რუსეთის ეკონომიკამ კვარტალური ჩათვლა ჩათვალა

მოამზადა მარი წიკლაურმა

2004 წლის პირველ კვარტალში რუსული ეკონომიკის ხუთი ძირითადი დარგის (მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საცალო ვაჭრობა) პროდუქცია და მომსახურება 2003 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7,9 %-ით გაიზარდა.

ინტერფაქსის განცხადებით, ეს ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ძირითადი დარგების პროდუქციისა და მომსახურების გამოშვება ამ წლის მარტში შარშანდელთან შედარებით 7,2 %-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც თებერვალში – იგი 9,0%-ით გაიზარდა, იანვარში კი – 7,6%-ით. მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით ამ მაჩვენებლის ზრდამ მარტში 11,1% შეადგინა.

2004 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით სამრეწველო წარმოება 7,6%-ით გაიზარდა (ამ დროისათვის მოქმედი ფასებით წარმოების მოცულობამ 2,431 ტრლნ მანეთი შეადგინა), ძირითად კაპიტალში ჩადებული ინვესტიციები 13,1%-ით გაიზარდა (მათ შორის მარტში ზრდამ 12,6% შეადგინა), ტრანსპორტის ტვირთბრუნვა – 7,7%-ით (მათ შორის რკინიგზის ტრანსპორტის – 8,1%-ით), სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება 1,4 %-ით შემცირდა. საცალო ვაჭრობის მოცულობამ კი, 2003 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს10,3%-ით გადააჭარბა.

რუსეთის მოქალაქეების რეალური შემოსავლები 2004 წლის პირველ კვარტალში 2003 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 13,9%-ით გაიზარდა. ერთი მომუშავე მოქალაქის საშუალო თვიური ხელფასი 15,8%-ით გაიზარდა, მისი ნომინალური სიდიდე კი – 28,2%-ით. ინფლაციამ პირველი კვარტლის შედეგებით 3,5% შეადგინა.

ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ 2004 წლის პირველი კვარტალი რუსეთის თანამედროვე ეკონომიკური ისტორიისათვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ეს სურათი რუსეთის ბანკის ოქროს რეზერვების 2,9 მლრდ დოლარით შემცირებამაც “არ გააფუჭა”.

რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის პროფიციტმა 2004 წლის პირველ კვარტალში 62,6 მლრდ მანეთი, ანუ ქვეყნის მშპ-ის 1,8% შეადგინა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლებმა მარტში 688,9 მლრდ მანეთს მიაღწია, ხარჯებმა კი – 626,3 მლრდ-ს. ამ დროს პირველადი პროფიციტი მშპ-ის (რომელიც ფინანსთა სამინისტრომ 2004 წლის პირველ კვარტალში რუსეთის 3,485 ტრლნ მანეთად შეაფასა) 4%-ზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი არც ისე შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის განმავლობაში 15,57 ტრლნ არის მოსაგროვებელი. აქ მარტივი არითმეტიკით საქმეს ვერ უშველი.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ალექსეი კუდრინი დარწმუნებულია, რომ ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების ხარჯებზე სიჭარბე 2005 წელს მშპ-ის 1 პროცენტზე ოდნავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება. მისი განცხადებით, პრეფიციტის პროგნოზი გაზრდილია, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ნავთობზე მაღალი ფასი შენარჩუნდება. მართლაც, ნავთობის ფიუჩერსების კოტირებები ბოლო დროს ბარელში 35 დოლარს აღემატება. პროგნოზი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია: ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ერთ ერთი საკვანძო პარამეტრი ნავთობის ფასთან კვლავ უშუალო კავშირში რჩება. გარდა ამისა, ა. კუდრინი აცხადებს, რომ 2004 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან კაპიტალის საერთო გადინებამ, დაახლოებით 200 მლნ დოლარი შეადგინა.

მთელი 2003 წლის მანძილზე რუსეთიდან 2,1 მლრდ გაედინა. პირველი კვარტლის მონაცემები კი, მინისტრს საერთოდ არ უხსენებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ისინი გაცილებით უფრო მაღალი იყო.

აშკარაა, რომ მინისტრი ამ შემთხვევაში ზედმეტად მოკრძალებული იყო, ვინაიდან ორი-სამი წლის წინ საგადამხდელო ბალანსის ექსპერტები რუსეთიდან ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალის გაქცევაზე ხშირად საუბრობდნენ.

დღეს სხვა დროა და რუსეთის ეკონომიკაში განსხვავებული სიტუაციაა. 2004 წელს რუსეთში კაპიტალის შემოდინება პირველადაა მოსალოდნელი. თან საუბარია საკმაოდ კარგი ხარისხის კაპიტალზე. ა. კუდრინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკების მიერ კაპიტალის შემოტანის მაჩვენებლის გაზრდის შემთხვევაში არასაფინანსო დაწესებულებების მიერ შემოტანილი კაპიტალის შემოტანაც მნიშვნელოვნად იზრდება. რუსეთის ბანკის მონაცემებით, 2003 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციებმა 16,5 მლრდ დოლარის ვალები აიღეს, მაშინ, როდესაც მთლიანობაში რუსეთის საგარეო ვალი 28,8 მლრდ დოლარით გაიზარდა. “ჩვენს მიერ მიღებული ზომები საშუალებას გვაძლევს დანამდვილებით ვთქვათ, რომ რუსეთში დეფოლტი არ იქნება”, – დაასკვნა ა. კუდრინმა.

ეს განცხადება საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა. მით უმეტეს, რომ რუსეთის ბიუჯეტის 1-პროცენტიანი პროფიციტი თითქმის გარანტირებულია. გარდა ამისა, მიმდინარე წელს რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკიდან დაახლოებით 250-260 მლრდ დოლარის ოდენობის დამატებითი შემოსავლის მიღებას აპირებს. სახელმწიფო ხაზინაში ასეთი ოდენობის თავისუფალი თანხების არსებობის პირობებში დროა რუსეთის მთავრობამ იმაზე იზრუნოს, თუ სად დააბანდოს ეს თანხები. დღეს უკვე მიდის საუბრები ამ ფულის პირველი კლასის დასავლურ ფასიან ქაღალდებში დაბანდებაზე.

ამავე დროს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას განსახილველად კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვის კანონპროექტი წარუდგინა. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, დოკუმენტი მომზადებულია “2004 წლისთვის ფედერალური ბიუჯეტის შესახებ” არსებული კანონის შესაბამისად, რომელიც 2004 წელს 3 მლრდ დოლარამდე ობლიგაციური საგარეო ვალების ემისიის განხორციელებას ითვალისწინებს. თუმცა, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სესხის თაობაზე და ასევე შესაძლო ევროობლიგაციური სესხის პარამეტრების შესახებ, მათ შორის, გამოშვების ვალუტა, დაფარვის ვადები, საკუპონო განაკვეთი, განსაზღვრული იქნება მოგვიანებით, ფედერალური ბიუჯეტის შესრულების და მისი პროფიციტის ფორმირების ტემპების მიხედვით.

მაგრამ ყველაფერი, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები და მისი შესრულების ტემპები მაღალი იქნება, რუსეთს დამატებითი საგარეო სესხები აღარ დასჭირდება. უბრალოდ, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ცუდ ვალებს კარგებით ცვლის. შესაბამისად, იცვლება კრედიტორებიც და ფინანსური კონსულტანტებიც, რომლებიც რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ახალი ობლიგაციური სესხების განთავსებაში ეხმარებიან. როგორც წესი, ამის შედეგად ქვეყნის საკრედიტო რეპუტაციის გასაუმჯობესებლად და საკრედიტო რეიტინგების ასამაღლებლად დასავლურ ბაზრებზე სახელმწიფოსთან ერთად ა. კუდრინის მიერ ნახსენები ეკონომიკის არასაფინანსო სექტორის წინსვლისათვის ახალი საფუძველი ჩნდება. თუმცა, არც რუსეთის ბანკებს უშლის ვინმე ხელს იმაში, რომ მოზიდული სახსრების გეოგრაფია გააფართოვონ – მათმა წილმა ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდაში 2003 წელს 10,6 მლრდ დოლარი შეადგინა. მართალია, დაკრედიტების ვადები აქ შედარებით მოკლეა, რისკები კი უფრო მაღალი და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს არ აქვს იმის გარანტია, რომ კრედიტი დაბრუნებული იქნება. სხვათა შორის, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთი დასავლური საფინანსო ინსტიტუტი რუსული ეკონომიკის ცალკეული დარგების და სექტორების საკუთარ მონიტორინგს ახორციელებენ.

მაგალითად, ლონდონის მოსკოვის სახალხო ბანკმა აპრილის დასაწყისში ასეთი გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IIA-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მარტში რუსეთის სამრეწველო სექტორის ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება. IIA-ს მიერ მომარაგების მენეჯერების გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოთვლილი ინდექსი თებერვლის 52,2 პუნქტიდან მარტში 53,7 პუნქტამდე გაიზარდა.

მარტი მორიგ წარმატებულ თვედ რუსეთის მომსახურების სექტორისათვისაც იქცა. რუსეთის მომსახურების სექტორში IIA-ს მიერ გათვლილი საქმიანი აქტიურობის ინდექსი მარტში თებერვლის მაჩვენებელთან (59,2 ქულა) შედარებით დაბალი აღმოჩნდა და 58,4 ქულა შეადგინა.

IIA-ს ეკონომისტი, პოლ ტიმმონსი მიიჩნევს, რომ “უმნიშვნელო შემცირების მიუხედავად, მთლიანობაში ძირითადი ინდექსი რუსეთის სერვისული დარგების ზრდაზე მიუთითებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ხაზს უსვამს იმ ყოვლისმომცველ როლს, რომელსაც მომსახურების სფერო რუსეთის ეკონომიკურ განვითარებაში თამაშობს”. ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, რეალური შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით და სამომხმარებლო დაკრედიტების ბაზრის პოტენციალის განვითარებით იქნება განმტკიცებული.

ბრიტანელი ანალიტიკოსის ოპტიმიზმს მომსახურების სფეროს როლთან და სამომხმარებლო კრედიტის დინამიკის პერსპექტივებთან მიმართებაში ყველა როდი იზიარებს; ისევე, როგორც ყველა ეკონომისტი არ არის დარწმუნებული ახალი საგარეო ვალების გაზრდის მიზანშეწონილობაში იმ დროს, როდესაც ჯერ სათანადოდ არ არის გარკვეული ძველი ვალდებულებების საკითხი.

ჯერ კიდევ ყველას ახსოვს მსოფლიო ბანკის ეკონომისტის, კრისტოფერ პიულერის მიერ რუსეთის ეკონომიკური ზრდის დისპროპორციის, მათ შორის სტატისტიკაში მშპ-ში მომსახურების სფეროს წილის ასახვის კრიტიკა. პროგნოზების მეორე სუსტი ადგილი შრომის ნაყოფიერების ზრდაა, რის გარეშეც დინამიკის სტაბილურობაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია. სიფრთხილეს გამოჩენაა საჭირო ნავთობთან მიმართებაშიც. სსფ-ის მოსკოვის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დევიდ ოუენის აზრით, საგადასახადო ტვირთის შემცირება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებას საფრთხეს უქმნის. რამდენიმე დღის წინ “ფკ-ნოვოსტისთან” ინტერვიუში ოუენმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის ფორმირების არსებული სტრუქტურის შენარჩუნების პირობებში ნავთობის ფასის ბარელში 20 დოლარამდე შემცირება რუსეთის ფედერალური ხაზინის სულ მცირე 1 პროცენტიან დეფიციტს გამოიწვევს. “დღეს საგადასახადო დატვირთვის შესუსტებას შეუძლია ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დეფიციტი გამოიწვიოს”, – ხაზგასმით აღნიშნა სსფ-ის ექსპერტმა.

“2004 წლის პირველი კვარტლის მანძილზე რუსული მანეთის რეალური ეფექტური კურსი 4,7%-ით გაიზარდა, მანეთის რეალური კურსი დოლართან მიმართებაში 5,3%-ით, ევროსთან მიმართებაში კი – 6,1%-ით გაიზარდა”, – განაცხადა რუსეთის ბანკმის წარმომადგენელმა. მარტის შედეგებით მანეთის რეალური ეფექტური კურსი 1,8%-ით, მისი რეალური კურსი დოლართან მიმართებაში – 0,3%-ით, ხოლო ევროსთან – 3,4%-ით გაიზარდა. ევრო ოდნავ შესუსტდა, დოლარი კი, პირიქით, გამყარდა. რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 3 თვეა გასული.

2003 წელს მანეთის რეალური ეფექტური კურსი 4,1%-ით, მისი რეალური ეფექტური კურსი აშშ-ის დოლართან მიმართებაში კი – 18,9%-ით გაიზარდა. რუსეთის ბანკის თავმჯდომარე, სერგეი იგნატიევი აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობის ფასი შეიცვლება, რუსეთის ცენტრალური ბანკი 2004 წელს მანეთის რეალური კურსის 7%-ზე მეტად გამყარებას არ დაუშვებს. 2004 წლისთვის რუსეთის ფედერაციის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, მანეთის რეალური ეფექტური კურსის ზრდამ მიმდინარე წელს შესაძლებელია 3%-დან 5%-მდე შეადგინოს. ოდნავ მოგვიანებით ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ჟუკოვმა ინტერფაქსს განუცხადა, რომ 2004 წელს მანეთის რეალური გამყარება 7,9%-ს შეადგენს. “ეს საკითხი რუსეთის ცენტრალურ ბანკთანაა შეთანხმებული. ჩვენ ვითვალისწინებთ ნავთობის ფასის საკმაოდ მაღალ პროგნოზს”, – დააზუსტა მან.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ იგნატიევს რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც იგი 3-5, მაქსიმუმ 7%-ის ორიენტირს დაუბრუნდა. უფრო მეტიც, განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი მზადაა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რამდენად სერიოზული იქნება ეს კორექტივები.

რუსი ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია ბჭობენ მანეთის გამყარების შედეგებზე. მაკროეკონომიკური ანალიზის და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის წამყვანი ექსპერტის, ვლადიმერ სალნიკოვის შეფასებით, მანეთის წელიწადში 5%-ით გამყარება უცხოური ვალუტების კალათებთან რეალურ ასახვაში სამრეწველო წარმოების ტემპების ზრდას 0,3-0,4 საპროცენტო პუნქტით ამცირებს. “წელს, შესაძლებელია, საქმე წარმოების 1 საპროცენტო პუნქტამდეც მივიდეს, – განაცხადა ვ. სალნიკოვმა ღBჩ დაილყ-სთან ინტერვიუში, – ჩვენ მივაღწიეთ მანეთის გამყარების ისედაც საკმაოდ მაღალ ტემპებს. წელიწადში 5% კიდევ მისაღებია”. იდეალურ ვარიანტში, სალნიკოვის თქმით, მანეთის გამყარება შრომის ნაყოფიერების ზრდას უნდა შეესაბამებოდეს. თუ გასულ წელს რუსეთში შრომის ნაყოფიერება მრეწველობაში რეკორდული 11%-ით გაიზარდა, წელს მაკროეკონომიკური ანალიზის და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის ექსპერტის აზრით, ზრდა შეიძლება შედარებით დაბალიც იყოს.

შრომისნაყოფიერების საერთო ეკონომიკურმა ზრდამ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გათვლებით, 2003 წელს 7,3% შეადგინა. რუსეთისათვის ეს იმდენად წარმოუდგენელი ციფრია. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არ გარისკა შრომისნაყოფიერების ზრდის პროგნოზის ამ დონეზე დატოვება და 2007 წლამდე იგი 5,9-6,2%-ის დონემდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ მანეთის გამყარება მოსახლეობის სავალუტო დანაზოგებზე პირდაპირ აისახება – ამცირებს მათ. ამაზე ინფლაციაც და კომერციული ბანკების მოზიდვის დაბალი განაკვეთებიც “ზრუნავენ”, რის შედეგადაც, ნაღდი დოლარების მსყიდველუნარიანობა რუსეთში 2004 წლის პირველ კვარტალში 6,6%-ით შემცირდა, დანაზოგები ევროში კი – 8,7%-ით. მაკროეკონომიკური ანალიზის და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის სპეციალისტების აზრით, 2004 წლის პირველ კვარტალში ანაბრები რუსეთის ეროვნულ ვალუტაში 1,22-2,00%-ით შემცირდა. ამ სამი თვის მანძილზე დანაკარგები სავალუტო ანაბრებმაც განიცადეს. მოსახლეობის შენატანები, რომლებიც აშშ დოლარებში იყო გაკეთებული, პირველ კვარტალში 5,15-5,85%-ის დიაპაზონში მერყეობდა, ევროში კი – 7,36-7,77%-ის.

წინ მიმდინარე წლის კიდევ სამი კვარტალია. ამ თვეების მანძილზე ნავთობის მაღალი ფასი, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროფიციტით, ცენტრალურ ბანკს – თავის ტკივილით და მოსახლეობას და ბიზნესმენებს თავის ტკივილით უზრუნველყოფს, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების აზრით, ინფლაციის ის მაჩვენებლები, რომლებსაც რუსი სტატისტიკოსები ასახელებენ, ძალზე შორსაა საშუალო სტატისტიკური რუსი მოქალაქის სუბიექტური აზრისაგან, რომელსაც მიაჩნია, რომ საქონელი და მომსახურება გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ეს სტატისტიკური სამსახური მონაცემების მიხედვით უნდა იყოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის ზრდის შედეგები ყველაზე ერთნაირად არ ნაწილდება. უკანასკნელნი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 41% თავს ღარიბად თვლის და მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია მათი სუბიექტური მოსაზრება იყოს, მომავალი გვიჩვენებს, იქნება თუ არა ეს რუსეთის ეკონომიკის გადარჩენისთვის სტიმული თუ მისი დეპრესიის მიზეზი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial