ეკონომიკური უთანასწორობა

ავტორის სტილი დაცულია
ქრისტინე კუპატაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Kupatadze.q@mail.ru

ანოტაცია
სტატიაში განხილულია ეკონომიკური უთანასწორობის არსი, მნიშვნელობა და თუ რამდენად აქტუალურია ის დღევანდელ მსოფლიოში. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური უთანასწორობის სახეებზე, მისი გაზომვის საშუალებებზე, საქართველოს მდგომარეობაზე ამ კუთხით, გზებზე რომლითაც ეს გლობალური პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. ასევე განხილულია სიღარიბე, როგორც ეკონომიკური უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგი.

Annotation
The article discusses the essence of economic inequality, its importance and how relevant it is in today’s world. The focus is on the types of economic inequality, the means of measuring it, the situation in Georgia in this regard, and the ways in which this global problem can be solved. Poverty as a consequence of economic inequality is also discussed.

თანამედროვე საზოგადოება მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა პრობლემას უპირისპირდება და ამ პრობლემებს შორის ყველაზე ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე. ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ყოველთვის იყო და დღემდე რჩება პრობლემად, რომელიც საერთოა ყველა ქვეყნისათვის და, ამგვარად, ატარებს გლობალურ ხასიათს. გლობალური სიღარიბის აღმოფხვრა – ეს არის თანამედროვე რეალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული უთანასწორობა სასარგებლოა საზოგადოებისთვის, ვინაიდან გამოდის თავისებურ მოტივატორად ეკონომიკური აქტიურობისათვის, ადამიანთა უნარისა და შესაძლებლობების განვითარება-გამოყენებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. მაგრამ სიმდიდრის თავმოყრა ცალკეული პირების, ასევე სახელმწიფოთა ხელში, ზღუდავს სხვების წინსვლასა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს, ქმნის ე.წ. „სიღარიბის მანკიერ წრეს“, რომლის გარღვევა ძალზე რთულია. ეკონომიკური უთანასწორობა ართულებს სიღარიბისშემცირებას, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას, იწვევს კონფლიქტებსა და ძალადობას. ამ ტრენდის შეცვლა მის საპირისპიროდ – დიდი გამოწვევაა, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაშიც პროგრესს ვხედავთ.

ეკონომიკური უთანასწორობის განმარტება და მისი სახეები

ეკონომიკურ უთანასწორობას ყველაზე აშკარად ასახავს ადამიანების განსხვავებული პოზიციები შემდეგი ფაქტორების მიხედვით – შემოსავალი, ანაზღაურება, სიმდიდრე. ამასთან, ადამიანების ეკონომიკური პოზიციები ასევე დაკავშირებულია სხვა მახასიათებლებთან, მაგალითად, აქვთ თუ არა მათ შეზღუდული შესაძლებლობები, მათი ეთნიკური წარმომავლობა, სქესი. ეკონომიკური უტანასწორობის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: 1)შემოსავლების უთანასწორობა- გვიჩვენებს რამდენად არათანაბრად ნაწილდება შემოსავლები ადამიანთა ჯგუფებს შორის. შემოსავალი არ არის მხოლოდ ანაზღაურებით მიღებული ფული, არამედ თანხა, რომელიც მიიღება დასაქმებიდან (ხელფასები, პრემიები და ა.შ.), ინვესტიციები, როგორიცაა შემნახველი ანაბრების პროცენტები და დივიდენდები აქციების წილიდან, დანაზოგები, პენსიები (სახელმწიფო , პირადი, კომპანიის) და ქირა. შემოსავლის გაზომვა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური ან საყოფაცხოვრებო წესით – ყველა იმ ადამიანის შემოსავლები, რომლებიც ცხოვრობენ კონკრეტულ ოჯახში. ოჯახის შემოსავალი გადასახადამდე, რომელიც მოიცავს სოციალური დაცვის სისტემისგან მიღებულ ფულს, ცნობილია როგორც მთლიანი შემოსავალი. ოჯახის შემოსავალი ყველა გადასახადისა და შეღავათების ჩათვლით ცნობილია როგორც წმინდა შემოსავალი. 2)ანაზღაურების მიხედვით უთანასწორობა- პირის ანაზღაურება განსხვავდება მისი შემოსავლისგან. ანაზღაურება ეხება მხოლოდ დასაქმებიდან გამომდინარე გადახდას. ეს შეიძლება იყოს საათობრივად, ყოველთვიურად ან ყოველწლიურად, ჩვეულებრივ გადაიხდება ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად და ასევე შეიძლება შეიცავდეს პრემიებს. შესაბამისად, ანაზღაურების უთანასწორობა აღწერს ხალხის ანაზღაურებას შორის სხვაობას და ეს შეიძლება იყოს ერთ კომპანიაში ან მთელი ქვეყნის მასშტაბით. 3)სიმდიდრის მიხედვით უთანასწორობა- სიმდიდრე გულისხმობს ინდივიდუალური ან ოჯახის აქტივების მთლიან თანხას. ეს შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ აქტივებს, როგორიცაა ობლიგაციები და აქციები, ქონება და პირადი საპენსიო უფლებები. ასე რომ, სიმდიდრის უთანასწორობა აღნიშნავს აქტივების არათანაბარ განაწილებას ადამიანთა ჯგუფში.

ცხოვრების უთანასწორობა ყველაზე ცუდად და კარგად განვითარებულ ქვეყნებს შორის შეიძლება ვაჩვენოთ სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით: ჯანმრთელობა – ყველაზე ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ერთ-ერთ ქვეყანაში დაბადებული ბავშვი 60-ჯერ უფრო მეტი ალბათობით იღუპება, ვიდრე საუკეთესო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ქვეყანაში დაბადებული ბავშვი. აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში დღეს დაბადებული ათი ბავშვიდან ერთზე მეტი იღუპება ხუთი წლის ასაკამდე. მსოფლიოს ჯანმრთელობის მდგომარეობით მოწინავე ქვეყნებში – ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში – 250 ბავშვიდან მხოლოდ 1 იღუპება, სანამ ის 5 წლის გახდება. იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს განათლებაზე საუკეთესო წვდომა აქვთ – ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში – სკოლის შესასვლელი ასაკის ბავშვებს დღეს 15-დან 20 წლამდე ოფიციალური განათლების მიღება შეუძლიათ. ავსტრალიაში ეს მაჩვენებელია 22,9 წელი [1]. ბავშვები, რომლებიც ერთდროულად შედიან სკოლაში იმ ქვეყნებში, სადაც განათლებაზე ყველაზე ნაკლები წვდომა აქვთ, ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 5 წელია. შემოსავალი- თუ გადავხედავთ საშუალო შემოსავლებს და შევადარებთ უმდიდრეს ქვეყანას – კატარს მშპ-ით ერთ სულ მოსახლეზე $ 117,000 აშშ დოლარი – მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ქვეყანას – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას 661 აშშ დოლარად – 177-ჯერ მეტი სხვაობაა[1]. ეს ითვალისწინებს ფასთა სხვაობებს ქვეყნებს შორის. მზანშეწონილია, რომ კატარი და სხვა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები გამოვიყენოთ შედარებისთვის, ვიდრე ქვეყნები რომლებიც მდიდარი არიან ბუნებრივი რესურსების ექსპორტით. აშშ-ს მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს – 54,225 აშშ დოლარს, ხოლო შვეიცარიას – 57 410 საერთაშორისო დოლარს. ეს ნიშნავს, რომ შვეიცარიელებს 1 თვეში შეუძლიათ დახარჯონ ის, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 7 წელში შეუძლიათ დახარჯონ[1].

ეკონომიკური უთანასწორობის გაზომვის საშუალებები

არსებობს სამი საშუალება ეკონომიკური უთანასწორობის გაზომვის: 1. ჯინის კოეფიციენტი- არის რიცხვი, რომლის მიზანია განაწილების უთანასწორობის ხარისხის გაზომვა. ეს ყველაზე ხშირად გამოიყენება ეკონომიკაში იმის გასაზომად, თუ რამდენად დაშორებულია ქვეყნის სიმდიდრე ან შემოსავლის განაწილება სრულიად თანაბარი განაწილებიდან. ქვეყანას, სადაც ყველა რეზიდენტს აქვს ერთიდაიგივე შემოსავალი კოეფიციენტი 0-ის ტოლია, ხოლო ქვეყანას, სადაც ერთმა რეზიდენტმა მიიღო მტელი შემოსავალი კოეფიციენტი 1-ის ტოლია. რაც უფრო დაბალია ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, მით უფრო ნაკლებია უთანასწორობა საზოგადოებაში. OECD ქვეყნების უმეტესობას კოეფიციენტი აქვს 0.32-ზე დაბალი, ხოლო ყველაზე დაბალია 0.24. დიდი ბრიტანეთი, საკმაოდ არათანაბარი საზოგადოებაა, ქულა 0.35 და აშშ, კიდევ უფრო უთანასწორო საზოგადოება, 0.38. ამის საპირისპიროდ, დანია, ბევრად უფრო თანასწორი საზოგადოებაა, ქულა 0.25[2]. რაც შეეხება საქართველოს ჯინის კოეფეიციენტი 2017 წელს იყო 0.40, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს შემოსავლების არათანაბარ განაწილებაზე. შემდეგ წლებში გვაქვს კოეფიციენტის შედარებით შემცირების ტენდენცია (2018 და 2019 წლებში ტოლია 0.37-ის)[4]. 2. თანაფარდობის კოეფიციენტი- ერთმანეთს ადარებს შემოსავლების განაწილების ერთ დონეზე მყოფ ადამიანებს მეორე დონეს. მაგალითად, 20:20 თანაფარდობა ადარებს იმას, თუ რამდენად მდიდარია უმდიდრესი ადამიანების 20%, უღარიბეს 20% -თან შედარებით[2]. 3. პალმას თანაფარდობა- პალმას თანაფარდობა არის მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოების 10%-ის თანაფარდობა ქვედა 40%-თან. თანაბარ საზოგადოებებში ეს თანაფარდობა იქნება ერთი ან ერთზე ნაკლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოპ 10% არ იღებს ეროვნული შემოსავლის უფრო მეტ წილს, ვიდრე საზოგადოების დაბალშემოსავლიანი 40%. ძალიან არათანაბარ საზოგადოებებში ეს თანაფარდობა შეიძლება იყოს 7-ის ტოლი[2].

ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების რვა გზა

ქვემოთ შემოგთავაზებთ რვა გზას, რის საშუალებითაც მსოფლიოს გლობალური უთანასწორობის შემცირებისაკენ წინსვლა შეუძლია. 1. ფულის უკანონო გადინების შეჩერება-განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვაში, განათლებაში, სანიტარულ სფეროში და მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფში ინვესტირებისათვის რესურსების მოძიებისა და განაწილების არაადეკვატური პრაქტიკა მძვინვარე უთანასწორობას. ამის ერთ–ერთი მიზეზი გადასახადებისთვის თავის არიდება და სხვა სახის ფულის უკანონო გადინებაა. „Global Financial Integrity-ის“ მიხედვით, განვითარებადმა ქვეყნებმა 2003 წლიდან 2012 წლამდე 6.6 ტრილიონი დოლარი დაკარგეს უკანონო ფინანსური გადინებების შედეგად. ამ 6.6 ტრილიონის ადამიანურ კაპიტალში, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ ზრდაში ინვესტირების შედეგად შესაძლებელი იყო სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება[3]. 2.პროგრესული საშემოსავლო გადასახადი- XX საუკუნის უმეტეს პერიოდში, მდიდარ ქვეყნებში უთანასწორობა ძირითადად მცირდებოდა, დღეს კი ამ მხრივ მდგომარეობა უარესდება. უმდიდრესი 1% იხვეჭს ეროვნული შემოსავლის უდიდეს ნაწილს, ამასთან ერთად კი მცირდება საგადასახადო განაკვეთები ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის. რა მასშტაბის საგადასახადო განაკვეთი უნდა დაწესდეს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონეთათვის? ეს ის საკითხი, რომელიც ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. 3.სიმდიდრის გლობალური გადასახადი- წიგნში „კაპიტალი XXI საუკუნეში“ თომას პიკეტი საერთაშორისო შეთანხმებას გვთავაზობს, რომელიც სიმდიდრის გადასახადს დააწესებს. მისი გეგმის მიხედვით, ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ ნებისმიერი სახის პერსონალური ქონების განსაზღვრული ოდენობით დაბეგვრის შესახებ. სკეპტიკოსები იმაზე საუბრობენ, რომ ამ გეგმის პრაქტიკულად განხორციელება წარმოუდგენელია, თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ეს იდეა. სიმდიდრეს თაობებს შორის დაგროვება ახასიათებს. შესაბამისად, სამართლიანმა და კარგად ორგანიზებულმა სიმდიდრის გადასახადმა გრძელი გზა უნდა გაიაროს უკიდურესი უთანასწორობის დამარცხებამდე. 4.ღირსეული ანაზღაურების დაწესება -მთავრობებმა ღირსეული ანაზღაურება უნდა დააწესონ. ამავდროულად, კორპორაციებისათვის პრიორიტეტი უნდა გახდეს ღირსეული ანაზღაურება დასაქმებულთათვის – მიმწოდებლებთან, მყიდველებთან და ყველა იმ სხვა ჯგუფთან ურთიერთობის პროცესში, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ. დაბალი და საცხოვრებლად არასაკმარისი ხელფასი მშრომელთა დასუსტებისა და მცირე ჯგუფის ხელში სიმდიდრის კონცენტრირების ნიშანია, რაც უთანასწორო საზოგადოების ერთ–ერთ განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს. ყველა მშრომელს უნდა შეეძლოს საკუთარი და მისი ოჯახისთვის საჭირო საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება. მთავრობები და კორპორაციები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ღირსეული ანაზღაურების უფლების დაცვაზე. 5.მშრომელთა ორგანიზების უფლება- მშრომელთა ორგანიზების უფლება ყოველთვის იყო უფრო მეტად თანასწორი საზოგადოების ერთ–ერთი საფუძველი. ეს უფლება პრიორიტეტული და დაცული უნდა იყოს ყველგან, სადაც კი ამ ბაზისური უფლების ხელყოფა ხორციელდება. ამავე დროს, მშრომელთა ორგანიზებისა და კოლექტიური ბრძოლის უფლება უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობებისთვის ადამიანის უფლებების პრიორიტეტს წარმოადგენს გლობალურ დონეზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის სახით არსებული ჩანაწერის მიუხედავად, რომელიც მშრომელთა ორგანიზების უფლებას, როგორც ადამიანის ერთ–ერთ ფუნდამენტურ უფლებას, ისე აცხადებს, მშრომელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ–ში, პრობლემები ექმნებათ კოლექტიური ორგანიზების მცდელობისას. იქ, სადაც ძლიერი პროფკავშირები არსებობს, მაღალია ხელფასები, ხოლო უთანასწორობის დონე – დაბალია. 6.შეწყდეს სხვა სახის შრომითი შევიწროებები- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ერთ დროს სტაბილურ და მუდმივი დასაქმების სტრუქტურას კომპანიები დროებითი და პირობითი შრომით ანაცვლებენ. მშრომელები, რომლებიც ხშირად მოიხსენიებიან, როგორც „პირობითი“ და „მერყევი“ მშრომელები, ასრულებენ მუდმივ სამუშაოს, ამავდროულად კი მათ არ აქვთ დასაქმებულის სტატუსი. აშშ–ში ეს პროცესი მცდარი კლასიფიკაციის სახელით არის ცნობილი, როცა დამსაქმებლები მშრომელების არასწორ კლასიფიკაციას „დამოუკიდებელი კონტრაქტორების“ სახით ადგენენ, როდესაც სინამდვილეში, ისინი დასაქმებულები არიან. პირობითი შრომა ასევე ხორციელდება აუთსორსინგის, სუბკონტრაქტირებისა და დასაქმების სააგენტოების გამოყენებით. 7.ღია და დემოკრატიული სავაჭრო პოლიტიკა- საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები, რომლებშიც წარმოდგენილნი მხოლოდ ბიუროკრატები და კორპორატიული ლობისტები არიან, უნდა დასრულდეს. ეს ძველი სტილის სავაჭრო შეთანხმებები ფუნდამენტურად არადემოკრატიულია, ისინი კორპორატიულ ინტერესს მშრომელების, გარემოს, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივ ინტერესზე მაღლა აყენებენ. ჩვენ გვჭირდება ახალი სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. 8.ახალი ეკონომიკები- ხშირად, ეკონომისტებს აღიქვამენ, როგორც დახშული ხედვის მქონე მეცნიერებს, რომლებიც ცოტასთვის გასაგებ ეკონომიკურ თეორიებს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე ჰუმანურ ღირებულებებს. დარგობრივ, ვიწრო თეორიებზე ჩაბღაუჭებამ წარმოშვა სწორედ ისეთი “გამარჯვებულები”, როგორიცაა ვაშინგტონის კონსენსუსის სისტემა და გლობალური ფინანსური სისტემა, რომელმაც 2008 წელს კრახი განიცადა. საბედნიეროდ, ეკონომიკის თანამედროვე კურსდამთავრებულებსა და მოქმედ მეცნიერებს შორის შეიმჩნევა მოძრაობა, რომელიც დისციპლინის ახლებულ გააზრებას ემხრობა. ისინი აღნიშნავენ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე ცხოვრობს ისედაც კარგ პირობებში.

სიღარიბე

იღარიბე – ეს არის საზოგადოებისთვის ფინანსური სახსრების უკმარისობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. თანამედროვე სამყაროში არ არსებობს სიღარიბის საყოველთაო ნიშნული. იგი ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. მაღალგანვითარებული სახელმწიფოებისთვის იგი არის დაბალი დონის ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. სიღარიბე გულისხმობს განათლების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაკლებობას. ოჯახების უმეტესობას არ გააჩნიათ სრულყოფილი კვება. ადამიანის კეთილდღეობას თუ ხარჯებით შევაფასებთ, მაშინ იგი ღარიბად ითვლება, თუ მისი შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. სიღარიბის დონე, ისევე როგორც უმუშევრობის დონეს, ნულამდე ვერასდროს დავიყვანთ, მაგრამ შესაძლებელია მისი შემცირება. საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უმუშევრობის შემცირების მიზნით, სახელმწიფომ აქცენტი ორივე მხარეზე _ მოთხოვნასა და მიწოდებაზე უნდა გააკეთოს. მოთხოვნის მხარეს საჭიროა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და თანამედროვე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ეს მოითხოვს საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გაძლიერებას და არაპროგნოზირებადი და არასტაბილური პოლიტიკის გატარებაზე უარის თქმას. მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოს სჭირდება განათლებისა და გადამზადების (ტრეინინგების) სისტემის რეფორმირება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის შესაძლებლობები, უპასუხოს სწრაფად ცვალებადი საბაზრო ეკონომიკის საჭიროებებს. ეს პროცესი გულისხმობს განათლების ხელმისაწვდომობის, მისი ხარისხისა და შინაარსის გაუმჯობესებას. საქართველოში 2019 წლის მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელია 20,1%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მოსახლეობის ეკონომიკურ უთანასწორობაზე მიუთითებს[4].
საბოლოოდ, დღეს არსებული გლობალური ეკონომიკური უთანასწორობა ორი საუკუნის უთანასწორო განვითარების შედეგია. საქართველოში არსებული მდგომარეობა ამ კუთხით სახარბიელო რომ არაა ამაზე ჯინის კოეფიციენტის მაღალი მნიშვნელობაც მიუთითებს. იგი ბევრად აღემატება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს. კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 1%-ის ხელში მთლიანი შემოსავლის 10%-ია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო მოსახლეობაში უფრო ძლიერია სიმდიდრის განაწილებაში უთანაბრობა, ვიდრე შემოსავლების განაწილებაში. ასევე დიდ უთანაბრობებს აქვს ადგილი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში. ეს ეხება განვითარებად და ახალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, იქ ჯანდაცვის ხელმისასწვდომობა თითქმის თანაბარია ყველა საშემოსავლო ჯგუფისთვის. იგივე შედეგებია მიღებული განათლებაზე და ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობების გამოკვლევაშიც.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ცხოვრების უთანასწორობა ყველაზე ცუდად და კარგად განვითარებულ ქვეყნებს შორის სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით URL: ourworldindata.org
2. ეკონომიკური უთანასწორობის გაზომვის საშუალებები URL: www.equalitytrust.org.uk
3. ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების 8 გზა URL: european.ge
4.ჯინის კოეფიციენტი, სიღარიბის მაჩვენებელი URL: www.geostat.ge

Leave a Reply

Your email address will not be published.