ერთხელ კიდევ

პაატა კოღუაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში მრავალი გადასაჭრელი პრობლემა დაგროვდა (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, კულტურული, ეკოლოგიური, სასურსათო და სხვ.). ამასთან იგი ჩართულია საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში და ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯებიც იდგმება. მსოფლიო გლობალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი აგროსასურსათო სექტორს უჭირავს. თუ ამჟამად დედამიწაზე 850 მლნ. მეტი ადამიანი შიმშილობს, ექსპერტთა შეფასებით, უახლოეს ათწლეულში მათი რაოდენობა ერთ მილიარდს გადააჭარბებს. ამიტომ ჩვენი სახელმწიფოსათვის, სადაც აგროსასურსათო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია, მისი განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიის შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში, რომლის არქიტექტორები ზესახელმწიფოები არიან, უკლებლივ ყველა სახელმწიფო მონაწილეობს იმის გამო, რომ სახელწიფოთა უმრავლესობა სხვადასხვა თვალსაზრისით ურთიერთდამოკიდებულია. მას შემდეგ, რაც გამალებულ შეიარაღებაზე ასტრონომიული თანხები დახარჯეს, ბირთვულმა სახელწიფოებმა, რეალური საფრთხეების წინაშე პირისპირ დარჩენილებმა, უარი თქვეს ძალისმიერი მეთოდების აქცენტირებაზე და მსოფლიოს მშვიდობის შენარჩუნებისთვის სამოქალაქო წესრიგის შექმნის ახალი, სრულიად გასხვავებული სქემა შესთავაზეს. შეიარაღების თაობაზე აქამდე არსებული დახურული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდებოდა სხვა სახელწიფოებისათვის, მეტიც, მათ სახელმწიფო ობიექტების ინსპექტირების უფლებას აძლევდა, აკისრებდა უამრავ სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს და კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ გზად მოლაპარაკებებს მიიჩნევდა. ბირთვული შეჯიბრი დასრულდა, მაგრამ მსოფლიოში სიმშვიდე ვერ დამყარდა. სსრკ კავშირის დაშლის (ასევე ევროპის სოციალისტური ბანაკის ნგრევის) შედეგად გამოწვეულმა მცირე ომებმა თუ ეთნოკონფლიქტებმა უამრავი თავსატეხი გაუჩინეს განვითარებულ ქვეყნებს. საკუთარი სამშობლოდან იძულებით გაძევებულმა ადამიანებმა, ლუკმა პურის მაძიებელმა დაბალი კვალიფიკაციის მუშახელმა, უსახსროდ დარჩენილმა ინტელიგენციამ, სხვადასხვა ჯურის ავანტურისტებმა, და ბოლოს, მესამე სამყაროს მცხოვრებლებმა ოკეანის გაღმა სცადეს დამკვიდრება. ემიგრანტების ასეთი ძლიერი ტალღის ატანა, რაც ცუნამს უფრო ჰგავდა, ზესახელმწიფოსაც კი გაუჭირდა და თავად ემიგრანტების ქვეყანამ უმკაცრესი კანონები მიიღო ემიგრანტების წინააღმდეგ.
“აღთქმული ქვეყანა”, რომლის ნაპირებისაკენ დღემდე მიილტვის ახალგაზრდობა სხვადასხვა კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საერთაშორისო მედიისა და ინტერნეტის საშუალებით, საზღვრებისაგან დამოუკიდებელ, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, მზადაა უარი თქვას მშობლიურ ენაზე, რადგანაც საკომუნიკაციოდ სწორედ ინგლისური ენა სჭირდება და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საათობით “ეჩათავება” (ჩეთ ელაპარაკება, ეკონტაქტება) მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ თანატოლს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. მაგალითად ორივენი უოლტ დისნეის ანიმაციურ ფილმებზე გაიზარდა (“ჩხიკვთა ქორწილის”, “კომბლეს”, “ნაცარქექიასა” და ა.შ. ფირები იმდენად მოძველდა, რომ უხარისხობის გამო თანამედროვე აპარატურას აზიანებს, ახალი ქართული მულტიპლიკაციისათვის კი თანხები ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სტუდიებმა ვერ გამონახეს). ქართველი მოზარდებისათვის საყვარელი რეპერი ოკეანსგაღმელი თუფაქი და ემინემია. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა დაჩრდილეს ქართველი მსახიობები. ტრადიციული ინსტიტუტები, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა ქართულ გენს, ნელ-ნელა უფერულდება, და ბოლოს, რეალითი შოუ “ჯეობარი” – ქართველი თინეიჯერების საყვარელი გადაცემა და ცხოვრების ახალი წესი გახდა, რამაც შოკში ჩააგდო მამა-პაპისეულ ტრადიციებზე აღზრდილი თაობები.
ასე აღმოვჩნდით ჩათრეულნი გლობალიზაციის პროცესში, რომელიც ისევე, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა, შეუქცევადია და უფრო სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის, ვიდრე ყბადაღებული ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც ვითომდა თვალი ჩვენი განვითარებადი ეკონომიკისაკენ უჭირავთ.
უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა მთელი მსოფლიოსათვის დღესდღეობით გლობალური დათბობის საშიშროებაა. გასულ ზაფხულს ტემპერატურის მატებამ მარტო საფრანგეთში ათი ათასი ადამიანი იმსხვერპლა, საშინელმა სიცხემ გაანადგურა ტყის მასივები საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, აშშ, რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მსოფლიო თანამეგობრობა განსაკუთრებული ზომების მიღებას ითხოვს. საქართველოში უკვე საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოსალოდნელი გლობალური დათბობის უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ეს მოითხოვს გვალვებისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას, მელიორაციული სისტემების მოწესრიგებას, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას, გვალვაგამძლე ახალი ჯიშების გამოყვანას და ა.შ. ყველაზე მცირედი, რაც კი შეიძლება ჩვენ ჩვენი ქვეყნისათვის გავაკეთოთ, ტყის ახალი მასივების გაშენებაზე ზრუნვაა.
გლობალიზაციის კიდევ ერთ ფაქტორად შეიძლება აღვიქვათ ნარკომანია. აღარავისათვის არ არის დაფარული, რომ საქართველო კარგა ხანია ნარკოტიკების ტრანზიტ ქვეყნადაა აღიარებული. ადგილობრივ მომხმარებელთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მომხმარებელს ძირითადად ახალგაზრდობა წარმოადგენს, შედეგები შესაძლოა ქვეყნისათვის სავალალო აღმოჩნდეს.
საქართველოს მოსახლეობას შეეხო ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიც შიდსია. მართალია, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 1500 მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ მცირე ერისათვის ესეც დამაფიქრებელი მაჩვენებელია. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მეზობელ ქვეყნებში – რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში – ინფიცირებულთა რიცხვმა შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. ქუთაისში მომხდარმა ფაქტმა – დონორის სისხლისგან მცირეწლოვანი ბავშვის ინფიცირების შემთხვევამ, ცხადყო რომ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგევართ. შესაძლოა ვირუსის მატარებელმა თავადაც არ იცოდეს საკუთარი ავადმყოფობის შესახებ, ან სულაც მალავდეს მას. შეგახსენებთ, მსოფლიოში 40 მლნ შიდსით დაავადებულია, აქედან 25 მლნ გარდაიცვალა. თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიდსის მკურნალობასთან დაკავშირებულ სოლიდურ თანხებს გავითვალისწინებთ, თვალსაჩინო გახდება, თუ როგორი უსუსურები ვართ აღნიშნული დაავადების წინაშე.
ვერ ავიცილეთ მსოფლიოში გავრცელებული ისეთი მოვლენა, როგორიცაა ტრეფიკინგი, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, ტერორისტული აქტებისგანაც დაუცველები ვართ. ასე რომ, მსოფლიოში მიმდინარე არცერთი უარყოფითი მოვლენა საქართველოს მიღმა არ დარჩენილა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყველა ამ დამღუპველმა სენმა ჩვენს მიწაზე ნოყიერი ნიადაგი იპოვა.
მატერიალური დახმარება (გრანტებისა თუ კრედიტების სოლიდური რაოდენობით შემოსვლა საქართველოში უკვე ათეულ წელზე მეტია), სოციალურ-ეკონომიკური ფონისა და მთლიანად სურათის შეცვლას ვერ ახერხებს, მეტიც, ოდნავადაც კი ვერ აუმჯობესებს. ამის დასტურია სოფლიდან დაძრული მოსახლეობა, რომელიც ქალაქში ეძებს ლუკმა-პურს; ეს მაშინ, როცა მილენიუმის პროგრამა სწორედ სოფლის მეურნეობის დარგების დაფინანსებას ითვალისწინებს. გრანტებზე ხელი კვლავაც შეზღუდულ წრეს მიუწვდება, ინფორმაცია კი კვლავაც დახურულია.
ამას წინათ საზოგადოებრივ რადიოში იყო გადაცემა, რუბრიკით “რეგიონის დროით”. სტუდიაში ერთ-ერთი რაიონის გამგებელი და გამგეობის წევრები იყვნენ მიწვეულნი. ისეთი აღმშენებლობის სურათი დახატეს, მართალი გითხრათ გული სიამაყით ამევსო. თურმე ნუ იტყვით, ახალგაზრდობა ბირჟაზე აღარ დგას იმიტომ, რომ გამგეობას სკვერი გაუკეთებია, შიგ სკამები ჩაუდგამს და ახლა კი არ დგანან – სხედან. მე კი ვიფიქრე, რომ უმუშევრები დაასაქმეს. ჟურნალისტს ისეთი ოპტიმისტური ტონი ჰქონდა, ხოლო გამგებელი აღმშენებლობის ისეთ სურათს ხატავდა, მაინც გულს მომეფინა, თუმცა იდილია რედაქციაში შემოსულმა მოსახლეობის ზარებმა გაფანტა. თურმე ნუ იტყვით და რაიონის ახლო მდებარე ათიოდე სოფელში პური არ ცხვება, ავტობუსი არ დადის, ცნობის ასაღებად ცენტრში ფეხით უწევთ ჩასვლა და იქაც დაკეტილი კაბინეტის წინ უხდებათ ყურყუტი. დამშეულმა, დაუსაქმებელმა ახალგაზრდებმა თბილისს მიაშურეს. გადაცემის ავტორმა, სოფლის მოსახლეობას, რომელსაც ავტობუსით მგზავრობის თანხაც კი არ გააჩნია, საკუთარი თონეების გახსნა ურჩია…
რაც შეეხება კერძო თონეებს, მცირე, გრძელვადიანი სესხების აღება ხელმისაწვდომი რომ იყოს სოფლის მოსახლეობისათვის, საცხობებსაც გახსნიდნენ, ახალგაზრდებსაც დაასაქმებდნენ და ახლადგახსნილ სკვერსაც მუშაობაში ჩაუთვლიდნენ რაიონის გამგებელს.
თუ დასაქმების პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდა, ადამიანებს ღირსების გრძნობა დაუბრუნდებათ და სტუმარ-მასპინძლობის ის წესი აღდგება, ქართველ კაცს ათასი ჯურის ვიგინდარაში რომ გამოარჩევდა.
უკეთესად დაგეგმილი არც ქალაქში დასაქმების პრობლემაა. კარგი, ვთქვათ 50 ათასი კაცი სამი თვის განმავლობაში 150 ლარს მიიღებს. სამი თვის შემდეგ ამ ხალხს ჭამა არ უნდა? სხვათაშორის გაზეთი “ალია” რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია ხელისუფლების მიერ დასაქმებულმა რამდენმა ადამიანმა მოახერხა, სამი თვის დასრულების შემდეგ, სამუშაო ადგილის შენარჩუნება. როგორც გაირკვა, არაკვალიფიციური კადრები ვადის ამოწურვისთანავე დაითხოვეს სამსახურიდან.
გულუბრყვილობა იქნება წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა პასიურად გააგრძელებს საკუთარი სიდუხჭირის ატანას (საზოგადოების სიმშვიდე ღარიბების მოთმინებაზე დგას). დროთა განმავლობაში კრიმინალური გარჩევები კიდევ უფრო მოიმატებს. ხშირად ახალგაზრდა იმიტომ კი არ ჩადის დანაშაულს, რომ ქურდული სამყაროს “რომანტიკა” ხიბლავს (თუ “ქურდული გაგება” მართლა ხიბლავს ვინმეს მით უარესი მისთვის), არამედ იმიტომ რომ მშიერია, ჩაუცმელია და გათოშილ სახლში მისვლა ეზარება, რადგან იქ უმუშევარი დედ-მამა და პენსიის მომლოდინე ბებია ელის. ყოველ საღამოს ქართული ტელეარხები მოზარდების მიერ ჩადენილ მკვლელობებს აშუქებს. შემზარავი კრიმინალის სათავეს ჰოლივუდში გადაღებულ თრილერებში ნუ ეძებთ. ძალადობას, რომელსაც პოლიციელები და (სახელმწიფო) მოხელეები ახალგაზრდობაზე ახორციელებენ, როგორც დასტურდება, უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია მოზარდზე. სწორედ “წარმატებული” სპეცოპერაციების შედეგების გაშუქებას მოჰყვება თან პროტესტის გრძნობა და იმედიც – თუ იმათ შერჩათ, მეც შემრჩება, არავინ დამსჯის. აღნიშნული მოვლენების მიმართ გულგრილი არ დარჩენილა განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, რომელიც, სამწუხაროდ, პრობლემის დაძლევის არაადეკვატურ გზას გვთავაზობს და აი რატომ: თუ სკოლაში ჩატარებული ჩხრეკისას მოზარდს ჯიბეში დანა აღმოაჩნდება, მშობელი ჯარიმის სახით 500 ლარს გადაიხდისო. ბატონო კახა, საქართველოში მომუშავე 32 ათასი პედაგოგიდან, რომლის ხელფასია 250 ლარი მაინც? შეძლებული მშობლების შვილებმა კარგა ხანია თავი დააღწიეს საჯარო სკოლებს და ფასიან, პრესტიჟულ სასწავლებლებს მიაშურეს. ასე რომ დანა კი არა, ნაჯახიც რომ ჰქონდეს, 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ვერავინ გადაიხდის.
აღნიშნული პრობლემა მარტო განათლების სამინისტროსა და შს მინისტრის გადასაწყვეტი როდია. საქართველოში მცხოვრებ ღარიბსა და უღარიბესს მოსახლეობას უხერხულად მდიდარი მთავრობა ჰყავს, მაძღარს კი მშიერის არ ესმის.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარდგენილია ნობელის მშვიდობის პრემიაზე. ერთი წლის თავზე იგივე წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ “ნარინჯისფერი რევოლუციის” ლიდერი – უკრაინის პრეზიდენტიც კანდიდატთა სიაშია. თუმცა 2005-2006 წლებში სულ სხვა ლაურეატები გაიცნო მსოფლიო საზოგადოებამ. ბანგლადეშის მოქალაქე, ეკონომიკის დოქტორი მუჰამედ იუნუსი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ისტორია კი ასე დაიწყო:
ქ. დაკაში უნივერსიტეტში მომუშავე ეკონომიკის დოქტორი ქალაქის გარეუბანში უღატაკესი მოსახლეობის ყოფას სწავლობდა. გლეხები, რომლებიც მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით ირჩენდნენ თავს, მევახშეების წნეხის ქვეშ ცხოვრობდნენ. კაბალიდან თავის დაღწევას ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ზოგჯერ ვალი მემკვიდრეობით გადადიოდა. მუჰამედი დაინტერესებულ სტუდენტებთან ერთად სწავლობდა მათ ყოფას, ცხოვრების წესს, ვალის გასტუმრების შესაძლებლობასა და პროცენტებს. მან გამოარჩია განსაკუთრებით მუყაითი გლეხები, ვალი გაუსტუმრა და თავად დაუგეგმა მეურნეობის მართვის უფრო პერსპექტიული გზები. შედეგი ერთი წლის გასვლისთანავე სახეზე იყო. ამით მუჰამედის დახმარება არ ამოწურულა, მისი წარდგენილი ულტიმატუმი ასეთი იყო: გლეხებს შვილებისათვის დაწყებითი განათლება უნდა მიეცათ, სხვა შემთხვევაში დახმარებას ვერ მიიღებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ეკონომისტი და მისი მოსწავლეები დაკავდნენ უღარიბესი გლეხებით, რომელთაც არა მარტო ეკონომიკურად, არამედ შეძლებისდაგვარად ფიზიკურადაც ეხმარებოდნენ. ხუთი წლის შემდეგ რამდენიმე სოფელს ვეღარ იცნობდით. თავისი ექსპერიმენტით მუჰამედმა “გრამენ ბანკის” წარმომადგენლები დააინტერესა – მათ სიამოვნებით გასცეს დაბალპროცენტიანი სესხები. ასე გრძელდებოდა 14 წლის განმავლობაში, ასეა დღესაც.
ქართული ანდაზა გვასწავლის – ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, მაგრამ ნობელის პრემიის ლაურეატის მაგალითი სულ სხვაზე მიგვანიშნებს. როგორც ჩანს, საქართველოში დადგა დრო სიტყვიდან საქმეზე გადასვლისა. სხვა ალტერნატივა ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 56%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებობისათვის იბრძვის, – არ აქვს!
მდგომარეობიდან გამოსავალი, რასაკვირველია, არსებობს, ის, ჩვენი ღრმა რწმენით, არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა; კრედიტების ხელმისაწვდომობა; წარმოების მასტიმულირებელი, სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნა; სტაბილური ბაზრისა და კეთილსაიმედო, ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება, კადრების სწავლება-გადამზადება. თუმცა, სახელწიფოს მხრიდან აქციის სახე მსგავსი ტიპის პროგრამებს არ უნდა ჰქონდეს, მათ ეკონომისტები უნდა წერდნენ და არა “პიარშიკები”.
ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ შენიშვნაზე, არადა, სურვილი ხალხს დაეხმაროს ნამდვილად აქვს. ერთჯერადი აქციებით, რაგინდ პიარ-კამპანია არ უნდა უძღვოდეს მას წინ (იძულებითი წესით ყურძნის შეძენა კერძო ფირმებს ერთხელაც იქნება ყელში ამოუვათ), სოფლად დაგროვილი პრობლემები არ გადაწყდება. 20ლ საწვავი ან 20კგ სასუქი გლეხს მიწას ვერ დაამუშავებინებს, რადგან მას ტრაქტორი არ აქვს, ისევე როგორც სათესლე სიმინდისა, თუ ხორბლის შესაძენი თანხა.
საქართველოს აგროსასურსათო სექტორში შექმნილი არახელსაყრელი მდგომარეობის გამოსწორებისათვის აუცილებელ ღონისძიებებში (ბაზრებთან კავშირი, აგრარული სტრუქტურები, ფინანსების ხელმისაწვდომობა და სხვ.), სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის (კოოპერაციული, ურთიერთდახმარების ტიპი) შექმნა უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. მისი საქმიანობა უნდა რეგულირდებოდეს სპეციალური კანონმდებლობით და არა კომერციული ბანკების შესახებ კანონით. მსგავსი სისტემები საუკუნეზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებენ აშშ-ში (ფერმერთა საკრედიტო სისტემა), საფრანგეთში (აგრიკოლი), გერმანიასა და ავსტრიაში (რაიფაზენის კრედიტი), ჰოლანდიაში (რაბობანკი), ბელგიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
საწვავზე და სასუქზე დახარჯული თანხით თავისუფლად შეიძლებოდა დაგვეფუძნებინა სპეციალური კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემა (ურთიერთდახმარების სოლიდარული პასუხისმგებლობის კრედიტი), რომელიც ესოდენ საჭიროა ქართველი გლეხობისათვის.
აგროსაკრედიტო სისტემის პროექტი ჯერ კიდევ 1998 წელს იყო მომზადებული და წარდგენილი მთავრობაში; იგი უნდა დაფუძნებულიყო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, რაც შექმნიდა რეალურ პირობას ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის დაფინანსება- დაკრედიტების მწყობრი სისტემის არსებობისათვის, სამწუხაროდ, პროცესი არასწორად წარიმართა და მივიღეთ კომერციული აგრობიზნეს ბანკი, რომელსაც პრაქტიკულად არ გაუმართლებია აბრაზე წარწერილი სახელწოდება აგრო-ბიზნესბანკი. დღეს ის გაყიდულია და კერძო პირის ხელშია სტანდარტ ბანკის სახელწოდებით. ქართული სოფელი კი კვლავ დაკრედიტების გარეშეა დარჩენილი და შედეგიც სახეზეა – ქვეყანაში რეალურად არსებული მწვავე სასურსათო კრიზისი.
ყოველი საკანონდებლო ნორმა მოითხოვს შესაბამისი სპეციალისტების მიერ სრულყოფილ გააზრებას, კანონში ასახვას და მათი რეალიზაციისათვის აუცილებელი გარემოს ფორმირებას. აგრარული რეფორმის პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტების უმრავლესობა არ პასუხობს უმთავრესს – საქართველოს მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისა და სასურსათო უშიშროების (უსაფრთხოების) უზრუნველყოფის ამოცანას. არა და, სასურსათო უშიშროება უნდა აყვანილ იქნეს უპირველესი სახელმწიფო (უმაღლესი ნაციონალური ინტერესის) პრიოროტეტის რანგში (სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსების – მიწის, წყლის, ტყის, ატმოსფეროს რაციონალური გამოყენება; სათესი ფართობების სახელმწიფო რეგულირებისა და ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის მათი გადანაწილების ეკონომიკური მექანიზმის დაკანონება; აგროპროდუქციის მწარმოებელთა შემოსავლების ზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება; სახელმწიფოს გადაქცევა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მარტო დამკვეთად (კონტრაქტორად), არამედ მყიდველად და განმანაწილებლად).