საბაზრო ჩავარდნები და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ავტორის სტილი დაცულია
თამარ დოლიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
tamar.dolidze110@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

აბსოლუტური თავისუფლება ბუნებაში არსად არსებობს, თუმცა ზოგადად თავისუფლება არის შესაძლებლობა, ადამიანებმა იმოქმედონ თავიანთი სურვილების შესაბამისად, შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე საზოგადოების ყველა წევრის უფლებების გათვალისწინებით. სწორედ თავისუფლებაა ის მამოძრავებელი ძალა და პირობა, რამაც პირველყოფილი წყობილებიდან დღემდე მოგვიყვანა და განავითარა მსოფლიო. საზოგადოების განვითარებისთვის ეკონომიკური თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს ეკონომიკას, სადაც მრავალი მყიდველი და გამყიდველია და არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რაიმე შეზღუდვები და კანონები. თუმცა ყველანაირ ეკონომიკაში ხშირია როგორც ჩავარდნები, ისე ეკონომიკური აღმავლობის პერიოდები. ჩემი მიზანია, სწორედ ეკონომიკურ ჩავარდნებსა და მის ფორმებს შევეხო, განვიხილო მოგვარების გზები და ასევე ვისაუბრო საბაზრო ჩავარდნებზე, რომლებიც პანდემიამ გამოიწვია.

Annotation

Absolute freedom does not exist physically, although freedom, in general, is the ability for people to act according to their desires, without restriction or prohibition, respecting the rights of all members of society. Freedom  is the driving force and condition that brought us from the primordial order to the present day and developed the world. Economic freedom is extremely important for the development of a society, which means an economy when there are many buyers and sellers and there are no restrictions and laws imposed by the government . However, in all economies, both failures and periods of economic prosperity are frequent. My goal is to look at economic failures and their forms, discuss ways to deal with them, and also talk about market failures caused by the pandemic.

საბაზრო ჩავარდნის არსი

ზოგადად, ეკონომიკურ თავისუფლებას დიდი როლი აქვს სახელმწიფოებისა და საზოგადოების განვითარებაში. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა არის ბაზარზე დამყარებული ეკონომიკა, სადაც საქონლისა და მომსახურების ფასები თავისუფლად ყალიბდება მიწოდებისა და მოთხოვნის ძალების მიერ და მათ საშუალება გააჩნიათ, რომ მიაღწიონ წონასწორობის წერტილს სამთავრობო პოლიტიკის ჩარევის გარეშე. ბაზარი არის მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის შეხვედრის ადგილი საქონლის გაცვლის მიზნით. ამასთან, საბაზრო ფასი არეგულირებს ურთიერთგაცვლილი საქონლის რაოდენობას და საქონლის გაცვლაში მონაწილე პარტნიორთა მოგების სიდიდეს. მიკროეკონომიკა გვიჩვენებს, რომ ბაზრები, იდეალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, ყველა მონწილე მხარისათვის ოპტიმალურ შედეგს იძლევა. ამგვარ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის კანონები და ძალები თავისუფალია მთავრობის, ფასების დამწესებელი მონოპოლიის ან რაიმე სხვა ძალაუფლების გავლენისაგან. საბაზრო ეკონომიკის იდეალურ მოდელად შეიძლება განვიხილოთ სრულყოფილი კონკურენციის კონცეფციაზე დაფუძნებული ბაზრები. მაგრამ სრულყოფილი კონკურენციის მოდელი იდეალიზებულია და პრაქტიკულად არ არის მიღწევადი, რადგან ბაზარი მუდმივად განიცდის გარკვეულ ჩავარდნებს, რაც ხელს უშლის „უხილავი ხელით“ ბაზრის მოწესრიგებას. ბაზრის რეალური სურათი, როგორც წესი მაკროეკონომიკის იდეალურ სურათს ბევრად ჩამოუვარდება.  შესაძლოა წარმოიქმნას ხარვეზები, რაც ხელს შეუშლის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ეფექტიან ურთიერთობას, ან შესაძლოა სრულიად ჩაშალოს საბაზრო გაცვლის პროცესი და ბაზარზე ეფექტიანი მოთხოვნა-მიწოდება. სრულყოფილად ფუნქციონირებადი ბაზრის იდეალური ფორმისგან გადახრა იწვევს საბაზრო ჩავარდნებს, რომლებიც საზოგადოების თვალთახედვით სუბოპტიმალური ბაზრის ჩამოყალიბებისკენ უნდა იყოს მიმართული,ამ დროს ბაზარი რესურსებს ეფექტიანად ვერ ანაწილებს(1). საბაზრო ჩავარდნის დროს ცალკეული პიროვნებების მოტივაცია რაციონალური ქცევისადმი ყოველთვის რაციონალურ შედეგს ვერ იძლევა მთლიანი ბაზრისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ თითოეული ადამიანი სწორ და სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს თავისთვის ,მაგრამ ეს გადაწყვეტილება საზიანო აღმოჩნდება ხოლმე მთლიანი საზოგადოებისთვის. ამგვარ ჯგუფებს, როგორც წესი, ან ძალიან დიდი ხარჯები აქვთ ან ძალიან მცირე შემოსავალი. საბაზრო ჩავარდნა არ აღწერს საბაზრო ეკონომიკის თანდაყოლილ არასრულყოფილებებს – საბაზრო ჩავარდნები შესაძლოა მთავრობის ჩარევებსაც მოჰყვეს (9).

საბაზრო ჩავარდნის ფორმები

საბაზრო ჩავარდნა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით.  განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

გარეგანი ეფექტები

გარეგანი ეფექტების ზემოქმედებას ეკონომიკაზე მივყავართ საბაზრო ჩავარდნამდე, რადგან პროდუქტის ან მომსახურების ფასის წონასწორობა ზუსტად არ ასახავს მოცემული პროდუქტის ან მომსახურების რეალურ ხარჯებსა და სარგებელს. გარეგანმა ეფექტებმა, რომელიც არსებობს დადებითიც და უარყოფითიც, შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც  ცალკეული ინდივიდის, ისე მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე. ეკონომიკაში არსებობს ოთხი სხვადასხვა სახის გარეგანი ეფექტი: დადებითი მოხმარება, დადებითი წარმოება, უარყოფითი მოხმარება და უარყოფითი წარმოება. სახელწოდებებიდან გამომდინარე დადებით გარეგან ეფექტებს აქვთ დადებითი ეფექტი, შესაბამისად უარყოფითს საპირისპირო შედეგები მოჰყვება. მაგალითად, დაბინძურება ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი უარყოფითი გარეგანი ფაქტორია. ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. ეს უარყოფითად აისახება იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ მათ მახლობლად. კორპორაციები და ინდუსტრიები ცდილობენ  რაც შეიძლება მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგება მიიღონ. მანამ, სანამ ისინი ამცირებენ ხარჯებს და ზრდიან შემოსავალს, გარემოცა და საზოგადოებაც ძალიან ზარალდება. ნეგატიური გარე ეფექტები თავს იჩენენ ყველგან, სადაც ინდივიდუალურ საწარმოო და მოხმარების გადაწყვეტილებებს თან ახლავს ბუნებრივი გარემოსთვის ზიანის მიყენება, რომელიც არ აისახება საბაზრო ფასებში. ვნახოთ ქარხნის უარყოფითი გარეგნი ეფექტის მაგალითი, რომელიც ვიჯეტებს აწარმოებს. მათი წარმოების პროცესში გარემო ბინძურდება, დაბინძურების ღირებულება ქარხანას არ ეკისრება, თუმცა საზოგადოებას ზიანი ადგება. თუ საწარმო უარყოფით გარეგან დანახარჯებს გაითვალისწინებს, ვიჯეტის ფასი გაიზრდება – ეს გამოიწვევს საბაზრო ჩავარდნას, რაც თავის მხირვ გამოიწვევს მიწოდების ზრდას და ისეთ ფასს, რომელიც არ ემთხვევა წარმოების ნამდვილ ღირებულებას და ასევე დაბინძურების მაღალ დონეს.(2)

დადებითი გარე ეფექტები წარმოიშობა, მაგალითად, ისეთი პროდუქტის ან წარმოების მეთოდის გამოგონებით, რომელსაც მოიხმარს არა მარტო გამომგონებელი, არამედ, ბაზრის ყველა დანარჩენი მონაწილეც. გამოგონების ინდივიდუალურ ხარჯებს ამ შემთხვევაში უპირისპირდება საზოგადოებრივი სარგებელი, რომელიც ბევრად აღემატება ინდივიდუალურ სარგებელს. დადებითი გარეგანი ეფექტის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ განათლება. ცხადია, განათლებული ადამიანი მეტ სარგებელს იღებს, ამასთან, არსებობს პოზიტიური გავლენა განათლებული ადამიანის მიღმა, როგორიცაა ნაკლები დანაშაული და მეტი სტაბილურობა,ასეთი ადამიანები უფრო ინტელექტუალური და მცოდნე მოქალაქეები არიან. ყველა ეს ფაქტორი დადებითადაა დაკავშირებული განათლების დონესთან. ამიტომ განათლება იქნება უფრო ნაკლები მის წონასწორულ დონე, თუკი სარგებელი, რასაც განათლება გვაძლევს არ იქნება გათვალისწინებული.

საბაზრო ძალაუფლება

ბაზრებზე, სადაც მაღალი კონკურენციაა, კომპანიებსა და ორგანიზაციებს აქვთ მოტივაცია, რომ აწარმოონ საქონელი და მომსახურება დაბალი ღირებულებით, რომელზეც მომხმარებელთა მხრიდან მაღალი მოთხოვნაა. თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ მომხმარებელთა მოთხოვნას ან ვერ შეინარჩუნებენ დაბალ ფასებს, მაშინ კომპანია ან ორგანიზაცია დაკარგავს ფულს ან მოუწევს ბაზრიდან გასვლა, რადგან მომხმარებელს შეუძლია იპოვოს მოცემული პროდუქტის შემცვლელი. საბაზრო ძალაუფლებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მყიდველი ან გამყიდველი ფლობს ძალას, განსაზღვროს საქონლის ან მომსახურების ფასი ბაზარზე. სოფლის მეურნეობის კულტურები, როგორიცაა სიმინდი ან სოიო, წარმოადგენენ მაღალკონკურენტული ბაზრების მაგალითს. ბევრი ფერმერი აწარმოებს მსგავს კულტურებს. ფერმერები, რომლებიც ცუდი ხარისხის სიმინდს აწარმოებენ ან მათ ძალიან მაღალ ფასად ყიდიან, სავარაუდოდ დაკარგავენ მომხმარებელს, რადგან მათ სხვაგან ადვილად შეუძლიათ იპოვონ უკეთესი ან იაფი სიმინდი. ამის საპირისპიროდ, მონოპოლისტი არის საქონლის ან მომსახურების ერთადერთი მწარმოებელი, ხოლო საბაზრო ძალა  მოქცეულია ერთი მწარმოებლის ხელში. სხვა მწარმოებლები არ არსებობენ, ასევე არ არსებობს ამ პროდუქტის შემცვლელი და ამ კონკრეტულ ორგანიზაციას იმდენი ძალა აქვს, რომ არც ერთ სხვა კონკურენტს არ შეუძლია ბაზარზე ფეხი მოიკიდოს რაიმე სხვა ჩარევის, დახმარების გარეშე (ეკონომისტები ამას ” შესვლის ბარიერებს ” უწოდებენ ) . ასე რომ, მომხმარებლებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მონოპოლისტის საქციელზე. მონოპოლისტს თითქმის არ აქვს სტიმული იმისა, რომ მომხმარებელთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მონოპოლიის პირობებში, კომპანია ან ორგანიზაცია აწარმოებს ძალიან მცირე ან უხარისხო საქონელსა და მომსახურებას, ხოლო მათი ფასები ზღვრული ღირებულების ზემოთაა, მსგავსი ბაზრები კი არაეფექტურად მუშაობენ.

ეკონომიკურ სიტუაციას, როდესაც ბაზარზე მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს რამდენიმე სუბიექტი ოლიგოპოლია ეწოდება. ისინი აწარმოებენ ერთგვაროვან ან დიფერენცირებულ პროდუქტს; ოლიგოპოურ ბაზარზე შეღწევა გართულებულია, რაც წარმოშობს მონოპოლიური მოგების მიღების ობიექტურ მიზეზს. ოლიგოპოლიის დროს შესაძლოა მომწოდებლები მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უარი თქვან ერთმანეთთან კონკურენციაზე და კოლექტიურად გაზარდონ ფასები შემოსავლის გაზრდის მიზნით, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა ხარჯზე, რომელთაც სხვა გზა არ აქვთ. უახლესი ისტორიის ოლიგოპოლიის მაგალითია ნავთობისა და გაზის მრეწველობა. (4)

არასრულყოფილი ინფორმაცია ბაზარზე

ეფექტური ბაზრები მოითხოვს მაღალი გამჭვირვალობის დონესა და ინფორმაციის თავისუფალ ნაკადებს. როდესაც გარიგების ერთი მხარე მეტად ინფორმირებულია, ვიდრე მეორე, არსებობს ექსპლუატაციის საფრთხე. ხარისხის შესახებ ინფორმაციის ასინქრონულმა განაწილებამ შესაძლოა გარიგებების ჩაშლა გამოიწვიოს, მაშინ, როდესაც სრულფასოვანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული გარიგებები თანაბრად მიმზიდველი იქნებოდა, როგორც მიმწოდებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვისაც. ბაზრის არასრულფასოვნების ეს ფორმა უარყოფითად მოქმედებს იმ პროდუქტების მოთხოვნაზე, რომელთა სამომხმარებლო თვისებები მხოლოდ მათი მოხმარების შემდეგაა აღქმადი.

ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, ინფორმაციის ფლობის უპირატესობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის ან მომხმარებლის მხარეზე. დროითი ფაქტორის მიხედვით განასხვავებენ ინფორმაციის ასიმეტრიულობის ორ ტიპს:

  • უარყოფითი შერჩევა – ინფორმაციის ასიმეტრიულობას ხელშეკრულების გაფორმებამდე მივყავართ არასასურველ შერჩევამდე.
  • მორალური რისკი – ინფორმაციის ასიმეტრიულობას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივყავართ მორალურ რისკამდე.

ორივე შემთხვევაში, ბაზრის ის მხარე, რომელიც უფრო ნაკლებად რის ინფორმირებული, ხელშეკრულების გაფორმებამდე აცნობიერებს ხარისხთან დაკავშირებულ რისკებს და ცდილობს თავისი ქცევა ამ მოცემულობიდან გამომდინარე განსაზღვროს. აღნიშნულის გამო ექსტრემალურ შემთხვევებში შესაძლებელია, მიწოდებისა და მოთხოვნის თანხვედრა არ მოხდეს არანაირი მისაღები ფასის შემთხვევაში და, შესაბამისად, არ იარსებოს საბაზრო წონასწორობამ. კლასიკური მაგალითია მეორადი ავტომობილების ბაზარი. ამ ბაზარზე ინფორმაციის ასიმეტრია გვაქვს მაშინ, როდესაც გამყიდველებმა უფრო მეტი იციან იმის შესახებ, თუ რას ყიდიან, ვიდრე მომხმარებლებმა. შედეგი არის ის, რომ მყიდველებმა შეიძლება გაუცნობიერებლად შეიძინონ დეფექტების მქონე მანქანები უფრო მაღალ ფასად, ვიდრე ისინი მზად იქნებოდნენ გადაეხადათ, თუ მათ ექნებოდათ დეფექტის შესახებ ინფორმაცია. დღეს გარანტიები და ონლაინ საინფორმაციო სერვისები, როგორიცაა „Carfax“ ავტომობილების ბაზრისთვის, ხელს უწყობს ამ პრობლემების მოგვარებას და მომხმარებელთათვის აღნიშნული პრობლემის შერბილებას. (1)

საზოგადოებრივი დოვლათი

ბაზრის წარუმატებლობის მიზეზი ჩნდება მაშინაც, როდესაც ბაზარს მომხმარებლისათვის აღარ შეუძლია სარგებლიანი პროდუქტის მიწოდება.საზოგადოებრივი დოვლათი არის საქონელი, რომელსაც მოიხმარს მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი ღირებულება არ იზრდება (3). როგორც წესი, ამ მომსახურებებს მართავენ მთავრობები და გადაიხდიან კოლექტიურად დაბეგვრის გზით. საზოგადოებრივი დოვლათი კერძო დოვლათის საპირისპიროა, რომელიც არსებითად მწირია და მის საფასურს ინდივიდუალურად იხდის თითოეული მოქალაქე. საზოგადოებრივი დოვლათი ხელმისაწვდომია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, იხდის თუ არა ცალკეული ინდივიდი მისთვის, თუმცა შესაძლოა საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლოს დოვლათით. ისეთი ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ გადასახადებზე, არიან იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც პირნათლად იხდის სახელმწიფო გადასახადებს. (5)

საბაზრო ჩავარდნები პანდემიის პირობებში

COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია. ჯანმრთელობისა და ადამიანების ზარალის ზრდასთან ერთად, ეკონომიკური ზიანი უკვე აშკარაა და წარმოადგენს ყველაზე დიდ ეკონომიკურ შოკს, რომელიც მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში ყოფილა. ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა 2019 წლის მიწურულს ვუჰანში გაჩენილი ვირუსი სულ რამდენიმე თვეში პანდემიად აქცია. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური ეფექტი ახლა უკვე შეუქცევადი მოცემულობაა. თუმცა კითხვები COVID-19-ის ზეგავლენის მასშტაბსა და ხარისხზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. სახელმწიფოების მხრიდან ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის და პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულმა ზომებმა – მათ შორის, საზღვრების ჩაკეტვამ, ქალაქებს შორის მოძრაობის აკრძალვამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და სოციალური დისტანცირების მოტივით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ, – მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას.

განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის ქვეყნებში გვხვდება შემდეგი: ზეწოლა სუსტ ჯანდაცვის სისტემებზე, ვაჭრობისა და ტურიზმის მდგომარეობის გაუარესება, ფულადი გზავნილების შემცირება, კაპიტალის ნაკადის შემცირება და მკაცრი ფინანსური პირობები სესხის ზრდით გამოხატული. განსაკუთრებით მძიმე დარტყმას განიცდიან ენერგიისა ან სამრეწველო საქონლის ექსპორტიორები. პანდემიამ და მისი შეზღუდვის მცდელობებმა გამოიწვია ნავთობის მოთხოვნის უპრეცედენტო კოლაფსი და ფასების კრახი . ასევე შემცირდა მოთხოვნა ლითონებსა და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ საქონელზე, როგორიცაა კაუჩუკი და პლატინა, რომლებიც გამოიყენება ავტომობილების ნაწილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის ბაზრები კარგად მუშაობს, სავაჭრო შეზღუდვებმა და მიწოდების ჯაჭვის მოშლამ შეიძლება ზოგიერთ ადგილას დააყენოს სურსათის უსაფრთხოების საკითხები. (6)

ძირითადად, ეკონომიკური ზეგავლენა ქვეყნებზე შემდეგი ლოგიკით განვითარდა: მთავარი ეკონომიკური დარტყმები მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებშიც COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია დაფიქსირებული, შემდეგ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეკონომიკებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტზე, ამის შემდგომ კი ნეგატიური ზეგავლენა მათი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებშიც  საკმაოდ მნიშვნელოვნად გადაიღვრება.
      

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები პანდემიის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე არაერთგვაროვნად აფასებენ. აზიის განვითარების ბანკის გავრცელებულ ანგარიშში(10), პანდემიის მოსალოდნელი შედეგების განვითარების სამი პოტენციური შემთხვევაა განხილული. პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე განსხვავებულად აისახება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება მის დამარცხებას. აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, პანდემია 77$ (0.08% მშპ) მილიარდიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ზიანს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას. გაეროს მიერ შემოთავაზებული უკანასკნელი ანალიზით,2 COVID-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდება, მიყენებული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს მიაღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. ყველაზე დიდი ზიანი კი ნავთობის და სხვა საქონლის ექსპორტიორ ქვეყნებს მიადგება. მოსალოდნელია ასეთი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის მინიმუმ 1%-იანი შემცირება (11). ეუთოს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2.4%-მდე შემცირდება წინასწარ ნავარაუდევი 2.9%-დან (12), რაც ძირითადად, მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით იქნება განპირობებული.(8)
         

ვნახოთ როგორ მოქმედებს COVID-19 საქართველოს ეკონომიკაზე. საყოფაცხოვრებო მოხმარება შეადგენს საქართველოს მშპ-ის 66.7% -ს (საქსტატი, 2018). ამიტომ საყოფაცხოვრებო მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება (მაგ. ტრანსპორტირებაზე, ტანსაცმელზე, ელექტრონიკაზე და საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე დახარჯვა) გამოიწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელებას. შიდა მოთხოვნის შენელებამ განსაკუთრებით დააზარალა არაფორმალურ სექტორში მომუშავე ადამიანები; კერძოდ, მათ, ვისაც არარეგულარული ხელფასი აქვთ (მაგ. დროებითი მუშაკები, ტაქსის მძღოლები და სხვა თვითდასაქმებული მომსახურების სექტორის მუშაკები) და მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელებს. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან მთავრობის ფისკალური სტიმული და დახმარება, ამ ადამიანებამდე სავარაუდოდ ვერ მიაღწევს. მათ ასევე არ ელოდებათ დამატებითი ლიკვიდურობის მიღება ფინანსურ სისტემაში, რადგან ისინი ვერ მიიღებენ საბანკო სესხებს დროებითი უმუშევრობით გამოწვეული ზარალის დასაფარად. კიდევ ერთი მოწყვლადი ჯგუფია ოფიციალური სექტორის მუშაკები, რომლებიც დასაქმებულნი არიან კომპანიებში, რომლებსაც აქვთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობის მკვეთრი ვარდნა (რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ინდუსტრია, ტრანსპორტი და ა.შ.). სავარაუდოდ, ეს კომპანიები თავიანთ მუშებს გაუშვებენ არაანაზღაურებად შვებულებაში ან უბრალოდ გაათავისუფლებენ. ამრიგად, კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ვარდნა და, შესაძლოა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება, Covid-19– ის პირდაპირი ზემოქმედების პარალელურად. ვალუტის გაუფასურება და ფასების ზრდა უარყოფითად მოქმედებს მოხმარებასა და ინვესტიციებზე. თუ კომპანიები მოთხოვნის შემცირებას ელიან, ისინი ინვესტიციებსაც ნაკლებად განახორციელებენ და მშპ კიდევ უფრო შემცირდება. (ინვესტიციები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 28% -ს.) ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების მდგომარეობის გაუარესება გარდაუვალია, რადგან ტურიზმის შემოსულობები და შემოსავლები მკვეთრად შემცირდა საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული მრავალი აკრძალვის შედეგად. თებერვალში საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9%. ვინაიდან ტურიზმის სექტორი წარმოადგენს საქართველოს მშპ-ს 6% -ს (GNTA 2018), ინდუსტრიის პირდაპირი დარტყმა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მშპ-ზე. (7)

საბაზრო ჩავარდნების რეგულირება

ბაზრის ნაკლოვანებების თავიდან ასაცილებლად ან მათი აღმოფხვრისათვის განვითარდა ეკონომიკური პოლიტიკის უამრავი ინსტრუმენტი. ეკონომიკური პოლიტიკის პრაქტიკაში ბაზრის სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტებმაც ჰპოვა გამოყენება. თუმცა, ამ ფაქტმა გამოიწვია პრობლემები წესრიგის პოლიტიკასთან მიმართებაში. ბაზრის ნაკლოვანებების თეორიის თანახმად, რეგულირების მიზნით, სახელმწიფოს შეუძლია თითქმის ყველა ბაზარზე ჩარევა. როგორც სახელმწიფო საფასო პოლიტიკის ანალიზმმა გვიჩვენა, ამით წარმოიქმნება დამატებითი სახელმწიფო ინტერვენციის საშიშროება. საბაზრო ეკონომიკა, სადაც თითქმის ყველა ბაზარზე შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან საფასო პოლიტიკაში ჩარევა და სხვა დამატებითი სახელმწიფო ინტერვენციები, კარგავს თავის განსაკუთრებულ თვისებებს, რომელიც სწორედ სახელმწიფო რეგულირებასთნ მიმართებაში კერძო გარიგებების უპირატესობით ყალიბდება. აქედან გამომდინარე, წესრიგის პოლიტიკის მხრივ უფრო გონივრულია, სახელმწიფო შემოიფარგლოს მხოლოდ იმ მცირე ბაზრებზე ჩარევით, სადაც განსაკუთრებულად გამოკვეთილი ხარვეზები ფიქსირდება. ასიმეტრიულ ინფორმაციის პრობლემას ხშირად წყვეტენ შუამავლები ან სააგენტოები, როგორიცაა „Moody’s“ და „Standard & Poor’s“, ფასიანი ქაღალდების რისკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. „Underwriters Laboratories LLC“ ასრულებს იგივე დავალებას ელექტრონიკისთვის (13). უარყოფითი გარე ეფექტების პრობლემას, როგორიცაა დაბინძურება, წყვეტენ სადამსჯელო კანონის შემოღებით, რომელიც დამბინძურებელს აკისრებს გარკვეული თანხის ოდენობით ჯარიმას. ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც სარგებელს იღებენ ტექნიკური ფაკულტეტების კურსდამთავრებულებისგან, შეუძლიათ სტიპენდიის საშუალებით სუბსიდირება გაუწიონ ასეთი სტუდენტების სწავლებას. საბაზრო ჩავარდნის საპასუხოდ მთავრობებს შეუძლიათ მიიღონ კანონმდებლობები. იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ხარვეზების მიუხედავად, მაინც გაგრძელდება მიწოდებისა და მოთხოვნის კოორდინაცია, არსებობს სახელმწიფოს მიერ საბაზრო ფასის დადგენის ეკონომიკური პოლიტიკის სრულიად მარტივი სტრატეგია. სახელმწიფოს მხრიდან ფასის დადგენა ზემოთხსენებულ საბაზრო ხარვეზებზე შემდეგნაირად იმოქმედებდა:

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ფიქსირებული ფასი ზუსტად გაუტოლდება წონასწორულ ფასს, სტაბილურობის პრობლემა ურთიერთსაწინააღმდეგოდგოდ მიმართული მიწოდებისა და მოთხოვნის ან ადაპტაციის შენელებული რეაქციების შემთხვევაში, არ იარსებებს.

გარე ეფექტების შემთხვევაში, სახელმწიფო ფიქსირებული ფასები ზუსტად იმ დონეზე დაფიქსირდებოდა, რა დონეზეც თანხვედრაშია საზოგადოებრივი სარგებლიანობა და ხარჯები.

ინფორმაციის ასიმეტრიულობის შედეგად, საბაზრო წონასწორობის არარსებობის შემთხვევაში, ყოველთვის არსებობს სახელმწიფოს ფიქსირებული ფასების დადგენის შესაძლებლობა ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაშორება მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდეებს შორის და, შესაბამისად, მიწოდებისადა მოთხოვნის სიჭარბის ოდენობა.

ბუნებრივი მონოპოლიის შემთხვევაში, ჰიპოთეტური წონასწორობის ფასი არ წარმოადგენს ფიქსირებული ფასის უშუალო საფუძველს, ვინაიდან მას შეეძლო გამოეწვია მიწოდების მუდმივი დეფიციტი. თუმცა, საშუალო ხარჯების რაოდენობის შესაბამისი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი გარანტირებული ფასით, შესაძლებელი იქნებოდა ასეთი დეფიციტების წარმოქმნის თავიდან აცილება.

ფიქსირებული ფასების შემოღება სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან მიწოდებისა და მოთხოვნის ფუნქციების მიმდინარეობის შესახებ საკმარისად ზუსტი ინფორმაციის ფლობას მოითხოვს. თუმცა, ამის იმედად ყოფნა არ ღირს. მიწოდებისა და მოთხოვნის კერძო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების გადახრას იწვევენ, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასების შესაბამისად მოქნილი ადაპტაცია თან არ ახლავს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ ფიქსირებული ფასი ნამდვილად წარმოადგენს საბაზრო ფასის ალტერნატივას. ფასის სრულად ფიქსირების ნაცვლად თითქმის ყოველთვის მისაღებია საფასო პოლიტიკის უფრო მოქნილი ვარიანტი, რომელიც, მართალია, განსაზღვრავს ფასის ცვლილების ზედა ან ქვედა ზღვარს, მაგრამ ამ გარკვეულ ზღვრამდე, საბაზრო ძალაუფლების საფუძველზე, თავისუფალი ფასწარმოქმნის საშუალებას იძლევა.

სახელმწიფოს მხრიდან საფასო პოლიტიკაში ჩარევას, რომლის დროსაც ხორციელდება ბაზარზე რეალიზებადი ფასის ზედა ზღვარის დაწესება, მაქსიმალური ფასის პოლიტიკა ეწოდება. მისი მიზანია, ბაზარზე არსებული ხარვეზების გამოსწორება ან სოციალური პოლიტიკით მოტივირებული სურვილი, გარკვეული პროდუქტი მომხმარებლისათვის გახადოს ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად, ვინაიდან იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის არის საჭირო. ხშირად ორივე მოტივაცია ერთმანეთშია არეული.

სახელმწიფო მინიმალური ფასების პოლიტიკის მიზანია, საქონელზე საბაზრო ფასის ქვედა ზღვარის დაწესება. იგი მიმწოდებლებისათვის გარანტირებული მაღალი გასაყიდი ფასის დაწესების გზით, მათთვის შემოსავლებისა და მოგების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. მინიმალური ფასის პოლიტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა შრომის ბაზარზე აქვს, როდესაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასები ბაზრის შესაძლო ხარვეზების გამოსწორებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.

სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის რეგულირებაში ჩარევის ყველაზე ექსტრემალურ ფორმას წარმოადგენს სავაჭრო ქვოტების დაწესება, მიწოდების გასახელმწიფოებრიობა (ნაციონალიზაცია) და სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქონლის მიწოდების უზრუნველყოფა. მაღალი ხარჯებისა და კერძო აქტივობებზე უარყოფითი გავლენის გამო, ისინი მხოლოდ ბაზრის განსაკუთრებულად შესამჩნევი ნაკლოვანებების შემთხვევაში გამოიყენებ. (1)

დასკვნა

როგორც უკვე გავიგეთ საბაზრო ეკონომიკა არის თავისუფალი ეკონომიკა, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა. ასეთ სრულყოფილად ფუნქციონირებად ბაზრებზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის წონასწორობა ყალიბდება საბაზრო ფასის მეშვეობით, რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოებისათვის ოპტიმალური, დადებითი შედეგი აქვს.

თუმცა არ არსებობს იდეალურად სრულყოფილი ეკონომიკა და ზოგჯერ ვაწყდებით ხოლმე ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ბაზარზე რესურსები სწორად ვერ ნაწილდება – ასეთ დროს საქმე საბაზრო ჩავარდნასთან გვაქვს. საბაზრო ჩავარდნის მრავალი სახე არსებობს, თუმცა ნაშრომში განვიხილე ოთხი ძირითადი და გავრცელებული ფორმა, რაც დღესდღეობით გვხვდება ბაზრებზე.

შევეხე ასევე დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას – კოვიდ 19-სა და მის გავლენას ეკონომიკაზე. პანდემიის არსებობამ მრავალი პრობლემა დააყენა დღის წესრიგში. ქვეყნების ეკონომიკები ვეღარ ფუნქციონირებენ სრულყოფილად და გამართულად, წარმოიშვა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვები, საერთაშორისო ვაჭრობისა და ტურიზმის დროებით შეჩერება ზოგ ქვეყანაში, სიკვდილიანობა და უმუშევრობა, რაც, ისედაც განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში კიდევ უფრო ამძაფრებს სიღარიბის პრობლემას.

რაც შეეხება საბაზრო ჩავარდნის აღმოფხვრის გზებს, მრავალი გამოსავალი არსებობს. მოცემული პრობლემის მოგვარება შეიძლება როგორც სახელმწიფო ინსტრუმენტებით, როგორიცაა მაგალითად საფასო პოლიტიკა, ისე კერძო მოლაპარაკებებით. აუცილებელია სახელმწიფოს მიერ შემუშავებული და პრაქტიკაში გატარებული იქნას ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს საბაზრო ეკონომიკას მიუახლოვდეს სრულყოფილ მოდელს

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „ეკონომიკური პოლიტიკა“ (რ.კლუმპი, 2015, თბილისი)
  2. https://www.investopedia.com/ask/answers/051515/how-do-externalities-affect-equilibrium-and-create-market-failure.asp
  3. https://corporatefinanceinstitute.com/resources/knowledge/economics/market-failure/
  4. https://www.edchoice.org/engage/defining-market-failure-with-examples/?fbclid=IwAR2C7L_BWZdXznd_MP9riVK2ZK_WHimp3jKD6itqVrvZKBXPeFScXD7I3u0
  5. https://www.investopedia.com/terms/p/public-good.asp
  6. https://www.worldbank.org/en/news/feature/2020/06/08/the-global-economic-outlook-during-the-covid-19-pandemic-a-changed-world
  7. https://freepolicybriefs.org/2020/05/21/covid-19-georgia-case/
  8. https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf
  9. https://www.ukessays.com/essays/economics/causes-and-effects-of-market-failure-economics-essay.php
  10. https://www.adb.org/sites/default/files/publication/571536/adb-brief-128-economic-impact-covid19-developing-asia.pdf
  11. https://unctad.org/system/files/official-document/gds_tdr2019_update_coronavirus.pdf
  12. https://www.oecd-ilibrary.org/economics/oecd-economic-outlook/volume-2019/issue-2_7969896b-en
  13. https://www.investopedia.com/terms/m/marketfailure.asp
  14.