რას არეგულირებენ დაურეგულირებელი მარეგულირებლები
რომან კაციტაძე
საქართველოში ძალიან ხშირად დასავლეთში არსებული ინსტიტუტების, ნორმატიული აქტების და ბიზნესის რეგულაციის საკითხების კალკირება ხდება. მთელი მსოფლიო დერეგულაციისკენ მიდის, ეს არ არის მხოლოდ განვითარბადი და პატარა ქვეყნების პრობლემა, არამედ განვითარებული და დიდი ქვეყნებისაც, ვინაიდან წლების განმავლობაში ყალიბდებოდა სახელმწიფო აპარატი, რომლის ფუნქცია იყო ერეგულირებინა, ვთქვათ, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მაგრამ მსოფლიო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაც უფრო მძიმე რეგულაცია ხდება, მით უარესი სიტუაცია იქმნება, თუმცა, ეგრედ წოდებულ, არათავისუფლად ბრუნვად საქონელზე, რომლის ქვეშაც იგულისხმება საქონელი, რომლის შემოტანა, ყიდვა-გაყიდვა სპეციფიკური ფორმებით ხდება (გაზი, დენი, წყალი, სიხშირეები და ა.შ.), საჭიროა რეგულაციის დამოუკიდებელი სისტემის არსებობა, რაც სახელმწიფოზე დამოკიდებული არ იქნება. საქართველომ, რომელმაც “გადმოიწერა” ეს კანონები და რომლებშიც, შესაძლოა, კარგი იდეები იდოს, საკმაოდ დამახინჯებული ფორმით მივიღეთ.
როგორი სიტუაცია შეიქმნა ამ კუთხით? დღეს ისინი რეალურად სახელმწიფო ორგანოებს წარმოადგენენ, მათ უფროსებს ნიშნავს ხელისუფლება. ყველა მარეგულირებელ სფეროს მარეგულირებლების შესანახად დამატებით გადასახადი აქვს გადასახდელი იმ გადასახადების მიღმა, რომელსაც საქართველოში ნებისმიერი მეწარმე იხდის. ეს არის გადასახადის საკმაოდ დიდი დოზა, რომელიც საგადასახადო კოდექსში არ არის დაფიქსირებული. იგი, ფაქტიურად, ბრუნვის გადასახადის ტოლფასია, რადგან მათი დაბეგვრა საერთო ბრუნვიდან ხდება და მხოლოდ მარეგულირებლების ფუფუნებას ემსახურება: მარეგულირებელ კომისიებში თანამშრომლებს ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, რომელიც 10 ათასიდან 15 ათასამდე მერყეობს. თუმცა, არგუმენტირებულად ვერავინ ასაბუთებს, რატომ და რაში იღებენ ეს ადმაიანები ამხელა ხელფასებს.
მთავარი მიზეზი, მათი დამოუკიდებლობის ხარისხია, რაც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აბსურდია. ნებისმიერი მარეგულირებელის ხელმძღვანელი ხელისუფლების დაქვემდებარებულია და მას როცა უნდათ, მოხსნიან, ან დანიშნავენ. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ თუ სახელმწიფოს რამის რეგულირება უნდა, ეს ორგანოები სახელწიფოს ხარჯზე არსებობდნენ. გარდა ამისა, მეწარმემ ზედმეტი გადასახადი არ უნდა გადაიხადოს. თანაც, მთავარია, რომ მარეგულირებლებზე ყველა კანონი ისე მოქმედებდეს, როგორც ყველა სხვა დანარჩენზე, მაგალითად, ანტიმონოპოლიური, ფასთწარმოქმნის კანონი ჩვეულებრივად უნდა მოქმედებდეს, რადგან არ შეიძლება სახელმწიფოში სახელმწიფო შევქმნათ. რომელიღაც დარგს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, სასათბურე, განსაკუთრებული პირობები არ უნდა შეექმნას.
აქ თავს იჩენს სხვა პრობლემაც, როგორ შეიძლება მათი მხრიდან რეგულირება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი, როცა ისინი ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ამ დარგებზე, ანუ იძულებულნი არიან საერთო ენა გამონახონ. სახელმწიფო რეგულირების ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ევროპიდან, ან ამერიკიდან, მაგრამ ყველაფერი ეს იმ ქვეყნების თავისებურებაა, რომელშიც რეგულაციის ესა თუ ის მექანიზმი არსებობს.
რას ვარეგულირებთ ჩვენ და რა მოგვცა ამ რეგულირებამ, რამდენად ეფქტურია ეს რეგულირება, მომხმარებელთა და მეწარმეთა მხრიდან. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯეოსელში და მაგთიში დამკვიდრებული პრაქტიკა: იყიდება სერვისი, რომლის მეშვეობითაც ყველა ადამიანს შეუძლია გაგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება, მათ შორის, მუქარის, ლანძღვა-გინების, შანტაჟის შინაარსის, მაგრამ, როცა მიმღები მიაკითხავს ამა თუ ოპერატორის ოფისს, არავინ ეტყვის, თუ რომელი ნომრიდან არის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნილი. თუკი გამომგზავნის ვინაობა ძალიან დაგაინტერესებთ, უნდა მიმართოთ მარეგულირებელს, რომელიც თავის მხრივ, მოიწვევს კომისიას, შემდეგ დაიწყება გამოძიება. ამ პროცესში უბრალო მოქალაქის უფლებები ირღვევა, რომელსაც არ აქვს არც სახსრები, რომ აიყვანოს ადვოკატი, გასწიოს სასამართლო ხარჯები, ან უბრალოდ დრო. ინსტანციებში სირბილით ადამიანს შეიძლება სიცოცხლე გაუმწარონ. ასეთი შემთხვევისას ირღევევა სამოქალაქო კოდექსი, მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი უფლებების დაცვის ყველა მუხლი, მაგრამ არავინ ისჯება, იმიტომ, რომ რეგულაციაში არსებული საწარმოები კანონს მიღმა დგანან. ასეთი ოაზისები შეუძლებელია ქვეყანაში არსებობდეს და ამან რაიმე სიკეთე მოიტანოს. ფაქტიურად, რეგულირება უკონტროლობაში და ანარქიაში გადავიდა. თან, ამ კანონების დარღვევა მათი მხრიდან მენტორული და მბრძანებლური ტონით ხდება. მაგალითისთვის კიდევ ბევრი საყოფაცხოვრებო შემთხვევა შეგვიძლია მოვიყვანოთ – მაგალითად, სახლებში ელექტროგაყვანილობაში ძაბვის უეცარი მომატება, რის გამოც ფუჭდება ტექნიკა. ვინ არის ამაში დამნაშავე? მომხმარებელი პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და გადასახადებს იხდის, მაგრამ მას არ უდებენ ხელშეკრულებას დენის, გაზის ხარისხზე, მიწოდებაზე თუნდაც გრაფიკულზე. ფაქტიურად, არ ხდება არაფრის რეგულირება და დაცვა, უამრავი ფული კი იხარჯება. თუმცა, ამ პროცესში მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება, თორემ ამ მაღალი გადასახადის სანაცვლოდ, ეს საწარმოები განუკითხაობას ყიდულობენ, რათა კანონზე მაღლა დადგნენ, სადაც ადამიანი, როგორც ფენომენი და ეკონომიკა, როგორც ასეთი, არაფერს წარმოადგენს.
ამიტომ, მართლა მოვიდა დრო ამ კალკირებაზე უარი ითქვას. ეკონომიკის სამინისტრომ და მთლიანად ქვეყანამ გადაწყვიტოს, რა და როგორ უნდა დარეგულირდეს, რა დაჯდება რეგულირება და მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის რას მოიტანს.