სახელმწიფო ვალის პოლიტიკა და მისი თავისებურებები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

გიორგი კოხრეიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის IVკურსის სტუდენტი
giokokhreidze1@gmail.com

ანოტაცია
მოცემულ ნაშრომში განხილულია სახელმწიფო ვალის პოლიტიკა, მისი არსი, მეთოდები, სტრატეგიები და თავისებურებები. ყურადღებას გავამახვილებ სახელმწიფო ვალის დახასიათებაზე. შევეხები აგრეთვე, სტრატეგიის კომპონენტებს. გამოვყოფ იმ პრობლემებს, რომელიც თავს იჩენს სახელმწიფო ვალის გაზომვისას და ვისაუბრებ მის შედეგიანობაზე საქართველოს მაგალითზე. აღვნიშნავ რამდენად მიზანშეწონილია სახელმწიფო ვალის აღება და როგორ უნდა იყოს ის ეფექტიანად გამოყენებული.

Annotation
This article discusses government debt policy, its essence, methods, strategies and aspects. I start with description of government debt. Then I will write about strategy components and highlight exact problems, that appeared over calculations of government debt. After I will discuss about its effects on example of Georgia. Finally, I will point out how important is government debt and how to use it effectively.

სახელმწიფო ვალის არსი და წარმოქმნის მიზეზები
როდესაც მთავრობა ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე ღებულობს გადასახადების სახით, ის სესხულობს ფულს კერძო სექტორებიდან. სახელმწიფო ვალი წარმოადგენს დროის გარკვეული მომენტისთვის სახელმწიფო სექტორის მიერ გამოყენებულ, მაგრამ დაუფარავ სავალო ვალდებულებათა ჯამს. სახელმწიფოს მიერ აღებული ყველა სესხი მათზე დარიცხული საპროცენტო გადასახდელებით, რომლებიც მოცემული მომენტისთვის არ არის დაფარული, ქმნის სახელმწიფო ვალს. მთავრობის ვალის მნიშვნელობის ადეკვატურობის თაობაზე დებატები დღესაც მწვავე კამათის საგანია. მაგალითად, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ალექსანდრ ჰამილტონი ამბობდა, რომ „ეროვნული ვალი, თუკი ის არ არის მეტისმეტი, ჩვენთვის ეროვნული სიკეთის მომტანია“. მის საპირისპიროდ, ჯეიმს მედისონი თვლიდა, რომ „სახელმწიფო ვალი სახელმწიფოს უბედურება იქნება“.

სახელმწიფო ვალზე აზრები ოდითგანვე ემიჯნებოდა ერთმანეთს. სავარაუდოდ, ეს გამიჯვნა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

სახელმწიფო ვალს წარმოქმნის დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში სამთავრობო ხარჯების გადიდება, რაც ისტორიული გამოცდილებით, ყოველთვის ომებს ან ეკონომიკურ დაქვეითებას მოჰყვებოდა.
ომის დროს, ეკონომიკის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციის წარმოებიდან სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე მიიმართება და, შედეგად, იზრდება შეიარაღებისა და სამხედრო მომსახურეთა შენახვის ხარჯები.

ეკონომიკური დაქვეითების პირობებში, ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების მოცულობის შემცირების კვალობაზე, ავტომატურად მცირდება საგადასახადო შემოსავლები და ბიუჯეტის დეფიციტის წარმოქმნის ტენდენცია ყალიბდება.

გარდა ამ ორი მიზეზისა, არსებობს მესამე გარემოებაც, რომელიც სახელმწიფო ვალის წარმოქმნას განაპირობებს. ესაა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით გადასახადების განაკვეთის შემცირება.
საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს მიერ სესხის აღების აუცილებლობა ყოველთვის უკავშირდება სახელმწიფო ხარჯების გადიდებას. ამ ხარჯების დაფინანსების სამი ვარიანტი არსებობს: პირველი – გადასახადების გადიდებაა, მეორე – საჭირო რაოდენობაზე მეტი ფულის ბეჭდვა და მიმოქცევაში გაშვება, მესამე – სახელმწიფოს მიერ ვალის აღება.

პირველ შემთხვევაში გადასახადების გადიდების ხარჯზე ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ძირს უთხრის ქვეყანაში შრომისა და მეწარმეობის სტიმულებს. მეორე შემთხვევაში ფულის დამატებითი მასის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკაზე მძლავრი ინფლაციური ზეწოლა. ამის გამო სახელმწიფოები ხშირად მიმართავენ მესამე გზას და ვალს იღებენ.
სახელმწიფო ვალის ორი სახე არსებობს : საშინაო და საგარეო.
[„ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (ნ.ხადური, მ.ჩიქობავა, თსუ)]

სახელმწიფო საშინაო ვალი
სახელმწიფო შიდა ვალი არის მოცემული ქვეყნის მთავრობის მიერ მისი მოქალაქეებისგან აღებული ვალი. გარკვეული მოსაზრების თანახმად, საშინაო ვალი უფრო ნაკლებ ტვირთად არის მიჩნეული ვიდრე საგარეო, რადგან იგი შეიძლება განხილული იყოს, როგორც ვალი, რომელიც თვითონ სახელმწიფოს მართებს.

საშინაო ვალის დაფარვის დროს ქვეყანაში შექმნილი პროდუქციის გატანა არ ხდება, რაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ საშინაო ვალის აღება ნებისმიერი ქვეყნისთვის უსაფრთხოა და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.

თუმცა, ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივად შეესაბამება სიმართლეს. თუ ვალის ზრდას თან არ ახლავს ეკონომიკური ზრდა, მაშინ, შიდა ვალის ხარჯზე ბიუჯეტის დაბალანსების ყოველგვარი მცდელობა საბოლოოდ კრახით დასრულდება. იმისათვის, რომ საშინაო ვალი არ იყოს გარკვეული პრობლემების წარმოქმნის მიზეზი, აუცილებელია, რომ ქვეყანას მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობები ჰქონდეს.

მიუხედავად ამისა, მოცემული დასკვნა სრულიად არ ნიშნავს, რომ შიდა ვალის აღება გამართლებულია. მისი არსებობა ნამდვილად იწვევს ზოგიერთ რეალურ და პოტენციურ პრობლემას, რომელიც, შემდგომ, შეიძლება ეკონომიკური რღვევის პირობად იქცეს.
[ხადური ნ. „მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ ( ლექციების კურსი, თსუ, 2016)]

სახელმწიფო საგარეო ვალი
სახელმწიფოს საგარეო ვალი – მოცემული ქვეყნის მთავრობის მიერ სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციებისგან აღებული სესხია და გულისხმობს მსესხებელი ქვეყნის სავალო ვალდებულებას გამსესხებელი ქვეყნის წინაშე. საგარეო ვალს სამართლიანად მიიჩნევენ ტვირთად, რომელიც ართულებს ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას და წარმოადგენს ეკონომიკური ტვირთის სიმძიმის ერთი თაობიდან მეორეზე გადაკისრების საშუალებას.

სახელმწიფოები საგარეო ვალს მიმართავენ, როდესაც შიდა ვალის აღებით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. უცხოური კრეტიდები ქვეყანას საშუალებას აძლევს მოიხმაროს ან დააბანდოს მასზე მეტი თანხა, ვიდრე მას გააჩნია. აქედან გამომდინარე, საგარეო ვალი, მისი მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში, საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყნის ეკონომიკაზე არასასურველი შედეგები.

საგარეო ვალის აღება გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ეკონომიკურ ზრდას და ასევე, სწრაფად იზრდება ექპორტიდან მიღებული შემოსავალი. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანას, რის ხარჯზეც უნდა დაიფაროს მზარდი საგარეო ვალი. თუ ეს ასე არ ხდება და ვალის მომსახურებისთვის გადასახდელი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, მაშინ წარმოიქმნება საგადასახდელო ბალანსისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემები.
[ხადური ნ. „მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ ( ლექციების კურსი, თსუ, 2016)]

სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკა
სახელმწიფო ვალის პოლიტიკა არის სამთავრობო ორგანოების საქმიანობა ვალის მართვაში, რომელიც აყალიბებს სახელმწიფო სესხების მართვის იდეოლოგიებს, განსაზღვრავს ვალის მართვის სტრატეგიას და აგრეთვე წარმოაჩენს სამთავრობო ორგანოების ძირითად მიმართულებებს მისი რეალიზაციის მიზნით.

სახელმწიფო ვალის პოლიტიკის ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია სახელმწიფო ვალის მენეჯმენტზე. სახელმწიფო ვალის მენეჯმენტი წარმოადგენს ვალის გონივრულად დაგეგმვისა და განხორციელების სტრატეგიის შემუშავებას იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს სახელმწიფოს ფინანსური საჭიროებები. ვალის მენეჯმენტის პროცესები გულისხმობს გასაგები მიზნების დასახვას და მათ მხარდაჭერას კარგად დაგეგმილი სტრატეგიის საშუალებით.

ვალის მართვის სტრატეგია და მისი კომპონენტები
ვალის მართვის სტრატეგია არის ვადებში გაწერილი კონკრეტული გეგმა, რომელიც მთავრობას ეხმარება მიაღწიოს სახელმწიფო ვალის სასურველ და ოპტიმალურ რაოდენობას. მასში მოცემულია ვალის აღების და მართვის პროცედურა და აღწერილია ყველა შესაძლო რისკის შინაარსი და გამომწვევი ფაქტორი.

სტრატეგიის არსებობა ქვეყნების მთავრობებს ეხმარება რისკების იდენტიფიცირებაში. მართვის პოლიტიკის ეფექტიანობა უშუალოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შეფასებული რისკები და რამდენად უზრუნველყოფილია ფისკალური და მონეტარული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.

ვალის მართვის სტრატეგია შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტთან. მნიშვნელოვანია არ ეწინააღმდეგობოდეს ფისკალურ, მონეტარულ პოლიტიკას.
ვინაიდან ვალის მართვის სტრატეგიის მიზანია მაკროეკონომიკური რისკების შემცირება, მასში აღწერილი უნდა იყოს ის უპირატესობები, რაც შიდა ვალს გააჩნია და აგრეთვე მოყვანილი უნდა იყოს შიდა ვალით გარე ვალის ჩანაცვლების საჭიროება.
სტრატეგიის წარმატებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემო არსებობდეს. პირველ რიგში, იგულისხმება მაკროეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრული ფისკალური – მონეტარული პოლიტიკით. აუცილებელია ქვეყანაში იყოს გამართული კანონმდებლობა, ინსტიტუციური მოწყობა და ვალის აღრიცხვის თანამედროვე ეფექტური მეთოდები.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შედგება რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტისგან. ესენია:
სახელმწიფო სექტორის განმარტება და სახელმწიფო ვალის მართვის კოორდინაცია. იმისთვის, რომ სტრატეგია მაქსიმალურად ზუსტი იყოს აუცილებელია იმის ხაზგასმა, თუ რომელი ვალი კლასიფიცირდება სახელმწიფო ვალად.
ვალის შეფარდება მსპ-თან. სახელმწიფო ვალის ოდენობის შეფარდება მთლიან სამამულო პროდუქტთან ეკონომიკაზე ვალის ტვირთის შეფასების და ვალის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის საუკეთესო საშუალებაა.

რეფინანსირების რისკი. რეფინანსირების რისკი დგება მაშინ, როდესაც ვალის მომსახურება ვერ ფინანსდება ან ვერ ხდება მისი ახალი სესხით ჩანაცვლება. ის ამწვავებს ვალის კრიზისს და იწვევს სერიოზულ პრობლემებს მთლიანად ეკონომიკისთვის. ამიტომაც, სტრატეგიაში აუცილებლად გაწერილი უნდა იყოს დაზღვევის პირობები.

საპროცენტო განაკვეთის რისკი. ეს არის საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ცვლილებიდან გამოწვეული რისკი. ვალის მართვის სტრატეგიაში უნდა იყოს გათვალისწინებული ეს გარემოება.
გაცვლითი კურსის რისკი. ვალის მომსახურების ღირებულება ყოველთვიურად შეიძლება შეიცვალოს ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შესაბამისად.
ამრიგად, ვალის მართვის სტრატეგია მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს და მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს დაგეგმილი.

ვალის პოლიტიკის ბარიერი: გაზომვის პრობლემა
როგორც აქამდე აღვნიშნე, სახელმწიფო ვალზე ბევრი დავა არსებობს. ხშირია სახელმწიფო ვალის მიზანშეწონილობის შესახებ კამათი, რომელიც, არც თუ ისე იშვიათად, გადაიზრდება კამათში ფისკალური პოლიტიკის ღონისძიებების თაობაზე. თუმცა, გარდა იმისა, რომ ეკონომისტები ვერ თანმხდებიან ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებაში, ბევრი დავა მიმდინარეობს ბიუჯეტის გაზომვის ირგვლივაც. ლოგიკურია, რომ იმისათვის რომ სახელმწიფო ვალის პოლიტიკა ეფექტიანი იყოს, უნდა შემუშავდეს მაქსიმალურად სწორი სტრატეგია, რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო ვალის ზუსტი ოდენობა.

აპრიორულად, ვალის პოლიტიკის გამტარებლებისთვის წარმოიქმნება რამდენიმე სერიოზული პრობლემა.

პირველი პრობლემა არის ინფლაცია. ჩვეულებისამებრ, ბიუჯეტის დეფიციტის გაზომვის დროს არ კეთდება ინფლაციის გათვალისწინებით შესწორებები. ამის გამო ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დავალიანება უნდა იზომებოდეს რეალურ და არა ნომინალურ ერთეულებში. ცდომილებები, რომელიც მიიღება ინფლაციის გაუთვალისწინებლობისას, ხშირად, საგრძნობლად მაღალია. ამ გარემოებამ შეიძლება შეცვალოს ფისკალური პოლიტიკის შეფასება.
მეორე პრობლემას კაპიტალური აქტივები წარმოადგენს. ბიუჯეტის გაანგარიშენის პროცედურას, რომელშიც გაითვალისწინება როგორც აქტივები, ისე ვალდებულებები, უწოდებენ კაპიტალის ბიუჯეტირებას. მრავალი ეკონომისტი თვლის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზუსტი შეფასება მოითხოვს სახელმწიფო აქტივების და პასივების დათვლას. კერძოდ, როდესაც გამოითვლება საერთო სახელმწიფო დავალიანება, აუცილებელია სახელმწიფო აქტივების გამორიცხვა სახელმწიფო ვალის სიდიდიდან. კაპიტალის ბიუჯეტირებისას, მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ რთულია შეფასდეს სახელმწიფო დანახარჯების რომელი სახე უნდა ჩაითვალოს კაპიტალურ დანახარჯებად.
გაზომვის მესამე პრობლემას წარმოადგენს გაუთვალისწინებელი ვალდებულებები. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ბიუჯეტის დეფიციტის გაზომვის დროს ჭეშმარიტი სურათი მახინჯდება იმიტომ, რომ არ გაითვალისწინება ზოგიერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვალდებულებები, როგორიცაა, მაგალითად, ჩინოვნიკების პენსიები. პენსიები – მათი მომავალი შემოსავლები სახელმწიფოსთვის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ პრობლემის მეორე მაგალითს სოციალური დაზღვევა წარმოადგენს. ადამიანები გასცემენ თავიანთი შემოსავლის ნაწილს მაშინ, როდესაც ისინი ახალგაზრდები არიან და ანაზღაურების მიღებას ელიან სიბერეში.

ამრიგად, ვხედავთ რა სახის პრობლემების გადაჭრა უწევთ სახელმწიფო ვალის პოლიტიკის გამტარებლებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სტატისტიკის არცერთი მაჩვენებელი არ არის სრულყოფილი, ყველა ეკონომისტი თანხმდება იმაზე, რომ უკეთესია არაზუსტი შეფასება, ვიდრე გარკვეული დეტერმინანტების სრული გაუთვალისწინებლობა.
[„ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (ნ.ხადური, მ.ჩიქობავა, თსუ)]

სახელმწიფო ვალი საქართველოში
საქართველოს კანონის თანახმად ( „სახელმწიფო ვალის შესახებ“ ), საქართველოს სახელით სესხის აღება და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობით და საქართველოს ეროვნული ბანკის კონსულტაციით.

საქართველოს მთავრობა ფინანსურ რესურსებს იზიდავს ორმხრივი და მრავალმხრივი კრედიტორებისგან, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრებიდან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. მთავრობის მიერ ფინანსური რესურების მოზიდვა ხდება ინფრასტურქტურული კაპიტალური დანიშნულების პროექტებისთვის და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობის დაგეგმილი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით, მთავრობა იღებს საგარეო და საშინაო სესხებს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველო არის საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა, თუმცა პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს დაწინაურება შეიძლება საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნად.

საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, ცდილობენ ვალი აიღონ შესაძლო მინიმალური საპროცენტო განაკვეთით და ხანგრძლივი ვადით. განვითარებული ქვეყნები ვალს იღებენ იმისთვის, რომ განახორციელონ ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ღონისძიებები, განაპირობონ ეკონომიკური სტაბილიზაცია, დასაქმება და საყოველთაო კეთილდღეობა. საქართველოს შემთხვევაში, ვალი აიღება მიმდინარე ვალდებულებების გასასტუმრებლად და არა გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად.

წელიწადში ოთხჯერ, ყოველკვარტალურად საქართველოს ეროვნული ბანკი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების და მედიის ყურადღებას იპყრობს, რადგანაც ახალი ვალის აღება და ლარის გაუფასურება საგარეო ვალის ტვირთს ზრდის.
როგორც ვიცით, ვალის ტვირთის შეფასების ყველაზე კარგ საშუალებას წარმოადგენს ვალის შეფარდება მთლიან სამამულო პროდუქტთან. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვალის დინამიკაზე:

დიაგრამა 1: საქართველოს მთავრობის ვალის დინამიკა
1

აქედან ჩანს, რომ საქართველოს ვალის ფარდობა მსპ-თან ბოლო მონაცემებით 42,1%-ს შეადგენს, საიდანაც 34,2% საგარეო ვალზე მოდის.

შეგვიძლია საგარეო და საშინაო ვალის დაყოფა პორტფელური ინსტრუმენტების ტიპების მიხედვით. საგარეო ვალის დიდი ნაწილი არის კრედიტორებისგან მოზიდული სესხები, უმეტესად შეღავათიანი პირობებით. რაც შეეხება საშინაო ვალს, მის 69,3%-ს შეადგენს სახაზინო ობლიგაციები, 17,3%-ს სახაზინო ვალდებულებები და დარჩენილ 13,3%-ს სახელმწიფო ობლიგაციები.

დიაგრამა 2: საგარეო და საშინაო ვალის დაყოფა პორტფელური ინსტრუმენტების ტიპების მიხედვით
2

2019 წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 21.3 მილიარდი ლარი იყო, რაც მსპ-თან 42,6% იყო. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ვალი 20.7 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, 2020 წლის მარტიდან ახალი სახელმწიფო ვალის აღების საჭიროება დადგა, რაც, გართულებული იყო აგრეთვე ლარის მკვეთრი გაუფასურებით.

მთავრობის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობისა და ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, შეგვიძლია შევაფასოთ ვალის სამომავლო გადახდა.

დიაგრამა 3: მთავრობის ვალის დაფარვა
3

დიაგრამიდან ჩანს, რომ მთავრობის შეფასებით საქართველო შეძლებს საშინაო ვალის გამოსტუმრებას 2029 წლისთვის, ხოლო საგარეო ვალს სრულიად გაისტუმრებს 2051 წლისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგნოზი გაკეთებული იყო, მსოფლიო პანდემიამდე და შესაბამისად საჭიროებს კორექტირებას.

მიწურულს, მინდა აღვნიშნო, რომ ვალის შეფარდება მსპ-ს მიმართ 60%-ზე მეტი თუ არის, იქმნება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რღვევის საშიშროება.

რაც მეტი აქვს ქვეყანას ვალი, მით უფრო სუსტია ის მომავალში მოსალოდნელი შოკების მიმართ. საქართველომ, პანდემიის პირობებში შეძლო დამატებითი ვალების აღება, თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არც თუ ისე სახარბიელოა. ამ გარემოებას ართულებს უკვე ხსენებული ლარის გაუფასურება, ვინაიდან საქართველოს ვალის 77% უცხო ვალუტაშია აღებული.
[mof.ge]

სახელმწიფო ვალი და კრიზისები
მოგვეხსენება, რომ დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას კორონავირუსის პანდემიის სახით. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შიმშილობს და უკიდურესს სიღატაკეში იმყოფება. გარდა იმისა, რომ პანდემიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ის მთელ მსოფლიოს რიგი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკას აზარალებს არა უშუალოდ ვირუსი, არამედ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები. ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ მოგზაურობას, ვაჭრობას, რაც, საბოლოო ჯამში, მოთხოვნას ამცირებს. კომპანიების გადაწყვეტილებები, შეაჩერონ საწარმოო პროცესები ამცირებს მიწოდებას. შემცირებული მოთხოვნა და მიწოდება ეკონომიკისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. ყოველივე ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს თითოეული ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ვალის აღების შესახებ.

როგორც, უკვე აღვნიშნე, პანდემიის დროს, ეკონომიკური საქმიანობა მცირდება, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ტემპების შენელებას ნიშნავს. სახელმწიფოები იძულებულნი ხდებიან ისესხონ, რათა განახორციელონ ეკონომიკური სტაბილიზაციის მინიმალური ღონისძიებები მაინც.

ამ პირობებში დღის წესრიგში დგება შემდეგი საკითხი: რამდენად სწორად გამოიყენებს მთავრობა მიღებულ სესხს? ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ კრიზისების დროს სახელმწიფო ვალი აუცილებელიცაა, იმ პირობით თუ ის მიზანმიმართულად იხარჯება. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია დაარიგოს მოსახლეობას ფულადი დახმარება, იმ აღებული ვალის ხარჯზე. მაგრამ, ამას მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება. სახელმწიფო სესხი გათვლილი უნდა იყოს გრძელვადიანი პერსპექტივებისთვის. ერთ-ერთი ჩინური ანდაზის თანახმად: „მიეცი ადამიანს თევზი და შენ მას ერთი დღით გამოკვებავ. ასწავლე მას თევზის დაჭერა და შენ მას მთელი ცხოვრება გამოკვებავ“.

ამრიგად, მთავარი საკითხია, თუ როგორ იყენებს მთავრობა ხელთარსებულ სესხს. გონივრულად და გრძელვადიანი პერსპექტივით დახარჯული თანხები, კარგ ამონაგებს იძლევიან მომავალში და ვალის გასტუმრებას შესაძლებელს ხდიან.

დასკვნა
დასკვნის სახით, შევაჯამოთ, ნაშრომის ძირითადი საკითხები.
პირველ რიგში, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკა, აუცილებელია, ნებისმიერ ქვეყანაში, კონკრეტულ პრობლემებზე მიმართული და ეფექტური იყოს. ამისთვის კი საჭიროა ძლიერი და სწორი სტრატეგია.

მეორე, სახელმწიფო ვალი იყო, არის და იქნება მწვავე პოლემიკის საგანი ეკონომისტებს შორის, ვინაიდან მას თან ახლავს ბევრი დადებითიც და უარყოფითი მოვლენაც. უცვლელი რჩება მხოლოდ ის გარემოება, რომ არცერთ ქვეყანას, სახელმწიფო ვალის აღების გარეშე, არ შეუძლია შექმნას და მოიხმაროს, იმაზე მეტი, ვიდრე მას გააჩნია.

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ვხედავთ, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, აქვთ შესაძლებლობა სახელმწიფო ვალი აიღოს შედარებით დაბალი განაკვეთით და უფრო ხანგრძლივი ვადით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ვალის მუდმივი ზრდა არ უნდა აჭარბებდეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს. დღესდღეობით კი, საქართველო, საკმაოდ სახიფათოდ მიუახლოვდა იმ „წითელ ზღვარს“, რომელიც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, ეკონომიკისთვის ნეგატიურ მოვლენად იქცევა.
ბოლოს, საუბარი გვქონდა, სახელმწიფო ვალისა და კრიზისების კავშირზე. აღვნიშნეთ, რომ კრიზისების პერიოდში, სახელმწიფოებს აქვთ შანსი სწორად გამოიყენონ შეძენილი რესურსები და იზრუნონ სამომავლო კეთილდღეობაზე ან მიღებული სესხები მიმდინარე ვალდებულებების დასაფარავად და დროებითი დადებითი ეფექტებისთვის გამოიყენონ.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ვალი მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ელემენტია და მას შეუძლია, როგორც ააყვავოს, ისე გაანადგუროს ქვეყნის ეკონომიკა.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი, 2015, თბილისი, 423 გვერდი)
2. „მაკროეკონომიკური პოლიტიკა“ (ნ.ხადური, ლექციების კურსი, თსუ, 2016)
3. „ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება“ (ნ.ხადური, მ.ჩიქობავა, თსუ)
4. mof.ge
5. 2. mof.ge
6. 3. mof.ge
7. forbes.ge
8. forbes.ge
9. www.geostat.ge
10. studfile.net
11. www.misbfm.ru