ვირტუალური ვალუტა, როგორც მომავლის ფული

ავტორის სტილი დაცულია

ზაური კახნიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი
zauri.kakhniashvili841@eab.tsu.ge

ანოტაცია

 დღესდღეობით თანამედროვე საზოგადოებისთვის არაერთი განმაცვიფრებელი ტექნოლოგიური მიღწევაა ცნობილი, მათ შორის არის „ვირტუალური ვალუტა“ საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი როგორც – „კრიპტოვალუტა“. ვირტუალური ვალუტა არის კარგად შესწავლილი ფენომენი, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობისთვის. მიუხედავად იმისა რომ სტატისტიკურად ბევრისთვის ვირტუალური ვალუტის არსებობა ბუნდოვანი მაკროეკონომიკური მოვლენაა, მისი, როგორც ვალუტის, მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იმატებს, შესაბამისად, იზრდება მისი მნიშვნელობა და როლი მსოფლიოს ეკონომიკაში და, რასაკვირველია, მათ შორის საქართველოშიც. ამრიგად, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა – ჩაანაცვლებს თუ არა იგი ჩვენთვის კარგად ნაცნობ დეკრეტულ ანუ ქაღალდის ფულს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. მოცემული ნაშრომი მოიცავს ინფორმაციას იმ მიკრო და მაკროეკონომიკური საკითხების შესახებ, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემწყობი ან ხელისშემშლელი ფაქტორები ვირტუალური ვალუტისათვის, რომ იქცეს მომავლის ფულად. ნაშრომი განიხილავს ვირტუალურ ვალუტას კრიპტოვალუტის მაგალითზე, რომელიც მისი ერთ-ერთი ფორმაა. ამასთან ერთად, მკითხველი შეძლებს გაეცნოს ვირტუალური ვალუტის სფეროში მიმდინარე უახლეს პროცესებს, სტატისტიკას, შესაბამის პროგნოზებს.

Annotation

Nowadays there are known lots of astonishing progresses for modern society, including virtual currency, for public more known as “cryptocurrency”. Virtual currency is well-studied phenomenon, but it is still unfamiliar for the majority of world population. Although existing of virtual currency is an obscure macroeconomic event for great deal of people throughout the world, the quantity of its consumers is increasing constantly, accordingly, the importance and role is growing in the economy of the world and, of course, including Georgia. Therefore, there originates one question – will virtual currency replace well-known paper money (cash) in Georgia, as well as in the whole world? Given work is consist of the information about micro and macroeconomic subjects, which can be helpful or hindering factors for virtual currency to become money of the future. This work discusses virtual currency as an example of cryptocurrency, which is on of the types of it. Additionally, reader has opportunity to look through the newest information about the virtual currency sphere, statistic, according predictions.

შესავალი

პირველ რიგში, როდესაც ვირტუალურ ვალუტაზე ვსაუბრობთ, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს, რატომ შეიქმნა და რა არის მისი შექმნის მიზანი. ვირტუალური ვალუტა არის ციფრული ვალუტის ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. თავის მხრივ, არსებობს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ვირტუალური ვალუტა. ჩვენი განხილვის საგანი ანუ კრიპტოვალუტა არის დეცენტრალიზებული სახის ვირტუალური ვალუტა. იგი არის არაკონტროლირებადი ვალუტა, რომელიც მხოლოდ ელექტრონული ფორმითაა ხელმისაწვდომი. მისი დაგროვება და სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელება შესაძლებელია ციფრული საფულის და ისეთი თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, როგორიცაა მობილურის ან კომპიუტერის აპლიკაციები. ვირტუალური ვალუტით ტრანზაქციები ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება. რატომ შეიქმნა და რა არის მისი მიზანი? ვირტუალური ვალუტის განსაზღვრების მოყვანის შემდეგ რთული აღარაა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. როგორც ხშირად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც შექმნის მიზეზიცა და მიზანიც ერთსა და იმავეს უკავშირდება: ესაა სხვადასხვა სახის ფულადი ტრანზაქციის განხორციელების გამარტივება, უფრო მეტად ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ (ვირტუალური ვალუტის ძლიერ მხარეებს ქვემოთ განვიხილავთ  დაწვრილებით). (1)

 მეორე რიგში, როდესაც ფულზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ მისი ფუნქციები. ეს ვირტუალური ვალუტის უკეთ შეფასებაში დაგვეხმარება. ფულის პირველი ფუნქციაა ის, რომ იგი წარმოადგენს გაცვლის საშუალებას. ანუ ფული არის ის, რასაც მყიდველი აძლევს გამყიდველს საქონლის ან მომსახურების შეძენისას. გარდა ამისა, ფული არის ღირებულების საზომი, ანუ ერთეული, რომელსაც ადამიანები იყენებენ ფასების განსაზღვრისა და ვალების აღრიცხვისთვის. ბოლოს კი ფული არის დაგროვების საშუალება, ანუ ადამიანის მსყიდველობითი უნარის აწმყოდან მომავალში გადატანის განსაკუთრებული შესაძლებლობა. ამდენად, ფულს სამი ფუნქცია აქვს. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ვირტუალური ვალუტა იქცეს მომავლის ფულად, მან სამივე ფუნქცია უნდა შეასრულოს. ერთი მხრივ, ცალკეული ქვეყნების მაგალითზე ვირტუალური ვალუტა უკვე ფულის სამივე ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, იაპონიაში და გერმანიაში. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ამ საკითხს გლობალური თვალსაზრისით შევხედავთ, ვირტუალური ვალუტა, მაგალითად, როგორიცაა ყველაზე ცნობილი „ბიტკოინი“, ჯერ-ჯერობით არ არის გადახდის საშუალება და არის მხოლოდ ღირებულების საზომი და დაგროვების საშუალება. ანუ მეგობრის რესტორანში დაპატიჟება სადილზე და ვირტუალური ვალუტით გადახდა შეუძლებელია როგორც საქართველოში, ისე თითქმის მთელ მსოფლიოში. (2)

ვირტუალური ვალუტის უპირატესობები და ხელისშემწყობი ფაქტორები

ციფრული ვალუტის შექმნის მცდელობა ადამიანმა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო. როგორც ზემოთ ვახსენეთ, სწორედ ციფრული ვალუტის ერთ-ერთი ფორმა არის ვირტუალური ვალუტა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს. პირველი დეცენტრალიზებული ვალუტა ანუ კრიპტოვალუტა „ბიტკოინის“ სახელით არის ცნობილი. მას მრავალი უპირატესობა გააჩნია.

მარტივი ტრანზაქციები: უპირველეს ყოვლისა, როგორც ითქვა, ვირტუალური ვალუტა არის დეცენტრალიზებული. ეს ნიშნავს, რომ ის არ კონტროლდება არც რომელიმე ბანკის, არც რომელიმე სახელმწიფოს მიერ და ტრანზაქციაში მონაწილე ორი მხარე უშუალოდ უკავშირდება ერთმანეთს შუამავლის გარეშე. როგორც წესი, არსებობს მრავალი სახის გადასახადი, რომლის გადახდაც ადამიანებს უწევთ ტრანზაქციის განხორციელებისას. რადგანაც ვირტუალური ვალუტით სარგებლობა არ საჭიროებს შუამავალს, ეს გადასახადებიც არ არსებობს. (4;5)

კონფიდენციალურობა: ალბათ ვირტუალური ვალუტის ყველაზე დიდი მომხიბვლელობა სწორედ კონფიდენციალურობაში მდგომარეობს. ანგარიშსწორებისას ყველა ადამიანის ინფორმაცია გროვდება და ინახება ბანკების მიერ, რომლებსაც მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ვირტუალური ვალუტა კი გვთავაზობს, განვახორციელოთ ტრანზაქციები ისე, რომ მხოლოდ ის ინფორმაცია გავიდეს ჩვენგან, რომელსაც ჩვენ ვისურვებთ. (4)

აქტივების გადაცემები: ვირტუალური ვალუტა გამოიყენება აქტივების მფლობელობის უფლების გადაცემისთვის ერთი პირიდან მეორეზე. ეს ტრანზაქცია ცნობილი ბლოქჩეინის (blockchain) საშუალებით ხორციელდება, რომელიც ერთგვარი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც ამ პროცესს ხდის უსაფრთხოსა და დაცულს. (4)

ხელმისაწვდომობა: ვირტუალური ვალუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იყენებს ინტერნეტს. ადვილი და კომფორტულია ანგარიშსწორება სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის გამოყენებით. (4)

გამარტივებული საერთაშორისო ვაჭრობა: ვირტუალური ვალუტა საშუალებას აძლევს ადამიანს, განახორციელოს ტრანზაქციები მსოფლიოს ერთი ნებისმიერი წერტილიდან მეორეში უსწრაფესად და შეუფერხებლად. (4;5)

დაცულობა: ვირტუალური ვალუტა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის შედევრია. მისი გაყალბებისა და წართმევისგან ყველა მომხმარებელი დაცულია. ჯერ-ჯერობით არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა. (4)

მაშასადამე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალური ვალუტას რეალურად აქვს მყარი საფუძველი შემზადებული იმისათვის, რომ იქცეს მომავლის ფულად. გარკვეული ექსპერტების ჯგუფის აზრით, ეს მხოლოდ დროის ამბავია.

ვირტუალური ვალუტის ნაკლოვანებები და ხელისშემშლელი ფაქტორები

მიუხედავად ბევრი უპირატესობისა და ხელისშემწყობი ფაქტორისა, ვირტუალური ვალუტა ხასიათდება გარკვეული ნაკლოვანებებით ისევე, როგორც ნებისმიერი რამ, რაც ადამიანის ხელით შექმნილა.

საყოველთაო რეგულაციის არარსებობა: ვირტუალური ვალუტის შესახებ არსებული რეგულაციები არ არის საყოველთაო და საკმარისად სისტემური მსოფლიოში, რაც აშკარა ხელისშემშლელი ფაქტორია. რადგან ეს ვალუტა დეცენტრალიზებულია, შესაბამისად, არ არსებობს ცენტრალური ზედამხედველობა. ამრიგად, ეს გარემოება წაახალისებს და გაზრდის არალეგალური ტრანზაქციებისა და ფულის გათეთრების შესაძლებლობას. (6)

არამდგრადი კურსი: ვირტუალური ვალუტის კურსი ხასიათდება არამდგრადობის და არასტაბილურობის მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, იგი არის ნაკლებად ხელსაყრელი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანმა, მაგალითად, დააგროვოს სიმდიდრე ან გამოიყენოს, როგორც გაცვლის საშუალება. მაგალითისთვის, ვირტუალური ვალუტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელის „ბიტკოინის“ საბაზრო ღირებულება იყო თითქმის 20 ათასი ამერიკული დოლარი 2017 წლის ბოლოს, ერთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 ათასით შემცირდა, ხოლო დღეს (2021 წლის ივლისის მონაცემებით) „ბიტკოინი“ თითქმის 32 ათასი ამერიკული დოლარი ღირს. (6)

პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები: მიუხედავად ვირტუალური ვალუტის განვითარებული დაშიფრული სისტემისა, საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა ჯერ-ჯერობით მაინც შესაძლებელია, რამაც შეიძლება დიდი ფინანსური დანაკარგებიც კი გამოიწვიოს მომხმარებლისათვის. (6)

ამრიგად, ვირტუალური ვალუტის მომავლის ფულად გადაქცევის ხელისშემშლელი ფაქტორები არის რეალური, თუმცა მათი აღმოფხვრა შესაძლებელია.

ვირტუალური ვალუტის სფერო დღეს

რას გვეუბნება სტატისტიკური მონაცემები ვირტუალური ვალუტის შესახებ?

1. „ბიტკოინის“ (BTC) და „ეთერიუმის“ (ETH) ქსელში არსებული ახალი მისამართების (მომხმარებლების) რაოდენობა დღიურად

წყარო: https://www.theblockcrypto.com/data/on-chain-metrics/comparison-bitcoin-ethereum/number-of-new-addresses-7dma (9)

გრაფიკი გვიჩვენებს „ბიტკოინისა“ და „ეთერიუმის“ ახალი მომხმარებლების რაოდენობას 2021 წელს, რომლებმაც სრულფასოვან ტრანზაქციაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ჩანს, ყოველ დღე მილიონობით და ასი ათასობით მომხმარებელი ემატება, შესაბამისად, „ბიტკოინისა“ და „ეთერიუმუს“ ქსელს. უმაღლესი შედეგი დაფიქსირდა მაისში, შესაბამისად, 1,24 მილიონი და 735 ათასი ახალი მისამართის სახით. ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს კლება აშკარაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებულია ბუნებრივი დონე და სტაბილურობა.

2. „ბიტკოინისა“ (BTC) და „ეთერიუმის“ (ETC) მაინერების (მომხმარებლების) მიერ უშუალოდ ქსელის საშუალებით მოპოვებული შემოსავალი დღიურად

წყარო: https://www.theblockcrypto.com/data/on-chain-metrics/comparison-bitcoin-ethereum/miner-revenue-daily (9)

გრაფიკი გვიჩვენებს „ბიტკოინისა“ და „ეთერიუმის“ ქსელის საშუალებით გამომუშავებულ შემოსავალს ამერიკულ დოლარებში 2017 წლიდან. როგორც ჩანს, ყოველ დღე მოიპოვებენ ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ვირტუალურ ვალუტას.  მაქსიმალური შედეგი ფიქსირდება 2021 წლის მაისში, შესაბამისად 67 და 128 მილიონი დოლარის სახით. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის საერთო დონე ბოლო წლის მონაცემების მიხედვით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

3. „ბიტკოინისა“ (BTC) და „ეთერიუმის“ (ETC) ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა დღიურად

წყარო: https://www.theblockcrypto.com/data/on-chain-metrics/comparison-bitcoin-ethereum/transaction-count-daily (9)

გრაფიკი გვიჩვენებს ორი ვირტუალური ვალუტის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას 2017 წლიდან. როგორც ჩანს, ყოველ დღე მილიონობით ტრანზაქცია ხორციელდება. უმაღლესი შედეგი დაფიქსირდა 2021 წლის მაისში, რომელი თარიღიც სხვა ზემოხსენებულ სტატისტიკურ მონაცემებშიც ლიდერობს.

ზემოთ განხილულია მსოფლიოში ორი ყველაზე ცნობილი ვირტუალური ვალუტა: „ბიტკოინი“ და „ეთერიუმი“. გამომდინარე აღნიშნულიდან, უნდა ითქვას, რომ ამ ორი ვალუტის მაგალითზე ბოლო დროის განმავლობაში ვირტუალურ ვალუტას ძალიან ბევრი სტაბილური და ახალი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც უამრავ ტრანზაქციას ახორციელებენ მუდმივად და გამოიმუშავებენ ათეულობით მილიონს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყველაფერი უნდა აღინიშნოს იმის ფონზე, რომ სულ დაახლოებით 6 ათასი ვირტუალური ვალუტა არსებობს. (10)

დასკვნა

    საბოლოო ჯამში, ვირტუალური ვალუტის გამოყენება, როგორც დაგროვების ან გამდიდრების საშუალება, არის სარისკო საქმიანობა, მაგრამ მისი პოტენციური სარგებელი მაღალია. ფაქტია ის არის, რომ მისი მომხმარებლების რაოდენობა და პოპულარობა სტაბილურია და მუდმივად იზრდება. კვლევის მონაცემებით 2020 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე „ბიტკოინის“ მომხმარებლების რაოდენობა 70 პროცენტით გაიზარდა . ვირტუალური ვალუტის უპირატესობებიდან გამომდინარე გასაკვირი არ იქნება, თუ სულ მალე ერთ დღესაც ის დეკრეტული ანუ ქაღალდის ფულის ადგილს დაიკავებს. საინტერესოა, რა აზრი აქვთ ვირტუალურ ვალუტაზე ცნობილ მილიარდელებს. მაგალითად, მარკ კუბანის შეხედულებით „ბიტკოინი“ ვერასდროს გახდება სანდო ვალუტა მაშინ, როცა ძმებ ტაილერ და კამერონ უინკლევოსებს მოსწონთ ეს ვალუტა და პირველები გახდნენ, ვინც „ბიტკოინის“ საშუალებით მილიარდი იშოვეს. ერთ-ერთ მარტივი და გავრცელებული აზრის თანახმად საზოგადოებაში ვირტუალური ვალუტის, როგორც ფულის, აღქმა არ არის ადვილი იმ მიზეზის გამო, რომ ის არ არსებობს, როგორც მატერიალური ნივთი. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება მეტად გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში. პირველ რიგში, ვირტუალური ვალუტის მომავლის ფულად გადაქცევის ხელისშემწყობი მოვლენები და ქმედებები განვითარებული ქვეყნებიდან არის მოსალოდნელი, რომლებიც მაგალითს მისცემენ დანარჩენ მსოფლიოს. (7;8)

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.investopedia.com/terms/v/virtual-currency.asp
  2. გრეგორი მენქიუ – „ეკონომიკის პრინციპები“ (“Principles of Economics” N. Gregory Mankiw
  3. http://eprints.tsu.ge/1599/1/Preconditions%20and%20problems%20of%20transition%20to%20electronic%20money.pdf
  4. https://www.europeanbusinessreview.com/advantages-of-cryptocurrency-all-you-need-to-know/
  5. https://blog.finjan.com/advantages-of-cryptocurrency/
  6. https://corporatefinanceinstitute.com/resources/knowledge/other/virtual-currency/
  7. https://www.businessinsider.com/how-billionaire-investors-feel-about-bitcoin-elon-musk-warren-buffett-2020-12
  8. https://www.coindesk.com/bitcoin-and-inflation-everything-you-need-to-know
  9. https://www.theblockcrypto.com/data/on-chain-metrics/comparison-bitcoin-ethereum
  10. https://www.investing.com/crypto/currencies