რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

დაკორტნის ეკონომიკური კატეგორიის შესახებ
ბევრი განძი თვლემს მიწის წიაღში
დავიწყებაში და ღრმა წყვდიადში,
სადაც ვერ აგნებს მბურღავთა გეში.
ბოდლერი

თქვენთან მონატრებულ ბაასს ვაპირებდი, ჩემო განათლებულო და ინტელექტ-ნიჭით გაჟღენთილო მკითხველო და უცებ, შუქი ჩაქრა (დაილოცა შენი ჩამქრობი, რაღაც მყუდრო, ინტიმური გარემო შეიქმნა. მარტო ჩემი ლეპტოპის ეკრანი ანათებდა ცოდვილ დუნიას, ხოლო ჩემი დანაოჭებული, ბებერი ტვინი მსოფლიო კაცობრიობის მომავალზე და მშრომელ მასებზე ფიქრმა გაანათა. მაშინ მივხვდი, რა საშინელებაა შუქი, თან ფული უნდა გადაიხადო, თან ურცხვად თვალებში უნდა გიჭყიტინოს და მიგაჯაჭვოს მრავარიცხოვან ღამის შოუებს ტელევიზიის ყველა არხზე, ესოდენ ნათლად რომ გვანან ადამიანთა ყოველდღიურ ფარისეველ ცხოვრებას. შუქი ძალიან მავნებელია აზროვნებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ, დემოგრაფიაზე). დიდი ამბავიო, იტყვით თქვენ, ახალი გვითხარი რამეო, მაგრამ მოიცა, ნუ აჩქარდებით. მუზა სწორედ ამან მომიყვანა, ანუ შუქი წავიდა და მუზა მოვიდა. უცებ, ამ კვირაძალს, როცა მზესაც სძინავს და დღეს მთვარესაც დაეძინა (იმიტომ, რომ წყვდიადია და არ ანათებს), გამახსენდა განძი, ყველანაირი განძი. ამიტომ, ფრანგ ბოდლერს დავესესხე. მე არ ვიცი, ეს დიდებული პოეტი რას გულისხმობდა, მაგრამ მე ჩვენს მიწაში, ჰაერში, წყალში თუ კიდევ სხვაგან არსებული განძზე, მათ შორის, ენერგო რესურსებსა და საერთოდ, წიაღისეულზე ამეშალა ფიქრის საღერღელი. მდიდარი ქვეყანაა საქართველო! ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს. ნატურალური მეურნეობა რომ გვქონდეს, ვიმყოფინებდით, მაგრამ ამ გაგანია გლობალიზმში ღარიბები ვართ. თუმცა იმაზეც მიფიქრია, რომ აგერ, საუდის არაბეთში სავსეა ნავთობი და მოსხლეობის 30 პროცენტი უმუშევარია, 60 პროცენტს არ აქვს განათლება და საუბარი არ არის შემოქმედებით და კულტურულ გაფურჩქვნაზე. მართალია, მეფის ოჯახს 180 მილიარდი კაპიტალი აქვს აშშ-ში, მაგრამ ხალხს რა? – სიზარმაცე! აგერ, ჩვენი მეგობარი იაპონია ნახე, მას მიწაში არაფერი მოეპოვება, ყველაფერი, რაც განძის კუთხით გააჩნია თავში აქვს. მაგრამ დავფიქრდი, საქართველოში სად გვაქვს ჩვენი წილი განძი? თუ გიფიქრიათ ამაზე?

მეცნიერ-ეკონომისტები კაპიტალიზირებულ გეოპოლიტიკაზე საუბრობენ და აქედან გამომდინარე, ტრანზიტზე, ვიღაცამ ზღვის შელფზე და უდაბნოში ნავთობი აღმოაჩინა. ბორჯომზე და მანგანუმზე არაფერს ვიტყვი.

უსაზღვროა მეცნიერული პოლემიკა პოიტენციალის შესახებ, მაგრამ 20000 მეტრის სიღმეში არსებულ განძს თუ ჰქვია განძი? ალბათ, არა. მიწის ზევითაც გვაქვს წყალი, მიწა, ჰაერი და ა.შ.

აი, შუქიც მოვიდა. შემაწუხა თავის უტიფრობით, თავიც ამატკივა. ხო, რაო, თავი? აი, სად გვაქვს დამარხული განძი ქართველებს, თავში, გონში, შემეცნებაში, ეს არის ჩვენი გადამრჩენი. გონიერები ვართ, ნიჭიერებიც ბევრი გვყავს და ქვეყანასაც გადავაბრუნებთ, მაგრამ საგულდაგულოდ ვმალავთ. გვეშინია, არა უცხოსი, არამედ ერთმანეთის, რადგან ჭკვიანი თუ გამოგვერია, “ისე დავკორტნოთ…”, როგორც ჩვენს დიდ მწერალს უთქვამს. ხოდა, რადგანაც, ძირითადად, ჭკვიანები ვართ, ამიტომ გამუდმებით, პერმანენტულად და დაუზოგავად ვკორტნით ერთმანეთს. ჩვენი გადარჩენის რეცეპტი განათლებაში, თავისუფალი ეკონომიკის და საბაზრო სისტემაში დევსო, ტერიტორიულ ერთიანობაში, და არა ბოღმაში, მოყვასის შურში და სიძულვილში, ქედმაღლობაში და ურთიერთკორტნაშიო! კორტნას უნდა დავანებოთ თავი და ქართული გენი ისეთი რამეა ქვაზეც დასახლდება და მსოფლიოსაც გააკვირვებს.

ადამ სმიტის, ამ, ყველა ეპოქის ეკონომისტის (ცნობისთვის, შოტლანდიის საბაჟოს უფროსი იყო) ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელსაც შემდგომ ყველა მისი კვლევა ეფუძნებოდა, ის იყო, რომ მან აღმოაჩინა ადამიანი, როგორც ვნების კრებული და ამ ვნებას ეგოიზმი დაარქვა, ანუ პრივატული ინტერესი. ჩვენც იგივე ადამიანები ვართ, მაგრამ ვნებას ურთიერთკორტნაში ვავლენთ, ეს არის ჩვენი ნაციონალური თავისებურება. ჩვენ შურისძიებაზე, ნგრევაზე, წართმევაზე, დაბეზღებაზე, ცილისწამებაზე, უსამართლოდ დაჭერაზე, სხვისთვის ბოროტის კეთებაზე ურთიერთლანძღვაზე და ნგრევაზე უფრო ვფიქრობთ, ვიდრე შენებაზე და მომავალზე, ამიტომაც არა ვართ თავისუფლები და ყველაფერი ცოტ-ცოტა გვაქვს, მათ შორის, შუქიც. მომხვდურს და გადამთიელს ფიანდაზად ვეგებით და მოყვასს ვწიხლავთ, ასეთიაო სტუმარ-მასპინძლობის წესი, ყველაფერს უცხოურს ვაკოპირებთ და საკუთარს ვკლავთ, დროის შვილები ვართო. კორტნას თუ მოვეშვებით, განძსაც აღმოვაჩენთ (ერთმანეთში), რომელიც ყოველი ქართველის გონშია და ქვეყანაც აყვავდება. ისეთი სიძულვილია ჩვენში, ხანდახან მგონია მართლმადიდებლობა აქ ჯერ არ შემოსულა მეთქი.

პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, საფინანსო ამნისტიას ვაცხადებთ, ქართული ბიზნესის დაფასება დავიწყეთ და შიდა ინვესტიციებს მხარს ვუჭერთ. ეკონომიკაში და განათლებაში ერთდროულად ვცდილობთ რეფორმის ჩატარებას, მაგრამ მთავარი, ალბათ, მენტალური მეტამორფოზაა, ანუ რეფორმა ცნობიერებაში. როგორც სწავლულები ამბობენ, ეს ყველაზე რთული და ხანგრძლივი რეფორმის სახე ყოფილა, როცა ადამიანი შინაგანად თავისუფალი და შემოქმედი ხდება, როცა ეკონომიკის წამყვანი კერძო საკუთრება და კერძო ინიციატივაა. თურმე ამის შემადგენელი ნაწილი ყოფილა დაკორტნისადმი მისწრაფების მოსპობა. არადა, მოჯადოებულ წრეში ვართ, განძი გვაქვს თავში, ჩვენივე გონიერებაში და ნიჭიერებაში, მაგრამ ბურღი ჯერ იქამდე ვერ წვდება, რადგან ერთმანეთის გვეშინია და ვმალავთ, რადგან ვიცით, უთქვამს პოეტს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს. ეს არ მოგვშორდება სანამ სხვა რეფორმებს არ მოვრჩებით. და მაინც, საიდან დავიწყოთ, რომელს მივცეთ პრიმატი? არადა, განძიც ჰაერივით გვჭირდება.

შუქი ისევ ჩაქრა. ისევ ამეშალა ფიქრის საღერღელი და გადავწყვიტე ვიფიქრო ურთიერთკორტნაზე, როგორც ეკონომიკურ კატეგორიაზე და მის როლზე ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხში.

მართლაც, სად გვაქვს განძი, თავში, მიწაში თუ…?