ბიზნესმენები თავდასაცავად ერთიანდებიან

მაია რაზმაძე

პირველი მარტიდან თბილისის სუპერმარკეტებში მომხმარებელს ფერად ჟურნალს “მარკეტ-მეგზური” ჩუქნიან. ჟურნალის გამომცემელი კავკასიის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ჯგუფია – BPG, რომლის უმთავრეს მიზანს ფალსიფიკაციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლა წარმოადგენს.

მისი დამფუძნებლები არიან ცნობილი კომპანიები: “საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია”, “ჯეი-თი ინთერნეიშენელ”, “ნესტლე”, “ფილიპ მორისი”, “პროქტერ ენდ გემბელი”, “შვარცკოფი და ჰენკელი”, “ჩიბო”. BPG-ის პრეზიდენტია კომპანია “ნესტლეს” წარმომადგენელი – ესბენ ემბორგი. BPG-ის ადგილობრივ პროექტს ადმინისტრირებას უწევს “ინფოზავრი” – საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი.

დიანა ჩომახაშვილი BPG საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის ხელმძღვანელი:
BPG ტიპის ჯგუფი სამი წლის წინ რუსეთში შეიქმნა. დღეისათვის ის “რუს-ბრენდის” სახელით არის ცნობილი. ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდა. კომპანიები რუსეთის მსგავსად საქართველოშიც საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანდნენ. პირველ რიგში, ეს საკანონმდებლო ბაზის დახვეწა გახლავთ. რუსეთში ჯგუფმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მოახერხა. საქართველოში კი, კანონების დახვეწასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ამოქმედებაც.

ექსპერტები და იურისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებს საჭიროებს. სამაგიეროდ, გაცილებით რთულია მათი ამოქმედება.

იმისათვის, რომ მოქმედი კანონები და ის კანონებიც, რაც BPG საკანონმდებლო ინიციატივაში დევს, ამოქმედდეს, საჭიროა მეტი ყურადღების გადატანა საზოგადოების ინფორმირებაზე, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა განათლების ამაღლებაზე. BPG-მ თავის თავზე სწორედ ეს ფუნქციები აიღო. ჩვენი ბიზნეს-გაერთიანება ცდილობს დაეხმაროს სახელმწიფოს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში, როგორიც კონტრაბანდა და ფალსიფიკაციაა. ამასთან ერთად, BPG ამ საქმეში ჩართული წრეების მობილიზებას ახდენს არასამთავრობო: სექტორი, თავად მომხმარებელი, რომელსაც მედიის საშუალებით უწყვეტად ვაწვდით ინფორმაციას საკუთარი უფლებების, საკანონმდებლო ბაზის, თუ BPG-ის საქმიანობის შესახებ და შესაბამისი სრუქტურები.

BPG-ის მიზანია მეწარმის და საზოგადოების განათლების ამაღლება, მომხმარებლისთვის ელემენტარული ჩვევების შესწავლა-ჩამოყალიბება, თუნდაც ის, რომ მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას უნდა მოითხოვოს ჩეკი, ან თუ ფალსიფიცირებული პროდუქციის გამო მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა, ვის უნდა მიმართოს და როგორ მოიქცეს.

რუსეთში მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონი ყველა სავაჭრო ობიექტშია გამოკრული. ჩვენთან კი, ამგვარი მიდგომა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ არსებობს.

BPG-მ ერთი წლის წინ წამოიწყო კამპანია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
1. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება;
2. საზოგადოების ინფორმირება მედიის საშუალებით;
3. თავად მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტები – ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში, სადაც განთავსდება არსებული კანონმდებლობა და მომხმარებლისთვის სარეკომენდაციო მასალები.

კერძოდ რომელ კანონებს გულისხმობთ?
BPG-ის სტრატეგიული პარტნიორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, სწორედ მათთან ერთად მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. ორ მაგალითს გაგაცნობთ: დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, პროდუქტის თვისებრიობის შეცვლა ფალსიფიკაციას არ ნიშნავს, ანუ ღვინოში თუ წყალს შეურევენ და ამით ხარისხს დააკნინებენ, ის მაინც ღვინოა და ფალსიფიცირებულად არ მიიჩნევა. აუცილებელია ამგვარი მიდგომის შეცვლა. მეორე, საცალო მოვაჭრის დასჯის მექანიზმი, ფაქტიურად, არ არსებობს, გამყიდველი პასუხს არ აგებს დახლზე დადებული ფალსიფიცირებული პროდუქტის გამო. ვაპირებთ, ასეთი შემთხვევებისთვის სანქციები შემოვიღოთ. მოვაჭრე ვალდებულია მხოლოდ ლეგალური გზით შემოტანილი ნამდვილი პროდუქცია გაყიდოს. ეს საკითხი ერთნაირად ეხება ფალსიფიკაციას და კონტრაბანდას.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზად არის და შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებულია. უახლოეს მომავალში მას პარლამენტი განიხილავს.

როგორ იგეგმება BPG-ის საქმიანობა?
დაარსების დღიდან BPG რეგულარულ შიდა შეხვედრებს მართავს, სადაც განისაზღვრება სტრატეგია, შორეული მიზნები, განიხილება, თუ რომელ კომპანიას რა პრობლემა შეექმნა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რა დილემის წინაშე აღმოჩნდა, რათა ამ პრობლემების გადაჭრა BPG-ის სახელით, მისი ქოლგის ქვეშ მოხდეს, ანუ კომპანია მარტო არ არის პრობლემებთან ჭიდილში, მასში გაწევრიანების მთავარი აზრიც ეს არის, რომ კომპანია მსგავს, ზოგჯერ კონკურენტ ფირმებთან არის გაერთიანებული და ზოგადად, ბიზნეს-სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, საუბრობს სახელმწიფო სტრუქტურებთან. BPG აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის ფარგლებშიც და მასში გაერთიანებული კომპანიები მონაწილეობენ რეიდებში, ახორციელებენ ბაზრის კონტროლს. ამგვარად, ისინი ეფექტურად ახერხებენ ბრძოლას ფალსიფიკაციასთან. მომავალში BPG მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცხელ ხაზს კვლავ აამოქმედებს. ფართოდ გაიშლება საგანმანათლებლო საქმიანობა – მოეწყობა ტრენინგები სხვადასხვა უწყებებისა და მასმედიის წარმომადგენლებისათვის.

არსებობს თუ არა სხვა ქვეყნებში მსგავსი სტრუქტურა?
BPG-ის საქმიანობა, როგორც აღვნიშნე, რუსულ მოდელზე აიგო, რადგან ის ახლოს აღმოჩნდა ჩვენთან. ეს გასაგებიცაა, რუსულ ბაზარსაც ანალოგიური პრობლემები აწუხებს. მსგავსი საქმიანობით დაკავებული სტრუქტურა არსებობს ჩინეთშიც – ხარისხის და ბრენდის დაცვის ჯგუფი.

იგი ცდილობს მოდელი, რომელიც საქართველოში გამართლებული აღმოჩნდა, აზერბაიჯანშიც დანერგოს, თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან იქ განსხვავებული სისტემაა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა ჭირს. რაც შეეხება სომხეთს, მას პატარა ბაზარი აქვს და BPG-ში შემავალი კომპანიების ინტერესი მისდამი საწყის ეტაპზე ნაკლები იყო, თუმცა სამომავლოდ პროექტში სომხეთიც ჩაერთვება.

როგორია BPG-ის სტრუქტურა?

იგი მსხვილმა კომპანიებმა დააფუძნეს. მასში თითო კომპანიიდან თითო წევრია წარმოდგენილი, პროექტის წარმართვის საქმეში კი, BPG-ის პარტნიორია “ინფოზავრი” – საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი.

როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
BPG აპირებს განახორციელოს ეკონომიკური ზეგავლენის ანალიზი – რა თანხას კარგავს სახელმწიფო არსებული ფალსიფიკაციის და კონტრაბანდის გამო. რუსეთში ასეთი კვლევა ჩატარდა და შემდგომი საქმიანობაც მიღებული კვლევის შედეგების შესაბამისად აიგო. თანხა კოლოსალური აღმოჩნდა – ყოველწლიურად მილიარდ დოლარს აღწევდა. საქართველო რუსეთთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ მსგავსი კვლევის ჩატარებას არანაკლები თანხა სჭირდება. ამიტომ, ჯერჯერობით მისი განხორციელება ვერ მოხერხდა, თუმცა მომავალში აუცილებლად ვაპირებთ მის ჩატარებას. გვინდა, რაც შეიძლება მეტი კომპანია შემოგვიერთდეს. ისინი BPG-ში სამ ჯგუფად იქნება წარმოდგენილი: 1. თამბაქო და ალკოჰოლი; 2. საავტორო უფლებები; 3. ყველა დანარჩენი (პროდუქტი, კოსმეტიკა და სხვა). რაც მეტი კომპანია შემოგვიერთდება, უკეთ მოხდება ინტერესთა გაცვლა-გამოცვლა, მოთხოვნების, მიზნების დახვეწა.

BPG-თან ასოცირებული კომპანიის სახელი კარგი საქმის კეთებასთან არის გაიგივებული, ქართული კომპანიებიდან მასში ჯერჯერობით მხოლოდ “მინისა და მინერალური წყლების კომპანიაა” გაერთიანებული. ახლო მომავალში, ალბათ, ადგილობრივი ღვინის მწარმოებლებიც შემოგვიერთდებიან, სურვილს სხვა ქართული კომპანიებიც გამოთქვამენ. BPG-თან ერთად ფალსიფიკაციის, კონტრაბანდის წინააღმდეგ და გამართული საკანონმდებლო ბაზის შექმნისთვის ბრძოლა გაცილებით იოლია. ძალა ხომ ერთობაშია.

ესბენ ემბორგი (კომპანია “ნესტლეს” გენერალური მენეჯერი კავკასიაში) – სახელმწიფომ რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. პირველ რიგში, ეს არის საზღვრების გამჭვირვალობის საკითხი, ჩვენ გვინდა დაცული ვიყოთ კონტრაბანდისგან, საუბარიც არ შეიძლება ფასების პოლიტიკის დანერგვაზე, როცა საზღვრები გაუკონტროლებელია. ჩვენი რჩევა იქნებოდა ასევე საგადასახადო სისტემის გადახედვა, იმ გადასახადების შემცირება, რაც ჩვენს მსგავს ბიზნესს ეხება, გარდა იმისა, რომ ყოველივე ეს არა მხოლოდ დაბრკოლებას უქმნის ბიზნესს მუშაობაში, არამედ ფასების ზრდასაც განაპირობებს.

ქართულენოვანი ნიშანდებების შემოღების შესახებ კანონმა ჩვენს პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია. ამის მიუხედავად, ბაზარზე არიან წარმოდგენილი კომპანიები, რომლებიც კანონს არ ემორჩილებიან, ასე რომ, პირობები კვლავ არახელსაყრელია.

თუ სახელმწიფო იღებს კანონს, უნდა უზრუნველყოს მისი ამოქმედება და შესრულება. გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში ასე არ ხდება. ეს კი, არათანაბარ პირობებს ქმნის – ვიღაც ასრულებს კანონს და აკრავს ქართულ ნიშანდებას, ვიღაც – არა.

საქმე მხოლოდ კანონის მიღება არ არის. თუ კანონის დანერგვა და გაკონტროლება ასე რთულია, სახელმწიფომ სხვა მექანიზმებზეც უნდა იფიქროს – გადასახადები ისე დაწიოს, რომ ბიზნესს არ უღირდეს რაიმეს დამალვა. ჩრდილოვანი ეკონომიკა შეიძლება ასე დაიძლიოს.

BPG არის ჯგუფი, რომელიც სავაჭრო ნიშანს იცავს. კავკასიაში მისი შექმნის ინიციატორი “პროქტერ ენდ გემბელი” და ჩვენ, “ნესტლე” ვიყავით. ამ ჯგუფში გაერთიანებული კომპანიები დარწმუნებული არიან თავიანთი პროდუქციის ხარისხში. ეს გაერთიანება საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ არა მარტო საკუთარი სახელით, არამედ, ზოგადად, კეთილსინდისიერი მეწარმეების სახელით.

ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელი არ დარჩეს მოტყუებული და ხარისხიანი პროდუქცია შეიძინოს. BPG-ში გაერთიანებული მეწარმეები თავად იბრძვიან საკუთარი პროდუქციის დასაცავად. გვინდა შევქმნათ და ავამუშაოთ BPG-ს სახით სტრუქტურა, რომელიც დაიცავს მომხმარებლის უფლებებს.