კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტები

სალომე გობეჯიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
sallogobejishvili1@gmail.com

ანოტაცია
კორონავირუსი – სიტყვა, რომელზეც შეიძლება ითქვას რომ ყველაზე ხშირად გვესმის უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში და რომელიც იტევს უამრავი ადამიანის ტკივილს, სიკვდილს, შიშისა თუ დაუცველობის შეგრძნებას. მაგრამ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიცოცხლესთან, აუცილებლადაა დაკავშირებული ფინანსებთანაც, მეტადრე ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა აღნიშნული ვირუსის ეპიდემიური ტალღა და მისით გამოწვეული დანაკარგები, იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური სახის. დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო ადამიანური სახის დანაკარგზე, რადგანაც მეტად რთული და ზოგადად შეუძლებელიცაა მისი რეალური სახით წარმოდგენა მხოლოდ და მხოლოდ ციფრებით, არამედ ვისაუბრებ კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტებზე პირველ რიგში თვითონ ჩინეთის, შემდეგ კი მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით.

Coronavirus – A word that has been said most often in the last 2 months and can withstand the pain, death, fear or insecurity of many people. But everything related to life is necessarily related to finances, especially in cases, such as the epidemic wave of the virus and its losses, and it doesn’t matter it’s human or financial. Today I am not going to talk about human loss, which is very difficult and generally impossible to represent in real terms when using only numbers, but I will talk about the economic effects of coronavirus first in terms of the economic situation of China itself, and then in terms of the world and Georgia.

კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი ჩინეთის ეკონომიკაზე

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი და ფინანსური სერვისების კომპანია, “Morgan Stanley” ამბობს რომ ჩინეთის ეკონომიკის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა დაეცეს 3.5%-მდე კორონავირუსის გამო. მთავარი რაც უნდა აღინიშნოს ამ შემთხვევაში ისაა, რომ საწარმოო პროცესები მთელი ჩინეთის მასშტაბით შემცირებულია, იმდენად რამდენადაც ვირუსმა გამოიწვია გარკვეული ქალაქების „იზოლაცია“ და მილიონობით მომუშავის „იძულებითი უმუშევრობა“, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ ბოლო კვირას წარმოებამ მიაღწია ნორმალური წარმოების დონის მხოლოდ 30%-დან 50%-მდე. ამ დროს კი ჩინეთი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, გლობალური მიწოდების ქსელის სახლია, რომელიც აწარმოებს პროდუქციას ქსოვილიდან დაწყებული მობილური ტელეფონებითა და მანქანებით დამთავრებული. საწარმოო ხაზების დახურვა კი არა მარტო ამ ყველაფრის მიწოდებაზე მოახდენს გავლენას, არამედ დააზარალებს სხვა ბაზრების შესაძლებლობებსაც აწარმოონ პროდუქცია. მართალია Morgan Stanley-ის ანალიზის მიხედვით, ჩინეთის მანუფაქტურული წარმოების დონე დაუბრუნდება ნორმალური დონის 60-80%-ს მარტის თვის ბოლოსათვის, თუმცა ისინი გაფრთხილებას იძლევიან გაურკვეველი გარემოებების შესახებ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში.

Alibaba – ჩინეთის უდიდესი ონლაინ კომერციის კომპანიის განცხადებით, კორონავირუსი ცვლის მომხმარებლის მსყიდველობით სტრუქტურას, რამდენადაც იზრდება საკვების წილი შესყიდვებში და მცირდება ტანსაცმლისა და ელექტრონიკის წილი. შესაბამისად, ვირუსს აქვს ფუნდამენტური ეფექტი ქვეყნის მომხმარებლებსა და ვაჭრებზე, აზარალებს რა მათ შემოსავლებს მიმდინარე კვარტალში. ელექტრონული კომერციის ამ გიგანტმა ძლიერი ფინანსური შედეგები აჩვენა 2019 წლის დეკემბრის ანგარიშებით, იმაზე მეტი შემოსავლითა და წმინდა მოგებით, ვიდრე ელოდნენ, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური დირექტორი აღნიშნავენ მომდევნო თვეში განვითარებული პროცესების უარყოფით მოსალოდნელ ეფექტებს. საქმე იმაშია, რომ ბევრ მწარმოებელსა და ვაჭარს, რომელიც თანამშრომლობს ამ კომპანიასთან, არ შეუძლია წარმოების ჩვეულ ციკლს დაუბრუნდეს მომუშავეთა ნაკლებობის გამო. „ეპიდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მთლიანად ჩინეთის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით კი საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებზე; იმ დროს როცა მოთხოვნა პროდუქტსა და მომსახურებაზე ისევ არსებობს, ფულადი საშუალებები მათ საწარმოებლად შეზღუდულია რამდენადაც ახალი წლის არდადეგების შემდეგ გადაიდო ან გაუქმდა ოფისების, საწარმოების და სკოლების გახსნა“ – ამბობს ფინანსური დირექტორი Maggie Wu. Alibaba ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს თავისი პარტნიორების დასახმარებლად, რაც მოიცავს მათთვის გადასახადების შემცირებასა და სუბსიდიებს მომწოდებელი პერსონალისათვის, ასევე ცდილობს საკუთარი თანამშრომლების დაცვას მათთვის უფრო მეტად სახლიდან შესასრულებელი სამუშაოების შეთავაზებით.

იმ დროს როცა ყველა განიხილავს კორონავირუსის მიერ გამოწვეულ მსგავს უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებს, ჩინური კონგლომერატის Ping An Insurance-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ვირუსი გავლენას მოახდენს ჩინეთის ეკონომიკაზე თუმცა ის ასევე „დამხმარეა“ ბიზნესისათვის. რა იგულისხმება ამაში? ის, რომ აღნიშნულმა კომპანიამ საკმაოდ მოკლე ხანში 30-ზე მეტი ბანკისა და სხვა სადაზღვევო ორგანიზაციებისაგან მიიღო თხოვნები, კომპანიას უზრუნველყო ტექნოლოგიური დახმარება მათთვის, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდნენ სამუშაო პროცესის ჩვეულ რიტმს. რა თქმა უნდა, COVID – 19-ის ეპიდემიური სახე ყველაზე მეტად ჩინეთში, კერძოდ კი მის Hubei-ის პროვინციაში იგრძნობოდა, სადაც სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ასეთ ვითარებაში არსებობს კონკრეტული სახის ბიზნესები, როგორიცაა ფირმების სამედიცინო ტექნოლოგიებისა და „smart city” ბიზნესები, რომლებზეც უზარმაზარი მოთხოვნა ჩნდება სწორედ ამ დროს.

საბოლოოდ რა შეგვიძლია ვთქვათ იმაზე თუ რა სახის გავლენა იქონია ჩინეთზე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა კორონავირუსმა? წარმოვადგინე სხვადასხვა მხარეთა მოსაზრებები მხოლოდ იმიტომ რომ უკეთ წარმომედგინა რეალობა: პასუხი ცალსახაა, უარყოფითი, რამდენადაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შემცირდება პირველსა და მეორე კვარტლებში (ზოგიერთი მონაცემით ეს მხოლოდ 0.5%, ზოგით კი 3.5%-მდე აღწევს), თუმცა აქაც მედლის მეორე მხარეს არსებობს კომპანიები, რომელთათვისაც ეს „შავი ჭირივით“ გავრცელებული ვირუსით გამოწვეული დაბრკოლებები ხელსაყრელ ფაქტორად იქცა ბიზნესის წინსვლისათვის.

კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი გარშემომყოფ და სხვა ქვეყნებზე

რეგიონის თვალსაზრისით, ჩინეთში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია ტაილანდზე ტურიზმის მიმართულებით და მალაიზიაზე საწარმოო მიწოდების ჯაჭვის დაზიანებების მიმართულებით. 2003 წლის SARS ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო მისი გრძელვადიანი ეფექტების არარსებობა, რამდენადაც წარმოება, ვაჭრობა, ინვესტიციები, საცალო სავაჭრო ფასები, ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი დაუბრუნდა ჩვეულ(2002 წლის მაჩვენებლებით განსაზღვრულ) მაჩვენებელს 2003 წლის ზაფხულისათვის. თითოეული დიდი აზიური კაპიტალის ბაზარი ვაჭრობდა უკეთ 2003 წლის ზაფხულში ვიდრე 2002 წლის დეკემბერში(ეპიდემიის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე).
მოკლევადიან პერიოდში შეინიშნებოდა ეკონომიკური აქტივობის საკმაო შემცირება, თუმცა ვირუსთან გამკლავების შემდეგ ვითარება ჩვეულს დაუბრუნდა. იმავეს ელოდებიან კორონავირუსის შემთხვევაშიც, მთავარია იმის გარკვევა, თუ რამდენი ხანი იქნება კორონავირუსი საფრთხე.

Bangkok Post-ის სტატიაში ვკითხულობთ რომ კორონავირუსი შეამცირებს ტაილანდის ნომინალურ მშპ-ს 0.09-0.13%-მდე იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიის გავრცელება გაგრძელდება 3 თვეზე მეტხანს და 6 თვეზე ნაკლებხანს, ეკონომიკური ზარალი კი იქნება 500-700მლნ დოლარამდე. ეს მაშინ როცა ტაილანდის ეკონომიკა არაა იმ დონეზე დამოკიდებული ჩინეთისაზე, როგორც სინგაპურის, ვიეტნამისა და ლაოსის, რომელთათვისაც ნომინალური მშპს-ის შემცირების მაჩვენებლებია შესაბამისად: 0.11-0.15%, 0.17-0.25%, 0.15-0.22%.
ჩინეთის ეკონომიკის ყოველმა 1%-მა შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ASEAN(სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია)-ის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზარალი 2.4-3.4 ტრილიონი დოლარის ოდენობით, შეამციროს რეგიონული ტურიზმიდან შემოსავალი 1.5%-ით, ხოლო ექსპორტიდან შემოსავალი 1.2%-ით.

ის თუ როგორ გაუმკლავდება თითოეული ქვეყანა აღნიშნულ პრობლემას დამოკიდებულია მისი ეკონომიკის სიძლიერეზე, სტრუქტურასა და ადაპტაციის უნარზე. იმ დროს როცა ლაოსისა და კამბოჯას ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული ჩინეთისაზე, მათ აქვთ ნაკლები შესაძლებლობა შეინარჩუნონ ეკონომიკური აქტივობა სათანადო დონეზე, მაშინ როცა მაგალითად ვიენტნამს აქვთ მაჩვენებლების შენარჩუნების გაცილებით უკეთესი შანსი, რამდენადაც მისი საექსპორტო მიმართულებებია დივერსიფიცირებულია სხვადასხვა დიდ ბაზრებთან, ამავე დროს ჩინეთის პირდაპირი ინვესტიციები ვიეტნამში საკმაოდ დაბალია და ქვეყანა ძირითადად ტურიზმით „საზრდოობს“.

როგორც სინგაპურმა დააანონსა, ის აპირებს სამუშაო ჯგუფის შექმნას მალაიზიასთან რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება ამ ორ ქვეყანაში.

გარდა ახლოს მდებარე ქვეყნებისა, კორონავირუსმა შეაღწია იტალიაშიც, სადაც მიმდინარე მდგომარეობა შემდეგია: მილანში ტურისტული სანახაობების დიდი ნაწილი, როგორიცაა Duomo di Milano, La Sala opera house და the Fondazione Prada მუზეუმი დაკეტილია, ისევე როგორც ქალაქის თეატრები, ბარები და კაფეები იხურება საღამოს 6 საათისთვის; ვენეციაში დაიხურა Peggy Guggenheim Collection, the Palazzo Ducale in Piazza San Marco, და the Museo del Vetro, გაუქმდა ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება.

მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტები ამ დროისათვის ღია რჩება, ვირუსის აღმოსაჩენად მიმართული შემოწმებები იწვევს დიდ რიგებს და ახანგრძლივებს აეროპორტში ყოფნის დროს მგზავრებისათვის.

საინტერესოა რა ხდება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. დოუ ჯონსის ინდუსტრიულმა საშუალომ 100 პუნქტზე მეტად დაიკლო 24 თებერვალს, დააფიქსირა რა თავისი რიგით მე-3 ყველაზე საშინელი დღიური ვარდნა ისტორიაში, რაც გამოწვეულია იმის მოლოდინით, რომ COVID-19-ის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გავრცელებას ექნება უფრო ქრონიკული ეფექტი სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე ვიდრე ამას ინვესტორები ელოდნენ, ართულებს რა გლობალური კეთილდღეობის აღდგენას 2020 წელს.

მსოფლიო სავალუტო ფონდმა განაცხადა რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევაში ის შეამცირებს 2020 წლის გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.1%-ით და ჩინეთის წლიურ ეკონომიკურ ზრდას 0.4%-ით, უფრო მეტად ვიდრე იანვარში იქნა შეფასებული.

ამ სიტუაციაში საით მიდიან კომპანიები?
1. Tesla Inc. – კომპანიის აქციების ფასი დაეცა 2.64%-ით; ის ფლობს საწარმოო საშუალებებს ჩინეთში და ამ ქვეყანაზე მოდის მისი გაყიდვების 10%-იანი წილი.
2. ბანკების აქციები, ისეთების როგორიცაა მაგალითად BAC დაეცა 1.45%-ით.
3. სტარბაქსის კორპორაციის აქციების ფასი შემცირდა 1.85%-ით, ვინაიდან ის ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელზეც ყველაზე მეტად მოქმედებს კორონავირუსით გამოწვეული შედეგები.
4. ვარდნა შეეხო ენერგორესურსების სექტორში მოქმედი კომპანიების აქციებსაც, როგორიცაა Exxon Mobi Corp., რომლის აქციების ფასიც შემცირდა 2.2%-ით, Marathon Oil Corp. 5.72%-იანი შემცირებით.
5. United Health Group – შემცირება 0.15%-ით და American Express Co -1.99%.

ეს სია შესაძლოა საკმაოდ გაგვიგრძელდეს ამიტომ ამ ნაწილის დასასრულისათვის უბრალოდ ვთქვათ რომ როგორც ყოველთვის, რყევები ერთ ბაზარზე, რომელიც ძალიან ძლიერადაა ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, აუცილებლად იწვევს დომინოს ეფექტს.

კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე და მის ურთიერთობაზე ჩინეთთან

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 მარტის ჩათვლით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. სპეციალისტები ავიამიმოსვლის შეზღუდვის გამო ტურისტული ნაკადის შემცირებას და ამ დარგში ათობით ათასი დოლარის ზარალს ელოდებიან. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ჩინეთიდან 48 071 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 50.9%-ით მეტი იყო. საშუალოდ ჩინეთის მოქალაქე ერთ ვიზიტზე საქართველოში 2.253 ლარს ხარჯავდა, რა მაჩვენებლითაც ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში მეშვიდე ყველაზე მაღალმხარჯველი ვიზიტორები არიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ჩინეთიდან მხოლოდ ცოცხალი ცხოველების იმპორტი შეიზღუდა, სურსათი კი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის ჯგუფს არ წარმოადგენს.

2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 14.9%-ითგაიზარდა და 227,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3,0%-ით გაიზარდა და 858,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ძირითად პროდუქცია რასაც ჩინეთში ვყიდით არის: მადნები და კონცენტრატები სპილენძი; ყურძნის ნატურალური ღვინოები; მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი; მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების; კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები; თხილი და სხვა კაკალი. ხოლო ჩინეთიდან შემოგვაქვს: ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან; მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის; მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის; რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები; აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის, ასევე ფეხსაცმელი, მაცივრები, ხორცი, ნათურები და ა.შ.
2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ვითარება ჯერჯერობით კონტროლირებადი და სტაბილურია.

გამოყენებული ლიტერატურა:
www.cnbc.com
www.aljazeera.com
www.cnbc.com
www.jpmorgan.com
www.bangkokpost.com
www.marketwatch.com
bm.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial