უმუშევრობა , როგორც 21-ე საუკუნის ეკონომიკური გამოწვევა საქართველოს მაგალითზე

ავტორის სტილი დაცულია
ირაკლი კვანტალიანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

Irakli.kvantaliani800@eab.tsu.edu.ge 

ანოტაცია

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უმუშევრობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც. უმუშევრობა იწვევს სიღარიბეს, ხელფასების შემცირებას,კრიმინალის ზრდას,საფრთხეს უქმნის სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. ის ზრდის სოციალურ რისკებს, აფერხებს ეკონომიკურ ციკლებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. მოცემულ ნაშრომში განხილულია უმუშევრობის არსი, მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემები საქართველოში. სტატისტიკური მასალების საფუძველზე გაანალიზებულია ბოლო პერიოდში საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის არსებული მდგომარეობა. 

Annotation

Unemployment has become one of the most important problems in the last three decades, not only in developing but also in developed countries. Unemployment leads to poverty, declining wages, rising crime, and threatening social and political stability. It increases social risks, disrupts economic cycles and threatens the country’s future. The presented article discusses the essence of unemployment, its socio-economic consequences, unemployment and employment problems in Georgia. Based on statistical materials, the current situation of employment and unemployment in Georgia is analyzed. 

უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

ეკონომიკურ ლიტერატურაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უმუშევრობის, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური შედეგების ანალიზს. უმუშევრობა აფერხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ხელს უშლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. უმუშევრობის ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს შორის აღსანიშნავია: მატერიალური დოვლათის დიდძალი დანაკარგები, შემოსავლების დანაკარგები, მასობრივი სიღარიბე, ინტენსიური გარე შრომითი მიგრაცია, ინფლაციის ზრდა, დემოგრაფიული ვითარების გამწვავება, მუშაკთა დეკვალიფიკაცია, ადამიანის ფსიქიკის შერყევა და ნერვული სისტემის მოშლა.[4]

  1. მატერიალური დოვლათის დანაკარგები – მატერიალური დოვლათის დანაკარგს სხვანაირად უწარმოებელ საქონელსა და მომსახურებას უწოდებენ. აქედან გამომდინარე, უმუშევრობა იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას. რაც უფრო დიდია უმუშევრობის დონე, მით მეტია მატერიალური დოვლათის დანაკარგები და მით უფრო მეტად მცირდება მთლიანი შიდა პროდუქტი. 
  2.  შემოსავლების დანაკარგები – უმუშევრობა შემოსავალს აკარგვინებს, როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ასევე სახელმწიფოს ბიუჯეტსაც. იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლის გარკვეული ნაწილი იბეგრება, უმუშევრობის დონის ზრდამ სახელმწიფოს შეიძლება საკმაოდ დიდი თანხები დააკარგვინოს. 
  3. მასობრივი სიღარიბე – ხანგრძლივმა და მასობრივმა უმუშევრობამ შეიძლება მიგვიყვანოს ზოგადად ქვეყნის გაღარიბებამდე. 
  4.  გარე შრომითი მიგრაცია – მოსახლეობის მიგრაცია შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მიზეზებთან. მასობრივი მიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამომწვევი მიზეზია უმუშევრობა. გარე შრომით მიგრაციას გააჩნია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მისი დადებითი მხარეებია:ამ დროს ქვეყანაში განიმუხტება მწვავე სოციალური ვითარება; მიგრაციაში მყოფ ადამიანთა გარკვეული ნაწილი იმაღლებს კვალიფიკაციას და შემდეგ, როდესაც სამშობლოში ბრუნდებიან, უფრო მარტივად პოულობენ სამსახურს და უფრო მეტად მწარმოებლურებიც ხდებიან. 
  5.  დემოგრაფიული მდგომარეობის გამწვავება – უმუშევრობასა და ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებას შორის არსებობს მკაფიო დამოკიდებულება. უმუშევრობა, იწვევს სიღარიბეს, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იწვევს დემოგრაფიული ვითარების გაუარესებას. 
  6. ადამიანის ფსიქიკის შერყევა და ნერვული სისტემის მოშლა – სპეციალისტთა დასკვნით, უმუშევრობა ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე და მისი ოჯახის წევრებზე. 
  7. შრომისუნარიანი მოსახლეობის დეკვალიფიკაცია – უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები სოციალურ-ეკონომიკური შედეგი არის ის, რომ იგი იწვევს მუშაკთა დეკვალიფიკაციას. უმუშევრობის პერიოდში ადამიანს არა მარტო არ ემატება ახალი ცოდნა და გამოცდილება, არამედ ისიც ავიწყდება რაც იცოდა, ამიტომ თუ სახელმწიფომ არ იზრუნა მის გადამზადებაზე, იგი ვეღარ შეასრულებს თავის საქმეს ისე, როგორც ასრულებდა ადრე.[3]

უმუშევრობის ზოგადი ანალიზი საქართველოში

უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% ყველაზე პრობლემატურ საკითხად სამუშაო ადგილების უკმარისობას მიიჩნევს. 

დიაგრამა 1 – უმუშევრობის დონე 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka 

მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით. 2018 წელს უმუშევრობის დონე 19,25 % – შეადგენდა ,თუმცა 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა და  17,6 % იყო ,ხოლო 2020 წელს კლავ გაიზარდა და 18.5 %-ს მიაღწია. 2022 წელს მხოლო სამი კვარტლის მონაცემებია გამოსახული დიაგრამაზე და თუ შევადარებთ 2022 წელს 2021 წლის მონაცემებს დავინახავთ,რომ  2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

დიაგრამა 2 – სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka 

მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონისა (აქტიურობის დონის) და დასაქმების დონის მაჩვენებლები 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით.სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 2018 წელს –  52,9 % , 2019 წელს – 51,78 % , 2020- 50,48, ხოლო რაც შეეხება დასაქმების დონეს 2018 წელს 42,75%, 2019 წელს 42,65 % ,ხოლო 2020 წელს – 41,15 % 2022 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45.2 პროცენტი შეადგინა. 

დიაგრამა 3 – დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka 

დიაგრამა 3-ზე ნაჩვენებია დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით. დაქირავებულთა წილი 2018 წელს 69.73%-ია, 2019 წელს  69.3 % ,ხოლო 2020 წელს 68.1 % .2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 67.3 პროცენტს შეადგენს.

დიაგრამა 4 – უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2018- 2022 წლებში კვარტალების მიხედვით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka 

დიაგრამა 4- ზე გამოსახულია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2018- 2022 წლებში კვარტლების მიხედვით.უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის შემცირების ღონისძიებები

უმუშევრობა სერიოზული მაკროეკონომიკური პრობლემაა, ამიტომ სახელმწიფო იღებს ზომებს, რათა ებრძოლო მას. იქიდან გამომდინარე, რომ იგი გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით გამოიყენება მისი შემცირების სხვადასხვა ზომები.

ფრიქციულ უმუშევრობას იწვევს შრომის ბაზარზე ინფორმაციის გავრცელების ხარვეზები. ამიტომ, ამგვარ უმუშევრობას სახელმწიფომ უნდა ებრძოლოს, სწორედ ეფექტიანი საინფორმაციო სისტემების შექმნით. სრულყოფილი საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ უმუშევარი რაც შეიძლება მალე მონახავს მისთვის სასურველ ვაკანსიას და დაიწყებს მუშაობას. ანუ სამუშაოს მაძიებელი და ვაკანტური სამუშაო ადგილის მქონე კომპანია, უმოკლეს დროში იპოვნიან ერთმანეთს.სწორედ აღნიშნულს ემსახურება საქართველოს მთავრობის №68 დადგენილება (2016 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი) –„შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ.“ მისი მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება და შრომის ბაზრის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სტრუქტურულ უმუშევრობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტიანი გზა არის სახელმწიფოს მხრიდან ტრენინგების კურსის მომზადება და განხორციელება. აღნიშნული ხელს შეუწყობს უმუშევართა კვალიფიკაციის ამაღლებას და მაღალ კონკურენტუნარიანობას. ამ გზით მიიღწევა სამუშაო ძალის პროფესიულ-კვალიფიციური მომზადების დონის შესაბამისობა სამუშაო ადგილის მოთხოვნებთან.

რაც შეეხება ციკლურ უმუშევრობას, მასთან ბრძოლას აუცილებელია ჰქონდეს კომპლექსური ხასიათი. უპირველესად კი, მისი დაძლევა შეიძლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდის უზრუნველყოფით. დღეს-დღეობით ქვეყნების უმეტესობა, სწორედ ამ გზით ცდილობს ციკლური უმუშევრობის შერბილებას.ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისა და, შესაბამისად, ციკლური უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი გზა არის მცირე ბიზნესის განვითარება. მცირე ბიზნესის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაფუძვნება შეიძლება უმოკლეს დროში, ძალიან მცირე დანახარჯებით, გამოირჩევა მეტი თავისუფლებით, დამოუკიდებლობითა და მოქმედების ოპერატიულობით. იგი პირად კონტაქტებს ამყარებს მომხმარებლებთან და ცდილობს, უკეთ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნილებები.

საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება, უკვე რამდენიმე წელია, ერთ-ერთ პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამ მიზნით არა ერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა პროექტი – „აწარმოე საქართველოში.“ იგი არის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პირველი სახელმწიფო უწყება. პროექტის მისიაა ქართული საწარმოების მხარდაჭერა, მათი მოგების გაზრდისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებისათვის.

იმისთვის, რომ საქართველოში შემცირდეს უმუშევრობის დონე, მნიშვნელოვანია რიგი ღონისძიებების გატარება: 

  • მოთხოვნის სტიმულირება სამუშაო ძალაზე – ვინაიდან უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა დარგში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ისევე როგორც კერძო სექტორის წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას.
  • კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მიწოდების ხელშეწყობა – შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სამუშაო ძალის მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. ამ კუთხით სახელმწიფომ უნდა გაზარდოს განათლების ხარისხის შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმებისთვის. პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლების უზრუნველყოფა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებისათვის და ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად.
  • შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება – დასაქმების ხელშეწყობისთვის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა“, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების მოძიება-დასაქმებისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მთავარი ინსტრუმენტია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის 69 სერვისცენტრი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებას სთავაზობს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს.აქტიური პოლიტიკის ზოგადი მიზანია დაგეგმოს და განახორციელოს მხარდამჭერი ღონისძიებები მათთვის, ვინც ვერ ახერხებს სტაბილურ დასაქმებას ან დასაქმებულთა რიგებში გადასვლას. 
  • მიზნობრივი სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე ქალების და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა -საჭიროა სოციალური დაცვის არსებული სისტემა გაუმჯობესდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის ეფექტიანი და ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მოიცავს ყველა სექტორს, ხელს შეუწყობს დასაქმებას და არ გახდის ადამიანებს დამოკიდებულს სოციალურ დახმარებაზე.[3]

დასკვნა

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უმუშევრობით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილება ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა სიღარიბე და სოციალური სტაბილურობა.საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და აქტუალური გამოწვევაა. იგი გვევლინება ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. უმუშევრობა მაღალია როგორც ქალაქად, ისე სოფლად. უმუშევარ მოსახლეობას შორის დომინანტია ახალგაზრდობა, რაც კიდევ უფრო ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უმუშევრობა კვლავაც რჩება  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს პრობლემად, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბრეგვაძე გ.,უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში
  2. დიაკონიძე ა.,ნაცვლიშვილი ვ.,შრომა და სოციალური უსაფრთხოება ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს,ღია საზოგადოების ფონდი.
  3. ებილაშვილი დ. ,,უმუშევრობა და მისი დაძლევის გზები საქართველოში,’’ სამაგისტრო ნასრომი,თსუ 2019
  4. ჩიქავა ლ. დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში. თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2012
  5. Structural Unemployment – Definition, Causes and Cure – https://goo.gl/LfzW3f
https://www.geostat.ge/ka