ინსტიტუტების “ხაფანგში” მომწყვდეული ეკონომიკა

პაატა ლეიაშვილი, ეკ. მეც. დოქტ., პროფესორი

გარდამავალ ქვეყნებში სავალუტო ფონდის პოლიტიკა, რომელიც ე.წ. “ვაშ-ინგტონის კონსენსინსს” ეფუძნებოდა, მცდარი აღმოჩნდა (ამაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ცნობილი მეცნიერები). ამ საკითხზე განსაკუთრებული მწვავე კრიტიკით გამოდიან “ინსტიტუციონალისტები”.

ინსტიტუციონალიზმი მკვეთრად უპირისპირდება ნეოკლასიკურ პარადიგმას, ანუ იმ თეორიის საფუძვლებს, რომელზეც ეფუძნება IMF-ის პოზიცია და მისი მონეტარული პოლიტიკა. IMF-ის მონეტარული რეცეპტების წარუმატებლობა გარდამავალ ქვეყნებში უნებლიედ გვიბიძგებს, რომ მეტად დავინტერესდეთ მათი ოპონენტების, ინსტიტუციონალისტების არგუმენტებით. ეს არგუმენტები კი, არც თუ უსაფუძვლოა. რას გულისხმობს “ინსტიტუციონალიზმი”, როგორც თეორია? რა არის “ინსტიტუტი”? როგორ შეიძლება გავაანალიზოთ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ამ თეორიის კონტექსტში?

ინსტიტუტი ამ თეორიის ძირითადი ცნებაა და გულისხმობს, როგორც ფორმალურ წესებს, ისე არაფორმალურ ნორმებს. რეალურ ცხოვრებაში ინსტიტუტები იღებენ სამართლებრივი ნორმების, ტრადიციების, არაფორმალური, დაუწერელი წესების, კულტურული სტერეოტიპების ფორმას. ინსტიტუტები ქმნიან საზღვრებს დაშვებულსა და დაუშვებელს შორის, ქმნიან წესრიგს. მათი მეშვეობით ადამიანის ქცევა ხდება პროგნოზირებადი.

მართალია, დროთა განმავლობაში ინსტიტუტები იცვლება (უქმდება ძველი, იბადება ახალი), მაგარამ მთლიანობაში სოციალურად მიზანშეწონილი ინსტიტუტები საკმაოდ სტაბილური ხასიათის მატაებელია. მათ გააჩნიათ თვითშენარჩუნების უნარი. ისინი გადაეცემა დროში წამბაძველობისა და სწავლების მეშვეობით, საერთოდ ინდივიდის სოციალიზაციის პროცესში. ამიტომაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ და კულტურულ გარემოს. ასეთი მიდგომა გულისხმობს, რომ ინდივიდი არის იმ საზოგადოების პროდუქტი, რომელშიც იგი აღიზარდა და მოღვაწეობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინსტიტუტები ერთგვარ “თამაშის წესებს” წარმოადგენს, ხოლო ორგანიზაციები და ინდივიდები – მოთამაშეებს. ინდივიდებს და ორგანიზაციებს გააჩნიათ კონკრეტული მიზნები (შემოსავლების მიღება, არჩევნებში გამარჯვება, ინფორმაციის გავრცელება და სხვ.). ისინი აგროვებენ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც მათ ეხმარება გადაირჩინონ თავი კონკურენციის პირობებში. თუ შემოსავლების დამალვა იძლევა წარმატების მეტ შანსს, მაშინ ფირმა დაიწყებს იმ ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას, რათა “დაიხვეწოს”, როგორც არგადამხდელი, მაგრამ, თუ მისთვის ყველაზე მომგებიანი არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, იგი დაიწყებს ცოდნის და გამოცდილების დაგროვებას სწორედ ამ მიმართულებით.

ინსტიტუტების (კანონების, ნორმების, წესების) გარეშე საზოგადოება ვერ იქნება თავისუფალი. თავისუფლება არის კანონის დიქტატურის პირმშო, მისი შედეგი. კანონებს, ანუ უფლებების და მოვალეობების საზღვრებს, სახელმწიფო სპეციალური ორგანოების – პოლიციის, სასამართლოს მეშვეობით უნდა იცავდეს (და არა თვითონ სუბიექტების). თუ სახელმწიფო ვერ იცავს ამ საზღვრებს (კანონებს), მაშინ სუბიექტები იძულებულნი ხდებიან თვითონ დაიცვან თავისი უფლებები. სწორედ აქ იწყება ანარქია და ძალმომრეობა. სუსტი, ძლიერისგან განსხვავებით, ვერ დაიცავს თავის უფლებებს. ჩამოყალიბდება “ჯუნგლების კანონი”. მართალია ის, ვინც ძლიერია. ეს კი უკვე სხვა კანონია. ანუ, დაწერილი კანონები აღარ მოქმედებენ და იბადება ახალი, დაუწერელი კანონი. ასეთ პირობებში ფერხდება საზოგადოების განვითარება, რადგან სუბიექტების ძალისხმევა მიმართულია არა აღმშენებლობით მიზნებზე, არა მატერიალური თუ სულიერი ფასეულობების შექმნაზე, არამედ ურთიერთდაპირისპირებაზე, უკვე შექმნილი სიმდიდრის გადანაწილებაზე. ეროვნული ენერგია იხარჯება დესტრუქციაზე. ქვეყანაში ისადგურებს უნდობლობა, შიში, ძალადობა, თაღლითობა, ქურდობა. ყოველივე ეს აუცილებელი ხდება თვითგადარჩენისათვის. ანუ ხდება ის, რაც ხდება დღეს საქართველოში.

საზოგადოების ნორმატიული სისტემის ნგრევას სოციოლოგები “ანომიას” უწოდებენ. “ანომიის” მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას ამერიკელი სოციოლოგი, რობერტ მერტონი ადარებს ისეთ სპორტულ შეჯიბრებას, როდესაც სპორტსმენის წინაშე დგას ამოცანა “გამარჯვება შეჯიბრებაში” და არა “გამარჯვება შეჯიბრებაში წესების დაცვით”. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელია აკრძალული მეთოდებითაც (აკრძალული ილეთების, დოპინგის, მსაჯების მოსყიდვის გზით და ა.შ.).

მსოფლიო ბანკის გამოკვლევების თანახმად, საზოგადოების 10-12% (საშუალოდ) არის კანონმორჩილი და წესიერი ნებისმიერ სოციალურ გარემოში. ასევე 10-12% არის ანტისაზოგადოებრივი და აგრესიული მუხტის მატარებელი. ძირითადი მასა, 75-80% ატარებს შუალედურ თვისებებს და ახდენს ადაპტაციას სოციალური გარემოს მიხედვით. ამიტომ, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში – “დადებითის”, თუ “უარყოფითის” 10%-ის წარმომადგენელი, რადგან ისინი ქმნიან სოციალურ გარემოს, რომელიც განსაზღვრავს, თუ საით გადაიხრება “ნეიტრალური” უმრავლესობა (80%) და შესაბამისად, როგორ საზოგადოებას მოვიღებთ. დადებითის შემთხვევაში დაფასებული იქნება წესიერება, ნიჭი და პასუხისმგებლობა, ხოლო უღირსი საქციელი დაისჯება. შესაბამისად, “ნეიტრალური” 80%-იც გადაიხრება აქეთკენ და იცხოვრებს ამ პრინციპებით, რადგან ეს არის რაციონალური საქციელი წარმატების მისაღწევად. საზოგადოებაში დაისადგურებს წესრიგი, კანონის და პიროვნების პატივისცემა, ქვეყანაში დაიწყება აღმშენებლობითი პროცესები. ხოლო, თუ ქვეყნის ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან “უღირსი” 10%-ის წარმომადგენლები, მაშინ, შესაბამისად, დაფასებული იქნებიან უღირსი ადამიანები, ხოლო ღირსეულნი დაისჯებიან. წარმატების საწინდარი ხდება ქრთამი, ქურდობა, ძალადაობა, “ნეიტრალურნი” (80%) ამ მიმართულებით გადაიხრებიან. ქვეყანაში დაისადგურებს კორუფცია, აგრესია, პიროვნების და კანონის უპატივცემულობა. მილიონობით ინდივიდების ძალისხმევა მიმართული იქნება არა ახალი ფასეულობების შექმნაზე, არამედ უკვე შექმნილის გადანაწილებაზე, კონფლიქტებზე, შეფერხდება ქვეყნის განვითარება.

როგორც ეგოიზმი და ანგარება აიძულებს ინდივიდებს საბაზრო ეკონომიკაში აწარმოონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქონელი, ასევე კარიერიზმი და ამბიციები დემოკრატიულ ქვეყანაში აიძულებს სახელმწიფო მოხელეებს და პოლიტიკოსებს აკეთონ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე. საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიის პირობებში კარიერისაკენ სწრაფვაც და ანგარებაც ჩაყენებულია საზოგადოებრივად სასარგებლო სამსახურში. ისინი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისათვის ინდივიდუალურ სტიმულებს წარმოშობენ. ინდივიდუალურსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის თანხვედრა და კოორდინაცია ხდება იმ ინსტიტუტების, იმ წესების, კანონების, ნორმების და სტერეოტიპების მეშვეობით, რომელიც დამკვიდრებულია ქვეყანაში. ანუ, დაწერილი და დაუწერელი კანონები და ნორმები და მათი აღსრულების მექანიზმები ქვეყნის ერთიან ინსტიტუციონალურ გარემოს ქმნის, რომელშიც ფუნქციონირებს ეკონომიკა. სწორედ იგი აიძულებს ადამიანებს, თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმოქმედონ რაციონალურად. მაგრამ, რამდენად რაციონალური იქნება საზოგადოებისათვის მილიონობით ინდივიდის დამოუკიდებელი ქმედება, რამდენად მოხდება ინდივიდებისა და საზოგადოების ინტერესების თანხვედრა. ქვეყანაში პატიოსანი რაციონალური შრომა იქნება, თუ ქურდობა და კორუფცია, დამოკიდებულია სწორედ ამ ინსტიტუტებზე.

თუ რა გზით ივლის სახელმწიფო – პროგრესის თუ რეგრესის – მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, არსებობს თუ არა ქვეყანაში კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების თანხვედრა. ჯერ-ჯერობით კი, საქართველოში სრული უთანხმოებაა მათ შორის და ქვეყანა იმყოფება იმ სიტუაციაში, რომელიც “თამაშების თეორიაში” ეწოდება “პატიმრის დილემა” – სიტუაცია, როდესაც კოლექტიურად (ან საზოგადოებრივად) ირაციონალური შედეგები ინდივიდუალურად რაციონალური მოქმედებებიდან გამომდინარეობენ.

საბაზრო ეკონომიკისათვის ეს არის ნონსენსი. საბაზრო ეკონომიკის სასწაულმოქმედი ძალა სწორედ იმაშია, რომ იგი ახდენს კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაახლოვებას. სწორედ ამას გულისხმობს ადამ სმიტის “უხილავი ხელის” კონცეფცია. ამიტომ, რაიმე მოლოდინი, რომ უკანონობის პირობებში შესაძლებელია ეკონომიკური წინსვლა – მოკლებულია საფუძველს. საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დემოკრატიული კანონების დიქტატურა, სამართლებრივი წესრიგი, ჯანსაღი სოციალური ნორმები და ის სოციალური მექანიზმებიც, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ნორმების დაცვას. რადგან, ცხადია, რომ თუ არავინ გვაიძულა გადასახადების გადახდა, კანონის დაცვა, სხვისი ქონების და უფლებების პატივისცემა, ეკოლოგიური ნორმების დაცვა, ძალზე ცოტა ვინმე თუ გააკეთებს ამას, თუნდაც ყველამ ვიცოდეთ, რომ ყველასთვის უკეთესი იქნება ყოველივე ამის გაკეთება.

ნორმალურ ქვეყანაში ინდივიდსა და საზოგადოებას შორის, “მე”-სა და “ჩვენ”-ს შორის ჰარმონიას სწორედ ეს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ, მაგრამ “ანომიურ” საზოგადოებაში, რომელშიც მოშლილია ინსტიტუციონალური ბაზა, პირიქითაა. იბადება კონფლიქტი ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, ირღვევა მათ შორის ჰარმონია. ინდივიდუალურად რაციონალურია უკვე ისეთი ქმედებები, რომლებიც ბადებენ საზოგადოებრივად ირაციონალურ შედეგებს. ინდივიდუალური ძალისხმევა, იგივე ეგოიზმით და კარიერიზმით ნაკარნახევი, კერძო ინტერესების რეალიზაცია – ისეთივე სასწაულებრივი ძალით ანგრევს ქვეყანას და მის ეკონომიკას, როგორც ადრე აშენებდა მას. რამდენადაც დიდია დემოკრატიული ქვეყნის ინსტიტუტების აღმშენებლობითი პოტენციალი, იმდენადვე დამანგრეველია ანომიური საზოგადოების ინსტიტუტების ძალა. ინსტიტუტები წარმოადგენენ იმ ყოვლისშემძლე “ანონიმურ ძალას”, რომელსაც შეუძლია ააყვავოს ქვეყანა ან დააქციოს იგი. სამართლებრივად და ზნეობრივად არაჯანსაღ გარემოში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ არაჯანსაღი ეკონომიკა. ასეც არის. ჩვენი ეკონომიკა ისეთივე კრიზისშია, როგორც ზნეობა, სამართალი.

დაუსჯელობის სინდრომი ადამიანში ბადებს პოზიციას: “მოტყუება, გადასახადების არგადახდა და სხვა მომგებიანია. პეტრეს შერჩა ტყუილიც, ქრთამიც. პავლესაც. ივანესაც. ალბათ, მეც შემრჩება”. გამოდის, რომ ტყუილი ეკონომიკურად ეფექტურია, მაგრამ, როდესაც ყველამ დაიწყო ასე ფიქრი და შემდეგ ქმედებაც, მივიღეთ ასეთი საქართველო და ასეთი ეკონომიკა, როგორიც გვაქვს. ანუ, ტყუილი, როგორც ცალკეული მოქმედება – ეს ერთია, ხოლო ტყუილი, როგორც საზოგადოებრივი ნორმა, როგორც ცხოვრების წესი – მეორე. პირველ შემთხვევაში ინდივიდის გადასაწყვეტია, უღირს თუ არა დანაშაულით მოპოვებული სარგებელი შესაძლო სასჯელს. დაუსჯელობის სინდრომის პირობებში დანაშაულის მხილების რისკი დაბალია. ამიტომ, დანაშაული ეკონომიკურად მომგებიანია. სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადის დანაშაულს. შედეგი? შედეგად, ეს დანაშაული ხდება ქცევის ნორმა, ანუ ჩვეულებრივი რამ. ეს კი, უკვე აღარ არის მომგებიანი, რადგან ვიღებთ ახალ საზოგადოებას ახალი “თამაშის წესებით”, სადაც დანაშაული ცხოვრების ნორმაა, რომლის გარეშე შეუძლებელი ხდება ცხოვრება. ეს არის საზოგადოება, სადაც წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ დანაშაულის ჩადენის “ტექნიკურ ეფექტურობაზე”, იმაზე, თუ რამდენად “პროფესიონალურად” ხდება დანაშაულის ჩადენა. ეს არის დამნაშავეთა საზოგადოება.

საზოგადოებაში, სადაც საკუთრების უფლებების ხელყოფა ნორმად არის მიჩნეული, ეკონომიკური რისკი იმდენად იზრდება, რომ ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი იბლოკება (განსაკუთრებით ცუდ გავლენას ახდენს ეს მცირე და საშუალო ბიზნესზე. მათ არ გააჩნიათ საკუთარი თავის დაცვის საშუალებები). როდესაც ბაზარს გადაინაწილებენ კრიმინალური კლანები და გააკონტროლებენ დარგში შესვლას და გამოსვლას, მაშინ კონკურენციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როდესაც წესად იქცევა შემოსავლების დამალვა და გადასახადების ნაცვლად ქრთამის მიცემა, ასეთ ქვეყანაში ბიუჯეტი ვერ შეივსება.

უზნეობის ფაქტები, რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაშია, ყოველთვის იყო და დიდხანს იქნება, მაგრამ როდესაც ეს უზნეობა ნორმად ითვლება, მაშინ ეკონომიკის და მთლიანად სახელმწიფოს ნგრევის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცევა ხოლმე. ასეთი ქვეყნის ეკონომიკას ვერანაირი ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო სესხები თუ ეკონომიკური სანქციები ვერ უშველის. ნორმების ეს სისტემა შექმნეს ყველამ ერთად, მთლიანად საზოგადოებამ, სპონტანურად, ანუ კონკრეტულად არავინ. იგი ანონიმურია და წარმოადგენს “ანონიმურ ძალას”, რომელიც ინდივიდებს იმორჩილებს. ცალკეულ ინდივიდს შეუძლია მხოლოდ დაემორჩილოს, ან არ დაემორჩილოს მათ, მაგრამ მარტო იგი ვერაფერს შეცვლის.

გარდამავალ პერიოდებში (რევოლუციები, რეფორმები და სხვ.) საზოგადოება იმყოფება “ანომიურ” მდგომარეობაში, როდესაც მოშლილია საზოგადოების ნორმატიული სისტემა. ანომიურ საზოგადოებაში მიზნების მისაღწევად ხერხების შერჩევა განპირობებულია მხოლოდ ტექნიკური მიზანშეწონილობით. სულ უფრო მეტი ადამიანი ხელმძღვანელობს პრინციპით – “მიზანი ამართლებს საშუალებებს”. ფეხს იკიდებს ანტისოციალური ქმედებები. ასეთი საზოგადოება ნერგავს წარმატების ყველასათვის საერთო სიმბოლოებს, როგორიც არის ფული, თანამდებობა, პრესტიჟი. ამასთანავე, მოსახლეობის უმრავლესობას არ აძლევს საშუალებას მიაღწიოს ამ მიზნებს ინსტიტუციონალურად დაშვებული საშუალებებით. ამის შედეგია ნევროზები, ანტისოციალური საქციელი ან რევოლუციური მოღვაწეობა. საქართველოში სახეზეა ერთიც, მეორეც და მესამეც.

ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ ნორმებს, რომელიც არავის მოგვწონს. ეს ნორმები გვიმორჩილებენ ჩვენ ჩვენივე ნების საწინააღმდეგოდ. რატომ? ნორმა იქმნება და არსებობს იმის წყალობით, რომ ყველა იქცევა ამ ნორმების მიხედვით. თუ ვინმე არ დაემორჩილება მას, იგი დაისჯება იმ დანარჩენების მიერ, ვინც იცავს ნორმებს (გინდაც არ მოსწონდეთ). ნორმიდან გადახვევა რომ უნდა დაისაჯოს – თვითონ ესეც ერთ-ერთი ნორმაა მოცემულ სისტემაში. ცალკეულ პიროვნებას უჭირს დაუპირისპირდეს ნორმებს და ემორჩილება მათ. ხოლო, როდესაც ჩვენ ყველა ცალ-ცალკე ვემორჩილებით ამ წესებს და ფასეულობებს, ამით ისინი (ფასეულობები და ნორმები) განაგრძობენ არსებობას და უფრო მეტად იმორჩილებენ საზოგადოებას, რადგან ეს ნორმები არსებობენ მანამ, სანამ ჩვენ მათ ვასრულებთ. ანუ, ადამიანები ქმნიან ნორმებსა და ცხოვრების წესებს, რომელნიც იძენენ ანონიმურ ძალას და რომელსაც შემდეგ თვითონვე ემორჩილებიან.

ანემიურ საზოგადოებაში ადამიანები იძულებული არიან მოიქცნენ ისე, როგორც მათთვის მიუღებელია. ეს არის გაუცხოება. საზოგადოებაზე ბატონობს არა დიქტატორი, არამედ ანონიმური ძალა – ნორმები, რომელიც საბოლოო ჯამში თვით ამავე საზოგადოების მიერ არის შექმნილი, მათი კოლექტიური ქმედების პროდუქტია.

საქართველოში დაბალია სამართლებრივი კულტურა. ამიტომ, არაფორმალურ ურთიერთობებს და დაუწერელ კანონებს გააჩნიათ გადამწყვეტი როლი ადამიანებს შორის ურთიერთობების რეგულირე-ბაში. ეს განაპირობებს პირადი ურთიერთობების განსაკუთრებული როლს, რომელიც თავისი მნიშვ-ნელობით აღემატება სამართლებრივ ნორმებს, დაწერილ კანონებს. აქედან გამომომდინარეობს “ჩაწ-ყობის” ინსტიტუტი, პროტექციონიზმი და ა.შ. შესაბამისად, დღევანდელ საქართველოში ეს ინ-სტიტუტები და არა დემოკრატიული ან საბაზრო კანონები, განაპირობებენ ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების განაწილებას და გადანაწილებას. სწორედ ეს დამახინჯებული ინსტი-ტუტები ახდენს ჯანსაღი კონკურენციის ბლოკირებას და საერთოდ, ეკონომიკური რეფორმების ბლოკირებას.

ინსტიტუტები რაღაც დონეზე ყველა ქვეყანაში მოქმედებენ, მაგრამ იქ, სადაც კანონი კანონობს, მათი გავლენა უფრო მოკრძალებულია, არ აქვს ასეთი ტოტალური გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროებზე და მათ შორის ეკონომიკაზე. საბაზრო ეკონომიკის და საერთოდ, დემოკრატიული საზოგადოების სასწაულმოქმედი აღმშენებლობითი ძალა სწორედ ჯანსაღი კონკუ-რენციით და შრომის დანაწილებითაა განპირობებულია.

კონკურენციის შედეგად, წარმატებას ნახულობს ის კომპანია, პოლიტიკოსი, საინვესტიციო თუ სახელმწიფო პროექტი, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურად შესძლებს საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. დემოკრატიული საზოგადოების თუ საბაზრო ეკონომიკური კანონები უზრუნველყოფენ იმას, რომ პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების თუ ნებისმიერ სხვა სფეროში წარმატებას ნახავენ ის ადამიანები, ვისაც აქვთ ნიჭი და უნარი სხვაზე უკეთ გააკეთონ საქმე, რომელიც მათ აბარიათ. ვინც ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს კარგად, მას გამოდევნის კონკურენცია.

მატერიალური და ფინანსური რესურსები ასეთივე ჯანსაღი კონკურენციის პრინციპით ნაწილდება. ის, ვინც დააპირებს საზოგადოებისათვის უსარგებლო პროდუქციის ძვირადღირებული რესურსით გამოშვებას, გაკოტრდება. ამის მსგავსად, თუ პოლიტიკოსები საბიუჯეტო რესურსებს არარაციო-ნალურად გამოიყენებენ, ისინიც გაკოტრდებიან (პოლიტიკურად).

როდესაც “პირადი ურთიერთობების” ჰიპერტროფირებული მნიშვნელობის გამო მოშლილია ჯანსაღი კონკურენცია, მაშინ ქვეყანას აღარ მართავენ ერის საუკეთესო შვილები, ბიზნესს არ წარმართავენ ყველაზე ნიჭიერი ბიზნესმენები. შესაბამისად, ისინი იღებენ არაეფექტურ გადაწყვეტი-ლებებს – ე.ი. ქვეყანაში ტარდება არაეფექტური საკადრო პოლიტიკა და არაეფექტურად ნაწილდება მატერიალური და ფინანსური რესურსები. ეს არის მიზეზი იმისა, რომ თითქმის ყველა რესურსი გვაქვს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ეკონომიკის ამოქმედებას.

შრომის დანაწილება და კონკურენცია უზრუნველყოფენ პრინციპს, რომ ყველა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც უკეთ შეუძლია, მაგრამ, თუ დამახინჯებული ინსტიტუტების გამო, “ჩაწყობის”, კორუფციის გამო კონკურენცია ბლოკირებულია, მაშინ ეს პრინციპი აღარ მოქმედებს. როდესაც შრომის დანაწილების პირობებში ერთი ვერ აკეთებს კარგად თავის საქმეს, მაშინ სხვებიც იგივე მდგომარეობაში არიან. თუ ცუდად მუშაობს კომუნალური მომსახურება, პოლიცია, ჯანდაცვის სისტემა და ა.შ. მაშინ მე იძულებული ვარ თვითონ ვიყო ჩემთვის ექიმიც, პოლიციელიც და სანტექნიკიც, მაგრამ, თუ მე თვითონ მიწევს ყოველივე ამის კეთება, მაშინ ხომ ჩემი საქმის კარგი პროფესიონალი ვეღარ ვიქნები. ანუ, იშლება შრომის დანაწილება, ფერხდება საზოგადოების განვითარება, ეცემა შრომის ნაყოფიერება და ცხოვრების დონე.

საბაზრო ეკონომიკის სასწაულმოქმედ ძალას სწორედ შრომის დანაწილება და სპეციალიზაცია ბადებს. იგი უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანის პირადი წარმატება დამოკიდებულია მისი საქმიანობის სარგებლიანობაზე. მოკლედ, თუ სიკეთე გინდა შენთვის, მაშინ სიკეთე უნდა გაუკეთო სხვას. გარკვეული უტრირებით, მაგრამ მაინც, აქაც შეიძლება ითქვას: “რასაცა გასცემ შენია, რას არა დაკარგულია”. მართალია, რუსთაველი გულისხმობდა სიკეთეს, უანგარო დახმარებას, სულიერ ფასეულობებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ძალაშია პრინციპი – “ჩემთვის კარგია ის, რაც კარგია შენთვის”. ხოლო, თუ მოიშალა შრომის დანაწილება, მაშინ ადამიანმა თვითონ უნდა აკეთოს თავისთვის ყველაფერი. მაშინ დომინირებული იქნება ურთიერთობების სხვა პრინციპი. მაშინ საზოგადოებაში არსებული შეზღუდული რესურსები, დრო, ენერგია, მატერიალური ფასეულობები უნდა მოვიხმარო ან მე, ან სხვამ. ერთის კეთილდღეობის ზრდა ხდება სხვისი კეთილდღეობის გაუარესების ხარჯზე. იბადება ინტერესთა კონფლიქტი ინდივიდსა და საზოგადოებას შორის. საზოგადოებაში მატულობს ძალადობა, მოტყუება, კონფლიქტები. მსგავსი მოვლენები ხდება საქართველოში.

როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, როგორ შევქმნათ ის კარგი ნორმები, რომელსაც შემდეგ ყველა დავემორჩილებით? ამისთვის საჭიროა პრეცენდენტები. და რაც უფრო მეტი ადამიანი მოიწონებს მათ და გაიხდის ორიენტირად თავის მომავალ მოქმედებებში, ახალი ნორმები მით უფრო სწრაფად დამკვიდრდება. საჭიროა რომ საზოგადოებამ დაადასტუროს თავისი ერთგულება მათ მიმართ.

საქართველოში სულ უფრო მატულობს ახალი პლეადა ადამიანებისა, რომლებიც ამკვიდრებენ ახალ ნორმებს, ქმნიან ზნეობის, მოქალაქეობრივი შეგნების, პირადი გამბედაობის ახალ პრეცენდენტებს და ახალგაზრდობაც სულ უფრო მეტად ირჩევს მათ და არა ქურდულ მენტალიტეტს, “ძველბიჭობის” თუ “კაცური კაცობის” დრომოჭმულ ნორმებს თავისი ქცევის ორიენტირად. იბადება ახალი საქართველო, 21-ე საუკუნის განახლებული ქართული საზოგადოება, რომელიც აღარ შეეგუება იმას, რასაც წინა თაობები ეგუებოდა. ამის აშკარა დასტურია “ვარდების რევოლუცია” და ბათუმის მოვლენები.

ამ მოვლენების შედეგად სახელმწიფოს სათავეში მოვიდა ახალი მთავრობა. სახელმწიფოს ახალი ნორმების დამკვიდრების თვალსაზრისით, უდიდესი როლი ეკისრება. ცივილიზებული “ინსტიტუ-ციონალური გარემოს” შექმნა სწორედ კორუფციასთან ბრძოლას, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგა-ლიზაციას, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების დაცვას გულისხმობს. ამ სფეროში დევს ეკონომიკის გააქტიურის დიდი შესაძლებლობები. ამაზე მეტყველებს თუნდაც საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი ზრდა, რომელიც მოხდა 2004 წლის პირველ 5 თვეში გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით. ეს ფისკალური ეფექტი გამოწვეულია წმინდა “ინსტიტუციონალური” ფაქტორით, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკის და საერთოდ, საზოგადოების გაჯანსაღების ძირითადი რეზერვები სწორედ ამ სფეროში უნდა ვეძიოთ.