ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და საშიში პროცესია, რომელიც მიმდინარეობს და დიდ პრობლემას უქმნის ეკონომიკურ სისტემას. ინფლაცია არა მხოლოდ ამცირებს მსყიდველობით უნარს, არამედ ანადგურებს ეკონომიკური რეგულირების შესაძლებლობას და ხელს უშლის ეკონომისტებს განახორციელონ სტრუქტურული რეფორმები.


გამოყენებული ლიტერატურა:
www.geostat.ge
www.lari.ge
www.forbes.ge
www.gfsis.org
www.nbg.gov.ge
მაკროეკონომიკის სახელმძღვანელო – ბლანშარი

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial