სარბეინს-ოქსლის (SOX) აქტი – „დიდი ხუთეულიდან“ „დიდ ოთხეულამდე“

ანა ბუხრაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი

ანოტაცია
საერთაშორისო პრაქტიკაში აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების რეგულირების მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს. კონტროლის სისტემის არსებობის აუცილებლობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოიშვა და ორი კლასიკური – სახელმწიფოებრივი და თვითრეგულირების კონცეფციის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. მიუხედავად ამისა, XXI საუკუნის დასაწყისში მომხდარმა ხმაურიანმა კორპორატიულმა სკანდალებმა და „დიდ ხუთეულში“ შემავალი ძლევამოსილი აუდიტორული კომპანიის-„არტურ ანდერსენის“ არაეთიკურმა პროფესიულმა ქცევამ აჩვენა, რომ აუდიტორული საქმიანობის რეგულირება მოითხოვდა კარდინალურ ცვლილებებსა და სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას. სწორედ ამის საპასუხოდ, 2002 წელს აშშ-ში მიიღეს ე.წ. სარბეინს-ოქსლის კანონი, რომელიც ცნობილია, როგორც საჯარო კომპანიების ანგარიშგების რეფორმისა და ინვესტორთა დაცვის კანონი. ეს არის კანონი, რომელზეც დგას ჩვენი თანამედროვეობა, XXI საუკუნის აუდიტორული საქმიანობა და რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ საიმედო ბიზნეს გარემო, როგორც ინვესტორთათვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
მოცემული ნაშრომის მიზანია სარბეინს-ოქსლის კანონის მნიშვნელობის შეფასება მისი შექმნის წინაპირობის – „არტურ ანდერსენის“ მაგალითის – წარმოდგენის საშუალებით. ამ გზით მკითხველს საშუალება მიეცემა, დაინახოს აქტის გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე.

Annotation
There is extensive experience in the international practice of arranging and regulating audit and related services. The need for control system emerged in the conditions of a market economy and became the basis for the development of two classical concepts – state and self-regulation. However, the corporate scandals of the 21st century showed that regulation of audit activity required cardinal changes and a tightening of state control. In response to this, Sarbanes-Oxley Act, known as the Public Company Reporting Reform and Investor Protection Act, was adopted in USA. This is the law that stands in the way of our modernity and allows us to create a reliable business environment for both – as investors as other stakeholders.
The goal of this thesis is to evaluate the importance of the Sarbanes-Oxley law by presenting the precondition of its creation- the “Arthur Andersen” example. In this way the reader will be able to see the impact of the act on our daily lives.

წარმოშობის წინაპირობები
აუდიტი დაახლოებით 200 წლის წინ ჩამოყალიბდა, მის განვითარებას კი 1929-1933 წლების მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა შესამჩნევი ბიძგი მისცა. საწარმოთა მასიურმა გაკოტრებამ განაპირობა აუდიტორული შემოწმების გამკაცრება. ამ პერიოდიდან ჩნდება აუდიტის რეგულირების ობიექტური აუცილებლობა, იქმნება სხვადასხვა ნორმატიული აქტები, კერძოდ: 1931 წელს – გერმანიაში კანონი „სავალდებულო აუდიტის შესახებ“, 1940 წელს ნორმატიული დოკუმენტით მყარდება აუდიტის მიზანი – აზრის გამოხატვა წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების უტყუარობაზე, რომელიც დღემდე უცვლელია, 1970 წლიდან კი მუშავდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აუდიტის ჩატარების წესის უნიფიკაციისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.

ამგვარად, ყალიბდება აუდიტის მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც XXI საუკუნის დასაწყისის ყოვლისმომცველ კორპორაციულ კრიზისებამდე, ემყარებოდა აუდიტის რეგულირების ორ კლასიკურ კონცეფციას-სახელიმწიფო რეგულირებასა და თვითრეგულირებას.

პირველ კონცეფცია დაკავშირებულია ევროკავშირის ქვეყნებში(საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია, გერმანია) აუდიტის განვითარებასთან, სადაც აუდიტი ძირითადად ორიენტირებული იყო ბანკებისა და საჯარო იურიდიული პირების ინტერესებზე. სწორედ ამიტომ, რეგულირების ამ კონცეფციას ევროპული ანუ რეგულირების სახელმწიფო სისტემის მოდელი ეწოდა. ამ მოდელის თანახმად, აუდიტორული საქმიანობა რეგლამენტირებული იყო სახელმწიფოს მიერ, კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მეშვეობით, სახელმწიფო კონტროლის ფუნქციებს კი ცენტრალიზებული ორგანოები ახორციელებდნენ. ისინი უზრუნველყოფდნენ აუდიტორული ორგანიზაციებისათვის ლიცენზიების გაცემას, აუდიტორთა ატესტაციას, აუდიტის ჩატარების პროცედურებისა და პროცესის ხარისხის კონტროლს.

თვითრეგულირების კონცეფცია განვითარდა კუნძულოვან ევროპასა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში, სადაც აუდიტი ძირითადად ორიენტირებული იყო აქციონერების, ინვესტორების, კრედიტორებისა და სხვა სამეურნეო სუბიექტების მოთხოვნებზე. კონტროლის ფუნქციებს პროფესიული აუდიტორული გაერთიანებები ითავსებდნენ, სწორედ ამიტომ ამ მოდელს თვითრეგულირების მოდელი (ამერიკული) ეწოდა. ამერიკაში 2002 წლამდე ასეთ მარეგულირებელ აუდიტორულ გაერთიანებებად მიჩნეული იყო: ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების საბჭო, დიპლომირებულ საზოგადოებრივ ბუღალტერთა ამერიკული ინსტიტუტი და სხვა. (სრესელი, 2019)

შეგვიძლია დავასკვნათ, რონ ამ ორ კლასიკურ კონცეფციას შორის განსხვავებას აუდიტორული საქმიანობის რეგულირებაში სახელმწიფოს მონაწილეობის განსხვავებული ხარისხი წარმოშობდა.

მზარდი მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის სწრაფი განვითარების პირობებში, არაერთმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ბუღალტრებისათვის დამატებითი მოთხოვნების წაყენების შესახებ. 1980-იანი წლების შემდეგ აუდიტორები კომპანიებში სასურველი სტუმრები აღარ იყვნენ, რადგან მეწარმეები მხოლოდ მოგების გაზრდაზე ზრუნავდნენ და ცხადია ეს არასწორი ბუღალტერიით მიიღწეოდა. ისინი ადვილად ანაცვლებდნენ აუდიტორულ კომპანიებს, რომლებიც არასასურველ დასკვნებს უწერდნენ. აუდიტორული კომპანიები შემოსავლებს კარგავდნენ და ამ ფონზე დაიწყო მსოფლიო ფინანსური სკანდალების კასკადი. კერძოდ:

Waste Management – ნაგვის გადამუშავებაზე ორიენტირებული მსხვილი კომპანია 1998 წელს თაღლითობაში ამხილეს . მან წმინდა მოგება 1,43 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც ძირითადი საშუალებების სასიცოცხლო ხანგრძლივობის გაზრდითა და ცვეთის ხარჯის შემცირებით შეძლო. (სამსონიძე, 2013)

ენერგეტიკულმა გიგანტმა- „ენრონმა“ -ბანკროტად 2001 წლის 2 დეკემბერს გამოაცხადა თავი და ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უმუშევარი დარჩა ათასობით ადამიანი და კომპანიის ათასობით პენსიონერს ფარატინა ქაღალდები შერჩათ ხელში „ენრონის“ აქციების სანაცვლოდ. ისინი – ისევე როგორც კომპანიის სხვა აქციონერები – არავინ გააფრთხილა ენერგოგიგანტის შესაძლო გაკოტრების თაობაზე. (Naylor, 2014). კომპანიის ხელმძღვანელობა საგულდაგულოდ ჩქმალავდა თავის პრობლემებს და გაზვიადებულ ინფორმაციას იძლეოდა თავისი შემოსავლისა და მოგების შესახებ (კერძოდ, 1997 და 2001 წლებში). ის ფაქტი, რომ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას ამტკიცებდა მსოფლიოში პირველ ადგილას მყოფი აუდიტორული კომპანია, კიდევ უფრო ართულებდა საზოგადოებაში რაიმე ეჭვის წარმოშობას.

სკანდალში გაეხვა „WorldCom“-იც, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც თაღლითობით გაზარდა თავისი შემოსავლები 4 მილიარდი დოლარით. როგორ მოახერხა ეს? მან უარყო დარიცხვის პრინციპი, რომელიც ფუნდამენტური სახის სააღრიცხვო მეთოდია. კერძოდ, გააყალბა ანგარიშთა კლასიფიკაცია: მოახდინა მილიარდობით საოპერაციო ხარჯის, რომელიც მიმდინარე პერიოდის ხარჯია, კაპიტალიზაცია ძირითად საშუალებებზე, რის შედეგადაც საშუალება მიეცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩამოეწერა ხარჯად ცვეთის საშუალებით, ხოლო მიმდინარე პერიოდის ხარჯები – შეემცირებინა. ამ გზით მან 1.4 მილიარდი მოგება აჩვენა მაშინ, როცა კომპანია გაკოტრებული იყო.

ასევე თაღლითობით გაზარდა შემოსავლები „Qwest Communications“-მა, კერძოდ კი ასეთი გზა იპოვა: სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას გადასცემდა ბარტერით სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს და აღნიშნულ ოპერაციებს აღრიცხავდა, როგორც შემოსავალს, მაშინ როცა ბარტერულ გაცვლას ნულოვანი ეფექტი აქვს მოგება-ზარალის ანგარიშგებაზე(გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემოსული აქტივის საბალანსო ღირებულება აღემატება გასული აქტივისას). (Naylor, 2014)
თითოეული ზემოთ აღნიშნული კომპანიის აუდიტზე პასუხისმგებელი „არტურ ანდერსენი“ იყო, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრა მათთვის ხელის დაფარებისათვის. მისი რეპუტაცია იმდენად დაეცა ასეთი მსხვილი ფინანსური სკანდალების („Enron“-ის, „worlCom“-ის, „Qwest Communications“-ი, „Merck“-ის, „Adelphia“, „Tyco International“, „Peregrine Systems“, „Global Crossing“-ის და საქველმოქმედო რელიგიური ორგანიზაცია „Baptist Foundation of Arizona“-ისაც კი დაცემის) შემდეგ, რომ მსოფლიოს აუდიტორულ კომპანიათა „დიდი ხუთეული“ „დიდ ოთხეულამდე“ შემცირდა.

აუდიტორული კომპანიის თანამშრომელთა არაეთიკურმა პროფესიულმა ქცევამ ზიანი მიაყენა აუდიტორული პროფესიის საზოგადოებრივ იმიჯს, შეამცირა საზოგადოების ნდობა კომპანიების მიმართ. საბაზრო ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური ზრდისთვის კი აუცილებელია ბიზნესის რეპუტაციის გაუმჯობესება, ინფორმაციის საჯაროობა და ამ ინფორმაციის უტყუარობის დადასტურება. სხვა შემთხვევაში, საზოგადოება უარს ამბობს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე და მუდამ პესიმისტურად უყურებს ამა თუ იმ ახალ წამოწყებას სამეწარმეო საქმიანობაში. ფინანსური ინფორმაციის სანდოობა მიზანმიმართულად ქმნის ჯანსაღ გარემოს ინვესტორთათვის, რომლებიც საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სწორედ ფინანსური ანგარიშგების, ბირჟაზე აქციათა ღირებულების, ქვეყანაში ბიზნესის რეგულირების ფორმებისა და ბაზარზე არსებული მიმზიდველი მდგომარეობის მიხედვით იღებენ. აღსანიშნავია, რომ „დიდ ოთხეულში“ შემავალი აუდიტორული კომპანიები – Ernst&Young, KPMG, Deloitte, PricewaterhouseCoopers – საქართველოში რამდენიმე ათწლეულის წინ დაფუძნდნენ. ისინი უზრუნველყოფენ ქვეყანაში ფინანსური და კაპიტალის ბაზრების ეფექტურ ფუნქციონირებას ფირმებისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევით და დაინტერესებული პირებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებით.

სარბეინს-ოქსლის აქტის შექმნა

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ გაიაზრა, თუ როგორი მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია თვითრეგულირებადი აუდიტორული კომპანიების არსებობას, დღის წესრიგში მათი რეგულირების გამკაცრება დადგა. 2002 წელს, ამერიკამ მიიღო ე.წ. სარბეინს-ოქსლის აქტი, რომელიც სხვაგვარად ცნობილია, როგორც „საჯარო კომპანიების ბუღალტრული რეფორმა და ინვესტორთა დაცვის აქტი“ ან „კორპორატიული და აუდიტორული ანგარიშვალდებულების, პასუხისმგებლობის და გამჭირვალობის აქტი“. კანონპროექტი შეიცავს 11 დანაყოფს, რომლებიც მოიცავს საჯარო კომპანიების დირექტორთა საბჭოს პასუხისმგებლობების, ახალი და გაფართოებული მოთხოვნების, სისხლის სამართლის დანაშაულის გარკვეულ გადაცდომების ჩამონათვალს და მოითხოვს ფასიანი ქაღალდების კომისიისაგან შექმნას რეგლამენტი, რათა განსაზღვროს საჯარო კომპანიების მიერ კანონის შესაბამისად მოქმედების ხარისხი. ამ აქტის მიხედვით, ტოპ მენეჯმენტის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად უნდა დაადასტუროს ამა თუ იმ ფინანსური ინფორმაციის სიზუსტე, ხოლო ჯარიმების ოდენობა გაყალბებული ფინანსური საქმიანობისათვის გაცილებით უფრო სერიოზული გახდა. (Piotroski & Srinivasan, 2008)

აქტს სარბეინს-ოქსლი მისი შემქმნელების – აშშ-ს სენატორის-პოლ სარბეინისა და აშშ-ს წარმომადგენლის- მაიკლ ოქსლის საპატივცემულოდ ეწოდა. მოკლედ შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც „სოქსი“ (SOX). აქტი დამტკიცებულ იქნა თეთრ სახლში ხმათა უმრავლესობით, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა 2002 წლის 30 ივლისს და წარმოსთქვა შემდეგი სიტყვა: „ესაა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შედეგების მომტანი რეფორმა ამერიკული ბიზნესისათვის ფრანკლინ რუზველტის დროის შემდეგ. დაბალი სტანდარტებისა და გაყალბებული შემოსავლების ერა დასრულდა, აღარავინ დგას კანონზე მაღლა“. (Bumiller, 2002)

ქვეყნის ცივილიზებული იმიჯის შექმნაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს საფინანსო სისტემის გამჭირვალობა, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის მეშვეობით საზოგადოების უზრუნველყოფა საიმედო ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციით.

სარბეინს-ოქსლის აქტმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ფინანსური სკანდალების დარეგულირებაში საჯარო კომპანიებისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების გზით. SOX-მა აამაღლა ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის, დირექტორთა საბჭოს, უმაღლესი მენეჯმენტისა და აუდიტორთა პროფესიული პასუხისმგებლობის კონტროლის ხარისხი, გაზარდა პროცესების გამჭირვალობა და სანდოობა, ინფორმაციის საჯაროობა, ჯარიმების მოცულობა და გაამკაცრა მარეგულირებელი მოთხოვნები. „არტურ ანდერსენი“-ს დაცემა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება მოვლენად, რომლის საკუთარ თავზე გამოცდაც არავის სურს. „დიდი ხუთეულის“ „დიდ ოთხეულად“ გადაქცევის ამბავი მუდამ შეახსენებს კომპანიებს თავიანთ პროფესიულ პასუხისმგებლობას.

დღეს SOX-ის მოთხოვნების დაცვას ყველა კომპანია ცდილობს. აღსანიშნავია, რომ „PricewaterhouseCooper“-ი, აუდიტორული კომპანია, რომელსაც დიდ ოთხეულში საპატიო ადგილი უჭირავს, არა მხოლოდ ითვალისწინებს SOX-ის მოთხოვნებს, არამედ ცდილობს მათ დასანერგად ისეთი მოდელის შემუშავებას, რომელიც კლიენტებს ამ მოთხოვნებისთვის თავის გართმევაში დაეხმარება. ამ მოდელის საშუალებით ის კლიენტებს ხარისხის ზრდასა („სარბეინს ოქსლის“ შესაბამისად) და ხარჯების 25%-ით შემცირებას ჰპირდება. (PWC)

გამოყენებული ლიტერატურა

Bumiller, E. (2002, July 31). Bush Signs Bill Aimed at Fraud in Corporations. Retrieved from The New York Times: www.nytimes.com
Naylor, T. J. (2014, April 03). How The Arthur Anderson And Enron Fraud Changed Accounting Forever. Retrieved from benzinga.com: www.benzinga.com
Piotroski, J. D., & Srinivasan, S. (2008, May). Regulation and Bonding: The Sarbanes-Oxley Act and the Flow of International Listings. Retrieved from Journal of Accounting Research: dash.harvard.edu
PWC. (n.d.). SOX Compliance. Retrieved from PWC.com: www.pwc.com
სამსონიძე, ვ. (2013). მსოფლიოს უდიდესი აუდიტური კომპანიის გაკოტრების ნამდვილი ისტორია. Retrieved from აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები: www.aaf.ge
სრესელი, ნ. (2019). აუდიტის საფუძვლები. თბილისი.