ეროვნული წარმოება და სასაქონლო რესურსების პრობლემა საფეიქრო საქონლის ბაზარზე

თ. ქობლიანიძე, პროფ. გ. ნადირაშვილი

საფეიქრო საქონლის (ქსოვილების) ბაზარი სამომხმარებლო ბაზრის მეტად რთულ და დინამიურ სეგმენტს წარმოადგენს, რასაც განაპირობებს სასაქონლო ასორტიმენტის მრავალფეროვნება მისი ბოჭკოვანი შემადგენლების, დანიშნულების, წარმოების და ფასის მიხედვით. დინამიურობას განსაზღვრავს მის მიერ ფართო მომსახურების საქონლით – ტანსაცმლით დაკმაყოფილების უზრუნველყოფა, ხოლო ტანსაცმლის სასაქონლო ჯგუფი ყველაზე მეტად ცვალებადია მოდისა და სტილის სიახლეებისადმი.

ბაზრის სასაქონლო რესურსებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი წყარო ეროვნული წარმოებაა, რომელიც უახლოეს წარსულში საქართველოში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული.

წარმოების დარგობრივ სტრუქტურაში მსუბუქი მრეწევლობის პროდუქცია (მისი ყველაზე დიდი ქვედარგი საფეიქრო მრეწველობაა) მხოლოდ კვების მრეწველობას ჩამორჩებოდა. 1980-1990 წწ. მისი წილი დაახლოებით 20%-ს შეადგენდა, 1995 წელს მან საერთო პროდუქციის 2,2% შეადგინა, ხოლო 1998 წელს – 1,1%-მდე დაეცა. საფეიქრო ნაწარმის წარმოება კი, სამრეწველო პროდუქციის მთელ მოცულობაში 1998 წელს არსებული 0,36%-დან 2001 წელს 0,12%-მდე დაეცა.

საფეიქრო ნაწარმის – ქსოვილების წარმოების მკვეთრი დაცემა 90-იანი წლების ცნობილმა მოვლენებმა განაპირობა. დარგი, პრაქტიკულად, გაჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ქსოვილების წარმოება 1989 წლის 122,9 მლნ მ2-დან 1997 წელს 0,17 მლნ მ2-მდე შემცირდა, რამაც 1990 წლის მხოლოდ 0,37% შეადგინა 2000 წელს საერთოდ არ წარმოებულა, ხოლო 2001 წლისათვის ეს მაჩვენებელი 234 000 მ2-ს აღწევს და მხოლოდ შალის ქსოვილებითაა წარმოდგენილი. ქსოვილების წარმოების დინამიკა წარმოდგენილია ცხრილში #1.

პროცენტულად ყველაზე მეტად ბამბის და აბრეშუმის ქსოვილების წარმოება დაეცა. 1995 წელს წარმოებულმა ბამბის ქსოვილებმა 1989 წლის მაჩვენებლის 16%, ხოლო აბრეშუმის ქსოვილებმა 1,7% შეადგინა. შალის ქსოვილების წარმოების დაცემა უფრო ნაკლები ტემპებით მიმდინარეობდა. ფაქტიურად, ეს წარმოება ინვესტირების ხარჯზე დღესაც არსებობს. შალის ქსოვილების წარმოება წინა წლებთან შედარებით 1990 წელს გაზრდილიც კი არის, მაგრამ შემდეგ წლებში მკვეთრი დაცემა აქაც აღინიშნება.

დარგი მთელმა რიგმა არასახარბიელო გარემოებებმა, რომლებმაც სსრკ-ს დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იჩინეს თავი, პრაქტიკულად, გაჩერებამდე მიიყვანეს, ესენია: უმძაფრესი სანედლეულო კრიზისი, ურთულესი კრიმინოგენური და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია ნედლეულის დეფიციტი. რესპუბლიკის საფეიქრო მრეწველობა 100%-ით შემოზიდულ ბამბაზე მუშაობდა, ხოლო შალის მრეწველობას ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტ-მდე მატყლი შემოჰქონდა, საცდელ მეურნეობაში “ელდარი” დაახლოებით 300 -500 ტ ნაზი და ნახევრად ნაზი მატყლი იწარმოებოდა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო აბრეშუმის მრეწველობაში, რადგან საქართველოში მაღალხარისხოვანი აბრეშუმის პარკის გამოჰყავდათ, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში თუთის ხის ავადმყოფობამ აქაც სავალალო შედეგები გამოიღო.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ წარმოქმნილი უარყოფითი ფაქტორები მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაზე მოქმედებდნენ (ამჟამად დსთ-ს ქვეყნებზე) და ყველგან წარმოების მკვეთრ დაცემას იწვევდნენ. აღსანიშნავია, რომ დაცემა შედარებით ნაკლები ტემპებით ხასიათდებოდა ბელორუსიასა და უზბეკეთში. მაგალითად, უზბეკეთში 1999 წელს წარმოებულმა ქსოვილებმა 1991 წლის 51,2% შეადგინა, ბელორუსიაში – 59%; ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ 1998 წლიდან რუსეთის ფედერაციაში შეინიშნება საკმაოდ პოზიტიური ძვრები – 2000 წელს მან წინა წელთა შედარებით 657 მლნ მ2-ით მეტი ქსოვილი აწარმოვა და 1991 წლის დონის 30,5% შეადგინა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დანარჩენ წარმომადგენლებში მეტ-ნაკლებად ერთგვარი სიტუაცია შეინიშნება.

დსთ-ს სივრცეში წარმოების ასეთი დაბალი დონე მის ადრინდელ მაჩვენებლებთან შედარებით გვაფიქრებინებს, რომ საფეიქრო საქონლის სამომხმარებლო ბაზრის უდიდესი ნაწილი სხვა ქვეყნის მწარმოებლებს უკავიათ. რამდენადაც ყველა ახალმა დამოუკიდებელმა ქვეყანამ დაკარგა თავისი წილი საკუთარ ეროვნულ ბაზარზე თუ ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების ბაზრებზე, სავარაუდოა, რომ ასპარეზი ახლა დაეთმო სუბიექტებს მრეწველობაგანვითარებული და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ასევე განვითარებადი სამყაროს ძლიერი წარმომადგენლებიდან (იხ. ცხრ. #2)

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქსოვილების წარმოების დინამიკაზე წარმოდგენას იძლევა ცხრილი #3. მისი ანალიზი ნათელჰყოფს, რომ ზოგადად მსოფლიოში საფეიქრო მრეწველობა ერთგვარ სტაგნაციას განიცდის და XXI საუკუნეს მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და ზრდის ტემპებით არ შეხვედრია, თუმცა არის გამონაკლისებიც.

იტალია უდიდესი საფეიქრო ტრადიციების ქვეყანაა, სადაც 1987-98 წწ. დაფიქსირებულია შალის და აბრეშუმის ქსოვილების წარმოების ზრდა, თუმცა 1999 წელს ეს მაჩვენებლები წინა მაჩვენებელზე დაბლაც ვარდება. აბრეშუმის ქსოვილების წარმოება ასევე გაიზარდა საფრანგეთში: 1998 წელს მან 1987 წლის მაჩვენებელს 62 %-ით გადააჭარბა, მაგრამ 1999 წლისათვის 50 პუნქტითაა შემცირებული. საინტერესო დინამიკა შეინიშნება ჩინეთში. აქ გამოკვეთილია ბამბის და მატყლის ქსოვილების წარმოების ზრდის ტენდენცია. 1998 წელს აბრეშუმის ქსოვილების წარმოებამ 1987 წლის 166 % შეადგინა, მაგრამ 1999 წელს მოხდა წარმოების 572 მლნ მ2-ით შემცირება.

მართებული იქნებოდა გვევარაუდა, რომ მსოფლიოს ქვეყნების წარმოების არათანაბარი დინამიკა განპირობებულია ახალი, განსაკუთრებით აზიის, ინდუსტრიული ქვეყნების ეკონომიკის ზრდით და მათში უშუალოდ მსუბუქი მრეწველობის განვითარებით. წარმოების ასეთ გადანაწილებას და შედეგად, მათ მიერ მსოფლიო ბაზრის წილის მოპოვებას იაფი მუშა ხელის გამო საქონლის დაბალი თვითღირებულება განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ 1987 წელს სსრკ პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში წარმოებული შალის ქსოვილების მხრივ – 659 მლნ მ2, მეორე ადგილზე ბამბის ქსოვილების წარმოების მხრივ – 7,9 მლრდ მ2 (ჩამორჩებოდა მხოლოდ ჩინეთს) და მესამე ადგილზე აბრეშუმის ქსოვილების მხრივ – 2053 მლნ მ2 (სსრკ-ს უსწრებდნენ – აშშ 9200 მლნ მ2 და იაპონია 2919 მლნ მ2). რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანა ბამბის ქსოვილების წარმოების მიხედვით, 1999 წელს იკავებდა V ადგილს, ხოლო შალის ქსოვილების წარმოების მხრივ – XII-ს.

წარმოების მიღწეული დონის რაოდენობრივი მახასიათებლები მოხმარებასთან უშუალო კავშირშია. ადმინისტრაციულ-საგეგმო სისტემის პირობებში ეროვნული წარმოება იყო ბაზრის ძირითადი რესურსი, ანუ მიწოდების განმაპირობებელი, ხოლო იმპორტი მისი დამატებითი წყარო; მოხმარება ხასიათდება საცალო საქონელბრუნვის მაჩვენებლებით, მაგრამ სტატისტიკური აღრიცხვის არასრულყოფილების გამო ამ მაჩვენებლის ანალიზი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, დღეისათვის ქვეყანაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუმცა დასკვნების გამოტანა შემდგომი მსჯელობით მაინც მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ დამუშავებული იყო ერთ სულზე ქსოვილთა მოხმარების რაციონალური ნორმები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: ბამბის ქსოვილი – 27,7 მ2, შალი – 3,4 მ2, აბრეშუმის – 10,2 მ2, ანუ სულ საერთო ჯამში 41, 3 მ2 ქსოვილი. მართალია, საქართველოს სსრ-მ ვერც 1988 წელს აწარმოვა რაციონალური ნორმის შესაბამისი რაოდენობის ქსოვილი (წარმოებამ ერთ სულზე 22,6 მ2 შეადგინა), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს იმ პერიოდის კარგად განვითარებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და ამასთანავე, მრეწველობის გარკვეული სტაბილური მდგომარეობა. საქართველოს სსრ-ში ქსოვილები მსოფლიოს 24 სოციალისტური, განვითარებული და კაპიტალისტური ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. შემოზიდული ბამბის ქსოვილების 45,5% მოდიოდა ინდოეთზე, 12,3% – ჩინეთზე, 5,9% – ჩრდილოეთ კორეაზე და 17% – პაკისტანზე. აბრეშუმის ქსოვილების ყველაზე დიდი იმპორტიორი იყო იაპონია – 33,7%, ფინეთი – 13,5%, იტალია – 10,4%, ინგლისი – 7,8%, შალის ქსოვილებში ძირითადი იმპორტიორია ჩეხოსლოვაკია – 66,9%, ფინეთი – 16,4%, იტალია – 9%, ინგლისი – 2,1% და სხვა.

1985 წელს ქსოვილების სასაქონლო რესურსების შევსებაში იმპორტის წილი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ბამბის ქსოვილები – 8,1%, შალის ქსოვილები – 0,61%, აბრეშუმის ქსოვილები – 11,6%.

რაციონალური ნორმების შესაბამისი რაოდენობის ქსოვილების წარმოება ვერც დამოუკიდებელმა საქართველომ უზრუნველყო (იხ. ცხრილი #1), მეტიც, წარმოების ფაქტიური მაჩვენებლები ნორმებს კატასტროფულად ჩამორჩება, ბაზრის სასაქონლო რესურსების უმნიშვნელოვანესი წყარო – იმპორტი ცნობილი მოვლენების გამო, 90-იანი წლების დასაწყისში, ფაქტიურად, ნულს უტოლდებოდა. ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების კრებსითი მონაცემები სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში თავს იყრის 1994 წლიდან და ისიც არასრულყოფილად: ნატურალური მაჩვენებლები მოცემულია სხვადასხვა განზომილებებში (ტონა, მ2, გრძივი მეტრი), ხოლო თანხობრივი მონაცემები ნათელ სურათს ვერ იძლევა: თუმცა, ცხადია, ქვეყნის საფეიქრო საქონლის ბაზრის ძირითადი და უმთავრესი სასაქონლო რესურსი იმპორტია.

1999 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 396 ათასი აშშ დოლარის შალის ქსოვილი. ძირითადი იმპორტიორი იყო გერმანია 388,7 ათასი აშშ დოლარით. 2000 წელს – 502,2 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით; ძირითადი იმპორტიორები: გერმანია – 476,5 ათასი აშშ დოლარი, იტალია – 13 ათასი აშშ დოლარი. 2002 წელს სულ იმპორტირებული იყო 250,8 ათასი აშშ დოლარის ღირებულების შალის ქსოვილი. ძირითადი იმპორტიორი კვლავ გერმანიაა – 228,4 ათასი აშშ დოლარი, გაერთიანებული საემიროები – 9,4 ათასი აშშ დოლარი და თურქეთი – 9,2 ათასი აშშ დოლარი.

იმპორტის დინამიკა ბამბის ქსოვილებში ასეთია: 1999 წელი – სულ 185, 1 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით (ძირითადი იმპორტიორი აშშ 151,2 ათასი აშშ – დოლარი), 2000 წელი – 37,1 ათასი აშშ დოლარი (ძირითადი იმპორტიორი ფინეთი – 11,5 ათასი აშშ დოლარი, გერმანია – 12,8 ათასი აშშ დოლარი, თურქეთი – 7,5 ათასი აშშ დოლარი). 2002 წელი – სულ 82,6 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით. ძირითადი იმპორტიორი თურქეთი – 73,4 ათასი აშშ დოლარი.
აბრეშუმის ქსოვილების იმპორტი 1999 წელს – სულ 2,6 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით, 2000 წელს – 94,8 ათასი აშშ დოლარი, ძირითადი იმპორტიორი თურქეთი – 49 ათასი აშშ დოლარი; 2002 წელი – 64,5 ათასი აშშ დოლარი, ძირითადი იმპორტიორი თურქეთი – 34, 4 ათასი აშშ დოლარი და არაბთა გაერთიანებული საემიროები – 29,1 ათასი აშშ დოლარი.

მოყვანილი ციფრები ეჭვის საბაბს იძლევიან, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2003 წლის ივნისში სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მხოლოდ ერთ თვეში საქართველოში ქსოვილების საცალო საქონელბრუნვამ 622 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო 2002 წელს იმპორტი შეადგენდა (ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით) 397,3 აშშ დოლარს, ანუ დაახლოებით 875 ათას ლარს.

ყურადსაღებია ერთი გარემოებაც 80-იანი წლების ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე ქსოვილთა მოხმარების (საცალო საქონელბრუნვის) მაჩვენებლები საერთო საკავშირო მაჩვენებლებს ბევრად ჩამორჩებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი – მსოფლიო მაჩვენებლებს. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩებოდა. ამის მიზეზი არ შეიძლება ყოფილიყო წარმოების მიღწეული დონე, ან თუნდაც პროდუქციის ფასები, როგორც დღესაა. მართებული იქნებოდა ვარაუდი გადაგვეტანა საქონლის დაბალ ხარისხსა და დაბალ კონკურენტუნარიანობაზე, რამდენადაც მომხმარებელი, როგორ საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედი უგულებელყოფილი იყო. ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული მუშაობის მექანიზმი ხელს უშლიდა წარმოებას, რომ ახალ რელსებზე გადართულიყო და მიზანმიმართული პროდუქცია ზუსტად განსაზღვრული მომხმარებლისათვის – ბაზრის გარკვეული სეგმენტისათვის ეწარმოებინა, ხოლო ძველებურად უმისამართო, არამოდური და არაპრესტიჟული საფეიქრო ნაწარმის დამზადება დარგის მუშაკებსაც სავალალო შედეგებს უქმნიდა.
ამგვარად, წარმოების დინამიკა ძალზე სავალალო მდგომარეობაშია, რაც განაპირობა:
– საერთო სამეურნეო ნგრევამ;
– სანედლეულო შეფერხებებმა და კრიზისებმა;
– მძიმე საგადასახადო სისტემამ;
– გასაღების ბაზრების არარსებობამ;
– დანადგარების ფიზიკურმა და მორალურმა ცვეთამ;
– უხარისხო პროდუქციამ, რომელიც საბაზრო პირობებში ვერ პოულობს მომხმარებელს;
– იაფი საზღვარგარეთული ქსოვილების შემოტანამ, რომელთანაც ადგილობრივი წარმოებას კონკურენციის გაწევა არ შეუძლია (ბაზრის თითქმის მთლიანად იმპორტულ საქონელს უჭირავს);
პრობლემის გადაჭრა და დარგის აღორძინება შესაძლებელია:
1. ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციით;
2. დარგის ინვესტირებით;
3. ლიბერალური საგადასახადო სისტემის შემოღებით;
4. საწარმოების მიერ მარკეტინგის კომპლექსის -მიქს მარკეტინგის გამოყენებით, რომელიც 4P-ს სახელითაა ცნობილი (ინგლისური სახელწოდების პირველი ასოების მიხედვით: Pროდუცტ, Pრიცე, Pლაცე, Pრომოტიონ);
5. რესურსდამზოგი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით

ამასთანავე აუცილებელია სამომხმარებლო ბაზრის დაცვა პროტექციონისტული მეთოდებითა და ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების მოწესრიგებით.

საქართველოს ბაზრებზე სასაქონლო რესურსების შევსებას ზემოთ მითითებული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოფს.